ინტერნეტ-რესურსები ბანკების წინააღმდეგ
ინტერნეტმა საბანკო ბიზნესს საგრძნობი დარტყმა მიაყენა. არსებობს საშიშროება, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ქაღალდის ფულის გაქრობის შემდეგ, გაქრეს ტრადიციული ბანკების აუცილებლობაც.
უახლოეს წლებში ბანკების მთავარი კონკურენტები იქნებიან არა სხვა ბანკები, არამედ უმსხვილესი ინტერნეტ-რესურსები – ასე ფიქრობენ ექსპერტები და ამბობენ, რომ ეს მათი საკვანძო საფრთხეა – მათ კონკურენციის გაწევა მოუწევთ Google-ის, Amazon-ის, Alibaba-სა და ყველა IT პლატფორმისთვის.
ჯერ კიდევ 1997 წელს ბილ გეითსმა თქვა, რომ მსოფლიოს საბანკო მომსახურება სჭირდება და არა თვითონ ბანკი. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ისინი ვერ შეძლებენ ძველ ტრადიციულ ბანკს მიუერთონ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ძლიერ მოდერნიზებული ახალი ინოვაციური პლატფორმები და განსაკუთრებით თუ ალღო არ აუღეს ტექნოლოგიების ახალ ტალღას, რომელიც კლიენტების მოთხოვნებს უკავშირდება, ტრადიციული სახით ბანკები ბაზარს მიღმა აღმოჩნდებიან.
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაწერეს სცენარი, თუ როგორ გაქრებიან ბანკები ახალი ტექნოლოგიური მონსტრების განვითარების გამო. კომპანიები თავიდან მათ გადახდების ბაზარს წაართმევენ, ხოლო შემდგომ დაკრედიტებისა დეპოზიტით. რევოლუციას მხოლოდ რამდენიმე წელი დასჭირდება. მომავალში ადამიანებს არ დასჭირდებათ ნაღდი ფული და არც პლასტიკური ბარათები – საკმარისი იქნება მხოლოდ ტელეფონი იმისთვის, რომ საყიდლები დააფინანსონ. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები ბანკებს სთავაზობდნენ ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, სხვანაირად ისინი ვერ გაუძლებენ Google Bank-თან ან Apple Bank-თან კონკურენციას, რომლებიც ადრე თუ გვიან გაჩნდებიან და მიითვისებენ საცალი ბაზრის დიდ ნაწილს, ამით კი დავიწყებას მიეცემა ანგარიშების, ქვითრების, გადარიცხვების ასწლიანი ტრადიციები.
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების აზრით, ტრადიციულმა მსხვილმა ბანკებმა ხელიდან გაუშვეს თანამედროვე გადახდის სისტემის სწრაფი განვითარების დასაწყისი. თუმცა, ინოვაციებისთვის მათ ცოტა ფული აქვთ, ამისთვის საჭიროა რეზერვებისა და ხარჯების ზრდა, რომელიც დაკავშირებულია რეგულატორის მოთხოვნების შესრულებასთან. Google, Apple, Amazon და PayРal უკვე ქმნიან მობილური გადახდის მოდელებს. მათი კლიენტების ბაზა კი ბანკებისაზე ნაკლები არ არის. მათი კლიენტები კი, როგორც წესი, ფანატები არიან, განსაკუთრებულად ლოიალურები ამ კომპანიების მიმართ. ასეთებს საბანკო ბიზნესში ვერ შეხვდებით.
ამასთან, გადახდების ბაზრის დაკარგვა ბანკებისთვის არ შეიძლება: კრიზისის შემდეგ ის ისევ გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ბანკები ცდილობენ გადახდების ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებას თავიანთ ბიზნეს-მოდელში, მაგრამ ბაზარი ისე სწრაფად ვითარდება, რომ ტექნოლოგიური ლიდერები (ინტერნეტ კომპანიები) უკვე ძალიან წინ წავიდნენ: ისინი მალე მოახდენენ გადახდების რეალური, ინტერნეტ და მობილური არხების ინტეგრირებას. ამან შეიძლება მთლიანად შეცვალოს გადახდების არსებული სისტემა, აცხადებენ Deutsche Bank-ში.
LiveInternet-ის მფლობელი გერმან კლიმენკო იხსენებს, რომ საბანკო ინდუსტრიამ ინტერნეტში შესვლა საკმაოდ დიდი ხნის წინ სცადა. მაგრამ 15-20 წლის წინ წვრილი გადახდები, ის რაზედაც ბანკები ახლა ფულს იგებენ, საინტერესო არ იყო მომავალი ინტერნეტ-გიგანტებისთვის. „2000-იან წლებში, როდესაც List.ru იყიდებოდა, იური მილერს ვაეწმუნებდი, ლისტ.რუს ბაზაზე ბანკი გაგვეკეთებინა. მაშინ რატომღაც მეჩვენებოდა, რომ ინტერნეტიდან საბანკო სექტორში უნდა გადავსულიყავით. 2005 წელს არკადი ვოლოჟას დარწმუნებას ვცდილობდი, რომ ბანკი იანდექსი რევოლუციური ნაბიჯი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ ინტერნეტის ინდუსტრიიდან სექტორი არვინ დაიკავა და ის ჩვენ ოლეგ ტინკოვს ვაჩუქეთ (ТКС ბანკი)“.
კლიმენკოს ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ქაღალდის ფულის გაქრობის კვალდაკვალ (ეს პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს), ბევრი ბანკის არსებობას აზრი ეკარგება, თუნდაც დიდი ქვეყნებისთვის. მსხვილი საგადახდო სისტემა PayPal-ის პრეზიდენტმა სკოტ ტომპსონმა განაცხადა, რომ 2015 წლისთვის ქაღალდის ფული ამერიკელთა ყოველდღური ცხოვრებიდან გაქრება. „მიგვაჩნია, რომ 2015 წლისთვის ელექტრონული ფულის ამოღება აშშ-ში ყველგან მოხდება: ადგილობრივი მაღაზიებიდან დაწყებული, ქსელ Walmart-ის დამთავრებული. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ქაღალდის ფული“, – თქვა ტომპსონმა. პროგნოზის დადასტურების სახით, PayPal, რომელიც ონლაინ-აუქციონ eBay-ს ეკუთვნის, უშვებს ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მყიდველებისათვის გადახდა ნებადართული იქნება მხოლოდ ელექტრონული ფულით, ნაღდი ფულის მიღება კი აიკრძალება. კომპანია eBay თავის მოგებასა და ამონაგებს ბევრად სწორედ PayPal-ის პოპულარობის ამაღლების წყალობით ზრდის. სხვა მსხვილი კომპანიები ასევე ამუშავებენ ახალ სერვისებს ელექტრონული ფულის გავრცელების გათვალისწინებით. მაგალითად, კორპორაცია Google-მა შემოიღო ელექტრონული საგადახდო სისტემა Google Wallet, რის შემდეგაც ონლაინ-აუქციონმა eBay-მ და მის მფლობელობაში მყოფმა საგადახდო სისტემა PayPal-მა Google-ს სასამართლოში უჩივლეს და კომპანია კომერციული საიდუმლოს მოპარვაში დაადანაშაულეს.
ექსპერტების თქმით, საბანკო სისტემა კატასტროფისკენ მიექანება და მას, საბოლოო ჯამში, ცენტრალური ბანკები აკავებენ. ამ სიტუაციაში ისინი აქცენტს აკეთებენ, მათი თქმით, ამ შეუქცევადი პროცესის სოციალურ მხარეზე. საბანკო სისტემა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, თუკი გაქრება ნაღდი ფული და მოსახლეობას ერთი ინტერნეტ ბანკი მოემსახურება, რა უნდა უქნას საბანკო ინდუსრტიამ სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს?
Facebook მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი თავის მომხმარებლებს უკვე სთავაზობს საფინანსო მომსახურებას, მათ შორის, ამერიკელ მომხმარებელს, რომელიც იყენებს სხვადასხვა დამატებას, საშუალებას აძლევს სოციალურ ქსელებში „ჩასმული“ საყიდლებისთვის ამ პროგრამების შემქმნელებს ფული გადაურიცხონ. გასულ წელს კომპანიამ მსგავსი გადარიცხვა 2,1 მილიარდი დოლარის მოცულობით შეასრულა. გადახდების დამუშავების საკომისიომ შეიძლება ამ თანხის 30%-ს მიაღწიოს, გასულ წელს სოციალურმა ქსელებმა თავიანთი ამონაგების დაახლოებით 10% უზრუნველყვეს.
2014 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ Facebook გეგმავდა საფინანსო მომსახურების ევროპის ბაზარზე გასვლას. უახლოეს კვირებში კომპანიამ შეიძლება მიიღოს ირლანდიის ცენტალური ბანკის ლიცენზია იმისთვის, რომ ფულადი გადარიცხვები და ელექტრონულ ფულთან დაკავშირებული საქმიანობა განახორციელოს.
კორპორაცია Google კი აპირებს მობილური გადახდების თავის სისტემა და ელექტრონული საფულე განავითაროს. კომპანიამ უკვე მიიღო ბრიტანული რეგულატორების ნებართვა ელექტრონული ფულის გამოშვებაზე, რომელიც, როგორც Facebook-ის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება მთელი ევროკავშირის მასშტაბით. ასეთივე ნებართვა მიიღო ბრიტანულმა მობილურმა ოპერატორმა Vodafone-მა.
თუმცა მას შემდეგ, რაც ონლაინ-შოპინგის და ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელთა რაოდენობამ იმატა, ინტერესი ელექტრონული საფულის მიმართაც გაიზარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გაჩნდნენ კომპანიებიც, რომლებიც მომხმარებლებს შესაბამის სისტემას სთავაზობენ.
პირველი ქართული ელექტრონული საფულე კი ინტერნეტში – eMoney – ჯერ კიდევ 2007 წელს შეიქმნა. თავდაპირველი შეფასებებით, რა თქმა უნდა, მას უნდობლობა გამოუცხადეს და ეს მომხმარებლების რაოდენობაზე აისახა – ერთი თვის თავზე eMoney-ს მხოლოდ 30 მომხმარებელი ჰყავდა, დღეს ეს რიცხვი უკვე 100 000-ს აჭარბებს. ელექტრონული საფულის გამოყენება ჯერ ახალგაზრდებმა დაიწყეს, შემდეგ მომხმარებელთა ასაკი ნელ-ნელა გაიზარდა.
ევროპასა და აშშ-ში ვაჭრობის ავტომატიზირებული სისტემისა და გადახდების ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს PayРal-ს. ის საკმაოდ სწრაფად იზრდება და ახლა ცდილობს დაიწყოს მობილური გადახდები და გადახდები გაყიდვის წერტილებში. ამისთვის გამოიყენება NFC ჩიპები მობილური მოწყობილობებისთვის. მობილური გადახდის ბაზრით დაინტერესდნენ Google, Amazon და მობილური კავშირის ოპერატორები. ისინი ასევე ავითარებენ NFC ტექნოლოგიებს, რომელიც ტელეფონს საგადამხდელო ბარათად აქცევს. Google საფულე, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა, საშუალებას იძლევა ონლაინ მაღაზიებში უკონტაქტო ანგარიშსწორებები განახორციელოს. Google-ის პარტნიორები გახდნენ Citi, MasterCard და სხვები. მართალია, მობილური ოპერატორები Google-ს ებრძვიან, რომელიც ხელს უშლის თავიანთი ანალოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. Apple-მა Iphone-5 NFC ჩიპის გარეშე დატოვა, მაგრამ კომპანიას გაუჩნდა აპლიკაცია Passbook, რომელიც საშუალებას იძლევა შეინახოს ინფორმაცია ბილეთების რაოდენობის, კუპონების და ა.შ. შესახებ, მისი საშუალებით გადარიცხვის განხორციელება არ შეიძლება, მაგრამ Deutsche Bank ფიქრობს, რომ ეს არის Apple-სგან ანგარიშსწორების სისტემის პირველი აგური.
მობილური გადახდების ბაზარზე გასვლას პლასტიკური ბარათების ლიდერებიც კი ცდილობენ. მათ უზარმაზარი კონკურენტუნარიანი უპირატესობა აქვთ: მათ აქვთ გადახდების განვითარებული ინფრასტრუქტურა, კლიენტების ფართო წრე, როგორც მომხმარებლების სახით, ისე სავაჭრო წერტილების. მათ სჭირდებათ მხოლოდ არსებული მოდელის გაფართოება იმისთვის, რომ ახალი ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიპოვონ. მაგალითად, MasterCard-მა PayPass-ის სისტემას შესთავაზა ჩვეულებრივ ბარათში NFC ჩიპის ჩამონტაჟება. ასეთივე წინადადებით მიმართა Visa-მ Paywave-ს. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე კომპანია თანამშრომლობს Google-თან.
Deutsche Bank-ში განმარტავენ, რომ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების ტრადიციულმა მოდელმა საკუთარი თავი ამოწურა. ამის გამო ოპერატორები, რომლებთაც აღარ შეუძლიათ შემოსავლები გაზარდონ კავშირის მომსახურებით, გადიან მობილური გადახდების ბაზარზე. ამისთვის მათ ყველა შესაძლებლობა აქვთ – კლიენტებთან ფინანსური ურთიერთქმედების დალაგებული სისტემიდან დაწყებული ტელეფონების მწარმოებლებთან მშვენიერი ურთიერთობებით დამთავრებული. მაგალითად, Vodafone-მა Visa-სთან ერთად გერმანიაში მოხმარებაში ჩაუშვა მობილური საფულის სერვისი, რომელიც Vodafone SmartPass Visa-ს აპლიკაციას ეფუძნება. Vodafone Wallet და Vodafone SmartPass Visa უკვე ხელმისაწვდომია გერმანიისა და ესპანეთის ბევრ ქალაქში. მიმდინარე წელს დაგეგმილია სერვისის განვრცობა ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.
Strategy Analytics-ის მონაცემებით, მობილური კომერციის ბაზრის გავლით, NFC-ის გამოყენებით, 2017 წლისთვის გაივლის 48 მილიარდი დოლარი. სწრაფადგანვითარებად ბაზარზე აუცილებლად გამოჩნდებიან მოთამაშეებისგან დამოუკიდებლად მოქმედი დამწყებები, რომლებიც ყველაზე ინოვაციურ პროექტებს შესთავაზებენ მომხმარებლებს. Deutsche Bank-ის აზრით, ამ ბაზარზე ბანკების ადგილი გაურკვეველია. ევროპული ბანკების უმეტესობას რთულია ნოვატორები დავარქვათ მობილური გადახდების სფეროში. აშშ-სა და იაპონიაში ამ სფეროში ბანკები ბევრად წინ წავიდნენ. თუმცა, ამ ქვეყნებშიც კი ისინი ახალს არაფერს სთავაზობენ მომხმარებლებს, პირიქით, ისინი ტექნოლოგიურ ლიდერებს მიჰყვებიან, მაგალითად, იმავე Google-ს. ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ შესთავაზონ ეს კლიენტების ბაზაა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, თითქოს გასარკვევი მხოლოდ ბანკების დახურვის თარიღი დარჩა, თუმცა, მეორე მხრივ, უკვე 20 წელია ექსპერტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ინტერნეტის ეპოქაში ბეჭდური მედია თვალის დახმახამებაში გაქრება. საბანკო ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ სანამ მთელი რიგი საბანკო მომსახურება რეგულატორის მიერ ლიცენზირდება, ტრადიციული ბანკების გარეშე ფონს ვერ გავალთ. წარმოუდგენელია, რომ, ვთქვათ, Alibaba-მ თქვენი დეპოზიტის უსაფრთხოების გარანტი იყოს და დაზღვევის ფონდში შენატანები ჩამოგაჭრათ.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მართალია, ინტერნეტ-პორტალები გიგანტურ აუდიტორიას იძლევიან, როგორც ფინანსური მომსახურების არხები ეს სერვისები შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ბანკებთან კონკურენციასთან დაკავშირებით რთულია საუბარი. სხვა საუბრის თემაა ის, რომ ბანკები უნდა შეიცვალონ და კლიენტებს მომსახურების მთელი სპექტრი შესთავაზონ, რომელიც ინტერნეტის წყალობით გახდა შესაძლებელი.