შეიცვალა სამყარო
თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია
შეიცვალა მსოფლიო და სამყარო ახალ შინაარს ეძებს, ალბათ – ახალ ფორმასაც. ჩვენი თაობა ისე გაიზარდა, ხელში Newsweek და Time თუ გეჭირა, “მაგარი ბიჭი” იყავი. მახსოვს, როგორ ხარბად ვისრუტავდით ყოველ გვერდს და სიტყვას და გაფართოებული თვალებით ვშთანთქავდით ყოველ კომენტარს. ჩვენთვის ეს ჟურნალები ხიდი იყო სამყაროსთან. მერე იყო განთავისუფლება… მთვრალი ელცინის ვოიაჟი ბელორუსიის ტყეებში და დამოუკიდებლობის გამოცხადება. გაიხნა საზღვრები და ადვილად შეგვეძლო წყურვილის მოკვლა და მათი თავისუფლად შეძენა. მერე იყო ინტერნეტის გამოგონება და ციფრული ფორმატი.
ახლაც ისეთივე შეგრძნება მეუფლება, როცა საგაზეთო ჯიხურის დახლებიდან ისინი ამაყად იმზირებიან და გვერდს ვერ ავუვლი ხოლმე – სიამოვნებით გამოვაყოლებ ხელს აქ თუ უცხოეთში. საოცრებაა, ეს მსოფლიო გიგანტიც აცხადებს, რომ მიდის ბეჭდვითი მედიის ბაზრიდან – ზარალიანია, არ მიღირს და ციფრულ ფორმატზე გადავდივარო.
14 წლის წინ, როცა ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” იქმნებოდა, იმ დროს საქართველოში სხვა ჟურნალი თითქმის არ იბეჭდებოდა. “სარკეც” კი 6 თვის მოგვიანებით გამოვიდა, ჩვენი ორიენტირი Nეწსწეეკ, თიმე და ტჰე Eცონომისტ იყო. ვცდილობდით და ვოცნებობდით ფეხი აგვეწყო მსოფლიოსათვის და ევროპულ-ამერიკული ღირებულებებისათვის. მე და ჩემი მეგობრები ძალისხმევას არ ვიშურებდით, სწორება მათზე აგვეღო და საქარ-თველოში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ანალიტიკის კულტურა შეგვექმნა. და… აი, ისინი მიდიან ბეჭდვითი მედიის ბაზრიდან. უზარმაზარი ეპოქა დამთავრდა მსოფლიოში.
დღევანდელ დღესავით მახსოვს 1986 წელი. მაშინ ახალგაზრდა ლაბორანტი ვიყავი და ბატონმა რეზო ქოიავამ უნივერსიტეტში შექმნა პრობლემური ლაბორატორია და მე და ჩემმა მეგობარმა, გიგა მაისურაძემ პირველად ჩამოვიტანეთ კომპიუტერი მოსკოვიდან. აღმოსავლეთ გერმანიის ნაწარმი რობოტრონი, რომელიც Basic და Fortran-ის ენაზე იყო დაპროგრამებული. ეს იყო საოცრება იმ პერიოდისათვის. პროგრამულ ნაწილს კახა გოგოლაშვილი უძღვებოდა, ჩვენ – ეკონომიკურს. ინტერნეტი დიდი ხნის მერე გაჩნდა და ისე სწრაფად განვითარდა, რომ მოკლა კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მოვლენა – ბეჭდვითი მედია.
პირველი დილინგ რუმი 1993 წელს შევქმენით “დოიჩე ბანკის” დახმარებით “საქექსიმბანკში” და საშინლად ბედნიერი ვიყავით, როცა ვხსნიდით და ვხურავდით ოპერაციებს, დღეში რამდენიმე ტრანზაქციას ვასრულებდით – დღეს რობოტი დღეში 4 ათას ტრანზაქციას აკეთებს.
ჩემი თავიც დავიჭირე იმაში, რომ სულ “კინდ ფაირი” მიჭირავს ხელში და იქ ვკითხულობ წიგნებს თუ პრესას. მართლა დადგა ახალი ეტაპი ყველანაირად.
ვერ გავიგეთ, ლიბერალურ ევროპული ეკონომიკა განიცდის კრახს თუ გეგმიურ-ჩინური ხდება უფრო მომგებიანი? სად ვართ ამ დროს ჩვენ ქართველები, რა გზას ვადგავართ? საით მივდივართ? თუ მივდივართ არსაით? ხანდახან მგონია, ჩვენ ახლა ვიწყებთ ჟურნალების ბეჭდვას და კალსიკოს-ეკონომისტების ფრაზებით მსჯელობას, რაღაც ინოვაციურ ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, რაღაც გათვლებზე და არც ერთი სიტყვა ღირებული… ყველამ ყველაფერი ვიცით ეკონომიკაზე და მუდამ ეკონომისტების დეფიციტზე ვწუ-წუნებთ. ან არც ვიცით საერთოდ რა არის ეკონომიკა. ან იქნებ ჩვენც დიდ ტრანსფორმაციას განვიცდით? თუ არც ბეჭდვითის კითხვა გვიყვარდა და არც ელექტრონულზე მოვიკლავთ თავს. კლასიკური ეკონომიკა ეფუძნებოდა ბალანსის კონცეფციას, წონასწორობას, სრულ კონკურენციას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. იქნებ, მთავარი მოლოდინის თეორიაა და ქაოსი? და მთავარი სწორედ წონასწორობის არარსებობაა?!
სულ მახსენდება ანეკდოტი: მიხომ პანაშვიდზე იკითხა, მიცვალებულს რატომ არ უკეთია ჰალსტუხიო, – არ უყვარდაო, – მიუგო ჭირისუფალმა. შენმა მზემ, ბალზამზე ხომ გიჟდებოდაო, – უპასუხა მიხომ. იქნებ, არც არის დიდი ტრაგედია მსოფლიო ბეჭდვითი მედიის გარეშე?
ერთი რამ ცხადია – ძალიან შეიცვალა ყველაფერი და დამთავრდა ერთი უდ-იდესი ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენთან?