ფინანსური ბაზრების კიდევ ერთი სკანდალი დაუჯერებელი, მაგრამ სამართლიანი განაჩენი
მიმდინარე წლის ნოემბერში, ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და დაამტკიცა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, რაოდენ დიდ კომპანიაზეც არ უნდა იყოს საუბარი. აშშ-სა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ჰეჯ-ფონდს Giant SAC Capital-ს სასამართლომ ფინანსურ მაქინაციებში დასდო ბრალი და დამნაშავედ ცნო. ჯარიმის სახით, ფონდს რეკორდული საურავის, 1.8 მილიარდი აშშ დოლარის, გადახდა დაეკისრა.
ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა აღმასრულებელმა 4 ნოემბერს მიიღო. Giant SAC Capital-ს ინსაიდერულ ვაჭრობაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ სასამართლო კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. კონკრეტული პირების წინააღმდეგ ცალკე საქმეა აღძრული, მათ შორის ჰეჯ-ფონდის დამაარსებლის, მილიარდელის სტივენ კოენის წინააღმდეგ. ”არავისთვის არსებობს პრივილეგია, მაშინ, როცა საქმე სამართალს და დანაშაულის გამოძიებას ეხება, არც ცალკეულ პიროვნებებს და არც კომპანიებს, რაოდენ მასშტაბურიც არ უნდა იყვნენ ისინი”, – აცხადებენ განაჩენის ავტორები.
კომპანიაში 5 წლის განმავლობაში სპეციალური მმართველი დაინიშნება, რომელიც გააკონტროლებს იმას, რომ ჰეჯ-ფონდში ფინანსური მაქინაციები აღარ მოხდეს. კომპანია ჯარიმას ორ ნაწილად გადაიხდის, 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, კომპანიამ უნდა გადაიხადოს 616 მილიონ აშშ დოლარი, რომლის გადახდასაც ხელმძღვანელობა უკვე დათანხმდა აშშ-ს Securities and Exchange Commission-ში კიდევ ერთი საქმის განხილვის დროს. მთავრობის წერილში სასამართლოს მიმართ, განაჩენი შეფასებულია, როგორც ”დაუჯერებელი, მაგრამ სამართლიანი. ამავე დროს, თანაზომიერი დანაშაულის იმ მაშტაბების გათვალისწინებით, რაც კომპანიაში ხდებოდა”.
Giant SAC Capital-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას კომპანიის იმ ”მცირერიცხოვანი ნაწილაკების” (ადამიანების ჯგუფის) გამო, რომლებიც ჩვენი კომპანიის სახელით უკანონო საქმიანობას ეწეოდა. მაგრამ კომპანიაში მომუშავე ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი, არ არის მთელი სახე იმ 3000 ადამიანისა, რომელიც Giant SAC Capital-ში ბოლო 21 წლის განმავლობაში პატიოსნად მუშაობდა. ჩვენი კომპანია არასოდეს შეუწყობს ხელს ინსაიდერულ ვაჭრობასა და პროტექციონიზმს”. თუმცა, შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ შეარბილა თავის განცხადება და ”მცირე ნაწილაკები” შეცვალა უფრო თანამგრძნობი ტონით დამნაშავეების მიმართ: ”ერთი ადამიანიც კი, რომელიც კვეთს კანონიერ საზღვრებს, ძალიან ბევრია და ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ჩვენ კომპანიაში ეს მოხდა”.
Securities and Exchange Commission-მა კოენის წინააღმდეგ სარჩელი ივლისში შეიტანა. მას ბრალი ედებოდა ინსაიდერული ვაჭრობის ხელშეწყობაში იმ კომპანიაში, რომელიც მან 1992 წელს დაარსა. კომისიამ გადაწყვიტა კოენის დაჯარიმება და აუკრძალა მას საინვესტიციო ფონდის მენეჯერობა. კოენმა გაასაჩივრა კომისიის გადაწყვეტილება.
კოენი ჰეჯ-ფონდს 20 წლის განმავლობაში აშენებდა და მან ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ საინვესტიციო ფონდად აქცია. თვითონ კოენი კი ფინანსური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან ადამიანად იქცა. მისი ქონება 8.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ფორბსის სიაში უმდიდრესი ამერიკელების 40 კაცში შედის. მისი ყოველწლიური შემოსავალი ფონდის მართვიდან 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ივლისში საქმე ასევე აღიძრა ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია Giant SAC Capital-თან, მათ შორის არიან: Stamford Conn, SAC Capital LP, SAC Capital Advisors LLC, CR Intrinsic Investors LLC, Sigma Capital Management LLC. ყველა ეს კომპანია ბრალდებულია თაღლითობაში, ფარულ მოსმენებში და სხვა უკანონო ქმედებებში.
ბრალმდებელთა განცხადებით, Stamford Conn, SAC Capital LP, SAC Capital Advisors LLC, CR Intrinsic Investors LLC, Sigma Capital Management LLC-მა თაღლითობით 1999-2010 წლებში 100 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისი ანალიტიკოსები და ტრეიდერები დაახლოებით 20 კომპანიის ინსაიდერული ინფორმაციით ფარულად ვაჭრობდნენ.
კომპანიის 8 ყოფილ თანამშრომელს უკვე დაუმტკიცდა ბრალი ინსაიდერულ ვაჭრობაში. მათ შორის არის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის პორტფელური მენეჯერი. მას ბრალი ედებოდა ინსაიდრული ინფორმაციის გამოყენებაში ალცეიმერის სამკურნალო წამლის შესახებ, ამ ინფორმაციამ მის ფონდს საბოლოოდ 276 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.
იმ 15-მილიარდიანი აქტივებიდან, რომელსაც SAC Capital მიმდინარე წლის დასაწყისისთვის მართავდა, ნახევარი კოენს და კომპანიის სხვა წევრებს ეკუთვნით, ნახევარი კი კლიენტების ფულია. აღსანიშნავია, რომ სასამართლო საქმეებში კოენი არ მოიხსენიება, როგორც ”ბრალდებული”, მას მოიხსენიებენ, როგორც კომპანიის მეპატრონეს, რომელიც ”უფლებას აძლევდა დ ახელს უწყობდა” ინსაიდერულ ვაჭრობას ჰეჯ-ფონდში.