ახლებურად დანახული 2013 წლის პრიორიტეტები
მაკა ღანიშვილი
წინა მთავრობამ კანონი “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” დაიცვა და 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში, ჯერ კიდევ 28 სექტემბერს წარადგინა. რა ბედი ეწევა ოპოზიციური მთავრობის მიერ შედგენილ და პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს?
ახალი მოწვევის პარლამენტმა უკვე დაიწყო 2013 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის გადახედვა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში წინ წამოწეული მთავარი საკითხები, სოფლის მეურნეობა, სოციალური პროგრამები, ჯანდაცვა და განათლება იქნება.
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აცხადებს: “მთავარი პრობლემა, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს ჰქონდა, ის იყო, რომ გაკეთებული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ამით კანონი არ დარღვეულიყო. ჩვენ მას ძირეულად გადავამუშავებთ და გავითვალისწინებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საარჩევნო ბლოკმა “ბიძინა ივანიშვილი-ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ აიღო. შესაბამისად, ყველა ის პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით როდესაც ოპოზიციაში ვიყავით და წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდით, იქნება ასახული 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში”.
დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი, “ქართული ოცნების” წევრი: “რა პრიორიტეტები უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მშპ მხოლოდ 12 მილიარდია? ანუ ერთი საშუალო ევროპული დონის ფირმის ქვეყანა გვაქვს შემოსავლების მიხედვით. 90%-ს უახლოვდება იმპორტ-ექსპორტის მიმართება, ანუ ოთხი ერთზე და უკვე გაცილებით მეტიც არის. ასეთ ვითარებაში, სადაც ეკონომიკური აქტივობა დაცემულია და სადაც მხოლოდ მონოპოლისტური ჯგუფების აქტივობა იყო ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი და სადაც საბაზრო ინფრასტრუქტურა მხოლოდ მათზე მუშაობდა, იქ თავიდანვე რაღაც დიდ იმედებზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ხელისუფლების ცვლა თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს თუ თვითონ სისტემა არ იქნა შეცვლილი. მაგრამ ყველაფერი ის, რაც გახმაურებული იყო, არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო ფანდი. ამას ხმამაღლა ვამბობ, რადგან ეს გაანგარიშებები ძალიან საფუძვლიანი იყო. აქ საუბარია არა ორთოდოქსულ მიდგომაზე, არა ლიბერალურ, ლიბერტანიალურ, სოციალისტურ თუ კომუნისტურ მიდგომებზე, არამედ პოლიტიკის საღი აზრით გატარებაზე. ყველაფერი აქედან იწყება”.
ახალი მთავრობის წევრთა შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შეიცვალოს არა მხოლოდ ციფრები, არამედ – ბიუჯეტისადმი დამოკიდებულებაც. “სახელმწიფო ბიუჯეტი გახდება უფრო გამჭვირვალე და ადვილად წაკითხვადი. ჩვენ ბიუჯეტს სულ სხვანაირად მივუდგებით, ანუ მის ეფექტურობას გავზომავთ. თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან დავხარჯავთ, ან იმ თანხიდან, რომელსაც პირობითად, უცხოური გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების სახით ვიღებთ, მოსახლეობას თითოეული თეთრის შესახებ ექნება ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიან სისტემას ვერ ჩამოვაყალიბებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ბიუჯეტი იყოს გამჭვირვალე და ეფექტური, რათა თითოეულმა თეთრმა საქართველოს უკუგება მოუტანოს”.
ახალი მთავრობის წარმომადგენელთა შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის მიერ შემუშავებულ ბიუჯეტში, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია სოციალური ხარჯების ზრდა. დღევანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, როდესაც 5 წლამდე და 60 წლის ზემოთ პენსიონერები არიან დაზღვეულები, “ქართული ოცნება” აბსოლუტურად ყველას დავაზღვევას აპირებს, რაც გა-რკვეული ხარჯების ზრდას გამოიწვევს. ბიუჯეტის ხარჯების ზრდა სხვა სფეროებშიცაა დაგეგმილი.
წინა მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 535 მილიონი ლარით გაიზარდა. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8,535 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებდა საპენსიო პაკეტის ზრდასა და 1000-ლარიანი ვაუჩერების (წელიწადში 225 ლარი) დარიგებას. მთლიანობაში მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გაწერილი იყო 1,830 მილიარდი ლარი. ამ პროექტით ჯანდაცვის პროგრამებზე 450 მილიონი ლარი იყო მიმართული, საიდანაც 323,6 მილიონი ლარი მოსახლეობის დაზღვევას უნდა მოხმარებოდა. მთლიანობაში ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 29,3%-ით იზრდებოდა და 2,339 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლევანდელ ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროსთვის 1,772 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების ზრდაც. სამინისტროსთვის გაწერილი დაფინანსება 22,4%-ით 182 მილიონ ლარამდე იზრდებოდა. 2013 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში წინა მთავრობის მიერ ასევე ჩადებული იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით ზრდა. ასევე მშპ-ის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი 3,5%-დან 2,8%-მდე შემცირება, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა 36,5%-დან 32,8%-მდე.
ეკონომიკის ექსპერტი, შოთა მურღულია: “მგონია, რომ, თუ ძველ პირობებში ეკონომიკის ზრდის 6%-იანი მაჩვენებლით განსაზღვრა შესაძლებელი იყო, ახლა არაფერი იცვლება ისეთი, რომ მსგავს ზრდას არ ველოდოთ. ეკონომიკის მინისტრობის ახალი კანდიდატი უკვე გამოვიდა და თქვა, რომ მინიმალური ჩარევა იქნება ეკონომიკაში, წილებში ჩაჯდომისგან ბიზნესის გათავისუფლება. ეს ყველაფერი თუ განხორციელდა, პირიქით, ზრდა უფრო მაღალიც უნდა იყოს”. ექსპერტი (ახლა უკვე ახალი მთავრობის წევრი) იმ ხარვეზებსაც უსვამს ხაზს, რომელიც, მისი აზრით, წინა მთავრობის ბიუჯეტებს ახასიათებდა: “უმწვავესი პრობლემა იყო გამჭვირვალობა. ფინანსისტებისთვისაც კი ხშირად ბევრი რამე იყო გაუგებარი. არ იყო ჩაშლა იმ დონეზე, რომ რეალური სურათის დანახვა ყოფილიყო შესაძლებელი. მეორე, ეს არის ბიუჯეტის ნაკლებად პროგნოზირებადობა. წლის განმავლობაში ბიუჯეტში იმდენი რამ იცვლება, რომ რატომღაც წლის დასაწყისში ამის პროგნოზირება შეუძლებლად მიაჩნიათ. მათ შორის გადასახადების მოცულობა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ეს ორი ძირითადი პრობლემა ახასიათებდა ბოლო წლების ბიუჯეტებს. დაბალანსების პრობლემა საქართველოს ბიუჯეტს ძირითადად არ ჰქონია.
პრობლემა იყო პროგრამებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი პროგრამა ძალიან პიარდებოდა, მაგრამ ის რისი გაპიარებაც არ უნდოდათ, მიჩქმალული იყო. მაგალითად, ძალიან ბუნდოვანი იყო ბიუჯეტის სოციალური ნაწილი, რომელშიც ხშირად შეხვდებოდით ჩანაწერს “უახლოეს მომავალში”, რა დრო იგულისხმებოდა ამაში, არ ეწერა. მაგალითად, პენსიებზე ეწერა, რომ უახლოეს მომავალში გახდებოდა 100 დოლარი. შარშან რაც იყო ჩაშლილი (დეტალურად განმარტებული) სოციალური უზრუნველყოფა აქ ერთ მუხლად იყო მოცემული. ვერ გაარკვევდი, ვაუჩერზე რამდენი უნდა წასულიყო და ა.შ. ეს ყველაფერი კი ისევ ბიუჯეტის გაუმჭვირვალობის პრობლემასთან მიდის”.
რა აისახება უკვე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებიდან მომავალი წლის ბიუჯეტში? ექსპერტი შოთა მურღულია: “ჯერ უნდა გადაითვალოს ზუსტად არსებული ფინანსები. შეფასდეს შესაძლებლობები. წინასაარჩევნო პროგრამაში არ იყო ნათქვამი, რომ ყველაფერი 2013 წლის პირველი იანვრიდანვე შესრულდება. მოლოდინი შეიქმნა ისეთი, რომ ყველაფერი ერთად უნდა გაკეთდეს, მაგრამ იანვრიდან ყველაფრის შესრულების არც ვალდებულებაა და, ალბათ, შეუძლებელიც იქნება. თუმცა, პირველი იანვრიდანვე ალბათ იქნება საპენსიო ანარიცხების ზრდა. პენსია ალბათ 2013 წლიდანვე გაუთანაბრდება დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს. რაც შეეხება საა-რსებო მინიმუმის თავიდან გადათვლას, ალბათ, მთელი წელი, 6 თვე მაინც დასჭირდება ამას. ალბათ მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაც. მაგრამ ამასაც ტექნიკურად დრო სჭირდება რომ ყველამ მიიღოს სადაზღვევო პოლისი”.
2013 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მთავრობას უკან დაუბრუნდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი აუცილებლად გადაიხედება და ის მეტი კონკრეტიკისთვის უკან მთავრობას დაუბრუნდება.
“მთავრობა გადაამუშავებს ამ ბიუჯეტს კოალიცია “ქართული ოცნების” დაპირების შესაბამისად. დაახლოებით ნოემბრის ბოლოს ეს ბიუჯეტი პარლამენტში ისევ შემოვა და დავიწყებთ მის განხილვას. მიუხედავად დიდი სამუშაოსი, კონსტიტუციის ფარგლებში ჩავეტევით და წლის ბოლომდე 2013 წლის ბიუჯეტს დავამტკიცებთ”, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
არსებობს რამდენიმე პუნქტი, რომლის გათვალისწინებასაც ექსპერტები ახალ ხელისუფლებას ურჩევენ ბიუჯეტის შემუშავებისას. მათი შეფასებით, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს საგარეო ვალის თემას. 2013 წელს საქართველო იწყებს ვალების მომსახურებას, რაც ბიუჯეტს დიდ ტვირთად დააწვება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ქვეყანაში არ არის სახელმწიფო ვალის საგანგაშო მაჩვენებელი, ექსპერტები ურჩევენ მთავრობას ახალ ვალებს დიდი სიფრთხილით მოეკიდონ. ამ მიმართულებით ფინანსისტები ხაზს უსვამენ წინა მთავრობის შეცდომას, ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით. მათი ნაწილის შეფასებით, ეს იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი ვალი, რომელიც ხელისუფლებამ აიღო და რომლის მიზნობრიობაც დღემდე ბუნდოვანია.
სპეციალისტთა შეფასებით, გადასახედია ბიუჯეტის ორი მუხლიც – სამხედრო ხარჯები და ე.წ. სხვადასხვა ხარჯები. სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით ესქპერტები მიიჩნევენ, რომ საკმაოდ მაღალია მისი წილი საქართველოს ბიუჯეტში, ამიტომ აუცილებელია მისი შემცირება. შემცირების და მის ხარჯზე სხვა მიმართულებების დაფინანსების გაზრდის რეკომენდაციას აძლევენ ექსპერტები ასევე ახალ მთავრობას ბიუჯეტის “სხვადასხვა ხარჯებთან” დაკავშირებით. ვინაიდან ყველაზე დიდ ეჭვს ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ეს მუხლი აჩენდა.
პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 30 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. ახალი ფინანსთა მინისტრი მომავალი სამუშაო გეგმების იმ მიმართულებებზეც საუბრობს, რომელთა განხორციელებასაც ახალ მთავრობაში აპირებს და ამ კუთხით, საგადასახადო რეფორმას გამოარჩევს: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყოთ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია დავიწყოთ საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაცია და ჰუმანიზაცია”, – განაცხადა ხადურმა.