გაეროს ორი ჯილდო საქართველოს ხვდა წილად
სარედაქციო წერილი
“გაერომ მიანიჭა საქართველოს თავის ყოველწლიური, მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პრესტიჟული პრემია რეფორმებში; გაეროს პრემიები მიენიჭა ჩვენს იუსტიციის სახლებსა და ჩვენს ელექტრონული ტენდერების სისტემას, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს ჯილდოს შეფასებისას, – მართლაც ეს არის მსოფლიოში საუკეთესო სისტემა და ერთადერთი; იუსტიციის სახლებს რაც ეხებათ, მართლაც რაღაცეებს ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ და რაღაცეებით მართლა ვართ მსოფლიოში ამ ეტაპზე პირველ ადგილზე. კარგია, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც კარგად დაინახა”.
26 მაისს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში საჯარო სამსახურის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ორი ჯილდო გადაეცა:. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულმა სისტემამ გაიმარჯვა ნომინაციაში “საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია და კორუფციასთან ბრძოლა”, ხოლო სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იუსტიციის სახლს.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, მეორე ადგილზე გავიდა კატეგორიაში “საჯარო სამსახურში კორუფციის აღკვეთა და დაძლევა”.
ცნობისათვის: საქართველო მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო შესყიდვები სრულად ელექტრონული ტენდერებით ხორციელდება.
აღნიშნული ნომინაცია პირველია იმ ხუთ ნომინაციას შორის, რომლებშიც წელს 73 ქვეყნის 471 ნომინანტი იბრძოდა გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩვენმა სისტემამ საპრიზო მეორეა დგილი მოიპოვა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატებაა და ქართული ელექტრონული ტენდერების სისტემის საყოველთაო აღიარება.
საერთაშორისო გამჭვირვალობის 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება სწორედ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვის ფაქტორს დაუკავშირდა:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო:
“საქართველოში წარმატებით დაინერგა ელექტრონული, გამჭვირვალე სახელმწიფო
შესყიდვების სისტემა, რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს. ძალიან კარგია, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ონლაინ რეჟიმში აქვეყნებს და ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა მონაცემებს და ხელს უწყობს ელექტრონული მმართველობის დამკვიდრებას”.
საქართველოს ელექტრონული შესყიდვების სისტემამ საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
აზიის განვითარების ბანკი (ADB):
“საქართველოში დანერგილი ელექტრონული შესყიდვების სისტემა, შესაძლოა, კარგი მაგალითი გახდეს აზიისა და წყნარი ოკეანიის სხვა ქვეყნებისთვისაც. იმ ქვეყნებისთვის, სადაც ჯერ არ არის დანერგილი ელექტრონული შესყიდვები, საქართველოში განხორციელებული რეფორმები დიდ ინტერესს იწვევს”.
ევროპარლამენტი: ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ანგარიშის პროექტი 2011/2306(INI):
“ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში ახალი შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვას; საქართველო უნდა იყოს მაგალითი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ამ სფეროში”.
EBRD-ის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა, 2011წ.:
“სამხრეთ ევროპის ქვეყნებში დანერგილია სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი კომპონენტები, თუმცა, მხოლოდ საქართველოს ენიჭება შესაბამისობის მაღალი რეიტინგი, ვინაიდან საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო დაეცვა და დაენერგა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით რეკომენდებული შესყიდვების ეფექტური ინსტრუმენტები”.
გაეროს ჯილდო და პირველი ადგილი ამავე კატეგორიაში თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შMშ საინფორმაციო სისტემას ხვდა წილად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებმა მეორე ადგილი გაიყო ეგვიპტესთან კატეგორიაში “საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება”; იმავე კატეგორიაში პირველი ადგილი ლიბანმა დაიკავა.
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მომსახურებებს უწევს. ამჟამად, იუსტიციის სახლები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს და წელს კიდევ 8 იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება, მათ შორის თბილისში. 2013 წელს დამატებით ოთხი სახლი გაიხსნება. გამარჯვებულებს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავად გადასცა ჯილდოები. გრანდიოზულ ღონისძიებაში მსოფლიოს 400-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელები, მსოფლიოს მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ქვეყნების ლიდერები, მინისტრები, მერები, კერძო სექტორისა და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გენერალური ასამბლეის დარბაზში დაჯილდოების ცერემონიალმა ლეგენდარული როკ-ჯგუფის Qუეენ-ის ასევე ლეგენდარული სიმღერის we are the champions ფონზე ჩაიარა.
გაეროს ორგანიზებით საჯარო სამსახურის ყოველწლიური დაჯილდოება მეათე წელია იმართება. წინა წლებში გაეროს ჯილდოები ისეთ წარმატებულ ქვეყნებს გადაეცათ, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია და ა.შ.
ნიუ-იორკში ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს ყოველწლიურ ფორუმში და სამუშაო შეხვედრებში. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება, მოქალაქეებზე ორიენტირებულ გამჭვირვალე მმართველობაზე. ფორუმის დასასრულს გაიმართა მინისტერიალი. გამარჯვებული ქვეყნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეფორმებსა და კონკრეტულ ღონისძიებებზე.