Forex ბაზარი მსოფლიოში და საქართველოში
Forex (Foreign Exchange) _ არის გლობალური ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა და დღიური ბრუნვა აღწევს 3-3,5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს. აქედან გამომდინარე ფორექსი ყველაზე ლიკვიდური ბაზარია მსოფლიოში _ ეს ის ფაქტორია, რომელიც განაპირობებს მილიონობით ადამიანის დაინტერესებას. მაღალი ლიკვიდურობა უნდა გავიგოთ ისე, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც ვინმე ყიდულობს რომელიმე ვალუტას, ბაზარზე აუცილებლად არსებობს სხვა მონაწილე, რომელიც შესაბამისი ოდენობის ვალუტას ჰყიდის.
მისი მონაწილეების ლომის წილს შეადგენს ცენტრალური (ნაციონალური), კომერციული და საინვესტიციო ბანკები, აგრეთვე პროფესიონალი და სახელმწიფო ტრეიდერები და მსხვილი ინვესტორები. მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების 20%-ის აქტივობის წილი Forex-ზე შეადგენს განხორციელებული გარიგებების საერთო მოცულობის 60-70%-ზე მეტს. ბაზარს აყალიბებენ შემდეგი ძირითადი მონაწილე სუბიექტები:
ტრეიდერები (კერძო პირები და სპეციალიზირებული ორგანიზაციები);
ცენტრალური და კომერციული ბანკები;
საპენსიო ფონდები;
სადაზღვეო კომპანიები.
საბროკერო კომპანიები – ტექნიკურად სათანადოთ აღჭურვილი არასაბანკო ორგანიზაციები, რომლებიც მარჟის ფარგლებში ტრეიდერებს აძლევენ საშუალებას განახორციელონ გარიგებები. ისინი კლიენტებთან ოპერაციებს ახორციელებენ თავიანთი სახელით და სახსრებით, რაშიც ემსგავსებიან საფონდო ბაზრის დილერებს. აგრეთვე ისინი მოიპოვებენ და აწვდიან თავიანთ კლიენტებს საჭირო ინფორმაციებს და კვოტირებებს. მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდა მცირე თანხის მარჟირების ანუ ”გაბევრების” ხარჯზე განვახორციელოთ გარიგებები ამ გლობალურ ბაზარზე.
როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ვაქცევთ მოგებად, თუ წაგებად, ეს დამოკიდებულია ტრეიდერის ანალიზის უნარზე, ვაჭრობის სტრატეგიაზე და სხვა ბევრ ფაქტორზე.
ფორექსი არ არის კლასიკური ბირჟა, მაგალითად, როგორიცაა ნიუ-იორკის, ლონდონის ან ტოკიოს ბირჟები. მას არ აქვს კონკრეტული ადგილმდებარეობა, იგი განფენილია ელექტრონულ სივრცეში, სადაც გარიგებები ხდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით.
დღეისათვის ჩამოყალიბებული გლობალური სავალუტო სავაჭრო სისტემა რიგითი ტრეიდერისთვის არის:
ბროკერი, რომლის მეშვეობით და მის მიერ მოცემული ”მხარის” გამოყენებით იგი ახორციელებს ვაჭრობას;
ვაჭრობისთვის შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც რეალურ (ონლაინ) დროში გვაძლევს ვაჭრობის საშუალებას;
თანხა, რომელსაც ტრეიდერი წინასწარ რიცხავს დეპოზიტის სახით, მისთვის გახსნილ ანგარიშზე;
გადაწყვეტილება, რომ ამა-თუ იმ სავაჭრო ინსტრუმენტით შესრულდება გაყიდვის ან ყიდვის ოპერაციები.
მიუხედავად ამ სფეროში უამრავი ინფორმაციის და მეთოდიკის არსებობისა, ბაზარზე ფასების ცვლილების გარანტირებული გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც აზარტულ თამაშებთან ასოციაციას ბადებს, მაგრამ ეს არ არის კაზინო, სადაც ყოველივე აბსოლუტურ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. გლობალურ ბაზარზე წარმატების მისაღწევად საჭიროა მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ღრმა ცოდნა, პოლიტიკური მოვლენების მუდმივი მონიტორინგი, ხისტი თვით-დისციპლინა ანგარიშების მართვაში და რაც მთავარია შესაბამისი პიროვნული უნარების, ”ნიჭის” არსებობა.
არსებული რეალობის მიუხედავად, დღევანდელ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს სპეციალიზირებული საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ცალკეულ ტრეიდერთა და შუამავალ კომპანიათა დარეგისტრირების, ოპერირების, ანგარიშსწორებისა და დაბეგვრის საკითხებს დაარეგულირებდა. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ოპერირებს გლობალური სადილინგო-საბროკერო კომპანიის Admiral Market-ის ფილიალი. გასულ წელს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად Admiral Markets-ს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ფილიალი გაეხსნა საქართველოში და დაეწყო საქმიანობა. აღნიშნულის შედეგად კომპანიის საქმიანობა შემოიფარგლა Forex-ის სწავლების შესაბამისი კურსებით, არსებულ ინდივიდუალურ ტრეიდერთა მოძიებით, მათთვის შესაბამისი სავაჭრო ანგარიშების გახსნითა და პროფესიონალური კონსულტაციების გაწევით; აგრეთვე კომპანიის ადგიზლობრივი ანალიტიკური ჯგუფი ყოველდღიურად და პერმანენტულად ამზადებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ ანალიზს, რომელსაც ავრცელებს სხვადასხვა ბეჭდური მედიისა და რადიო გადაცემების საშუალებით.
Forex-ის შესახებ საქართველოში უფრო მეტი ცნობადობის გაზრდისა და პროფესიონალ ტრეიდერთა ჩამოყალიბების მიზნით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სადილინგო კომპანიების საქმიანობას მოიაზრებდა ფინანსურ ინსტიტუტად და შედეგად, მსგავსი ტიპის კომპანიების ეგიდით მოხერხდება ჯანსაღი კონკურენციის დამყარება და პროფესიონალ ტრეიდერთა რიცხვის გაზრდაც. არსებულ ტრეიდერთა კვალიფიკაციის ამაღლების, მომავალ ტრეიდერთა მომზადებისა და მათთვის ყოველდღიური ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიმართულებით, კომპანია Admiral Markets-ის თბილისის ფილიალი არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში გარკვეულწილად ახერხებს Forex-ის შესახებ შექმნილი საინფორმაციო ვაკუუმის აღმოფხვრას.