ორი სტანდარტი და ბუმერანგის თეორია
მათე მელია
ამერიკის ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. შეძრა არა მარტო ამერიკელები, არამედ მთელი პროგრესული მსოფლიო, რომელთაც ამერიკის – უძლეველი ქვეყნის – იმედი აქვთ, როგორც პიროვნების თავისუფლების, თავისუფალი ბიზნესის და დემოკრატიის დაცვის საკითხში. სწორედ ამის გამო ის, ვინც ნიუ-იორკში საერთოდ არ ყოფილა, მომხდარს აღიქვამს, როგორც შინაურ ამბავს. ამერიკას ეს გაუბედეს! ბუნებრივია, შოკის გარდა ეს ახალი ერის დასაწყისია. კაცობრიობა უნდა დაფიქრდეს, რა ხდება.
ეს არ ეხება მხოლოდ ერთ პიროვნებას, ბენ ლადენს, ეს ეხება ორმაგ სტანდარტებს ცხოვრებაში.
ბენ ლადენი საუდის არაბეთსა და პაკისტანში ამერიკელების მიერ დაფინანსებულ სკოლებში ავღანეთში საბრძოლველად კამიკაძეებს ზრდიდა. სასულიერო მებრძოლებს ყოველივე არამუსლიმანურისადმი (თალიბი არის პიროვნება, რომელმაც ისწავლა მუსლიმანურ სასულიერო სასწავლებელში და ჯერ არ გამხდარა მოლა, ანუ ჩვენებურად მორჩილი სისასტიკეს და სიძულვილს უნერგავდა. მისი სისასტიკის დავიწყება დღესაც უჭირთ მაშინდელ ავღანელებს. ბევრმა ქართველმა საკუთარ თავზე გამოსცადა ეს საშინელება. 1988 წელს რუსები წავიდნენ და ავღანეთი პირისპირ დარჩა თავის პრობლემებთან. ბენ ლადენი გმირად დაბრუნდა არაბეთში და სისხლისმსმელი ტირანი უსაქმურად დარჩა. იგი ერაყის წინააღმდეგ ომის დროს თითქოს გამოცოცხლდა, მაგრამ არაბეთის მეფემ მის “ნიჭს” გაქანება არ მისცა. რა მოიგო ავღანეთმა? – არაფერი! ეს ქვეყანა რუსების გამოსვლის დღიდან დღემდე ქაოსშია ჩაფლული, ხოლო ბენ ლადენი, როგორც ბუმერანგი, უკან დაუბრუნდა მის შემქმნელს – აშშ-ს – ჯერ საელჩოს აფეთქებით, შემდეგ ნიუ-იორკით და ვაშინგტონით. ახლა იგი ტერორისტია, ავღანეთში კი პატრიოტი იყო. ეს გახლავთ მცდარი სტერეოტიპი დამნაშავეთა სამყაროზე, რომელიც უნდა დაანგრიოს მსოფლიომ. დამნაშავე, როცა შენ გჭირდება და იყენებ პოლიტიკური, გნებავთ მერკანტილური ინტერესებისთვის, კარგია. როცა შენ გაყენებს ზიანს – ცუდი. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ტერორისტი ყოველთვის ტერორისტია და მასთან თანამშრომლობა, მისი ეკონომიკური გაძლიერება არ შეიძლება, ის დაუყოვნებლივ უნდა ამოიძირკვოს.
ბენ ლადენის ფენომენი არ არის უბრალო შეიარაღებული ადამიანი, არამედ ეკონომიკური მოვლენაა. იგი 130 მლრდ დოლარზე მეტის მფლობელია, რომელსაც გააჩნია “ოპელის” და სხვა ფირმების კაპიტალი საფრანგეთის, შვეიცარიის ბანკებში. ეს არის ომი ფულისთვის. მისი ქსელი 180 ბიზნეს-ინსტიტუტისგან შედგება, რომელთა ჯამობრივი დეპოზიტი, ჯერ კიდევ 1993 წლის მონაცემებით, 120 მლრდ-ზე მეტი იყო. აქ შედიან საინვესტიციო ფონდები, საუდის არაბეთში წმინდა ადგილების (მექა) განაშენიანების პროექტები, ავტოსტრადების მშენებლობა და ბანკები ლონდონში. მარტო “მექის” პროექტში გადახდილია 14 მლრდ. დოლარი. გარდა ამისა, ავღანეთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა, ოპიუმის წარმოების მხრივ. აქ იწარმოება მსოფლიო წარმოების 80-85%. ბენ ლადენი, რომელიც თალიბებთან ერთად ამას აკონტროლებს. 90-100 მლრდ. დოლარი ოპიუმის ბიზნესიდან ბოლო 5-6 წელიწადში დაილექა ბენ ლადენის ანგარიშზე. იგი მთელ არაბულ სამყაროში აკონტროლებს მშენებლობის და ტრანსპორტის სფეროებს.
“ბიუჯეტ” “ობშიაგი” – “ზაკატი”, სადაც ყოველ მორწმუნეს შეაქვს თანხა შენაწირის სახით, ვითომ სხვის დასახმარებლად. სინამდვილეში ევროპულ და ამერიკულ ფირმებს ეს ფული აქციებში და პაებში მისდით და, საბოლოო ჯამში, ისევ ამ ქვეყნებს ანგრევს. სერიოზული ეჭვი ჩნდება, რომ ასეთი ფინანსური იმპერია დასავლეთელების გვერდის ავლით არსებობდეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა ამ ქვეყნებში ფულს აბანდებს კარგი არაბია, როცა ხოცავს – ტერორისტი. მთელი უბედურება ორმაგ სტანდარტშია, რამეთუ, მაცხოვარი ამბობს, არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდების.
მოლა ბენ ლადენი ამ ტერაქტებს იმიტომ აწარმოებს, რომ უფრო პატარა ქვეყნის ხელისუფალნი შეაშინოს. ასევე აწარმოებს თავისი ფირმებისთვის, იქნება ეს გზების მშენებლობა თუ იარაღის წარმოება და რეალიზაცია. საიდუმლო არ არის, რომ მისი ძმისშვილი საფრანგეთის იარაღის წარმოებაში მნიშვნელოვან კაპიტალს ფლობს და მის ბიძას “ამუშავებს”. ბენ ლადენის 52 დედმამიშვილიდან ერთ-ერთი შვეიცარიაში სერიოზული ფინანსისტია. მთლიანად ეს ოჯახი სერიოზული მაფიური კლანია და ათეულ მილიარდობით დოლარის კაპიტალს ფლობს, რომელიც წლითი წლობით მრავლდება იმ ხალხის ხელით, რომელთაც ისინი ემუქრებიან. რატომ? იმიტომ, რომ ბენ ლადენი, რომელიც უშუალოდ არც ერთი ბიზნესით არ არის დაკავებული, ათასობით ბიზნესის “კრიშაა”. ბენ ლადენი თანამედროვე მსოფლიოს ლიდერი, დამნაშავეა. ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ თანდათანობით აშკარა ხდება, აფეთქება ნიუ-იორკში არ იყო უბრალოდ “შურისძიება ამერიკაზე”, არამედ მსხვილი საფინანსო ოპერაცია, როცა ერთ შემთხვევაში აქციების გაუფასურებით და მეორე შემთხვევაში ოქროზე და ნავთობზე ფასების აწევით, მავანთ უზარმაზარი მოგება ნახეს. ლაპარაკია ათობით მილიარდებზე.
ამჟამად FBI იძიებს უშუალოდ 11 სექტემბრის ტერაქტის წინა პერიოდში უოლ სტრიტსა და მსოფლიო წამყვან საბირჟო ცენტრებში, ტოკიოსა და ლონდონში განხორციელებულ მსხვილ ვაჭრობას. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ტერაქტის წინა პარასკევს ბირჟაზე გასაყიდად გაიტანეს საინვესტიციო ბანკის “მერილ ლინჩი” 10 მლრდ დოლარზე მეტი საერთო ღირებულების აქციები, როცა გარიგების ჩვეულებრივი მოცულობა 4 მლრდ-ს არ აღემატებოდა. ეს ბანკი სწორედ იმ ცათამბჯენში იყო განთავსებული (ჭთჩ). არც აქციების ფასი იყო ურიგო. მაშინ ისმის კითხვა, რატომ მოიშორეს აქციები?
განსაკუთრებით ინტერესდებიან “მოკლე გაყიდვებით”. ტერაქტის წინ აქციები ძვირად გაიყიდა, ხოლო შემდეგ ისევ კაპიკებად შეიძინა იმავე ხალხმა. ეს, ძირითადად, ეხებოდა საავიაციო, სატრანსპორტო, სადაზღვევო ბიზნესს. ამ სფეროში 40%-ით დაეცა აქციათა ფასი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კომპანიათა აქციების კოტირებადი ღირებულება 400-700 მლრდ დოლარს აღწევს, მოგების ოდენობა ადვილად გასაგებს გახდის, თუ რა ძალები მონაწილეობდნენ ტერაქტში და რა მოგება მიიღეს მათ.
ახლა მოწმდება ყველა სერიოზული საბირჟო გარიგება, განსაკუთრებით ინსაიდერების მხრივ. მათ შორის, ინგლისში, სადაც “ბარკლას ბანკის” (ეს ბანკი არაბების საყვარელი ბანკია) სერიოზული ოპერაციებია დაფიქსირებული, ასევე ტოკიოში. ექსპერტთა აზრით, ბენ ლადენმა ამ “ოპერაციით” 100-150 მლრდ დოლარის მოგება ნახა.
საფინანსო ოპერაცია ამით არ დამთავრებულა. ისინი ახლა იგებენ ოქროს კურსებზე, რადგან ნაყიდი ჰქონდათ ნავთობისა და ოქროს მომპოვებელი ფირმების ფასების აქციები, ახლა კი ყიდიან.
დავუბრუნდეთ ისევ ბენ ლადენს. ყველა დამნაშავე ყოველ დროს და ყველა ქვეყანაში იქმნებოდა ხელისუფლების მიერ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:
1) ოფიციალური ხელისუფლება (ძალოვნები) ქმნიან ქუჩის შავ ავტორიტეტებს და შემდგომ მას ისევ ქუჩის სამართავად იყენებენ, რათა დამნაშავეთა სამყარო აკონტროლონ, სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა “ცუდ საქმეებს” ჩაიფიქრებენ ისინი. ეს საზოგადოებას ვითომ სტაბილურობისთვის სჭირდება, იმ მოტივით, რომ ადამიანში დანაშაულის ჩადენის კოდი დევს და მუდამ კაცობრიობის თანმხლები იქნება. ამიტომ დამნაშავეებს მართვა სჭირდებათ;
2) მეორე მიზეზი, დამნაშავეთა სამყაროს და ავტორიტეტებს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, აშშ-ში კენედებმა 1961 წლის არჩევნების დროს ცნობილია, რომ არჩევნების მოსაგებად სერიოზული იტალიური და სხვა კლანები გამოიყენეს. მართალია, კენედის ძმამ იუსტიციის მინისტრობის შემდეგ მათ ომი გამოუცხადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თუ ვისი გამარჯვებით დასრულდა ეს ომი, ჯერ კიდევ საკითხავია. ასევეა საქართველოში, ბევრი პოლიტიკური ძალა, მათ შორის, მმართველებიც ე.წ. ავტორიტეტებს იყენებენ. მათ არჩევნებში მხარდაჭერა და ურჩების მორჯულება ევალებათ. სამაგიეროდ ავტორიტეტებს ბიზნესში მხარდაჭერა ანუ პოლიტიკური “კრიშა” აქვთ. ეს სქემა მთელ მსოფლიოში კარგად არის დანერგილი;
3) მესამე მიზეზია, როცა ოფიციალურ ხელისუფლებას უნდა “დაატეროროს” რომელიმე ბიზნესმენი ან ოფიციალური პირი. ის მის “დაკრიშულ” “პრისტუპნიკს” მიუგზავნის და მათი მეშვეობით “გაწეწავს”. კომუნისტების დროს და დასავლეთშიც “პრისტუპნიკებს” პოლიტიკური მიზნისთვის ხშირად ქილერებადაც იყენებდნენ. საბჭოთა კავშირის უშიშროებას ტერორისტების და “პრისტუპნიკების” შესაქმნელად სპეციალური სკოლაც ჰქონდათ.
სამწუხაროდ, ყველა ხელისუფალი ფიქრობს, რომ დამნაშავეების მართვას ყოველთვის შეძლებს, მაგრამ ხშირად გამოდიან კონტროლიდან და ისევე უკონტროლონი ხდებიან, როგორც ბენ ლადენი.
დღეს მსოფლიოში ტერორისტები სერიოზულ კაპიტალს ფლობენ. ისინი დღითიდღე იხვეწებიან და ბიზნესმენების სახით გგვევლინებიან. სინამდვილეში პოლიტიკაში ბინძური მეთოდები იქმნება და არალეგალური შემოსავლების მიღების გზები. ბიუროკრატია ყოველთვის ეცდება, გამოიყენოს დამნაშავე ტერორისტები. მსოფლიო ეკონომიკის უდიდეს ნაწილს სწორედ ისინი განაგებენ. რაც შეეხება რელიგიურ-პატრიოტულ ჯიჰადებს, ეს მხოლოდ შირმაა და ფულის შოვნის გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალია, აღარ იქნება ბენ ლადენი, მაგრამ იქნება სხვა ლადენი და ასე უსასრულოდ… ტრაგედიებს კი ბოლო არ ექნება. მსოფლიო უნდა დაირაზმოს მსოფლიო ეკონომიკიდან, ბიზნესიდან ტერორისტების გასაწმენდად. სეპარატიზმის მოსპობის, რელიგიური ექსტრემიზმის, ტერორიზმის დამარცხების გარდა, სხვა გზას გამარჯვება არ უწერია, რადგან ეს ეკონომიკური ომია და არა რელიგიურ-პოლიტიკური. გზა ერთია – მსოფლიო ერთიანი სტანდარტით.