ერაყის ომი და სიტუაცია ნავთობის მსოფლიო ბაზარზე
ეკა ლომიძე, ლინა ეპიშევა
ქუვეიტის ბურგანის საბადო სხვებისგან არაფრით გამოირჩევა: ჟანგიანი მილის რამდენიმე აკრი, რამდენიმე გიგანტური ცისტერნა და მოშორებით მოციმციმე ბუნებრივი აირის ალი. აქ ვერ ნახავთ ისეთ საბურღ კოშკურებს, როგორიც ტეხასშია, რადგანაც ქუვეიტში ნავთობის ამოქაჩვა ზედაპირზე საჭირო არ არის. შავი ოქრო თავისით ამოდის და ზღვისკენ მიემართება. კაბერის ბურგანი ანუ დიდი ბურგანი, როგორც მას ქუვეიტელები ეძახიან, დღეში მილიონ ბარელამდე ნავთობს აწარმოებს. “ეს ღმერთის საჩუქარია, – თქვა ხეილდ მუჰამედმა, ნავთობ კომპანიის მუშაკმა, – ნავთობი თავისით ამოდის”.
მაგრამ კაბერ ბურგანში ახლა მშვიდობა არ არის. ამერიკული ვერტმფრენები უდაბნოს სიწყნარეს არღვევენ და უზარმაზარი ჯარები გრიალით ერთ კილომეტრში მდებარე ერაყის საზღვრისკენ მიემართებიან. ბურგანში გაჩაღებული მოქმედება იმაზე მიანიშნებს, თუ როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ომი და ნავთობი: ერაყი რომ მხოლოდ და მხოლოდ ფორთოხლის ექსპორტით ყოფილიყო დაკავებული, ამერიკული ჯარები ამ რეგიონში, ალბათ, არც კი ჩამოვიდოდნენ.
“ბანალური ომის” საწინააღმდეგო ლოზუნგებისაგან განსხვავებით, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს ერაყის წინააღმდეგ მიმართული ომია. ნედლი ნავთობის მოპოვების ბევრად მარტივი გზა არსებობს. ერაყის საბადოების მომავალი, მათი ზეგავლენა მსოფლიო ნავთობის ფასებზე და აშშ-ის ეკონომიკური განვითარება დღევანდელი კონფლიქტის ძირითადი ელემენტებია. “ნავთობი არ არის მიზანი, მაგრამ ნავთობიც გასათვალისწინებელია”, – ამბობს ნადერ სულთანი, კორპორაცია “ქუვეიტ პეტროლიუმის” გენერალური მენეჯერი.
დიახ, ნავთობიც გასათვალისწინებელია. ბარელის ფასის ყოველი 10-დოლარიანი ზრდა გადასახადის 100 მილიარდამდე ზრდას უტოლდება, რაც, თავისთავად აშშ-ის ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. ნოემბრის შემდეგ ერთ ბარელზე ფასის 12 დოლარამდე გაზრდამ შეიძლება აშშ-ში რეცესია გამოიწვიოს. ნავთობის ფასების მკვეთრი დაცემა კი, პირიქით, ეკონომიკას კვლავ გამოაცოცხლებდა. მაგალითად, თუ ომის შემდეგ ნავთობზე ფასები 20 დოლარზე ქვემოთ დაიწევს, ბიუჯეტში 150 მილიარდი დოლარი შემოვა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე პრეზიდენტ ბუშის საგადასახადო შეღავათებიდან.
ერაყის ნავთობინდუსტრიის გარდაქმნა აშშ-ს, რა თქმა უნდა, მილიარდობით დოლარი დაუჯდება, მაგრამ ეს ხარჯი ნავთობზე დაბალი ფასებით კომპენსირდება.
ავიასექტორი უკვე განიცდის სიძნელეებს. თუ ომის შემდეგ ნავთობის ფასები დაეცემა, მგზავრობების რიცხვის შემცირებით გამოწვეული მილიარდდოლარიანი ზარალის თავიდან აცილება ადვილი არ იქნება, მაგრამ იაფფასიანი საწვავის დანაზოგებმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაკოტრებული კომპანიები კვლავ სიცოცხლსუნარიანებად აქციონ. ნავთობის იაფი ფასი, რომელიც განსაკუთრებით ავიაკომპანიებს აწყობს, ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
არავის უნდა ჰქონდეს, ილუზიები იმაზე, თუ რა ზეგავლენას გამოიწვევს ომი ეკონომიკაზე. თუ ჰუსეინი თავის საბადოებს დაწვავს, ან ქუვეიტში და საუდის არაბეთში მდებარე ნავთობის ჭაბურღილებს დააზიანებს, ნავთობის ფასი 40 დოლარს გადააჭარბებს, რაც აშშ-ს ისეთ რეცესიამდე მიიყვანს, რომელმაც წარსულში უფროსი ბუშის პოლიტიკურ კარიერას მოუღო ბოლო.
არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. “ქუვეიტ პეტროლიუმის” გენერალური მენეჯერის, სულთანის აზრით, მოსალოდნელია ფასების დაცემა. დოიჩე ბანკის ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ, თუ ომი დიდ ხანს არ გაგრძელდება და ჰუსეინი საბადოებს ცეცხლს არ მოუკიდებს, ნედლი ნავთობის ფასი ერთ ბარელზე ზაფხულისკენ 22 დოლარს შეადგენს.
მოვლენების ასეთი განვითარება გლობალური ეკონომიკის წინსვლას შეუწყობდა ხელს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ოპეკსაც სურს, რომ ნავთობზე ფასი დაეცეს. წარსულში კარტელის ლიდერები და ნავთობის სხვა მწარმოებლები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 22 დოლარიდან 28 დოლარამდე უნდა მერყეობდეს. მაღალი ფასების შემთხვევაში ოპეკის ხაზინა მალე შეივსება, მაგრამ ნავთობის ბარონებმა იციან, რომ ერთ ბარელზე ფასის 40 დოლარამდე გაზრდა ეკონომიკურ ზრდას შეაჩერებს და ფასებს მკვეთრად შეამცირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოპეკი შეასრულებს თავის პირობას და გააგრძელებს ნავთობის მოპოვებას, რათა აანაზღაუროს ომის დროს დაკარგული პროდუქცია.
აზრი იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო ომის შემდეგ, მნიშვნელოვნად განსხვავდება. ზოგი ანალიტიკოსის აზრით, ამერიკის გამარჯვების და მდგომარეობის ცოტაოდენ გამოსწორების შემდეგ, ბაზარი გაჯერებული იქნება იაფი ნავთობით. ერაყს შეუძლია გაზარდოს წარმოება ჰუსეინის გადადგომის შემდეგ, რაც მნიშვნელოვნად დასწევს ფასებს და ოპეკს საშუალებას არ მისცემს ფასები 22-28 დოლარის ფარგლებში შეინარჩუნოს.
სხვების აზრით, იმის საშიშროება, რომ ერაყის ნავთობი წალეკავს ბაზარს, დააგდებს ფასებს და დაშლის ოპეკს, უსაფუძვლოა. მას ეს ნაკლებად სჭირდება. ერაყისთვის უფრო მომგებიანი იქნება სტაბილურად გაყიდოს ნავთობი 20-25 დოლარად ერთ ბარელზე, ვიდრე ფასები 10 დოლარამდე დააგდოს.
ერაყის ნებისმიერი ახალი მთავრობა არასანუგეშო რეალობას შეეჯახება – ეროვნული ნავთობინდუსტრიის საშინელ მდგომარეობას. ნავთობის მოპოვება 3,5 მილიონ ბარელიდან 2,8 მილიონ ბარელამდე შემცირდა. ჭაბურღილები ცუდ მდგომარეობაშია, აღჭურვილობა მოძველდა და ეკოლოგიისათვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს. წინანდელი დონის მიღწევა მინიმუმ 7 მილიარდს მოითხოვს და ამას 3 სამი წელი დასჭირდება.
ახალი მთავრობის შემდეგი ამოცანა – ნავთობმოპოვების დონის გაზრდაა. მოპოვების მოცულობის დღეში დამატებით ორ მილიონ ბარელამდე გაზრდა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ერაყი მაინც ვერ გაასწრებს ამ დარგის ლიდერებს – საუდის არაბეთს, აშშ-ს და რუსეთს.
დღესდღეობით, ერაყს მეექვსე ადგილი უკავია ნედლი ნავთობის ექსპორტიორებს შორის. ყველაზე დიდი ექსპორტიორი საუდის არაბეთია.
მოთხოვნა ნავთობზე იზრდება. დღევანდელი ტემპების პირობებში, 2010 წლისათვის ნავთობის გაყიდვა ექსპორტიორ-სახელმწიფოებს წელიწადში დამატებით 100 მილიარდდოლარიან შემოსავალს მოუტანს.
იზრდება კონკურენციაც – რუსეთი და კასპიისპირეთის ქვეყნები ბაზრის წილზე საუდის არაბეთს ეჯიბრებიან.
ომის შემდეგ ერაყსაც ექნება შესაძლებლობა ბაზარში საკუთარ წილზე იბრძოლოს.
სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სახსრების უმეტეს ნაწილს ერაყი ნავთობის ექსპორტისაგან ღებულობს. ასე რომ, ნებისმიერი დროებითი მთავრობა შეეცდება გაზარდოს ნავთობის ექსპორტი და კონტროლი გაუწიოს ერაყის ფასეულ ეკონომიკურ რესურს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის აღდგენას და აღმავლობას.
თუ ამერიკა ჰუსეინს ჩამოაგდებს, ერაყის დიდი ნავთობის რეზერვები იქცევა თავისებურ საბანკო ანგარიშად, რომლისაგან სახსრები ქვეყნის აღდგენაზე და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე წავა, მაგრამ ამ გეგმამ, რომელსაც ახლა თეთრ სახლში განიხილავენ, შეიძლება პოტენციური სიძნელეები განიცადოს ჭაბურღილში საბოტაჟიდან დაწყებული ერაყელებს და დასავლურ ქვეყნებს შორის ნავთობის დარგის განაწილებაზე კონფლიქტით დამთავრებული. ერთი რამ აშკარაა: თუ ნავთობი არ არის ერაყთან მიმართებაში მისი პოლიტიკის მთავარი მოტივი (როგორც ვარაუდობს ბუშის ზოგიერთი კრიტიკოსი), ის აშშ-ის გეგმების ცენტრალური პუნქტია, რომელიც ერაყის ომისშემდგომ განვითარებას ეხება.
როგორიც არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციების მიზანი, ექსპერტების აზრით, ამერიკული ჯარების მთავარი მიზანი ერაყის ჭაბურღილების სწრაფი დაპყრობა იქნება, რაც მას ფასების ზრდას აარიდებს, ხოლო ერაყის ნავთობის მარაგი “ახალი ერაყის” მთავრობას დასჭირდება.
აშშ-ის, ევროპისა და რუსეთის ნავთობკომპანიებს შეუძლიათ ამ მომგებიან დარგში კონცესიებზე ბრძოლა დაიწყონ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ ერაყში ომი “ნავთობზე ბრძოლას” წარმოადგენს, განაცხადა, რომ ერაყის ნავთობი იქცევა სპეციალურ “ფონდად”, რომელიც ერაყის ხალხის სასარგებლოდ გამოიყენება. დანახარჯები ჰუმანიტარულ დახმარებაზე და ქვეყნის აღდგენაზე შეიძლება ძალიან დიდი აღმოჩნდეს. ერაყის ნავთობთან დაკავშირებულ საკითხს ახლა განიხილავენ აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტი, თავდაცვის სამინისტრო და ენერგეტიკა.
ზოგიერთი დამკვირვებელის აზრით, პაუელის განცხადება იმაზე, რომ ნავთობი სპეციალურ “ფონდად” იქცევა, ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. როგორი იქნება ეს რეჟიმი? ვინ უნდა გადაწყვიტოს წარმოების საკითხები? – კითხულობს ვალიდ ჰადური, “ეკონომიკ რივიუს” რედაქტორი.
პაუელმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა “სხვადასხვა მოდელებს შეისწავლის” და რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, შემოსავალი ნავთობის მოპოვებიდან ერაყელი ხალხისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მან არაფერი თქვა იმაზე, გამოიყენება თუ არა ერაყის ნავთობის შემოსავალი საგარეო ვალის გასტუმრებაზე, რომელიც 110 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ერაყის ოპოზიაციას გააჩნია თავისი აზრი ნავთობის მომავალ დარგზე. “პირველი ნაბიჯი არჩეული მთავრობის შექმნაა, რომლის შემადგენლობაში შევა ნავთობმრეწველობის სამინისტრო, რომელიც ამ დარგში განსაზღვრავს პოლიტიკას”, – განაცხადა ფაიზალ კვარაგალიმ, ლონდონში მდებარე ერაყის ეროვნული კონგრესის აღმასრულებელმა დირექტორმა.
კვარაგალის თქმით, ნავთობის კონტრაქტების დადების დროს, აშშ და მისი მოკავშირეები უპირატესობებით ისარგებლებენ, რადგანაც ისინი “ერაყელ ხალხს იცავდნენ”. დადის ხმა, რომ აშშ, რომელსაც სურს მოიპოვოს რუსეთის, ჩინეთის და საფრანგეთის მხარდაჭერა, შეჰპირდა ამ ქვეყნებს, დახმარებას კონცესიების მიღებაში. “ჰერიტიჯ ფაუნდეიშანის” ეკონომისტი არიელ კოენი ამტკიცებს, რომ რუსეთმა მიიღო “რაღაც შეპირებები”, მაგრამ მისი აზრით, ეს შეპირებები რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება.
თუ ჰუსეინი “ნერონის პოლიტიკის” განხორციელებაში წარმატებას მიაღწევს და ცეცხლს მოუკიდებს ჭაბურღილებს, ნავთობზე ფასი შეიძლება გაიზარდოს ისეთ დონემდე, რომ მსოფლიო ეკონომიკა ღრმა კრიზისში აღმოჩნდება. საუდის არაბეთის ყოფილი მინისტრის, შეიხ ახმედ ზაკი იამანის აზრით, ფასი შეიძლება ერთ ბარელზე 100 დოლარამდე ავიდეს, ან პირიქით, აშშ-ის სწრაფი გამარჯვება და ვენესუელიდან ნავთობმომარაგების აღდგენა ფასების ვარდნას გამოიწვევს.
“თუ ნავთობზე ფასები მსოფლიო ეკონომიკის კრიზისს გამოიწვევენ, ამან, შეიძლება, პოლიტიკურ არასტაბილურობამდე მიგვიყვანოს, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ტერორიზმის აქტივიზაციას.
საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლას ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე დიდი ცვლილებები ნამდვილად არ გამოუწვევია.
ვასილ ხორავა – “კანარგო სტანდარტ ოილის” გენერალური დირექტორის მოადგილე.
“კანარგო სტანდარტ ოილის” ქსელი აწარმოებს ნავთობის რეალიზაციას. Nნავთობი იმპორტირებული პროდუქტია და ბუნებრივია, საერთაშორისო ბაზრის ფასები ჩვენს საფასო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. საერთაშორისო ბაზარზე ფასები უფრო მგრძნობიარეა, ვინემ საცალო გაყიდვის დროს. Oომის დაწყებამდე იყო ტენდენცია ზრდისკენ, Aამ პერიოდში კი, ასე თუ ისე, დასტაბილურდა და ნელ-ნელა შემცირდა კიდევაც. Aამას ბევრი მიზეზი აქვს. Mმთელი მსოფლიო ელოდებოდა ომის დაწყებას, არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ამ გაურკვევლობამ დიდი გავლენა მოახდინა ფასების ზრდაზე – ბუნებრივია, მოხდა რეზერვების დაგროვება. Oომის დაწყებამ გახსნა შეკრული წრე და ფასებმაც შემცირება დაიწყო. Aაშშ ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელია და ამ ქვეყნის ზეგავლენა ფასების ნებისმიერი სახის ცვლილებაზე საკმაოდ დიდია. ომის დაწყებამ გვიჩვენა, რომ ფასებმა დინამიურად იწყო შემცირება, თუმცა დროებით. ჩვენს ბაზარზე ყოველივე ამას არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რადგან, სამწუხაროდ, ნავთობის დიდი ნაწილი ჩვენთან არალეგალურად, საქართველოს კანონმდებლობის ავლით, განუბაჟებელი შემოდის. თანაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა. ის პირები, რომლებიც კონტრაბანდული ხასიათის ნავთობის შემოტანასა და რეალიზაციას ახდენენ, არღვევენ საბაზრო ფასების პოლიტიკას. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ცვლილებები იქნება მსოფლიო ბაზარზე, აიწევს ფასი, თუ დაიწევს. დამეთანხმებით, ასეთ გარემოში ძნელია მუშაობა. ამ მოვლენების მიუხედავად, ჩვენმა ქსელმა შეინარჩუნა ძველი ფასები. ფაქტიურად, ფირმამ მოგება შეამცირა და ფასთა შორის სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ეს ბაზარზე ჩვენი დამკვიდრების სტრატეგიაა. დავუბრუნდეთ ისევ მსოფლიო ბაზრის ფასებს. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ დღევანდელი მონაცემებით ფასების ცვლილებას კომენტარს ვერ გავუკეთებ. ოპეკის ყველა ქვეყანა მზადაა იმისათვის, რომ არსებული დეფიციტი, რომელიც შეიძლება ერაყის ომმა შექმნას, მათი მხრივ ნავთობის მოპოვების გაზრდით დაბალანსდეს. თუმცა, ამის გაკეთება, ალბათ, გაუძნელდება, რადგან ერაყი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომპოვებელია და იქ მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო ბაზრის ფასების ინდექსზე თავის გავლენას ახდენს.
საერთაშორისო ბაზარზე ფასების მოსალოდნელი აწევა, ბუნებრივია, ჩვენზეც დიდ გავლენას მოახდენს. ფასების ზრდის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოების შემთხვევაში, ფირმა (“კანარგო სტანდარტ ოილი”) ეცდება დაიცვას თავი ზარალისგან და მივყვეს მსოფლიო ბაზრის დინამიკას. თუ ნავთობებზე ფასების ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდება, აუცილებლად მოხდება პირველადი პროდუქტის გაძვირება, რაც ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.
ვაჟა დვალიშვილი – “ლუკოილ ჯორჯიას გენერალური დირექტორის მოადგილე. – უნდა გაიმიჯნოს ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ნავთობის გადამუშავების შემდეგ მიიღება ბენზინი დიზელი და მაზუთი. ამ პერიოდში დიზელზე გაცილებით დიდი მოთხოვნილებაა, ამიტომ გაზაფხულზე დიზელის ფასი “ნორმალის” ფასზე უფრო მაღალია. ხოლო, რაც შეეხება ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდას, ამას მარტივი ახსნა აქვს – ყველა ქვეყანამ გაიკეთა ნავთობპროდუქტების მარაგი, ამის გამო შეიქმნა პროდუქტის დეფიციტი, რამაც გამოიწვია კიდევაც ფასების სწრაფი ზრდა. აღარავინ ყიდულობდა ნავთობს ქარხნებიდან, რადგან ყველას თავისი მარაგი ჰქონდა. დაიწყეს თუ არა ამ მარაგების ხარჯვა, ნავთობზე ფასმა დაიწია, შემდეგ კი, კვლავ გაიზარდა. ამის მიზეზი აშშ-ში დეფიციტი წარმოქმნა იყო. ამერიკა ხომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მთლიანი ბაზრის 50%-იან მომხმარებელს წარმოადგენს, ამიტომ, ბუნებრივია, ნავთობი უნდა გაძვირებულიყო. ამ მსოფლიო პროცესებს საქართველოც მიჰყვა, ოღონდ ოდნავ დაგვიანებით. დღეს საქართველოში არსებული მარაგი მაღალ ფასადაა ნაყიდი, შესაბამისად, გასაყიდი ფასიც ძვირი იქნება. ჩვენი ბაზარი მაღალხარისხიანი საწვავის მოხმარებით აქტიური არ არის, თვითრეკლამაში არ ჩამომართვათ, მაგრამ საქართველოში ევროსტანდარტის ბენზინი მხოლოდ “ლუკოილს” აქვს ბულგარეთიდან. ჩვენი ბაზრის ძირითადი ნაწილი აღმოსავლურია (ბაქოდან) და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მსოფლიო ბაზრის ფასების ზრდა-კლების პირდაპირი ასახვა აქ არ მომხდარა. ამიერიდან, ალბათ, საქართველოში მიმდინარე პროცესები მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ადექვატური იქნება.
“ლუკოილს” თავისი ძირითადი საბადოები რუსეთში აქვს, ურალსა და ჩრდილოეთში. საკუთარი საბადოები აქვს, ასევე, ერაყში, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მათი გამოყენება ამჟამად არ ხერხდება. ფაქტიურად, “ლუკოილს” ერაყში ჩადებული ინვესტიციები არც აუმუშავებია, რუსული პოლიტიკა ამ ქვეყნის მიმართ ყოველთვის შემწყნარებლური იყო, რადგან მას იქ თავისი ინტერესები ჰქონდა. აღმოსავლეთის ეს ქვეყანაც მსოფლიო ბაზარზე რუსულ პოლიტიკას ემხრობოდა. ისეთ კომპანიას, როგორიც “ლუკოილია”, საქართველოს ბაზარზე ძალიან უჭირს მუშაობა. მისი მომგებიანობა ძალიან დაბალია და თვეების განმავლობაში სერიოზული ჩავარდნებიც კი აქვს. ჩვენისთანა კომპანიები, რომლებიც კონტრაბანდული, განუბაჟებელი საწვავის შემომტანებისგან განსხვავებით, იხდიან გადასახადებს ბიუჯეტში (მათ შორის “ლუკოილი” თავის დარგში ყველაზე მსხვილი გადამხდელია), მინიმალურ მოგებაზე მუშაობენ. კომპანია იძულებული გახდა, თანამშომელთა გარკვეული ნაწილი დაეთხოვა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ გაგრძელდება. ფაქტიურად, ამ ბიზნესს მომავალი მაინც აქვს. ჩვენ ვმუშაობთ და ეკოლოგიის დაცვით ვცდილობთ ავაშენოთ ევრო და მსოფლიო მასშტაბების ბენზინგასამართი სადგურები, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარება რთულია. არ კონტროლდება ფასები შიდა ბაზარზე. ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობა ამ კუთხით ძალიან სუსტია. მათი ამოსავალი წერტილი დღეს მხოლოდ ის არის, რომ არ მოხდეს ეკონომიკაში ამა თუ იმ სეგმენტის მონოპოლიზირება, რაღაც პროცენტულ ზღვარს არ უნდა გადაცილდეს ესა თუ ის კომპანია. ნავთობკომპანიებს შორის იმდენად იმპორტიორი ბევრია, რომ შეუძლებელია ერთმა კომპანიამ საქართველოს ბაზრის მოთხოვნის 10%-ზე მეტი დააკმაყოფილოს. უახლოეს მომავალში პროცესები ბაზარზე უკეთესობისაკენ განვითარდება. არ შეიძლება ნავთობკომპანიების მუშაობა იყოს წამგებიანი, რადგან ეკონომიკის განვითარება პირდაპირ მიბმულია ამ პროდუქტზე. ნავთობპროდუქტზე ფასების ოდნავ რყევასაც კი, დისონანსი შეაქვს ქვეყნისა და მსოფლიო ეკონომიკაში. ის, რაც საქართველოში ხდება, ნონსენსია, მაგრამ გვჯერა, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა დაიხვეწება და განვითარდება.