ენერგეტიკული პროექტები კასპიისპირეთში – გაზის ინფრასტრუქტურა
ნატა გარაყანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
ზოგადი მიმოხილვა
გლობალური მასშტაბით ნავთობის მარაგები თუ უკვე ილევა, გაზის ინდუსტრია აყვავების სტადიაშია. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ბევრი სპეციალისტი სამართლიანად მიიჩნევდა, რომ გაზი მომავლის ენერგიის მთავარ წყაროდ იქცევა, ხოლო ამ რესურსით მდიდარ ქვეყნებს ათწლეულობით შეუძლიათ თავიანთი ენერგო-სექტორის პერსპექტივაში იყვნენ დარწმუნებული.
ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ მსოფლიოში ბოლო ორ წელში განხორციელებული 5 უმსხვილესი გეოლოგიური აღმოჩენის სიაში ირანი ლიდერობს. ქვეყან, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება.
2012 წლის მკაცრმა ზამთარმა, 2011 წელს “ფუკუსიმას” ატომური სადგურის ავარიის გამო, ევროპის რიგი ქვეყნების მხრივ ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმამ და ანტი-ირანული სანქციების გამკაცრებამ, ევროპის ენერგო-ბაზარზე გაამწვავა საწვავის, განსაკუთრებით – გაზის დეფიციტი. ამან კიდევ ერთხელ ყველა დაარწმუნა იმაში, რომ ევროპის უკეთ მომარაგებისათვის საჭიროა, გაზმომარაგების ახალი წყაროები. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა, რომელიც ახლა სავალო კრიზისის დაძლევითაა დაკავებული, არ უნდა გადადოს გაზმომარაგების რუსეთის გვერდის ავლით, კასპიისპირეთიდან “სამხრეთის გაზის დერეფნით” დივერსიფიკაციის საკითხი. აღნიშნულმა პრობლემებმა წარმოაჩინა “გაზპრომის” როგორც ტექნიკური, ისე ევროპულ კანონმდებლობასთან თავსებადობის პრობლემები. რუსეთის ხელისუფლება ამ პრობლემების თავის სასარგებლოდ ინტერპრეტაციას ცდილობს და კასპიისპირეთის ენერგორესურსების მნიშვნელობას აკნინებს.
სინამდვილეში კასპიისპირეთის გაზის მარაგები იამალისა და ციმბირისას არ ჩამოუვარდება. თანაც, კასპიის “შაჰ-დენიზისა” (აზერბაიჯანი) და “გალკინიშის” (ყოფილი “სამხრეთ-იოლოტანი-ოსმანი” “მინარა” და სხვები – თურქმენეთი) გაზის მოპოვება და ევროპაში გაგზავნა იაფია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს ორ ათწლეულში, ევროპის მილსადენებით გაზმომარაგების მატება უმთავრესად კასპიისპირეთიდან მოხდება, ხოლო აშშ-დან გაიზრდება თხევადი გაზის იმპორტი.
რაც ყველაზე მთავარია, უახლოეს წლებში “გაზპრომს” აღარ შეეძლება ევროკავშირის გაზმომარაგების მნიშვნელოვნად გაზრდა, რაც არყევს ენერგო-ბაზარზე მის მონოპოლიურ მდგომარეობას. აღნიშნულის შესახებ ყურადღებას ამახვილებს “საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” ა/წლის 23 მაისს გამოქვეყნებული ანალიტიკური გამოკვლევა “გაზის ოქროს საუკუნის ოქროს წესები” (Golden Rules for a Golden Age of Gas), სადაც დასაბუთებულია, რომ 2035 წლისათვის მსოფლიოს ენერგო-ბაზარზე ძალთა განლაგება შეიცვლება და ნავთობსა და ნახშირს არატრა-დიციული გაზი ჩაანაცვლებს, ხოლო აშშ – რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს. “ფიქლების რევოლუციის” შედეგად აშშ ბოლო წლებში გაზის ექსპორტიორად იქცა, რის გამოც უახლოეს წლებში რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის წილი მსოფლიო გაზით ვაჭრობაში 45%-დან 35%-მდე შემცირდება. ამით რუსეთს გაზის ბაზარზე მონოპოლიური ფასის კარნახის საფუძველი გამოეცლება. თუმცა, იმავე გამოკვლევაში ხაზგასმულია, რომ თუ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პარლამენტის მიერ გაგრძელდება ფიქლების გაზის “ოქროს საუკუნის” ეკოლოგიური მიზეზებით შეფერხება (როგორც ეს მოხდა ბულგარეთში, საფრანგეთში, რუმინეთში და ა.შ.), მაშინ რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის ხვედრითი წილი მსოფლიოს გაზით ვაჭრობაში გაიზრდება 50%-მდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტებია მოცემული BP-ის 2011 წლის სტატისტიკურ მიმოხილვაში, სადაც ხაზგასმულია, რომ მომავალ ათწლეულში გაზის ბაზრის უმთავრესი მამოძრავებელი არა რუსული რესურსები, არამედ ტექნოლოგიები იქნება. სწორედ მოწინავე ტექნოლოგიების ხარჯზე, ჯერ კიდევ 2009 წელს, აშშ-მ გაზის მოპოვებაში რუსეთს გაუსწრო და დღესაც მსოფლიოს უდიდესი მომპოვებელია. აშშ-ის გაზის ფასი ამჟამად უკვე მსოფლიო ბაზარზე რუსულ გაზზე ბევრად იაფია და 1 მლნ ბრტ. თერმ. ერთეულზე შეადგენს 2.5 დოლარს. ამის მიზეზი ფიქლების ახალი ტექნოლოგიებია. სწორედ ფიქლების გაზის მასიურად ათვისება და არა “ფუკუსიმას” ავარიაა, ბევრი ექსპერტის აზრით, ქვანახშირისა და ატომური ენერგეტიკის დღევანდელი კოლაფსის მიზეზი. 2015 წლისათვის მარტო აშშ-ში აპირებენ გაზის 258 ახალი ელექტროსადგურის აგებას. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი შეფი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ჯ. დეიჩი (John Deutch) სამართლიანად მიუთითებს, რომ “ფიქლების გაზის მოპოვების დაწყება უკანასკნელ 50 წელიწადში ენერგეტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა”.
ზემოაღნიშნულის ტექნოლოგიური გარღვევის გამო, სპეციალისტები დარწმუნებული არიან ევროპის ენერგო-ბაზარზე “გაზპრომის” ტრადიციული მონოპოლიური მდგომარეობის შერყევაში. იგივე IEA-ს გამოკვლევაში ხაზგასმულია, რომ 2035 წელს “გაზპრომის” გაზი ევროპის ბაზარზე 18%-ით გაიაფდება. სწორედ ფასია ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” ეფექტიანობის მთავარი კრიტერიუმი. კერძოდ, დღეს იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გაზსადენით მოხვდება კასპიისპირეთის გაზი ევროპის ენერგობაზარზე. არამედ მთავარია, რომ იგი რუსული გაზის კონკურენტი გახდეს. გლობალური “ნაბუქოს” (წლიურად 31 მლრდ მ3 გაზი, ანუ ევროპის მოთხოვნის 5%) თუ “ტრანსანატოლიური გაზსადენის” (16 მლრდ მ3, საიდანაც 10 მლრდ ევროპაში უნდა გადაიტუმბოს – ევროპის მოთხოვნის 2%-მდე) გაზი თავისი მოცულობით რუსული “ნაკადების” გაზის რაოდენობას ვერ შეედრება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია, რომ მათ საფასო კონკურენციის და ეფექტიანობის პრეცედენტი შექმნან – ალტერნატიული მარშრუტების გაზის რაოდენობები ბაზრის ათვისების კვალობაზე გაიზრდება. ეს იმითაც დასტურდება, რომ არსებული გაანგარიშებით, 2012 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში გაზის მოპოვება 28.28 მლრდ მ3-ს მიაღწევს, რაც თითქმის 11%-ით აღემატება 2011 წლის მაჩვენებელს (25.5 მლრდ მ3). უკვე 2025 წლისათვის, მხოლოდ აზერბაიჯანში, 50 მლრდ მ3 გაზის მოპოვებას გეგმავენ, რაც უკვე იმ დროისთვის ევროპის მოხმარების პროგნოზის 10%-მდეა.
რუსი ექსპერტების ნაწილი ყველანაირად ცდილობს დააკნინოს კასპიის რესურსების როლი ევროპის მომავალ გაზმომარაგებაში. ასე მაგალითად, ზოგი მათგანი, ისევე როგორც ამ ორიოდე წლის წინ, კვლავ იმეორებენ, თურქმენეთის გაზის რესურსების ბრიტანული აუდიტორული კომპანიის Gaffney, Cline & Associates-ის მიერ, 2008 წელს წარდგენილი შეფასების უზუსტობის თეზისს. მაშინ ბერდიმუჰამედოვმა ენერგეტიკის მინისტრი და “თურქმენგაზის” უფროსი მოხსნა. გადამოწმებით კი აღმოჩნდა, რომ თურქმენეთს პირიქით, “იაშლარის” ახალი საბადოს რეზერვების გათვალისწინებით, ბრიტანელების შეფასებაზე, ანუ 14 ტრლნ მ3-ზე მეტი – 22.5 ტრლნ მ3 გაზის რეზერვები აქვს.
თურქმენ გეოლოგთა ცნობით, ქვეყანაში ნახშირწყალბადების საწყისი ჯამური გეოლოგიური რეზერვი 45.44 მლრდ ტონა პირობით სათბობს შეადგენს, საიდანაც არსებული ტექნოლოგიებით შესაძლებელია 27.48 მლრდ ტონა პირობითი სათბობის მოპოვება. აღმოჩენილი 183 საბადოდან 34 ნავთობისაა, 67 გაზის და 82 – გაზკონდენსანტის. თხევადი ნახშირწყალბადების მიმდინარე რეზერვი 20.4 მლრდ ტონაა, საიდანაც შესაძლებელია 7.7 მლრდ ტონის მოპოვება. ბუნებრივი გაზის მიმდინარე გეოლოგიური რეზერვი შეადგენს 22.55 ტრლნ მ3-ს, საიდანაც შესაძლებელია 20.42 ტრლნ მ3-ის მოპოვება. რაც 2030 წლისათვის თურქმენეთი გეგმავს წლიურად 180 მლრდ მ3 გაზის ექსპორტს, საიდანაც ნახევარი, ანუ 90 მლრდ მ3 ევროპაში უნდა გაიგზავნოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარტო აზერბაიჯანი და თურქმენეთი ევროპას, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, 2030 წლისათვის 140-150 მლრდ მ3 გაზს მიაწვდიან, რაც 2030 წლის მისი მოხმარების პროგნოზის, წლიურად 625 მლრდ მ3 გაზის, თითქმის მეხუთედია, რაც საფასო კონკურენციისათვის საკმარისი მოცულობაა. ეს ადასტურებს ევროპაში კასპიის ჰიდროკარბონების საქართველოს გავლით – სამხრეთ კავკასიის მარშრუტით (“მეოთხე დერეფანი”), ტრანსპორტირების რეალურ შესაძლებლობას. საქართველომ შეიძლება არა მარტო ისარგებლოს მთელი ამ გაზის, ან მისი ნაწილის ტრანზიტით, არამედ რეექსპორტითაც. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ “მეოთხე დერეფნის” თანამედროვე კონკურენტების – “არატრადიციული გაზისა” და აღმოსავლეთ ხმელთაშუა-ზღვისპირეთიდან ევროპისაკენ “ახალი დერეფნის” კონტურების გაჩენა.
კონკურენციის გამწვავება კასპიისპირეთის და რუსეთის გაზის
ტრანსპორტირების პროექტებს შორის
2012 წლის I ნახევარი კასპიისპირეთისა და რუსეთის გაზის პროექტების რეალიზაციაში მნიშვნელოვანი მოვლენებით ხასიათდება.
ჯერ ერთი, 2011 წლის შემოდგომაზე დასრულდა სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, “ჩრდილოეთის ნაკადის” პირველი რიგის მშენებლობა და მასში რუსული გაზი უკვე აღმოსავლეთ ევროპის ტრანზიტული ქვეყნების გვერდის ავლით მიედინება. მალე ამ რუსული გაზსადენის მეორე რიგის გაყვანაც დასრულდება და მისი სიმძლავრე საპროექტი ნიშნულზე – წლიურად 55 მლრდ მ3 გაზზე გავა.
მეორე, რუსული გაზი ევროპისკენ უკრაინის გავლით სავარაუდოდ, აღარ წავა – აპრილის ბოლოს უკრაინის რადამ კანონით აკრძალა “ნაფტოგაზ უკრაინის” გაზსატრანსპორტო ქსელის (ГТС) ნებისმიერი ფორმით განსახელმწიფოებრიობა. ეს ნიშნავს, რომ “გაზპრომს” აღარ ექნება უკრაინის გაზსატრანსპორტო ქსელის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა და პუტინის მხარდაჭერილი, 63 მლრდ წლიური საპროექტო სიმძლავრის მქონე “სამხრეთის ნაკადი”, დიდი ალბათობით, განხორციელდება. ვ. პუტინის ბრძანებით, მისი მშენებლობა დაგეგმილზე ადრე, ანუ ამ წლის ბოლოს დაიწყება. აღნიშნული “ნაკადებით” ევროპაში ექსპორტირებული რუსული გაზის მოცულობა მიაღწევს წლიურად 118 მლრდ მ3-ს, რითაც რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყნების სიიდან უკრაინა გამოირიცხება.
მესამე, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას “ტრანსკასპიური გაზსადენის” ირგვლივ აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან მოლაპარაკებების გამართვის მანდატი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა “ტრანსკასპიური გაზსადენის” მშენებლობაში ყაზახეთიც მიიწვია. თავდაპირველად ბრიუსელს მიაჩნდა, რომ მომავალი “ტრანსკასპიური გაზსადენი”: თენგიზი (ყაზახეთი)-თურქმენბაში (თურქმენეთი)-ბაქო (აზერბაიჯანი), უნდა დაკავშირებოდა “სამხრეთკავკასიურ გაზსადენს” (ბაქო-თბილისი-ერზერუმი). თუმცა, ამ ეტაპზე, ყაზახეთმა ეს მარშრუტი განსახორციელებლად ჯერ ნაადრევად (სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან გართულებების თავიდან ასაცილებლად) მიიჩნია. ამიტომ, “ტრანსკასპიური გაზსადენი” პირველ ეტაპზე, თურქმენბაშის (თურქმენეთი) და ბაქოს (აზერბაიჯანი) დააკავშირებს.
გაზსადენების აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ძირითად როლს თურქეთი თამაშობს, რომელიც არა მარტო კასპიისპირეთის ჰიდროკარბონების მწარმოებლებზე, არამედ უკვე ბალკანეთის ქვეყნებზეც ავრცელებს თავის გავლენას. ამავე დროს, თურქმენეთის გაზის რესურსების მიმართ სულ უფრო მზარდ დაინტერესებას იჩენს ჩინეთი და ინდოეთი. უკვე მოქმედი “ცენტრალურაზიური გაზსადენით” ჩინეთში გაზის მიწოდების ზრდა 40 მლრდ მ3-მდეა გათვალისწინებული, რასაც წელს უზბეკეთის 10 მლრდ მ3-იც დაემატება, ხოლო გაზსადენი “თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი” (TAPI) უკვე დაფინანსების სტადიაზეა. ეს “ტრანსკასპიური გაზსადენისადმი” სერიოზული გა-მოწვევებია.
მეოთხე, ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტების მეორე რუსული კონკურენტის, “სამხრეთის ნაკადის” რეალიზაციაში ცნობილი ევროპული ენერგო-კომპანიები BASF (გერმანია) და EDF (საფრანგეთი) ჩაერთნენ და დააფუძნეს “სამხრეთის ნაკადის ტრანსპორტირების” (შშთ) კომპანია. მაშინ, როცა “ნაბუქოს” კონსორციუმის, რომელიც “დერეფნის” გლობალური პან-ევროპული მონაწილეა, დატოვება გადაწყვიტა გერმანულმა ენერგო-გიგანტმა RWE-მ და უნგრულმა MOL-მა (თუმცა, მოგვიანებით უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ MOL-მა მხოლოდ შეაჩერა პროექტში მონაწილეობა).
აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია გლობალური პან-ევროპული “ნაბუქოს” პროექტის (სიგრძე – 3900 კმ, სიმძლავრე – წლიურად 31 მლრდ მ3) ტრანსფორმაცია რეგიონალურ “ნაბუქო-უესტად”, რომლის სიგრძე იქნება 1300 კმ, ხოლო სიმძლავრე – 20 მლრდ მ3. ის თურქეთ-ბულგარეთის საზღვრიდან ავსტრიულ ქ. ბაუმგარტენამდე გადაიჭიმება. ამ ცვლილებებმა, თავის მხრივ, ექსპერტულ წრეებში კვლავ დღის წესრიგში დააყენა “მილსადენების ცივი ომის” პარადიგმის შეცვლის საკითხი “მილსადენების ჰარმონიზაციის” პარადიგმით.
მეხუთე, მსოფლიო ენერგო-ბაზარზე იმოქმედა ირანის ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო მრავალეროვნური და ცალმხრივი სანქციების შემოღებამაც. საქმე ისაა, რომ ირანის თეოკრატიული შიიტური რეჟიმი საკუთარი ნავთობიდან და გაზიდან მიღებულ შემოსავლებს იყენებს ისლამური რევოლუციის ექსპორტისა და ბირთვული პროგრამის დაფინანსებისათვის. ფაქტიურად, ირანი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძირითად გამოწვევად გადაიქცა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციებით უპირისპირდება. ევროკავშირის მხრივ, ეს სანქციები ძალაში ა/წლის 1 ივლისს შევიდა. ზოგიერთი გაანგარიშების თანახმად, სანქციების გამკაცრების შიშმა ბევრი ინვესტორი აიძულა ირანი დაეტოვებინათ. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით:
– დღემდე მოქმედი ანტი-ირანული სანქციები ამ ქვეყნის ენერგეტიკაში 50-60 მლრდ დოლარამდე ინვესტიციის ჩაშლის მიზეზია;
– სანქციები ასევე, 2010 წლის აგვისტო-2011 წლის აგვისტოს პერიოდში, ირანში ბენზინის პოტენციური იმპორტის 90%-ის შეჩერების მიზეზია (მაგალითად, თოტალ-მა, Glencore-მა და Royal Dutch Shell-მა შეწყვიტეს ირანისათვის ბენზინის მიწოდება);
– დაიბლოკა მილიარდობით დოლარის ინვესტიციები თხევადი გაზის სექტორში;
– კონტრაქტები შეუწყდათ სადაზღვევო ფირმებს, ბენზინის ტრეიდერებს, სატრანსპორტო ფირმებს და ბანკებს (მაგალითად, Vitol-მა და თრაფიგურა-მ, ასევე ოთხმა სადაზღვევო კომპანიამ, შეწყვიტეს ენერგეტიკის მოდერნიზაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი);
– სანქციების გამო სპეციალისტები არ გამორიცხვენ “ირან-პაკისტან-ინდოეთის” (IPI) გაზსადენის პროექტის ჩაშლასაც.
თუმცა, ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ სანქციებით შეუძლებელია ირანის ბირთვული ამბიციების “მოთოკვა” და საჭიროა ასევე ძალისმიერი მეთოდებისა და ადგილობრივი ოპოზიციის მხარდაჭერის კარგი კომბინაცია. სანქციების ცხოვრებაში გატარება დიდ დროს საჭიროებს, მაშინ როცა ირანი სწრაფად ავითარებს თავის ბირთვული იარაღის პროგრამას. 2011 წლის 27 ივნისს ცსს-ის დირექტორი ლეონ პანეტა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ “…ჩვენი აზრით, [ირანელებს] უკვე ახლა აქვთ ორი ბომბის შესაქმნელად საკმარისი დაბალგამდიდრებული ურანი, ისინი ბოლომდე შეეცდებიან განაგრძონ გამდიდრება”. ანუ მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ცოტა დრო სანქციებიდან შედეგების მისაღებად. ეს კი დასავლეთისგან მოითხოვს ირანის ენერგეტიკის სუსტი მხარეების გამოყენებას. ამიტომ დასავლეთი სავარაუდოდ, მაქსიმალურად შეეცდება ირანის ენერგეტიკის მართვის სიძნელეების, ბენზინის იმპორტის საჭიროებისა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (FDI) ქვეყნის დამოკიდებულების “კარტების გათამაშებას”.
აღნიშნულმა სტრუქტურულმა სირთულეებმა და სანქციებით გაღიზიანებული მოსახლეობის სავარაუდო უკმაყოფილებამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს სიტუაცია ირანში, რამაც გამორიცხოს სამხედრო ჩარევა. ეს კი, ენერგო-ბაზრებზე ირანული ნახშირწყალბადების მიწოდებას შეამცირებს (“არაბული გაზაფხულის” მსგავსი სიტუაცია), რაც კიდევ უფრო გაართულებს ენერგორესურსების ბაზრებზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.
ამრიგად, 2012 წლის დაწყებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა გაზის ტრანსპორტირების როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირის მხარდაჭერილ კასპიისპირეთის ქვეყნების მარშრუტებში. ამ ცვლილებებს სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გარკვეული შედეგები მოჰყვება, როგორც ნახშირწყალბადების ბაზარზე კონიუნქტურის, ისე მათი ტრანსპორტირების მარშრუტების თვალსაზრისით.
რუსული გაზის
ტრანსპორტირების თავისებურებები
წლევანდელი ზამთრის პრობლემებმა ევროპელები დაარწმუნა, რომ უახლოეს წლებში “გაზპრომს” აღარ შეუძლია ევროკავშირის გაზმომარაგების მნიშვნელოვნად გაზრდა. ეს ევროპის ენერგო-ბაზარზე მის მონოპოლიურ მდგომარეობას არყევს.
“გაზპრომი” 2012 წლის ზამთრის დეფიციტამდე, უკვე დიდი ხნით ადრე, ცდილობს “დერეფნის” კონკურენტი პროექტებით შექმნას ევროპის მომარაგების დივერსიფიკაციის ილუზია. კერძოდ, 2011 წლის ბოლოს თურქეთის მიერ “გაზპრომისათვის” შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში “სამხრეთის ნაკადის” გატარების უფლების მიცემა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ პროექტის განხორციელების წინაპირობა.
ამავე დროს, რუსეთ-უკრაინის გაზის ფასზე მოლაპარაკებების ამ ეტაპზე შეფერხებამ მკვეთრად გაზარდა საქართველოს შავიზღვისპირეთიდან აზერბაიჯანული თხევადი გაზის უკრაინაში ტანკერებით ექსპორტის მნიშვნელობა. ამას, თავის მხრივ, კიევი მოსკოვზე ზეწოლისათვის იყენებს. კერძოდ, 2012 წლის 27 იანვრის დავოსის ეკონომიკური ფორუმის შემდეგ განიხილება თხევადი გაზის უკრაინის ტერმინალისთვის აზერბაიჯან-უკრაინის ტრანსპორტირების ერთობლივი საწარმოს შექმნა. კიევმა დაამტკიცა ესპანური კომპანიის “სოკოინის” (შოცოინ) მიერ ქ. ოდესასთან მდებარე პორტ “იუჟნიში”, 10 მლრდ მ3Mგაზის დეკომპრესიის ტერმინალის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინა ამ ტერმინალით “აგრის” პროექტიდან აზერბაიჯანული გაზის მიღებას აპირებს. ამით უკრაინა ცდილობს რუსულ “გაზპრომს” კონკურენტი დაუპირისპიროს, ანუ თავდაპირველი სამკუთხედი ბაქო-თბილისი-ანკარა ფაქტიურად ბაქო-თბილისი-კიევის კავშირად გარდაქმნას.
ამასთან, ევროკავშირის “დერეფანს” დაემუქრა ახალი, თურქულ-აზერბაიჯანული “ტრანსანატოლიური გაზსადენის” (TANAP) პროექტიც. კერძოდ, მას შემდეგ, რაც “ნაბუქოს” განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო, ანკარამ ბაქოსთან TANAP-ის მშენებლობის შეთანხმებები გააფორმა. ამ გაზსადენში ჩართვის სურვილი კიევმაც გამოთქვა.
ბევრ ექსპერტს ეს პროექტი, როგორც “ნაბუქოს”, ისე “სამხრეთის ნაკადის” ალტერნატივად მიაჩნიათ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს მოსკოვთან ანკარას ურთიერთობის გართულება უნდა გამოეწვია. მით უფრო, რომ 2011 წლის ოქტომბერში თურქულმა “ბოტაშმა” გაზის ფასების შეუთა-ნხმებლობის მიზეზით, გააუქმა რუსულ “გაზპრომთან” ადრე გაფორმებული ერთ-ერთი კონტრაქტი. ამავე დროს, აზერბაიჯანმა თურქეთისათვის გაზის მიწოდება “გაზპრომის” გაზზე 30%-ით იაფად გადაწყვიტა (282 დოლარი ათას მ3-ში, მაშინ როდესაც 2011 წელს რუსული გაზი თურქეთს ათასი მ3 370 დოლარად მიეყიდა), თანაც მოსკოვს “გაბალის” რადიოსალოკაციო სადგურის იჯარის გაგრძელებაზე უარით და “ნაბუქოში” ჩართვით დაემუქრა, თუ ის ყარაბაღის კონფლიქტში ბაქოს მხარს არ დაიჭერდა. ამით აშკარა გახდა, რომ ანკარამ და ბაქომ მოსკოვის საწინააღმდეგო თამაში დაიწყეს. საერთო ჯამში, ანკარა-კიევი-ბაქოს ბლოკის კონტურები მოსკოვს კარგს არაფერს ჰპირდებოდა.
თუმცა, მოვლენათა განვითარების ეს თანმიმდევრობა, სრულიად მოულოდნელად, დაარღვია საფრანგეთის ეროვნული კრების მიერ სომეხთა გენოციდზე მიღებულმა კანონპროექტმა. ამან თურქეთის ვექტორი მაშინვე რუსეთისაკენ შეაბრუნა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ შემთხვევითი არ იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ა. დავუთოღლუს განცხადება მასზე, რომ თურქეთმა ორიენტაცია უნდა აიღოს “აღმოსავლეთის სახელმწიფოებზე”, რომლებიც ევროკავშირისაგან განსხვავებით, აღმავლობის გზაზე დგანან. მას შემდეგ კი, რაც ვ. პუტინმა გამოაცხადა ევრაზიური ეკონომიკური კავშირის შექმნა, თურქეთს გეოპოლიტიკური ალტერნატივა გაუჩნდა. სწორედ ამის გამო მიიღო ანკარამ ანტი-მოსკოვური “გაზის ინტრიგიდან” გასვლისა და “სამხრეთის ნაკადისთვის” ნებართვის მიცემის გადაწყვეტილება. ამის შედეგია ის, რომ იმავე დღეს, 2011 წლის 28 დეკემბერს, ზემოაღნიშნული ნებართვის სანაცვლოდ, რუსულმა “გაზპრომმა” და თურქულმა “ბოტაშმა” ხელი მოაწერეს გაზის არსებული კონტრაქტის დამატებას, რომლითაც 2012 წლიდან თურქეთმა, ტ. ილდიზის სიტყვებით, “…მიიღო სერიოზული დისკაუნტი” რუსული გაზის იმპორტის 2021 და 2025 წლებამდე კონტრაქტებში. თურქეთი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2012 წლიდან წლიურად 27.5 მლრდ მ3-მდე ზრდის რუსული გაზის იმპორტს, რაც 2011 წელს მიწოდებულ გაზს 8%-ით აღემატება.
თურქეთი, ევროპის რეცესიის პირობებში, არ აპირებს დააყენოს დარტყმის ქვეშ რუსეთთან როგორც ენერგეტიკული, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. ამის დასტურია ახლახანს მინისტრ ტ. ილდიზის განცხადება, რომ თურქეთის “აკუიუს” ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე რუსეთიდან უკვე გამოიყო პირველი 700 მლნ დოლარის ოდენობის კაპდაბანდება. ამის შემდეგ, ტ. ილდიზმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქეთი რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას უკვე განიხილავს არა როგორც მათ “დაწყება-არდაწყებას”, არამედ ორი ქვეყანა მიახლოებულია კონკრეტული პროექტების პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპთან. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ეცლება “ანკარა-კიევი-ბაქოს” სამკუთხედს პირველი რგოლი.
თუმცა, თურქეთის ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული გარიგებები “დიდი თამაშის” ნაწილია. კერძოდ “სოკართან” დეკემბრის შეთანხმებამდე ორი თვით ადრე, 2011 წლის ოქტომბერში შეთანხმებული “ტრანსანატოლიური გაზსადენის” პროექტი ადასტურებს ანკარას “შაჰ-დენიზი 2”-ის გაზის სახმელეთო გზით ტრანზიტისადმი “ერთგულებას”. რაც მთავარია, თუ “სამხრეთის გაზის დერეფნის” ევროპული პროექტები საქართველო-თურქეთის საზღვრიდან იწყებოდა და ევროპაში მიდიოდა, “ტრანსანატოლიური გაზსადენი” 10 მლრდ მ3 გაზს (გა-რდა თურქეთის შიდა საჭიროების 6 მლრდ მ3-ისა) უკვე “მიიტანს” თურქეთ-ევროკავშირის საზღვრამდე; ანუ “შაჰ-დენიზის” კონსორციუმს მიმდინარე ტენდერში შესარჩევი ექნება გაზსადენის ევროპული სექციის მშენებელი კომპანია, ანუ ა/წლის ივლისამდე არჩევანი ერთი მხრივ, BP-ს “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპულ მილსადენსა” (SEEP) და “ნაბუქო-უესტს”, მეორე მხრივ კი, “ტრა-ნსადრიატიკულ გაზსადენს” (TAP) შორის, უნდა გაკეთდეს.
ამრიგად, აზრი ეკარგება ერთდროულად 31 მლრდ მ3 სიმძლავრის ერზერუმი (თურქეთი) – ბაუმგარტენი (ავსტრია) მარშრუტის მქონე გლობალური “ნაბუქოს” და იმავდროულად, 16 მლრდ მ3 სიმძლავრის “ტრანსანატოლიური გაზსადენის” აგებას. ამიტომ, “შაჰ-დენიზის” კონსორციუმი მისი გაზის ევროპისკან ტრანსპორტირების მიმდინარე ტენდერში, სავარაუდოდ, უმარტივეს, უმოკლეს და უიაფეს მარშრუტზე გააკეთებს არჩევანს. ექსპერტების აზრით, მოსალოდნელია რომ ეს იყოს “შაჰ-დენიზის” ოპერატორ – BP-ის პროექტი “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული მილსადენი” (SEEP) ან “ტრანსადრიატიკული გაზსადენი” (TAP), რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიც ასევე “შაჰ-დენიზის” მეწილე, ნორვეგიული “სტატოილია”.
“ნაბუქოსაგან” განსხვავებით, “ტრანსანატოლიურ გაზსადენს” ბაქო და ანკარა ერთხმად უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ ის ყველა შემთხვევაში აიგება, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა წინასწარ გაფორმებული გაზმომარაგების კონტრაქტები. ესაა ამ გაზსადენის მთავარი უპირატესობა “ნაბუქოსთან”, რომლის განხორციელებასაც სატრანზიტო ქვეყნები (განსაკუთრებით ბაქო), პირდაპირ უკავშირებენ ფასებისა და მომწოდებლების განსაზღვრას.
ექსპერტების მოსაზრებით, ერთდროულად “სამხრეთის ნაკადზე” და “ტრანსანატოლიურ გაზსადენზე” თურქეთის გამოთქმული თანხმობა, არა იმდენად “ნაბუქოსადმი” “არალოიალურობა”, რამდენადაც ოსტატური პოლიტიკური სვლაა. სავარაუდოდ, “ტრანსანატოლიური გაზსადენი” რუსულ “სამხრეთის ნაკადს” ჩამოაჭრის გაზზე ევროპული მოთხოვნის გარკვეულ ბაზას. რაც, ანკარას აზრით, მოსკოვს “სამხრეთის ნაკადის” აგების აზრს დაუკარგავს. შედეგად, თურქეთი ინარჩუნებს ევროპაში კასპიის გაზის ტრანზიტორის ფუნქციას და იმავდროულად, იღებს იაფ რუსულ გაზს. როგორც ჩანს, ანკარა “თამაშობს” ორივე გაზსადენის უპირატესობებზე. ამით შეიძლება აიხსნას ვ. პუტინის გადაწ-ყვეტილება, რომ “სამხრეთის ნაკადის” აშენება დაგეგმილზე ერთი წლით ადრე – 2012 წლის ბოლოს დაიწყოს. ე.ი. რუსეთს უკვე არა მარტო “ნაბუქოს”, არამედ “ტრანსანატოლიური გაზსადენის” მხრივ კონკურენციისაც ეშინია.
როგორც ჩანს, თურქეთმა უკვე გააკეთა პირველი ნაბიჯი ახალ, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ რუსულ სატრანზიტო სისტემაში – “სამხრეთის ნაკადში” ინტეგრაციისაკენ. თავის მხრივ მოსკოვსაც ურჩევნია ანკარას სახით ხედავდეს გაწონასწორებულ პარტნიორს, რომლის ეკონომიკაც სულ უფრო მეტად ინტეგრირდება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამავე დროს, “სამხრეთის ნაკა-დზე” ნებართვის მიცემით ანკარა ცდილობს რუსეთი კვლავ დაითანხმოს “სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენის” აშენებაში თანამონაწილეობაზე, რაც კიდევ მეტად გაზრდის თურქეთის ტრანზიტული ქვეყნის სტატუსს.
ამრიგად, თურქეთმა ორიენტაცია აიღო ისეთ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებშიც თვითონ იქნება მილსადენების ოპერატორი, გაზის გაყიდვაში თანამონაწილე და ფინანსური შემოსავლების მიმღები. სავარაუდოდ, ამით აიხსნება თურქეთის დაინტერესების შემცირება “ნაბუქოსადმი”.
სირთულეები “გაზპრომის” მიერ ევროპის გაზმომარაგებაში
თურქეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა მოსკოვისთვისაც სასარგებლოა. ბევრი ექსპერტი, საწვავზე ფასების ახლანდელი შემცირების მიუხედავად, 2012 წლის ბოლოსთვის ნავთობის და გაზის ფასების კვლავ მატებას, და ამის შედეგად, რფ-ის ექსპორტში ნახშირწყალბადების დიდი ხვედრითი წილის გამო, რფ-ის საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდოს ზრდას წინასწარმეტყველებს.
ამჟამად, ნავთობიდან და გაზიდან შემოსავლები რფ-ის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების 50%-ია, ხოლო გაზის ფასის სიდიდის განმაპირობებელი ნავთობის ფასის ბარელზე სულ 10 დოლარით ზრდა რფ-ის ბიუჯეტში იძლევა 600 მლრდ რუბლის (20 მლრდ დოლარი) ნამეტს, რაც განათლებზე გაწეული ფედერალური ხარჯების ექვივალენტს შეადგენს. ნახშრწყალბადების ექსპო-რტზე ზედმეტად დამოკიდებულება რუსეთის სერიოზული გამოწვევაა (იხ. ცხრილი). ამის მაგალითია ა/წლის თებერვლის დასაწყისში, ყინვების დროს, “გაზპრომის” მიერ ევროპის “უკრაინის გაზის ქსელით” (ГТС) მომარაგების შემცირება, რაც წინა წლებივით, უკრაინის მიერ ზედმეტი გაზის თვითნებურად მითვისებას “დაბრალდა”.
პარალელურად, შედარებით გაიზარდა მიწოდება სხვა რუსული საექსპორტო გაზსადენებით, “იამალით” და “ცისფერი ნაკადით”. მართალია, “გაზპრომის” ინფორმაციით, თითქმის სრულად შესრულდა არსებული კონტრაქტები, მაგრამ თვით რუსეთში გაზის მოთხოვნის პიკზე ენერგო-გიგანტი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ევროპაში მოთხოვნის მეტად (კონტრაქტების ზემოთ) ზრდის შემთხვევაში, გაუჭირდება საკუთარი მომხმარებლების დაკმაყოფილება. თუმცა, რეალურად დეფიციტი ევროპის ბაზარზეც აისახა.
2012 წლის ზამთარში სლოვაკეთის, ავსტრიის, უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის და გერმანიის გაზმომარაგება 6-დან 30%-მდე შემცირდა (დაკონტრაქტებული გაზის მოცულობიდან გამომდინარე). ყველაზე დიდი პრობლემა იტალიას შეექმნა, სადაც გაზის მოხმარების ისტორიული მაქსიმუმის პირობებში, რუსული გაზის მიწოდება დაკონტრაქტებულ მოცულობასთან შედარებით 25-30%-მდე შემცირდა. მთლიანობაში, მოპოვებული ცნობებით შეიძლება დავასკვნათ, რომ “გაზპრომის” ევროპელმა კონტრაქტორებმა შეძლეს რუსული გაზის დეფიციტი შეევსოთ ევროპის სტრატეგიული რეზერვებიდან და სხვა მომწოდებლებიდან მიღებული საწვავით. მაგალითად, რუსული გაზმომარაგების შემცირების გამო, იტალიურმა “ენიმ” გაზარდა გაზის შესყიდვა ალჟირიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან.
2012 წლის მარტში, რუსული წყაროების ცნობით, ევროპაში გაზის მიწოდება სრულად აღდგა და თუ 2010 წელს რუსეთი ევროპის გაზის ბაზარზე 23%-ს აკონტროლებდა, 2011 წელს “არაბული გაზაფხულის” გავლენით აფრიკიდან გაზმომარაგების შემცირების ხარჯზე, მისი წილი 27%-მდე გაიზარდა. ხოლო 2012 წლის მკაცრი ზამთრის გამო, “გაზპრომი” ევროკავშირის გაზმომარაგებაში უკვე 33%-იან წილს ფლობდა. ეს მაშინ, როდესაც 2000 წლიდან დაწყებული, თვით ევროპული ენერგო-კომპანიების გაზის მოპოვება ადგილობრივი მოხმარების 16%-იანი ზრდის პირობებში – 285 მლრდ მ3, პრაქტიკულად არ გაზრდილა.
თუმცა, ბაზრის 33% ის ზღვრული მაჩვენებელია, რომელსაც სავარაუდოდ რუსეთი 2017 წლამდე, ანუ ბარენცის ზღვის ოფშორზე “შტოკმანის” ახალი საბადოს ათვისების დაწყებამდე, ვეღარ გადალახავს. მიუხედავად ა/წლის ივნისიდან იამალზე, “ბავანენკოვოს” საბადოს ათვისების დაწყებისა და “ბოვანენკოვო-უხტას” 1240 კმ-იანი გაზსადენის მონტაჟის დამთავრებისა, ნათელია, რომ 2006 წელს დაწყებული ძლიერი ყინვების დროს გაზმომარაგების შეფერხებებს უკვე ტენდენციის სახე აქვს. წლეულს ამ შეფერხებებზე რუსული ოფიციოზის თავდაპირველი რეაქცია, ისევე როგორც 2006 და 2009 წლებში, საკმაოდ წინააღმდეგობრივი იყო. ა/წლის თებერვალშიც, ადრინდელივით, კიევისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებების ფონზე, რუსეთიდან ქაოტური სიგნალები იგზავნებოდა – გაზმომარაგების რაიმე დოზით შემცირების კატეგორიულად უარყოფიდან და უკრაინის მიერ გაზის არასანქცირებულად მოხმარებიდან დაწყებული, ევროპელების გაზის ზედმეტად მიტაცებაში დადანაშაულებით დამთავრებული. რუსეთის მთავრობა და “გაზპრომი” საწვავის ძალზე მაღალი ფასების პირობებში, ვერ ხსნიან გაზმომარაგების შეწყვეტას თავის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რუსეთის ნომერ პირველი კომპანიის შიგნით არსებულ საორგანიზაციო პრობლემებზე, მეტყველებს მენეჯმენტის სირთულეებზე, რეაგირების არასაკმარის უნარზე. გარდა ამ სიღრმისეული პრობლემებისა, ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ “გაზპრომიდან” ევროპის გაზმომარაგების შეფერხებას სხვა მიზეზებიც აქვს.
დეფიციტის პირველ მიზეზად მიიჩნევენ ზემოთ ნახსენებ 2012 წლის ყინვებს ევროპასა და რუსეთში, რამაც მოხმარების სწრაფი ზრდა გამოიწვია. მეორე და უმთავრესია, მომპოვებელი რეგიონებიდან (დასავლეთ ციმბირი) გაზის დამატებითი მოცულობების რუსეთის ევროპულ ნაწილამდე სწრაფი გადამისამართების შეუძლებლობა, რისთვისაც გაზსაცავებია საჭირო. თუმცა, “გაზპრომმა” არ შეასრულა ასეთი საცავების ციმბირში აშენების 2005-2010 წლების გეგმა. ამის ნაცვლად, რუსულმა მონოპოლისტმა “ჩრდილოეთის ნაკადის” აშენება დაიწყო და “სამხრეთის ნაკადის” ასაგებად ემზადება. ასევე, ბოლო ექვს წელიწადში ციმბირში მოპოვება დღეში 200 მლნ მ3-მდე შემცირდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს “გაზპრომთან” გაფორმებული კონტრაქტების გადასინჯვა ფასების შემცირებისკენ. შედეგად, “გაზპრომის” აქციები კატასტროფულად იაფდება. ასე მაგალითად, 2012 წლის 18 მაისის საბირჟო ვაჭრობაზე, რუსეთის ყველაზე პოპულარული ფასიანი ქაღალდების – “გაზპრომის” აქციების კურსი, კრიზისული 2009 წლის გაზაფხულის დონემდე დაეცა. ნეგატიური გამოდგა ხელახლა გაპრეზიდენტებული ვ. პუტინის პირველი გადაწყვეტილებაც ენერგეტიკაში. მან რუსეთის სტრატეგიული საწარმოების ნუსხაში (ანუ იმათ ჩამონათვალში, რომლებიც პრივატიზებას არ ექვემდებარებიან) შეიყვანა “როსნეფტი”, “რუსჰიდრო” , “ფედერალური ქსელური კომპანია ეეს”, “სისტემური ოპერატორი”, “ჰოლდინგი რეგიონების ქსელები” და ა.შ., რამაც რუსეთის ენერგეტიკის საინვესტიციო მიმზიდველობა შეამცირა.
ზემოაღნიშნულით გამოწვეულმა გაზმომარაგების პრობლემებმა ევროპელთა თვალში კიდევ ერთხელ შეარყია “გაზპრომის”, როგორც საიმედო პარტნიორის, რეპუტაცია. მიუხედავად ამისა, რუსეთის მთავრობა ცდილობს ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ თუ უკრაინა პერიოდულად არ მიითვისებს ტრანზიტულ გაზს, მაშინ “გაზპრომი” უზრუნველყოფს ევროპის ენერგო-ბაზარს. ამ ზამთრის პრობლემებს პრემიერი ვ. პუტინი არგუმენტად იყენებს მისთვის პრიორიტეტული “სამხრეთის ნაკადის” რაც შეიძლება სწრაფად აშენებისა და “ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობის დასრულებისათვის. თავის მხრივ, “გაზპრომის” შეფმა ა. მილერმა ევროპაზე ზეწოლის მიზნით განაცხადა, რომ ვიდრე იარსებებს ევროპის ენერგო-ბაზრის ლიბერალიზაციის ე.წ. “მესამე პაკეტის” პრობლემა (რაც ვითომ ხელს უშლის ევროკავშირში რუსული კომპანიის საქმიანობას), მანამდე რუსეთმა შეიძლება ვერ შეძლოს ევროპის სრული გაზმომარაგება. “გაზპრომში” არ კარგავენ იმედს, რომ ბრიუსელი არა მარტო მიიღებს მოსკოვის ოფიციალურ მოთხოვნას “მესამე პაკეტიდან” “სამ-ხრეთის ნაკადის” გამოთიშვის შესახებ, არამედ ეს გაზსადენი “ევროპის ტრანსევროპული ქსელის” (TEN) შეღავათიანი სტატუსის მიღების სურვილსაც დაჟინებით გამოთქვამს.
აღნიშნული სიძნელეების დასაძლევად, 2012 წლის გაზაფხულზე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ, ქვეყნის ისტორიაში პირველად, შეიმუშავა პროგნოზი: “რუსეთისა და მსოფლიო ენერგეტიკის განვითარების პროგნოზი 2035 წლამდე”. მასში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოს გაზის ბაზარი 2010-2035 წლებში, ნავთობთან შედარებით, მზარდია – ზრდა შესაბამისად 56%-სა და 21%-ს მიაღწევს. პროგნოზში ხაზგასმულია, რომ 2011 წელს იაპონიის ატომური სადგურის აფეთქების შემდეგ გაზის მოთხოვნა საერთაშორის ბაზრებზე გაიზარდა. კერძოდ, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ატომური სადგურების გაუქმების ტენდენცია დაიწყო. ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ბირთვული სადგურების დახურვასთან დაკავშირებით. ასევე, 2011 წლის მაისის ბოლოს შვეიცარიის მთავრობამ უარი თქვა ახალი სადგურების მშენებლობაზე. ამავე ინიციატივას შეუერთდა იტალიაც. აღნიშნული ტენდენციებიდან გამომდინარე, გაზზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, როგორც ევროპის ენერგეტიკული ბაზრებზე, ასევე იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში. სავარაუდოდ, 2035 წლისათვის გაზზე მოთხოვნა 5.5 ტრლნ მ3-ის ფარგლებში იქნება, ხოლო მისი ფასი 50%-ით მოიმატებს. ძირითადი იმპორტიორები ევროპისა და აზიის ქვეყნები იქნებიან. ამასთან, “სბერბანკის” ეკონომისტების პროგნოზით, ფიქლების გაზის სექტორის სწრაფი განვითარების გამო, “გაზპრომმა” შეიძლება უკვე 2016 წლისათვის, ევროპის ბაზრის უდიდესი ნაწილი დაკარგოს.
ცხადია, რომ საწვავის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ევროკავშირმა, რომელიც ახლა სავალო პრობლემების დაძლევითაა დაკავებული, არ გადადოს გაზმომარაგების რუსეთის გვერდის ავლით, კასპიისპირეთიდან დივერსიფიკაციის და ე.წ. არატრადიციული გაზმომარაგების საკითხები. ა/წლის თებერვლის მკაცრმა ამინდმა გამოავლინა “გაზპრომის” როგორც ტექნიკური, ისე კანონმდებლობასთან თავსებადობის პრობლემები. რუსეთის ხელისუფლება კი ამ პრობლემების თავის სასარგებლოდ ინტერპრეტაციას ცდილობს.
ესაა კიდევ ერთი არგუმენტი ევროპაში კასპიის ნახშირწყალბადების არარუსული მარშრუტებით ტრანსპორტირებათვის, თუმცა, პრობლემები აქაცაა.
პიტერ დორანი (CEPA): ფიქლები ყურადღების ცენტრში
ქ. ვაშინგტონში მდებარე ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრ CEPA-ს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირისა და მისი ცალკეული წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და ცენტრა-ლურ ევროპაში, პოლიტიკური დებატების ერთ-ერთი ცენტრალური თემაა არატრადიციული ფიქლების გაზი.
ამ ცენტრის “ენერგეტიკის ჰორიზონტის” პროგრამის ხელმძღვანელი პიტერ დორანი წერს: “თებერვალში გაზმომარაგების შეფერხებებმა, ევროპელ პოლიტიკოსებსაც და მომხმარებლებსაც უნდა მიაწოდოს ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმაზე, რომ ერთ მომწოდებელზე, ამ შემთხვევაში, რუსეთზე დამოკიდებულება, არავის ინტერესში არ შედის. …როდესაც ბაზარი იკუმშება, ამით, საბოლოო ჯამში, მომხმარებლები ზარალდებიან. არჩევანის თვალსაზრისით, თხევად გაზთან ერთად ფიქლების გაზია რუსეთზე დამოკიდებულების ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა”.
რამდენად სერიოზულია ამ დამოკიდებულების ფიქლების გაზით ჩანაცვლება? ექსპერტი აგრძელებს: “ფილქების გარეშე ევროპას ძალზე რთული დრო ელოდება “მესამე ენერგეტიკული პაკეტის” განხორციელების გეგმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბაზრის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. მხოლოდ ერთ მომარაგების წყაროზე დამოკიდებულებით ძნელია შეიქმნას სიცოცხლისუნარიანი, ბაზარზე ორიენტირებული გაზის ქსელი ცენტრალურ ევროპაში. ამისათვის ბაზარზე ალტერნატიული მომარაგების წყაროა საჭირო. …ფიქლების ახლანდელი პრობლემების არსი ამ პროექტების გრძელვადიანობაში მდგომარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ შევძლებთ მომდევნო ხუთ წელიწადში კომერციული ფიქლების გაზის დიდ ოდენობის ნახვას მილსადენებში, ამიტომ ევროპაში საუბარია 10-წლიან პერსპექტივაზე. ამავდროულად, რუსეთმა ბოლო დროს გააკეთა სერიოზული განაცხადები “სამხრეთის ნაკადის” მშენებლობასა და ევროპელი მომხმარებლების გაზის გრძელვადიანი კონტრაქტებით “შებორკვაზე”. მე მჯერა, რომ ესაა “გაზპრომის” გრძელვადიანი კომერციული სტრატეგია ფიქლებთან კონკურენციაში გამარჯვებისათვის. ეს საკითხი პოლიტიკოსებმა როგორც ევროკავშირის, ისე წევრი ქვეყნების დონეზე, ძალიან სერიოზულად უნდა დასვან. თუ ისინი ისეთ გარემოს შექმნიან, რომ ფიქლების ტექნოლოგიების შემოსვლა ან მათი დახურვა მოხდება, მაშინ, საბოლოო ჯამში, ამით ისინი ევროპელ მომხმარებლებს დააზარალებენ”.
პიტერ დორანს მიაჩნია, რომ “გაზპრომი” ფიქლების გაზთან კონკურენციაში გასამარჯვებლად ვერ გამოიყენებს დემპინგურ ფასს. ის ვერ განახორციელებს ისეთივე “საპასუხო დარტყმას”, როგორიც მან მსხვილ გერმანელ მომხმარებელ კომპანიებს ან პოლონეთის მთავრობას მიაყენა, როდესაც მათ სცადეს გადაეხედათ კონტრაქტები რუსული გაზის ფასზე. ამ დროს “გაზპრომი” ერთადერთი მიმწოდებელი იყო და კონტრაქტის პირობებსაც ის კარნახობდა. “დივერსიფიკაციაა ცენტრალურ ევროპაში ფიქლების გაზის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი სტიმული”, – აცხადებს CEPA-ს ექსპერტი. ამასთან, პ. დორანი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ზოგს მიაჩნია სტაბილურ და ხელსაყრელ გაზმომმარაგებელ პარტნიორად, თუმცა ეს იმაზე დამოკიდებული თუ ვისი პოზიციიდან შევხედავთ ამას. “რა თქმა უნდა, გერმანიამ “გაზპრომთან” ერთად მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა “ჩრდილოეთის ნაკადში”, ამიტომ მან რუსული გაზის იმპორტზე ნებაყოფლობით გააკეთა აქცენტი. სხვა ქვეყნები როგორიცაა, ვთქვათ, ბევრად სამხრეთით მდებარე ბულგარეთი, უფრო მეტად არის რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული, რადგან გაზმომარაგების სხვა წყარო არ გააჩნია”.
ამავე დროს, ევროპისათვის ცენტრალური აზიის გაზის მიწოდებაში საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთის მზარდი იმპორტი თურქმენეთიდან. ამიტომ, ევროპისათვის რუსული და აზიური გაზის ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატივაა ადგილობრივი ფიქლების გაზი. ეს ალტერნატივა, მაგალითად, პოლონეთისათვის უმთავრესია. თუმცა მარეგულირებელი შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე, შეუძლებელია გაირკვეს – რა ღირებულება აქვს პოლონურ ფიქლების გაზს, ვთქვათ, ბულგარულთან შედარებით. ამჟამად მხოლოდ ცნობილია, რომ გეოლოგიური სტრუქტურების სირთულის გამო პოლონური ფიქლების გაზი უფრო ძვირია, ვიდრე ამერიკული.
ამრიგად, მიუხედავად 2012 წლის დასაწყისში ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნისა მასზედ, რომ ფიქლების გაზის რეგულირების ადექვატური ჩარჩო უკვე არსებობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მაინც არ წყდება ენერგიის ამ წყაროს ირგვლივ კამათი და როგორც ზემოაღნიშნული კომენტარიდან ჩანს, ევროპას მინიმუმ 5 წელი მაინც დასჭირდება ფიქლების ტექნოლოგიების დასანერგად.
კასპიისპირეთის გაზის ექსპორტის ახალი მარშრუტები
შეიძლება ითქვას, რომ კასპიის ნახშირწყალბადების ახალი საბადოების ბუმი 2010-2011 წლებში დაიწყო. რეგიონის გაზის მარაგები იამალისა და ციმბირისას არ ჩამოუვარდება. თანაც, კასპიის “შაჰ-დენიზისა” (აზერბაიჯანი) და “გიალკინიშის” (თურქმენეთი) გაზის მოპოვება და ევროპაში გაგზავნა იაფია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს ორ ათწლეულში, ევროპის მილსადენებით გაზმომარაგების მატება უმთავრესად კასპიისპირეთიდან მოხდება. ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” ფარგლებში შესაძლებელია არა ერთი, არამედ რამდენიმე გაზსადენის აშენება. ამ ფაქტით გაღიზიანებული ზოგიერთი რუსი ექსპერტი ამტკიცებს, რომ “ნაბუქო” წარსულს ჩაბარდა. მაისში იგივე მოსაზრება გაიზიარეს ლონდონის სიტის ბიზნესწრეებმა, მათ “ნაბუქოს” “აღსასრულის ვადად” ა/წლის ივნისის ბოლო დაასახელეს. ამის არგუმენტად მოჰყავთ ფიქლების ათვისების დაწყება და ევროპაში აშშ-ის თხევადი გაზის მზარდი იმპორტი, რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 2018 წლისათვის ევროპის გაზის მოხმარებაში 30%-ს მიაღწევს. თუმცა, ბოლო წლებში კასპიისპირეთში ახალი საბადოების დამუშავების ტემპები ფიქლების გაზის მოპოვების ტემპებს არ ჩამოუვარდება.
თურქმენეთი
ამ გაზის ტრანსპორტირებისათვის თურქმენეთში გაზის ძირითადი “გიალნიკიშის” საბადოებიდან კასპიამდე 30 მლრდ მ3-ის სიმძლავრის 766 კმ-იანი “აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენი” უკვე შენდება. მაისში იზეიმეს მისი პირველი 40 კმ-იანი მილის მწყობრში ჩადგომა. ის ყოველდღიურად 700-800 მეტრით იზრდება – მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულდეს. რფ ყველანაირად – სამხრეთ კასპიისპირეთში კასპიის ფლოტილიის ძალებით აგრესიული სამხედრო სწავლებების ჩატარებითაც კი, ცდილობს ჩაშალოს ქ. ბრიუსელში ევროკომისიის შუამავლობით ამჟამად მიმდინარე აზერბაიჯან-თურქმენეთის მოლაპარაკებები “ტრანსკასპიური გაზსადენის” ირგვლივ.
ამდენად, მიუხედავად რუსეთ-ირანის სამართლებრივი არგუმენტებისა და ეკოლოგიური ორგანიზაციების წინააღმდეგობისა, “ტრანსკასპიური გაზსადენის” აშენების საკითხი სწრაფ პროგრესს განიცდის. ის რომ “დაიძრა”, ამ ფაქტს ერთი მოვლენაც ადასტურებს. კერძოდ აშკარაა, რომ თურქმენეთ-აზერბაიჯან-ევროკომისიის მოსალოდნელი შეთანხმებით, რუსეთსა და ირანს ხელიდან გამოეცლებათ 1921 და 1940 წწ. სსრკ-ირანის კასპიის სტატუსზე გაფორმებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ბერკეტები და ძალის გამოყენების გარდა, ტრანსკასპიური პროექტის წინააღმდეგ სხვა გზა აღარ დარჩებათ. თუმცა, დასავლეთის სანქციებისა და ჩრდილოეთ ირანში თურქმენეთიდან გაზის იმპორტის გამო, თეირანს ამჟამად კასპიის პრობლემატიკისათვის, “არ სცალია” და ამ ეტაპზე რუსეთი კასპიაზე მარტო იქნება. ასეთ პირობებში მოსკოვი “არ ღალატობს” ძალის დემონსტრირების საკუთარ “ჩვეულებას”.
კერძოდ, ა/წლის 11 აპრილს კასპიის საკითხზე ქ. აშგაბატში რფ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გ. კარასინის ვიზიტს და დ. მედვედევ-გ. ბერდიმუჰამედოვის რამდენიმე სატელეფონო საუბარს, მოჰყვა რფ თავდაცვის სამინისტროს განცხადება. მასში აღნიშნულია, რომ კასპიის ფლოტილიის გემების რაზმი სარაკეტო-საარტილერიო ხომალდ “ასტრახანის” მეთაურობით ემზადება კასპიის სამხრეთში შეკრება-ლაშქრობისათვის (сбор-поход). იმავდროულად, “დაანონსდა” ფლოტილიის ფლაგმანის – სარაკეტო ხომალდ “ტატარსტანის” სასწავლო სროლები. სამინისტრო არ მალავს, რომ კასპიის სამხრეთისაკენ მომავალი ლაშქრობის მიზანია “…რფ დროშის დემონსტრაცია და რუსული ხომალდების სამხედრო-საზღვაო ყოფნის უზრუნველყოფა კასპიის ზღვის ოპერატიულად-მნიშვნელოვან რაიონებში, …ნახშირწყალბადების მოპოვებაზე და ბიორესურსებზე დაკვირვება”.
მიუხედავად მოსკოვის ამგვარი მცდელობებისა, თურქმენეთი თანდათან იქცევა როგორც ევროპის, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ საკვანძო აქტორად. ამას ხელს ქვეყნის ხელმძღვანელობის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უწყობს, რომლის მიზანიც სათბობ-ენერგეტიკის სფეროში საკუთარი ენერგომატარებლების მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე გატანის გზების დივერსიფიცირებაა. ჩინეთისა და ირანის მიმართულებების გარდა, თურქმენეთი საკუთარი ენერგომატარებლების სხვა მიმართულებით ტრანსპორტირების გეგმებზეც ფიქრობს, მათგან, ყველაზე საინტერესო თურქმენული გაზის ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების შესაძლებლობაა, რაც დიდი ალბათობით, სატრანზიტო სქემაში საქართველოს ჩართვასაც გულისხმობს. თურქმენეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგეს ის ფაქტი, რომ 2011 წლის 12 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ პირველად მიანიჭა ევროკომისიას აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან გაზის კონტრაქტების გაფორმების მანდატი. გარდა ამისა, 2011 წლის იანვარში ევროკომისიის პრეზიდენტის, ხოსე მანუელ ბაროზოსა და თურქმენეთის პრეზიდენტ, გ. ბერდიმუხამედოვს შორის შეხვედრისას ბაროზომ აღნიშნა, რომ ევროპა მზადაა იყიდოს თურქმენული გაზი და მონაწილეობა მიიღოს გაზის სექტორის განვითარებაში.
გარდა ამისა, თურქმენეთი დღემდე არ ღალატობს იმ პრინციპს, რომლის თანახმადაც, იგი მის ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირწყალბადებს საკუთარ საზღვარზე ყიდის და მათ შემდგომ ტრანსპორტირებაში მონაწილეობას არ იღებს. ამ პრინციპით, დასავლეთისაკენ თურქმენეთის გაზის ტრანსპორტირება, პირველ რიგში, ტრანსკასპიური ენერგო-ლინკის საშუალებითაა შესაძლებელი, რაც მიზნად ისახავს თურქმენეთიდან კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანთან ბუნებრივი გაზის დამაკავშირებელი მილსადენის ან თხევადი გაზის ტერმინალების აშენებას, შემდეგ კი თურქმენული გაზი “ბაქო-თბილისი-ერზერუმის” (SCP) მილს შეუერთდება. აღნიშნული ყველაზე ეკონომიური გზაა თურქმენეთის ენერგეტიკულ რესურსების ტრანსპორტირებისათვის. ეს პროექტი, რომელიც აშშ-ს მიერ ჯერ კიდევ 1996 წელს იქნა ინიცირებული, ირანისა და რუსეთის ოპოზიციის და კასპიის ზღვის ირგვლივ სანაპირო სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე წარმოქმნილი დავებისა და სხვა პოლიტი-კური ინტერესების გამო, მრავალ პროპლემასთანაა დაკავშირებული. ეს პრობლემებია:
კასპიის ზღვის სტატუსის დღემდე გაურკვევლობა, რაც თავის მხრივ, განაპირობებს რუსეთისა და ირანის მხრიდან “ტრანსკასპიურ გაზსადენთან” დაკავშირებულ ყველა ხელშეკრულებაზე სანაპირო სახელმწიფოების თანხმობის მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სახელმწიფოების მხრიდან, თანხმობა არ იქნა მიღწეული მილსადენის მშენებლობაზე, მათ ვეტოს უფლება რჩებათ. ამას ემატება სასაზღვრო დავები თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის სამი ოფშორული საბადოს: “სერდარ” (აზერბაიჯანულად “ქიაფაზი”), “ომარ” (“აზერი”), “ოსმან” (“ჩირაღი”) ირგვლივ.
ბოლო დროს ადგილი ჰქონდა გარკვეულ ძვრებს, რომელიც ზემოთ აღნიშნული პრობლემატიკის გვერდის ავლას გულისხმობდა და მდგომარეობს შემდეგში: კასპიის ზღვის თურქმენეთის სექტორში გაზის მომპოვებელი მოწყობილობები (Gas rigs), წყალქვეშ უნდა მიურთდეს აზერბაიჯანის სექტორში მდებარე მოწყობილობებს, რომელიც უკვე ნაწილია ევროპასთან დამაკავშირებელი პროგრესირებადი მილსადენების ქსელისა. ასეთი მოქმედება არ მოითხოვს კასპიის ზღვის თურქმენეთისა და აზერბაიჯანის სექტორებში, ფსკერზე, საზღვრის გავლების საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტას. არც ის არის აუცილებელი პირობა, რომ ამ ორმა ქვეყანამ ითანამშრომლოს რესურსების ერთობლივად ათვისების კუთხით. კერძოდ, თუ ამ ორ სახელმწიფოს შორის შედგა კონსესუსი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და მათივე გადაწყვეტილებით, ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობას უცხოური კომპანიებს მიანდობენ, მაშინ პრობლემა ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილების მიღებით შესაძლოა მოგვარდეს. მაგრამ საკითხის მოგვარებისადმი პასიურ პოზიციას იკავებს აზერბაიჯანი, რომელიც არ არის დაინტერესებული მარტივად გაუხსნას გზა თურქმენეთის ბუნებრივ გაზს დასავლეთის მიმართულებით.
როგორც ცნობილია, გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია როგორც მილსადენით, ასევე თხევადი სახით (LNG). დღეს-დღეობით დიდ მანძილზე ოფშორული თხევადი გაზის ტრანსპორტირება მსოფლიო გაზის “მოძრაობის” 25%-ს შეადგენს. თუმცა, თხევადი გაზის ტრანსპორტირება დიდ ინვესტიციებსა და გაზის დიდ რეზერვებს “მოითხოვს”. კერძოდ, LNG-ის გამოყენება, ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებულია მიწოდების არანაკლებ 1800 კმ მანძილის შემთხვევაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ LNG-ის პროექტის განხორციელება გაცილებით ძვირია მილსადენის აგებასთან შედარებით. ამას ემატება უკუგების ხანგრძლივი პერიოდი.
იქიდან გამომდინარე, რომ მანძილი თურქმენეთისა და აზერბაიჯანის სანაპიროებს შორის 300 კმ-ს არ აღემატება, გაზის ტრანსპორტირების საუკეთესო სატრანსპორტო საშუალებად მილსადენი მიიჩნევა. მაგრამ ზემოაღნიშნული სირთულეების (ზღვის სტატუსის გაურკვევლობა, მოსაზღვრე ქვეყნების წინააღმდეგობა და სადაო საბადოები) გათვალისწინებით, საინტერესოა სწორედ LNG-ის ვარიანტის განხილვა. ასეთ შემთხვევაში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაემატება თურქმენეთის გამათხევადებელ ტერმინალში გაზის გადასატვირთი დამატებითი თანხა (ათას მ3 გაზზე 12 დოლარი), ასევე აზერბაიჯანში მიმღები ტერმინალის დანახარჯები. პროექტის დიდი საინვესტიციო ღირებულება აძვირებს გაზის ფასს (მომდევნო წლებში დახარჯული საინვესტიციო თანხების ამოგების მიზნიდან გამომდინარე). მაგრამ მიუხედავად დიდი პირველადი საინვესტიციო დანახარჯებისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, LNG-ით გაზის ტრანსპორტირება უფრო იაფი ჯდება მილსადენთან შედარებით.
აღნიშნულის შედეგად, თუ ამოგების პერიოდის დანახარჯებს გააბათილებს თურქმენული გაზის ძალიან დაბალი ფასი (რადგან თურმქნეთისათვის ევროკავშირის ბაზარი ყველაზე მიმზიდველია და ის მისი ექსპორტის დივერსიფიცირების მნიშვნელოვანი წყაროა), ასევე ჩნდება რეალური პოლიტიკური ბერკეტი რუსეთის მონოპოლიის შესასუსტებლად. ამის გამო აღნიშნულ პროექტს შესაძლოა რეალური საფუძვლები ჰქონდეს.
დასავლეთისაკენ თურქმენეთის თხევადი გაზის ტრანსპორტირების მეორე საფეხური შეიძლება იყოს გაზის ტრანსპორტირება შავი ზღვის სანაპიროდან საერთაშორისო ბაზრებზე ყულევის, აზერბაიჯანის მფლობელობაში არსებული ტერმინალით.
ა/წლის მაისში ქ. ბათუმში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული გათხევადებული გაზის საქართველოს გავლით რუმინეთში ტრანსპორტირების პროექტის, – “აგრის” (AGRI) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (ფეასიბილიტყ სტუდყ) სექტემბრისთვის მომზადდება.
ამრიგად, თბილისში, კიევში, ბუქარესტში და ბუდაპეშტში მიაჩნიათ, რომ “აგრი” (“ნაბუქოსთან” ერთად) გახდება “სამხრეთის გაზის დერეფნის” ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას.
აზერბაიჯანი
ამ საფეხურზე, აზერბაიჯანი, რომლის სტრატეგიული ინტერესია განახორციელოს ევროპის მიმართულებით კასპიის რესურსების მიწოდების მარშრუტების მონოპოლიზაცია და კასპიის სხვა მწარმოებლებს შეუზღუდოს მათზე დაშვება, აპირებს ყულევში გაზის საკუთარი კომპრესიის (გათხევადების) ტერმინალის მშენებლობას.
კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ “აგრის” პროექტის განხორციელების პარალელურად “სოკარის” ყულევის ტერმინალზე (BST Ltd.) აზერბაიჯანელებმა უკვე გაზარდეს 2 ტერმინალის წარმადობა ღრმა დედვეითის, მათ შორის თხევადი გაზის ტანკერების მისაღებად. 2011 წლის ზაფხულში მდ. ხობისწყლის შესართავში ფსკერი გაღრმავდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თითქმის ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე ბაქო აქტიურად უჭერს მხარს ტერმინალის სწორედ ყულევში მშენებლობას. აღნიშნულის შედეგად, თუ დაისმება თხევადი გაზის რაიმე სხვა პროექტში აზერბაიჯანელების მონაწილეობის საკითხი, მაშინ ბაქო თხევადი გაზის ტერმინალისთვის უკვე მომზადებულ “სოკარის” ყულევის ტერმინალს მიანიჭებს უპირატესობას.
ექპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დასავლეთისაკენ თურქმენეთის თხევადი გაზის ტრანსპორტირებისათვის ტერმინალი შეიძლება აიგოს შავი ზღვის სანაპიროს იმ წერტილში, რომელიც ყველაზე ახლოსაა “სამხრეთ-კავკასიურ გაზსადენთან” (შჩP). ასეთი წერტილია სუფსა. ამისათვის, SCP-დან მოხდება განშტოების გამოყოფა და მისი “კასპიური ადრეული ნავთობის მილსადენის” (ბაქო-სუფსა) ტრასის გასწვრივ სუფსამდე მიყვანა. აღნიშნული გაზსადენი შედარებით იაფი დაჯდება, რადგან უკვე არსებული “ბაქო-სუფსას” მილსადენის გასწვრივ აიგება და ტერმინალიც განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე საქართველოს კუთვნილ სუფსას პორტში იქნება. აღნიშნულ პროექტს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ყულევისგან განსხვავებით, არა აზერბაიჯანი, არამედ საქართველო იქნება მყიდველის შემრჩევიც, გაზის გამყიდველიც და საფასურის მიმღებიც.
ამავდროულად, ექსპერტები ხაზს უსვამენ კასპიისპირეთში აზერბაიჯანის მზარდ ენერგეტიკულ პოტენციალს და ბოლო წლებში ბაქოს როლის არნახულ ზრდას. ამის დასტურად მათ 2011 წლის ბოლოს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ენერგეტიკულ საკითხებში რიჩარდ მორნინსგსტარის გამოთქმული შეფასებები მოჰყავთ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მან ხაზი გაუსვა “დერეფნისთვის” აზერბაიჯანის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რაც ბოლო წლებში ამ ქვეყანაში ჰიდროკარბონების ახალი საბადოების აღმოჩენასთან, პირველ რიგში, “შაჰ-დენიზის” მეორე ფაზის დამუშავებასთან და მისი ტრანსპორტირების ტენდერთანაა კავშირში.
ამასთან, ვიდრე პოლიტიკოსები და ექსპერტები ატარებენ ტენდერებს და კამათობენ იმაზე, თუ რომელი მილსადენი კონსორციუმი მიიტანს აზერბაიჯანულ გაზს “სამხრეთის გაზის დერეფნით” ევროპულ ბაზარზე, ბაქოში გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ გაზის გაყიდვა არ არის საკმარისი. “სოკარს” უნდა, რომ აქტიურად მონაწილეობდეს გაზის ტრანსპორტირებაში, მარკეტინგში და საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდებაში. სწორედ ესაა, ექსპერტების აზრით, ბაქოს მიერ თANAP-ის ინიცირების მიზეზი. ეს მილსადენი გლობალური “ნაბუქოს” პირდაპირი კონკურენტი, ანუ მისი პარალელური პროექტია.
ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ “სოკარი” არ ფლობს “ნაბუქოს” აქციებს, მაშინ როცა TANAP-ში მისი წილი აქციების 80%-ია. აქედან ნათელია, რომელი გაზსადენის პროექტი იქნება ბაქოსათვის ხელსაყრელი. ამიტომაა, რომ TANAP-ზე საბოლოო დოკუმენტის გაფორმება რა-მდენჯერმე გადაიდო. როგორც ჩანს, თურქეთს არ უღირს TANAP-ით, თუნდაც შეღავათიან ფასად მისაღებ 6 მლრდ მ3 გაზში “გაცვალოს” ამ კონსორციუმის აქციების მხოლოდ 20% (10% – “ბოტაში”, 10% -TPAO) და ცდილობს 2011 წლის დეკემბერში გაფორმებული საბროკერო შეთანხმება შეცვალოს 50-50%-ზე პრინციპით.
მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიცია ურყევია. ბაქომ TANAP-ის კონსორციუმში უკვე მოიწვია “ბი-პი”, “ტოტალი”, “სტატოილი” და არ აპირებს თავისი წილი თურქულ მხარეს დაუთმოს. თავის მხრივ, 2012 წლის დასაწყისიდან თურქეთი “დემონსტრაციულად” ზრდის გაზის იმპორტს რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მართალია, ამ ეტაპზე ევროპისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება არა აქვს, თუ რომელი გაზი მოიხმარება მის ბაზარზე. მაგრამ TANAP-სა და გლობალურ პანევროპულ გაზსადენ “ნაბუქოს” შორის სერიოზული განსხვაება იმაშია, რომ ტრანსანატოლიური სქემა ევროკავშირის დამტკიცებულ პროექტებში არ მოიაზრება. ამასთან, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ევროპა აზერბაიჯანულ გაზს ყოველთვის მიიღებს TANAP-ის გაზსადენით – ბაქოს ყოველთვის აქვს ალტერნატიული მარშრუტებით გაზის ექსპორტის საშუალება.
თუ დაუშვებთ, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა უახლოეს მომავალში შეძლეს TANAP-ის წილების გადანაწილება, უკვე წარმოიქმნება ახალი პრობლემა – ესაა “სამხრეთის გაზის დერეფნის” მეორე ნაწილი, რომელიც თურქეთ-ბულგარეთის ან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან დაიწყება. კერძოდ, “შაჰ-დენიზი 2”-ში მონაწილე კომპანიებმა – “ბი-პი”-მ, “სტატოილმა”, “სოკარმა” და “ტოტა-ლმა” დაახლოებით ერთ წელში უნდა გადაწყვიტონ, თუ რა მარშრუტით წავა გაზსადენი ცენტრალურ ევროპაში თურქეთის საზღვრიდან. არჩევანი უნდა გაკეთდეს “ბი-პი”-ის დაპროექტებულ “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპულ გაზსადენსა” (SEEP) და “ნაბუქოს” შორის (ITGI-ის ტენდერიდან გამოთიშვის შემდეგ, “დერეფნის” სამხრეთის, ანუ იტალიის მიმართულებაზე “ტრანსადრიატიკული გაზსადენი” – TAP-ია გამარჯვებული). “ბი-პი”-ს მიერ 2011 წელს ინიცირებული SEEPპროექტი გულისხმობს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას უნგრეთში, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით. “ბი-პი”-ს მტკიცებით, მისი პროექტი “ნაბუქოსთან” შედარებით იაფია, თუმცა ბაქო მაინც არ გამოთქვამს მასში ინვესტირების სურვილს, მაშინ როცა, TANAP-ში ბაქოს საკუთარი ამბიციები და ინტერესები ამოძ-რავებს.
ამ საკითხზე ა/წლის აპრილში, “სოკარის” ვიცე-პრეზიდენტი ი. ნასიროვი აცხადებდა, რომ თუ “ნაბუქოს” ფინანსური პრობლემები აქვს, SEEP-ს “ბი-პი”-ს გარდა სხვა პარტნიორი არა ჰყავს და ის “…ჯერჯერობით ნაკლებად განვითარებული პროექტია”. “სოკარის” მაღალჩინოსანის ეს სიტყვები აზერბაიჯანის ამბიციების საუკეთესო დასტურია.
კერძოდ მას შემდეგ, რაც “ნაბუქოს” ზოგიერთმა დამფუძნებელმა კომპანიამ ეჭვი გამოთქვა “ნაბუქოს” სიცოცხლისუნარიანობაში, აზერბაიჯანს გლობალურ ევროპულ “თამაშში” პირდაპირი მონაწილეობის საუკეთესო შანსი გაუჩნდა.
“სოკარის” მზარდი ამბიციები თურქეთში
“სოკარმა” შეიძლება ხელში ჩაიგდოს გლობალური, სრულმასშტაბიანი “ნაბუქოს” წილი, ან რაც უფრო სავარაუდოა, მონაწილეობა მიიღოს თურქეთ-ბულგარეთის საზღვრიდან ავსტრიულ ქ. ბაუმგარტენამდე დაგეგმილ “ნაბუქო-უესტში”. ეს გლობალურ “ნაბუქოსთან” შედარებით იაფი პროექტია, რომელიც “ნაბუქოს” კონსორციუმმა პირველად ა/წლის მარტში გააჟღერა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა/წლის 16 მაისს “ნაბუქოს” კონსორციუმმა განაცხადა, რომ “შაჰ-დენიზის” კონსორციუმს წარუდგინა “ნაბუქო-უესტის” საპროექტო წინადადებები. პროექტის დეტალები, მართალია, უცნობია, მაგრამ როგორც “ნაბუქოში” აცხდებენ, ეს პროექტი გამოიყენებს გლობალური “ნაბუქოს” არსებულ ლეგალურ ჩარჩოს, სამთავრობათაშორის შეთანხმებებს და მესამე მხარისადმი ადრე დაწესებულ შეღავათებს.
ახალი “ნაბუქო-უესტით”, თავდაპირველად დაპროექტებული გაზსადენის სიგრძე 3.9 ათასიდან 1.3 ათ. კმ-მდე დამოკლდება. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანული კომპანია ღჭE, მხოლოდ ატომური ელექტროსადგურების დახურვით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო აპირებდეს “ნაბუქოს” დატოვებას ან პოლიტიკურად მოტივირებული, ავსტრიული OMV არ მიესალმებოდეს ახალი ინვესტიციების შემოდინებას მასში. “შაჰ-დენიზის” საბადოების თანამფლობელის – “სოკარის” კონცერნ “ნაბუქოში” გაწევრიანება, ამ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე მასში მცირე ზომის ევროპული კომპანია “ბაიერნგაზის” (რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთ პოტენციურ ახალ წევრად მოიაზრება) შესვლა.
“სოკარის” მიერ “ნაბუქოში” წილის მიღება, სამომავლოდ “სამხრეთის გაზის დერეფნისათვის” სერიოზული წინააღმდეგობის გაჩენას მოასწავებს. უკვე კონსორციუმის წევრის სტატუსის მქონე “სოკარი” სავარაუდოდ, მეტად გაამკაცრებს თურქეთისადმიTANAP-ის პროექტთან დაკავშირებულ პრეტენზიებს. თანაც, ამით “ბი-პი”-საც თავის პოზიციაზე გადმოიყვანს, რადგან მისიSEEP-ის მილის შემავსებელი “სოკარი” გახდება. ამით გაზის ტრანსპორტირების მცირე პროექტები “ნაბუქო-უესტთან” ან ამ პროექტის სრულმასშტაბიან ვერსიასთან, კონკურენციას ვერ გაუძლებენ და მოხდება ფინანსების კონსოლიდაცია, რამაც შეიძლება ისევ გლობალური “ნაბუქოს” აღორძინება გამოიწვიოს. ამასთან, ბაქოს აქვს საკმარისი სახსრები და გაზის უზარმაზარი რესურსები იმისთვის, რათა “ნაბუქოს” ნებისმიერი ვარიანტი სიცოცხლისუნარიანად აქციოს.
ამისათვის აზერბაიჯანი თანდათან ზრდის საკუთარი გაზის რესურსების დამუშავების ტემპებს. 2007 წლიდან, როცა დაიწყო აზერბაიჯანიდან “სამხრეთკავკასიური გაზსადენით” (SCP) გაზის ექსპორტი, რამაც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებაც ფაქტიურად მოხსნა, გაიზარდა აზერბაიჯანის როლი სამხრეთ კავკასიის ენერგოუსაფრთხოებაში. ეს კი წინააღმდეგობაში მოვიდა რუ-სეთის, როგორც “ენერგეტიკული სუპერსახელმწიფოს” გეოპოლიტიკურ ინტერესებთან. მოსკოვი 2012 წელსაც, ისევე როგორც 2010-11 წლებში, ცდილობს მსოფლიო ფასად შეისყიდოს აზერბაიჯანული გაზის მზარდი ოდენობები. კერძოდ, თუ 2011 წელს რუსეთს “კაზიმაგამედი-მოზდოკის” გაზსადენით, 2 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა, 2012 წლის ბოლომდე ეს ციფრი უკვე 3 მლრდ მ3-მდე გაიზრდება.
ამდენად, პირველი სერიოზული აქტორი, რომელიც კასპიისპირეთზე ახდენს ზეგავლენას, რუსეთია. ამ რეგიონში რუსეთის პოლიტიკა ემყარება ევრაზიულ სივრცეში გაზის ექსპორტისა და ტრანსპორტირების სრულ კონტროლს, ასევე ევროპელ იმპორტიორებზე ზეწოლის მექანიზმს. ამ მიზეზით, რფ არაა დაინტერესებული კასპიისპირეთისა და ცენტრალურაზიური რეგიონებიდან გაზის ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირებაში.
რეგიონის ძლიერი მოთამაშეებია არიან ასევე თურქეთი და ჩინეთი. რუსეთისაგან განსხვავებით, მათ, მართალია, არ აქვთ გაზისა და ნავთობის დიდი მარაგები, მაგრამ ისინი გეოგრაფიულად ესაზღვრებიან ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყნებს. ამასთან, თურქეთი მრავალი წელია ცდილობს “მოირგოს” რეგიონალური “ჰაბის” როლი, რამაც 2008 წელს აზერბაიჯანთან გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნა. კერძოდ, მაშინ აზერბაიჯანი თურქეთს 120 დოლარად აძლევდა ათას მ3 გაზს. შედარებისათვის, საქართველო (შეღავათიან ფასად – ტრანზიტის საფასურად) გაზს იღებდა ათას მ3-ს 180 დოლარად, ხოლო ევროპაში გაზის საშუალო ფასი – 300 დოლარი იყო. მეტიც, თვითონ თურქეთი რუსეთს უხდიდა ათას მ3 გაზში 350-400 დოლარს, ხოლო ირანს კიდევ უფრო მეტს – თითქმის 500 დოლარს. ამის გამო აზერბაიჯანი ანკარას დაჟინებით სთხოვდა ფასის გადასინჯვას. თუმცა, თურქეთი გაზის ფასს წლების მანძილზე ინარჩუნებდა და მას საბერძნეთს რეექსპორტით ძვირადაც კი აწვდიდა.
ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად აზერბაიჯანმა დაიწყო მიწოდების დივერსიფიკაციის საშუალებების ძებნა. სწორედ მაშინ გაფორმდა აზერბაიჯანიდან რუსეთში და ირანში გაზის ექსპორტის ხელშეკრულებები, რომლებსაც ბაქო საკმაოდ წარმატებულად, ექსპორტის ევროპული მიმართულებისათვის დასაბალანსებლად, იყენებს. თუმცა, ბაქოს თურქეთის სტრატეგიული მარშრუტ-იც მუდმივად ყურადღების ცენტრში აქვს. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ “BP-აზერბაიჯანი”, “შაჰ-დენიზი 2”-ის პროექტის ფარგლებში აპირებს აზერბაიჯანიდან საქართველომდე ახალი გაზსადენის აგებას. აქ ის დაუკავშირდება “სამხრეთკავკასიურ გაზსადენს” (SCP), რისთვისაც გათვალისწინებულია კომპრესორების დამატებით მისი წარმადობის გაზრდა და მასში “ტრანსკასპიური გაზსადენით” (TCGP) თურქმენული გაზის მიღება.
ექსპერტების აზრით, “სამხრეთკავკასიური გაზსადენის” (SCP), 16 მლრდ მ3 წლიური წარმადობის “ტრანსანატოლიურ გაზსადენთან” (TANAP) თურქეთის ტერიტორიაზე დაკავშირებით, აზერბაიჯანი რეგიონში ახალ ფუნქციას შეიძენს. ბაქო თავის, და მომავალში “ტრანსკასპიური გაზსადენის” (TCGP) აგების შემდეგ, ცენტრალურ აზიურ გაზს პირდაპირ თურქეთ-ბულგარეთის/საბერძნეთის საზღვრიდან ევროპაში გაყიდის. მოვლენების ამგვარი განვითარება საქართველოს სატრანზიტო პოზიციებს გაამყარებს, თუმცა, აზერბაიჯანის მიერ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური როლის მოპოვება ბაქოს მონოპოლიურ ძალაუფლებას მიანიჭებს. ამით კი, სავარაუდოდ, ტრანზიტული ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) მიმართ ის ისეთივე ჰეგემონისტური პოლიტიკას გაატარებს, რასაც აღმოსავლეთევროპელი მეზობლების მიმართ დღეს რუსეთი ახორციელებს.
საინტერესოა, რომ “BP-აზერბაიჯანის” ხელმძღვანელობა აზერბაიჯანში ახალი გაზსადენის 2017 წლისათვის აგების შესახებ ჯერ კიდევ 2010 წლის ბოლოს აცხადებდა. მაგრამ, ამ გაზსადენით მხოლოდ “შაჰ-დენიზის” გაზის ტრანსპორტირება იყო გათვალისწინებული.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ “BP-აზერბაიჯანის” 2010 წლის ინიციატივა, ახლა განმეორდა იმის გამო, რომ გასული წლის ბოლოს ბაქოსა და ანკარას შორის გაფორმდა შეთანხმება “ტრანსანატოლიური გაზსდენის” (TANAP) აგებაზე. ამასთან, “შაჰ-დენიზის” საბადოს ოპერატორი BP, ა/წლის დასაწყისიდან თავისი “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული მილსადენით” (SEEP), ისევე როგორც ორი სხვა კონსორციუმი (“ნაბუქო” და “ტრანსადრიატიკული მილსადენი”), მონაწილეობს “შაჰ-დენიზის” გაზის 2017 წლიდან ევროპაში ტრანსპორტირების ტენდერში. სავარაუდოდ, წელს ზემოაღნიშნული ინიციატივის გამეორება მიზნად ისახავს ტენდერში SEEP-ს ლობირებას, რადგანაც როგორც “შაჰ-დენიზის”, ისე “სამხრეთკავკასიური გაზსადენის” ოპერატორია და გაზსადენის აგების ინიციატივა მას ტენდერში გამარჯვებისთვის სჭირდება. ამ ლოგიკით, სავარაუდოდ, BP-სგან უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ განაცხადს TANAP-ის წილის შეძენაზეც, რასაც სავარაუდოდ “სოკარიც” დაუჭერს მხარს.
ექსპერტები არ გამორიცხავენ TANAP-ით ჩრდილოეთ ერაყის (ქურთისტანის) გაზის ტრანსპორტირებასაც. საქმე ისაა, რომ ქურთისტანის ავტონომიას ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან პრობლემები აქვს ჩრდილოეთში მოპოვებული ჰიდროკარბონების გატანასთან დაკავშირებით და ის ეძებს მათი ტრანსპორტირების დივერსიფიცირების საშუალებას. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს სცენარი შეესაბამება აშშ-ის “დიდი ახლო აღმოსავლეთის” კონცეფციას.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად, თურქეთთან დაპირისპირების პრობლემა ბაქომ ფაქტიურად გადაჭრა. 2011 წლის 26 ოქტომბერს, ი. ალიევის ქ. იზმირში ვიზიტის დროს, გაფორმდა ხელშეკრულება აზერბაიჯანული “შაჰ-დენიზი 2”-ის გაზის თურქეთში ტრანსპორტირების საკითხებზე. ხელშეკრულებით შეთანხმდა გაზის ფასის, მოცულობისა და ტრანზიტის ტარიფების საკითხები. თურქეთის ამგვარი “გამოცდილების” გათვალისწინებით, აზერბაიჯანი იწყებს ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკას სხვა ტრანზიტული ქვეყნების მიმართაც.
კერძოდ, ბაქო უკვე აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეკონომიკაში. გარდა იმისა, რომ საქართველო იღებს ნავთობისა და გაზის სატრანზიტო გადასახდელებს, “სოკარმა” საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ დოლარზე მეტის ინვესტირება განახორციელა. ქვეყანაში მოქმედებს 80-ზე მეტი “სოკარის” ავტოგასამართი სადგური. აზერბაიჯანიდან მიღებული, შეღავათიანი, 775 მლნ დოლარის მოცულობის კრედიტით შენდება და რემონტდება “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი. საქართველოში განხორციელებულ მთელ ინვესტიციებში აზერბაიჯანის წილი 6%-ზე მეტია.
ზემოაღნიშნულით ბაქო ცდილობს შექმნას ორი ქვეყნის ისეთი ურთიერთდამოკიდებულება, რითაც შეამცირებს საქართველოს გავლით ენერგორესურსების ექსპორტის პოლიტიკურ რისკებს. ამასთან, ჩრდილოეთით და სამხრეთით მიწოდებული გაზის მცირე მოცულობების გამო, ირანის და რუსეთის მიმართულებები თურქეთის მარშრუტისადმი ალტერნატივად ვერ ჩაითვლება. ამიტომ ბაქომ საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ევროპაში გაზის ტანკერებით ექსპორტის “აგრის” პროექტის ინიცირებაც მოახდინა, რაზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.
ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ “BP-აზერბაიჯანი” “შაჰ-დენიზი 2”-ის პროექტის ფარგლებში აპირებს აზერბაიჯანიდან საქართველომდე ახალი გაზსადენის აგებას. აქ ის დაუკავშირდება “სამხრეთკავკასიურ გაზსადენს” (SCP), რისთვისაც კომპრესორების დამატებით მისი წარმადობის სამჯერ გაზრდაა გათვალისწინებული და მასში “ტრანსკასპიური გაზსადენით” (თჩGP) თურქმენული გაზის მიღებაც ივარაუდება. საბოლოო ჯამში, ბაქოს უნდა, რომ მთელი ეს გაზი თურქეთის გავლით ევროკავშირისაკენ, არა მარტო “ტრანსანატოლიური გაზსადენით” (TANAP), არამედ “აგრის” მარშრუტითაც წავიდეს.
ამის გამოა, რომ “აგრის” პროექტის დაფუძნებამდე ანკარა საკუთარ თავს ყოველთვის წარმოიდგენდა კასპიისპირეთისა და ევროკავშირის დამაკავშირებელ, რუსეთის გვერდის ამქცევ “ჰაბად”. მაგრამ ამჯერად, არა მარტო რუსეთის, არამედ თურქეთის გვერდის ამქცევი საზღვაო პროქტის – “აგრის” განხორციელება, უკვე ანკარას ინტერესებს ეწინააღმდეგება. აზერბაიჯანისთვის ამ პროექტის განხორციელება ხელსაყრელია იმის გამო, რომ მისი სტრატეგიული ინტერესია კასპიის რესურსების მიწოდების მარშრუტების მონოპოლიზაცია და კასპიის სხვა მწარმოებელთა ამ მარშრუტებზე დაშვების შეზღუდვა. სხვათა შორის, მსგავსი პროექტია წლიურად 16 მლრდ მ3 სიმძლავრის “ტრანსანატოლიური გაზსადენიც” – TANAP (აზერბაიჯანული “სოკარი” 80%, თურქული “ბოტაში” და TPAO ერთად – 20%), რომლითაც ბაქო ცდილობს თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე, ევ-როკავშირში თვითონ და არა თურქეთმა, გაყიდოს “შაჰ-დენიზისა” და მომავალში, ცენტრალური აზიის გაზი. ამ მიზნით “სოკარი” ცდილობს ხელში ჩაიგდოს თურქეთის უდიდესი გაზგამანაწილებებლი ქსელი “იკდაში” (Ikdash). ბაქო ცდილობს ასევე TANAP-ის გაზსადენის მშენებლობაში ჩართოს “შაჰ-დენიზის” მეწილეები – “ბი-პი” და “სტატოილი”. ამ კომპანია-მწარმოებლების TANAP-ში მიწვევა, ბაქოს რისკების შესამცირებლად მიმართული პოლიტიკის ნაწილია, ვინაიდან აღნიშნული ენერგო-გიგანტები მოპოვებული გაზის სტაბილურ და უსაფრთხო ექსპორტით არიან დაინტერესებული.
დივერსიფიცირებულ მარშრუტებზე ამახვილებს ყურადღებას ასევე, ა/წლის 8 მაისს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული ევროპარლამენტის მოხსენება, სადაც ხაზგასმულია, რომ დივერსიფიკაცია ნიშნავს “…არა-რუსული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ახალი წყაროებიდან მიღებას იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც ამ ერთადერთ მომწოდებელზე არიან დამოკიდებული”. იქვე მითითებულია, რომ ევროკავშირის საგარეო ენერგო-პოლიტიკის უმთავრესი ელემენტი უნდა იყოს მოწოდების დივერსიფიკაციის ძალისხმევის უკეთესი კოორდინაცია, კასპიის რეგიონთან დამაკავშირებელი მილსადენების მშენებლობა. 10 მაისს ევროკომისიაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ რუსული “სამხრეთის ნაკადი” “…არასდროს არ იქნება ევროკავშირის პრიორიტეტი, ვინაიდან ის მარშრუტების და არა მომარაგების წყაროების დივესრიფიცირებას ახდეს”. იქვე პირველად იქნა მოხსენიებული ახალი პროექტები – “ტრანსანატოლიური” (TANAP), “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული” (SEEP), “ნაბუქო-უესტი” და “ტრანსადრიატიკული” (TAP) გაზსადენები, როგორც “სამხრეთის გაზის დერეფნის” შესაძლო პროექტები.
მომავალში, ანალოგიური ანალიზის ჩატარება შესაძლებელი იქნება კასპიის პერსპექტიულ “აბშერონის” საბადოსთან დაკავშირებითაც, რომელშიც “სოკარი” 40%-იან წილს ფლობს. მისი ათვისება 2020 წლისათვისაა გათვალისწინებული და მისი გაზის “შაჰ-დენიზის” გაზთან გაერთიანება, ბაქოს საშუალებას აძლევს სრულად შეავსოს “ნაბუქოს” თავდაპირველი ვარიანტის მილი და ევროპას კიდევ უფრო თავდაჯერებულად უკარნახოს თავისი პირობები.
ამრიგად, აზერბაიჯანის ენერგო-სტრატეგიაა რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების შექმნა და მათი სტაბილური ფუნქციონირება. ბაქო არ შემოიფარგლება ამ დერეფნების უსაფრთხო ფუნქციონირებით და ის სატრანზიტო ქვეყნების მიმართ სპეციფიკურ ურთიერთობებსაც ამყარებს. ამასთან, ევროპულისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის დივერსიფიკაციის პოლიტიკის თავისებურება მისი პრევენციული ხასიათია. სხვა სიტყვებით, “სოკარი” ჯერ ქმნის საჭირო ინფრასტუქტურას და ამის შემდეგ იწყებს ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებას. ბრიუსელი პირიქით, ამჯობინებს ჯერ გარანტირებული მოწოდების წყაროების უზრუნველყოფას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ინფრასტრუქტურაზე “ფიქრს”. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო, არაერთხელ გადაიდო “შაჰ-დენიზის” მეორე ფაზის ათვისების დაწყება. ბაქოს მიაჩნია, რომ სატრანსპორტო პრობლემატიკისადმი ამგვარი მიდგომით, აზერბაიჯანი მიიღებს მსოფლიო ბაზრებზე სტაბილურ გასასვლელს. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, აზერბაიჯანი მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნულ პოლიტიკას.
ევროკავშირის “ახალი დერეფანი” – აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და კასპიისპირეთის პოტენციური კონკურენცია
2012 წელს კასპიისპირეთის ქვეყნების ნახშირწყალბადების ინფრასტრუქტურას ახალი გამოწვევებიც გაუჩნდა.
კერძოდ, ა/წლის 27-28 მარტს ქ. ათენში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც აშშ-ს, საბერძნეთის, ისრაელის, კვიპროსის და სხვა მონაწილეების თანდასწრებით გაცხადდა ევროკავშირის ახალი ენერგო-დერეფნის შექმნის შესახებ. საუბარია ამ რეგიონში აღმოჩენილი ახალი საბადოების გაზის ევროპაში ტრანსპორტირებაზე. მაგრამ, აშშ-ის “ნობილ ენერჯის” მიერ კვიპროსის ოფშორზე გაზის საბადოების ისრაელის მონაწილეობით დამუშავებას ეწინააღმდეგება თურქეთი და რუსეთი. თუმცა, ამ ეტაპზე ორივე ეს ქვეყანა, ზემოაღნიშნულ კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო აქტორების მიმართ მუქარისშემცველი განცხადებებით იფარგლება, მაშინ, როცა კონფერენციის მონაწილეებმა უკვე კონკრეტული მოქმედებები დაიწყეს. ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის, უ. ლანდაუს ინფორმაციით, ქვეყანამ შექმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ხუთ საკითხზე იმუშავებს:
” აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის გაზის ისრაელში მიწოდება ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის;
” მსოფლიო ენერგო-ბაზრის მომარაგებისათვის კვიპროსზე და ისრაელში თხევადი გაზის ტერმინალების შექმნა;
” გაზის ოფშორულ საბადოებთან თხევადი გაზის მცურავი ტერმინალის შექმნა;
” საბადოებიდან საბერძნეთში, იქიდან კი იტალიის გავლით ევროკავშირში გაზსადენის აგება;
” ელექტროენერგიის გაზით გენერაციის სრული ციკლის გამოყენება და ისრაელ-კვიპროს-საბერძნეთის მომხმარებლების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის კაბელის გაყვანა.
ამ გეგმის განხორციელებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბერძნეთს, რომელიც იზიარებს გაზსადენის აგების გეგმას, რადგან იმედი აქვს, რომ საბერძნეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის გადაიქცევა რეგიონალურ “ჰაბად”. აღსანიშნავია, რომ პროექტის “ინტერკონექტორი თურქეთი-საბერძნეთი-იტალია” (ITGI) პარტნიორები, იტალიური “ედისონი” და ბერძნული სახელმწიფო კომპანია “დეპა” (DEPA პროექტში მონაწილეობს ფილიალით DESFA), დაინტერესებული არიან რუსული ან აზერბაიჯანულ/ცენტრალურაზიური გაზის მარშრუტების ალტერნატივის შექმნით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან.
ესაა აზერბაიჯანის ამბიციების ზრდის მესამე (ევროპის გაზმომარაგებისა და ტრანზიტის მონოპოლიზაციის შემდეგ) განზომილება. გამომდინარე “ნაბუქოსა” და SEEP-ის კონკურენციიდან, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ზემოაღნიშნული ორი პროექტის დამანგრეველი დაპირისპი-რების შედეგად, აზერბაიჯანული გაზის რაღაც რაოდენობა, ცენტრალური ევროპის გარდა, წავა საბერძნეთისკენ, ხოლო იქიდან იტალიის “ჰაბებისკენ”. ამისთვის ევროკავშირის ფავორიტი პროექტია “ტრანსადრიატიკული გაზსადენი” (TAP), რომელმაც “შაჰ-დენიზის” ტენდერში “ინტერკონექტორი” (ITGI) დაამარცხა. სწორედ ამ პროექტების შანსების გათანაბრების მიზნით აიძულებს ბრიუსელი საბერძნეთს მოახდინოს IთGI-ის მთავარი მამოძრავებელი ძალის – ბერძნული DEPA-ს პრივატიზება.
ამ პრივატიზებამ, შესაძლოა, შეცვალოს ძალთა ბალანსი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ათენის მიერ საპრივატიზებო აუქციონში 14 მონაწილე კომპანიას შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი “სოკარს” უჭირავს. თუ “სოკარი” შეძლებს “დეპას” ყიდვას, მაშინ ITGI “ახალი სიცოცხლის” შანსს მიიღებს, როგორც აზერბაიჯანის სტრატეგიული პრიორიტეტი. მეტიც, აზერბაიჯანის მიერ “ნაბუქოში” ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობის მიუხედავად, DEPA-ს პრივატიზებით ბაქო, როგორც აქციონერი, “სამხრეთის გაზის დერეფნის” ინფრასტრუქტურაში (რომელიც გადაჭიმული იქნება “შაჰ-დენიზიდან” TANAP-ის გავლით იტალიის ნაპირებამდე), მიიღებს საკუთარ წილს. ამასთან, აზერბაიჯანისთვის ნულოვანი ფასეულობა აქვს DEPA-ს ყიდვას იმ შემთხვევაში, თუ იგი საბერძნეთის გავლით გაზის ტრანსპორტირებაში არ მიიღებს მონაწილეობას.
არაა გასაკვირი, რომ DEPA-ს ყიდვის ერთ-ერთი მსურველი “გაზპრომია”, რომლის ეს სურვილი პირდაპირაა დაკავშირებული მისი “სამხრეთი ნაკადის” სატრანზიტო გეგმებთან. ათენი მიიღებს საკმაოდ დიდ შემოსავალს ამ გარიგებიდან, თანაც ჩაერთვება რუსული ან აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტორი, თუმცა საკითხავია, რამდენად იქნება ეს პოზიტიური ევროპის ენერგო-ბაზრისათვის. გაზის მომწოდებელი და თან ტრანზიტორი, ანუ ვერტიკალურად ინტეგრირებული, რუსული “გაზპრომის” ან აზერბაიჯანული “სოკარის” მიერ DEPA-ს ხელში ჩაგდება, სრულად არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის “მესამე ენერგო-პაკეტის” მოთხოვნებთან. სავარაუდოდ ამ მიზეზით, რუსული “გაზპრომი” ერთი მხრივ, და აზერბაიჯანული “სოკარი”, მეორე მხრივ, ცდილობენ ბერძნული კომპანიის პრივატიზებაში მონაწილეობას.
აშშ-ის პოზიცია, ამ თვალსაზრისით, თურქეთის ინტერესების მაქსიმალურად მხარდაჭერაა. შემთხვევითი არ იყო ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე, ევრაზიულ ენერგეტიკაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, რ. მორნინგსტარის შენიშვნა მასზე, რომ რეგიონში გაზის მოპოვების კუთხით არსებობს რამდენიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემა, რომლებიც უნდა გადაიჭრას. თანაც გადაიჭრას ისე, რომ აღნიშნული ენერგორესურსებით რეგიონის მეზობლად მყოფმა ყველა ქვეყანამ ისარგებლოს. რ. მორნინგსტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის მხარდაჭერა “სამხრეთის გაზის დერეფნისადმი” და უარყო რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობა მასში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ახალ ოფშორულ საბადოებში. მან ასევე არ გამორიცხა ამ რე-სურსებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მომარაგებაში “ტრანსადრიატიკული გაზსადენისა” (TAP) და “ინტერკონექტორის” (ITGI) პროექტების თანამშრომლობა.
რუსული მხარე ელოდება რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტს, სადაც ვ. პუტინი სავარაუდოდ დააყენებს საკითხს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საბადოების ერთობლივ ათვისებაზე და ამით ევროპის გაზმომარაგებაში “გაზპრომის” მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებაზე. მანამდე, ექსპერტების აზრით, რუსეთი შეეცდება ყოველნაირად შეაფერხოს ამ საბადოების ათვისების დაწყება.
ა/წლის მაისის ბოლოს გამართულ “ხმელთაშუაზღვის ნავთობისა და გაზის 3-ე კონფერენციაზე” კვლავ დაისვა ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნისა” და “გაზპრომზე” დამოკიდებულების შესამცირებლად გაზმომარაგების დივერსიფიკაციის საკითხები.
კონფერენციაზე “შაჰ-დენიზის” მეორე ფაზის გაზის ტრანსპორტირების ტენდერში დამარცხებული “ინტერკონექტორის” (ITGI) პროექტის ერთ-ერთი გამფუძნებლის, ბერძნული კომპანია “დეპას” მენეჯერი ჰ. საჩინისი თავის გამოსვლაში, ევროკავშირის “დერეფნის” მნიშვნელობის ყოველნაირად შემცირებას ცდილობდა. მისი ინფორმაციით, წელს იტალიაში მზის ენერგიაზე მასიურად გადასვლის გამო, ამჟამად იქ 6 მლრდ მ3-ით შემცირდა გაზის მოხმარება და ამის გამო, ჰ. საჩინისმა ბრიუსელს მოუწოდა არა “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტების ხელშეწყობისაკენ, არამედ ბალკანეთის ქვეყნების “გაზპრომზე” დამოკიდებულების შემცირებისაკენ.
კერძოდ, მისი მტკიცებით, თუკი BP და “შაჰ-დენიზის” კონსორციუმი “ტრანსადრიატიკული გაზსადენის” (TAP) პროექტს დაუჭერენ მხარს, მაშინ ბალკანეთის ქვეყნები ისევ რუსული “გაზპრომის” ჰეგემონიის ქვეშ დარჩებიან. ამავდროულად, “დეპას” მენეჯერმა მისი კომპანიის პრიორიტეტად აღმო-სავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან კვიპროსის ოფშორის გაზის ევროკავშირში მილსადენით და გათხევადებული სახით ექსპორტი მიიჩნია. ამ მოწოდების პასუხად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა გ. რზაევამ განაცხადა, რომ კვიპროსის ოფშორში დაზვერილი გაზის ოდენობა მცირეა “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტების შესაძლებლობებთან შედარებით. თანაც, მისი აზრით, საჭირო იქნება რამდენიმე წელი, რათა დაიწყოს კვიპროსის ოფშორზე გაზის მოპოვება. მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მყარ პოზიციას მასზე, რომ ბაქო დაასწრებს რუსულ “სამხრეთის ნაკადს” სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე შეჭრას, რაზეც რუსეთის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ბაქოს საკმაოდ აქვს ევროპასთან ენერგო-თანამშრომლობის გამოცდილება, მაგრამ “სამხრეთის გაზის დერეფნის” ბედი მოსკოვის, ბრიუსელისა და ვაშინგტონის ხელშია.
და ბოლოს, რაც ასევე სპეციალისტების აზრით ძალზე მნიშვნელოვანია, ამჟამად თურქეთი მთლიანად გადართულია აზერბაიჯანის “შაჰ-დენიზის” გაზის ევროპაში მიწოდების პროექტებზე. ამდენად, ანკარა სავარაუდოდ, შეეცდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის “ახალ დერეფანში” მონაწილეობის ნაცვლად, “იმუშაოს” მისი ფუნქციონირების დაწყების მაქსიმალურად შეფერხებაზე და კვლავ “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტების “ერთგული” დარჩება. ამასთან, ზემოაღნიშნული პროექტების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნას ევროპაში ე.წ. ენერგიის ალტერნატიული წყაროების სწრაფი ტემპებით განვითარება.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიში “ენერგეტიკული ტექნოლოგიების პერსპექტივები 2012”
ექსპერტულ წრეებში არ გამორიცხავენ “სამხრეთის გაზის დერეფნისათვის” ახალი გამოწვევის გაჩენას არა მარტო “არატრადიციული”, მაგალითად, ფიქლების გაზის სახით. ახლა უკვე საუბარია “სუფთა ენერგიის” ტექნოლოგიების განვითარებაზე, რამაც ევროპის ენერგო-ბაზარზე შეიძლება შეამციროს მოთხოვნა როგორც რუსულ, ისე მის ალტერნატიულ – “სამხრეთის გაზის დერეფნის” ბუნებრივ გაზზე.
ა/წლის 11 ივნისს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიისადმი დარგის პერსპექტივების შესახებ წარდგენილ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ამ საუკუნის შუა წლებში საჭირო იქნება “სუფთა ენერგიის” ტექნოლოგიების დანერგვაში ტრილიონობით ევროს დაბანდება. ეს, თავის მხრივ, უდიდეს ეფექტს მოიტანს, – აღნიშნა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარია ვან დერ ჰოივენმა. მას მიაჩნია: “…იმ დროს, როდესაც ევროპის ეკოლოგიურად სუფთა ენერგომომარაგების საკითხი სულ უფრო რთულდება, მე მინდა ხაზი გაუსვა ახალ შესაძლებლობას: თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დროულად მივიღებთ, ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, რომ დავამუშაოთ ახალი, CO2 გამოფრქვევის საწინააღმდეგო ტექნოლოგიები და გავზარდოთ ენერგეტიკული უსაფრთხოების დონე. ახლა, როცა უკვე განსაზღვრულია მიზანი და მოსალოდნელი სარგებელი, საჭიროა მთავრობებმა გააცნობიერონ, რომ ფანჯარა სწრაფად იხურება და საფრთხეების წინაშე დაიწყონ ქმედითი ზომების მიღება ენერგეტიკის სისტემის შესაცვლელი რადიკალური პოლიტიკის გასატარებლად”.
ეს ანგარიში მომზადდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ დაამტკიცეს ენერგო-ეფექტიანობის დოკუმენტი ერთიანი მიზნების შესახებ. ამის შესახებ მარია ვან დერ ჰოივენმა მიუთითა, რომ ეროვნულმა ლიდერებმა “კიდევ უნდა იფიქრონ” თავიანთი პოზიციის შესახებ. სააგენტოს ზემოაღნიშნული ანგარიში მოუწოდებს ენერგო-ეფექტიანობის ზრდისა და დაბალნახშირბადიანი გენერაციისთვის “ძლიერი სამთავრობო პოლიტიკის” გატარებისაკენ.
“ენერგეტიკული ტექნოლოგიების პერსპექტივები 2012”-ში მითითებულია, რომ 2050 წლამდე საჭირო იქნება 36 ტრლნ დოლარი (28 ტრლნ ევრო), რათა ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი განახევრდეს 2005 წლის დონესთან შედარებით. ეს თანხები საჭიროა გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად, რათა შესაძლებელი გახდეს მისი მხოლოდ 2-გრადუსიანი ნიშნულით შემოფარგვლა. თუ დღევანდელი პოლიტიკა ამ მიმართულებით უცვლელი დარჩა, მაშინ ზემოაღნიშნული გამოწვევების დასაძლევად იმ დროისთვის საჭირო იქნება 100 მლრდ დოლარი (79.7 მლრდ ევრო).
სააგენტოს კვლევაში ხაზგასმულია, რომ თუ ეს 100 მლრდ დოლარი უკვე ახლა იქნება დაბანდებული დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების დანერგვაში, ის სამჯერ და მეტად აინაზღაურებს თავის თავს. სპეციალისტების აზრით, საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ტრანსპორტსა და შენობებში უფრო დახვეწილი სტანდარტების და კოდექსების გამოყენება. სააგენტო ხაზს უსვამს საწვავის ხარისხის ზრდის პოზიტიურ ტენდენციაზე და ელექტრო-ტრანსპორტის გამოყენებაზე. მართალია, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება უკანასკნელ დეკადაში ყოველწლიურად იზრდება შესაბამისად 42%-ით და 27%-ით, მაგრამ შეიძლება მათი წილი კვლავ შემცირდეს 2050 წლისათვის ევროპის ენერგიაზე მოთხოვნის მოსალოდნელი გაორმაგების ფონზე. ენეგო-ეფექტიანობასა და განახლებად ენერგეტიკაში ინვესტირების რეკომენდაციების გვერდით, IEA-ს ანგარიშში გამოყოფილია ისეთი “გონივრული ქსელების” შექმნისკენ მოწოდება, რომლებიც ელექტრო-გადაცემისას დანაკარგებს მინიმუმამდე დაიყვანს. აღნიშნულია, რომ დღევანდელი 7 მლრდ მაცხოვრებლის ნაცვლად, ენერგო-ბალანსი უნდა გაითვალოს 9 მლრდ ადამიანზე, რაც ისეთი “საკამათო” გენერაციის წყაროებსაც უნდა მოიცავდეს, როგორებიცაა ატომური და ბიოსაწვავი.
დღევანდელი მსოფლიო სერიოზულ გამოწვევებს აწყდება. მაგალითად, ევროპის ელ-ექტროსადგურების 40% დღეს უკვე 30 და მეტი წლისაა. ბევრი მათგანი ეკოლოგიურად არაჯანსაღი, ქვანახშირზე მომუშავე სადგურებია. ერთ-ერთი გამოწვევაა, ასევე ინვესტიციების მოძიება ახალი სადგურების ასაგებად ან ძველების ტექნოლოგიურად გასაუმჯობესებლად. ამ პრობლემის დასაძლევად, ევროკომისიამ წამოაყენა 50 მლრდ ევროს მოცულობის “ენერგეტიკის განვითარების ინიციატივის” შექმნის იდეა. ეს თანხა მთლიანად ევროპის ეკოლოგიურად სუფთა ენერგომომარაგების პრობლემის გადაწყვეტას მოხმარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა თანდათან გაზის მოხმარებასაც შეამცირებს, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში, გაზმომარაგების რუსეთის გვერდის ამქცევი ახალი პროექტები შეიძლება არააქტუალურადაც კი აქციოს. ამიტომ, “სამხრეთის გაზის დერეფნის” განხორციელებაში დრო გადამწყვეტ ფაქტორად იქცა.
მოვლენების სასურველი განვითარება
საქართველოსთვის კასპიისპირეთის გაზის ახალი ნაკადების მიღება და ტრანსპორტირება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს არა მარტო ევროკავშირის “დერეფნის” პროექტებში მონაწილეობის გეოპოლიტიკური უპირატესობების რეალიზაციას, არამედ გაზის მზარდი ტრანზიტის საფასურად (მაგალითად, “სამხრეთკავკასიური გაზსადენის” შემთხვევაში ესაა გაზის 5%-ის უფასოდ მიღება, 5%-ის – შეღავათიანად შესყიდვა; “ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის” შემთხვევაში ესაა გაზის 10%-ის უფასოდ მიღება და ა.შ.) ფისკალური ეფექტის ზრდას.
და რაც მთავარია, ჭარბი გაზის რეექსპორტით საქართველო მომავალში შეიძლება გახდეს გაზის ევროპულ ბაზარზე ვაჭრობის მონაწილე – “ტრეიდერი”, რაც ტრანზიტთან შედარებით, ქვეყანას გაცილებით მეტ ფინანსურ ამონაგებს მოუტანს.
საქართველო-თურქმენეთს შორის 2009 წელს გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს შეუძლია თურქმენეთის საზღვარზე გაზის შესყიდვა. მაგრამ, ამ გაზის “სამხრეთის გაზის დერეფანში” გადამისამართებას საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანზე ტრანზიტით განახორციელებს.
ვინაიდან აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, არ დათმობს წამყვან პოზიციებს მომავალ “ტრანსანატოლიურ გაზსადენში” – TANAP-ში, “სამხრეთის გაზის დერეფანი” მხოლოდ ვერტიკალურიად ინტეგრირებული კომპანიის – “სოკარის” მიწოდებისა და ტრანსპორტირების პერსპექტივაში ექცევა.
ამით ბაქოს მთელი “დერეფნის” მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდების შანსი უჩნდება. ე.ი. აზერბაიჯანი მიიღებს “სასიცოცხლოდ აუცილებელ” წილს როგორც ევროპის გაზმომარაგებაში, ისე მისი ტრანზიტის მარშრუტებშიც. ასევე, ბაქო სერიოზული “მოთამაშე” ხდება ევროპის ენერგო-ბაზარზე გაზით ვაჭრობაში.
შემთხვევითი არაა, რომ ბაქო, ცდილობს ბაქო-თბილისი-ერზერუმის “სამხრეთკავკასიური გაზსადენის” (SCP) სიმძლავრის გასამმაგებას, ანუ “შაჰ-დენიზის” მეორე ფაზის დაწყებამდე, 2017 წლამდე, მისი წარმადობის გაზრდას წლიურად 24 მლრდ მ3-მდე.
იმის გამო, რომ ეს მილი თურქეთის ტერიტორიის თითქმის შუაში მთავრდება, და სავარაუდოდ, ის მომავალ TANAP-ს შეუერთდება, აზერბაიჯანს ექნება საშუალება გადატუმბოს გაზი იქითკენ, საითაც მისი ხელისუფლება გადაწყვეტს (დასავლეთისკენ თუ სამხრეთისკენ). ამიტომ, სასურველი იქნება საქართველოს კასპიისპირეთის გაზის ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიცირების შესაძლებლობა ჰქონდეს.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ტრანსპორტირების რამდენიმე ვარიანტი:
1. თურქმენული და აზერბაიჯანული გაზის, გათხევადებული სახით (LNG), ყულევის ტერმინალიდან ტრანსპორტირების ვარიანტი:
ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანი არა მარტო მომპოვებელ, არამედ თურქმენული გაზის სატრანზიტო ქვეყნადაც გვევლინება (სწორედ ესაა დღეს ბაქოს სურვილი). თუმცა, თურქმენული გაზის თხევადი სახით კასპიის გავლით, ტანკერებით ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები განაპირობებს ამ გაზის გაძვირებას და მისი შავი ზღვით ტრანსპორტირების არაეფექტიანობას. ამით ის არაკონკუ-რენტუნარიანი ხდება აზერბაიჯანულ დაბალკალორიულ და ძვირ გაზთან შედარებითაც კი. თუმცა, ეს ვარიანტი მაინც სიცოცხლისუნარიანი შეიძლება გახდეს თურქმენეთის პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე – ევროპული გაზის ბაზარზე შეღწევისათვის აშგაბატმა გაზი პოლიტიკურ (საბაზრო ფასზე დაბალ) ფასად შეიძლება მაინც გაყიდოს და ევროპაში რუსეთის მონოპოლიური პოზიცია შეასუსტოს.
2. “აგრის” ვარიანტი:
ეს წინას მსგავსი სცენარია, ოღონდ ამ ვარიანტით აზერბაიჯანი, 2017 წლისათვის, “შაჰ-დენიზი 2”-ის და “აბშერონის” საბადოების წარმადობის ზრდის იმედით, უარს ამბობს თურქმენული გაზის ტრანზიტზე. ერთი მხრივ, ბაქო თურქეთის გავლით “ტრანსანატოლიური გაზსადენით”, შემდეგ კი “ნაბუქო-უესტით” თავის გაზს ევროპას აწვდის, მეორე მხრივ კი, ყულევის ტერმინალიდან ტანკერებით გათხევადებულ გაზს (“აგრის” პროექტით) – რუმინეთს და უნგრეთს უგზავნის. ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ე.წ. დაჭირხლული გაზის (CNG) ბულგარეთში, ასევე ტანკერებით ექსპორტი. ეს სცენარი სიცოცხლისუნარიანია იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის პოლიტიკური ინტერესი თურქეთზე პერიოდული ზეწოლა (ვთქვათ, ყარაბაღის კონფლიქტში მხარდაჭერისთვის) და მესამე მხარის (თურქმენეთის, ანუ კონკურენტის) ბაზარზე დაშვების შეზღუდვაა (ვთქვათ, კასპიის სადაო საბადოების გამო).
3. გაძლიერებული “სამხრეთკავკასიური გაზსადენისა” (SCP) და “ტრანსკასპიური გაზსადენის” (TCGP) კომბინირებული ვარიანტი:
ამ შემთხვევაში, 2017 წლამდე საქართველო აზერბაიჯანისგან იღებს “შაჰ-დენიზის” მეორე ფაზის გაზის “სამხრეთკავკასიური გაზსადენით” ტრანზიტზე თანხმობას. ამავე დროს, “ტრანსკასპიური გაზსადენზე” შეთანხმების მიღწევისა და ამ მილის აშენების შემთხვევაში თურქმენული, მილსადენით მოწოდებული, იაფი ბუნებრივი გაზის ფასი საქართველოს საზღვარზე სავსებით კონკურენტუნარიანი იქნება. მას შეეძლება კონკურენცია გაუწიოს როგორც რუსულ გაზს ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთის თხევადი გაზის იმპორტს ევროპასა და აზიაში. ამით, თურქმენეთის და აზერბაიჯანის ერთობლივი ინტერესი ხდება შავი ზღვით ევროპის ბაზრებზე შეღწევა, რაც ასევე საქართველოს ინტერესებს დაემთხვევა.
4. აზერბაიჯანული გაზის საქართველოს მიერ რეექსპორტის ვარიანტი:
ამ ვარიანტით, ხდება არა “სოკარის” კუთვნილი ყულევის ტერმინალის გამოყენება, არამედ საქართველოს მიერ შავ ზღვაზე საკუთარი, გათხევადების (კომპრესიის) ტერმინალის აშენება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის უშუალოდ ჩართვა ევროპულ გაზის ბაზარში. საქართველოს შეუძლია აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა და საკუთარი ტერმინალის გამოყენებით რეექსპორტი. სწორედ ასეთნაირად ახდენდა თურქეთი, 2007 წლიდან მოყოლებული, შედარებით მცირე ოდენობის (წლიურად 700 მლნ მ3) აზერბაიჯანული გაზის, საკმაოდ სარფიან რეექსპორტს საბერძნეთში.
თუმცა, ეს ვარიანტი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა რომ განხორციელდეს, ვინაიდან საეჭვოა, აზერბაიჯანმა საქართველოს დაუთმოს რეექსპორტიორის ფუნქციები. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გათვლებით, აზერბაიჯანი გაზს რუსეთზე იაფად (ევროპაში “გაზპრომის” აირის საშუალოდ ფასია 300 დოლარი ათას მ3-ში) სავარაუდოდ, არ მოგვყიდის.
საქართველოს მიერ ამ ფასად აზერბაიჯანული გაზის ყიდვის პირობებში აირის ფასი ძალიან მოიმატებს, რასაც დაემატება საქართველოს სანაპიროდან რუმინეთამდე გაზის ტრანსპორტირების ხარჯები (დაახლოებით 120 დოლარი ათას მ3-ზე). დღეისათვის რუმინეთში არსებული რუსული გაზის საფასურია 370 დოლარი ათას მ3-ზე, ე.ი. იგი ტანკერებით მიწოდებულ გაზს, სიძვირის გამო, არ შეისყიდის და ისევ რუსული გაზის იმპორტს ამჯობინებს. აქედან გამომდინარე, ამ სცენარის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ამოცანა იქნება, აზერბაიჯანთან მიმართებაში პოლიტიკური ბერკეტების გადახედვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა მან გაზის შეღავათიან ფასად მოწოდება პოლიტიკური მიზეზებით უზრუნველყოს. ეს კი, დღევანდელ პირობებში ნაკლებადხელმისაწვდომია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ კასპიისპირეთის გაზის ევროპაში რეექსპორტისათვის, საჭირო იქნება აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის, ევროპული გაზის საშუალო ფასზე, იაფად მოწოდება. მაგრამ, “ტრანსანატოლიური გაზსადენის” (TANAP) პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ბაქო ჩვენს რეგიონში თანდათან ისეთივე როლის თამაშს დაიწყებს, როგორსაც დღეს რუსეთი – აღმოსავლეთ ევროპის ტრანზიტული ქვეყნების მიმართ თამაშობს, ანუ აზერბაიჯანი შეეცდება მონოპოლისტი იყოს და გაზს არ გააიაფებს.
მაშასადამე, თუ აზერბაიჯანთან გაზის ფასზე არ გაფორმდა პოლიტიკური შეთანხმება, ევროპის გაზის ბაზარზე “ტრეიდერის” ფორმით (მეოთხე სცენარი) თბილისის ჩართვის ალბათობა მცირეა და საქართველო კვლავ მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შემოიფარგლება. ამ შემთხვევაში, კასპიისპირეთის გაზის საქართველოს გავლით ტრანსპორტირების საუკეთესო ვარიანტი იქნება გაძლიერებული “სამხრეთკავკასიური გაზსადენისა” (SCP) და “ტრანსკასპიური გაზსადენის” (TCGP) კომბინირებული ვარიანტი (მესამე სცენარი).