რას უკავშირდება საბანკო მოგების 2,5-ჯერ შემცირება

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს საბანკო სექტორმა 2012 წელი 134 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ეს 2011 წლის მაჩვენებელზე ბევრად დაბალი შედეგია. 2011 წელს საბანკო სექტორმა თითქმის ორნახევარჯერ მეტი, 323 მილიონი ლარის წმინდა მოგება ნახა. ექსპერტთა ნაწილი საბანკო სექტორის მოგების შემცირებას იმით ხსნის, რომ 2012 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა იმყოფებოდა რეცესიაში. დეფლაციის პირობებში, მოხმარება, ჩვეულებრივ, მცირდება და მოსახლეობას უგროვდება დიდი ოდენობით ლიკვიდური სახსრები, რომლებიც ეკონომიკაში არ იხარჯება.ეს ტენდენცია ბანკების დეპოზიტების მოცულობასაც დაეტყო.
შარშან, წინა წლებთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები მცირე ტემპებით იზრდებოდა და ზრდის მაჩვენებელი, დაახლოებით, 13-14%-ის ფარგლებში მერყეობდა.

დაბალი იყო ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის დინამიკაც, დაახლოებით, 12-13%. აქედან გამომდინარე, ბანკებს მკვეთრად შეუმცირდათ მოგება და მან 2011 წლის შედეგის მხოლოდ 40% შეადგინა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს 2011 წელთან შედარებით ბანკების მოგება შემცირდა, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, საბანკო სექტორის მყარი მოგების მაჩვენებლები ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი. ექსპერტთა ნაწილი და მომხმარებლები ბანკებს კაბალური პირობების ქონაში ადანაშაულებენ.

3-4 წელია ქვეყანაში მკვეთრად იზრდება გაღატაკებული ადამიანების რიცხვი. გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები კარგავენ ქონებას, ბინებს, სახლ-კარს, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდეგ. 2008 წლიდან დღემდე დრამატულად იზრდება უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების რიცხვი. პარალელურად იზრდება ბანკების მიერ ჩამორთმეულ/დასაკუთრებული ქონებების რაოდენობაც.

დღეს, საქართველოში, საბანკო სექტორი 19 ბანკითაა წარმოდგენილი, მათგან 16 ბანკი, ერთობლივად, მოგების 30%-ს სჯერდება, ხოლო სექტორის მოგების უდიდესი წილი – 70%, მხოლოდ 2 ლიდერ ბანკზე ”თიბისისა” და ”საქართველოს ბანკზე” მოდის. ამ ორი ბანკის მოგების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში 2–3-ჯერ გაიზარდა. 2012 წლის მესამე კვარტალში მათ ბალანსზე აღრიცხული დასაკუთრებული ქონების მაჩვენებელი 35-ჯერ მეტია, ვიდრე 4 წლის წინ იმავე პერიოდში (2008 წლის მესამე კვარტალში) დასაკუთრებული ქონება. 2008 წლის მესამე კვარტალში ორი ბანკის ბალანსებზე 2,3 მილიონი ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება აღირიცხებოდა. 4 წლის შემდეგ, 2012 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კი – ჯამურად 82,3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჩამორთმეული ქონება აღირიცხება.

2012 წლის სამ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 204 037 670 ლარის უძრავ მოძრავი ქონება დაისაკუთრა. მესამე კვარტალში ბნაკებმა სულ 78 698 636 ლარის ქონება მიითვისეს. აქედან ”ვითიბი ბანკმა” პირველ კვარტალში დაისაკუთრა 10 996 252 ლარის უძრავ მოძრავი ქონება. მეორე კვარტალში 10 526 137 ლარის, მესამე კვარტალში კი 10 450 372 ლარის. ”ქართუ ბანკმა” პირეველ კვარტალში დაისაკუთრა 11 509 973 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, ”საქართველოს ბანკმა” პირველ კვარტალში 32 267 024 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება გადაიფორმა, მეორე კვარტალში 46 058 173 ლარის, მესამეში კი _ 52 499 686 ლარის. ”ბითიეი ბანკმა” 2012 წლის პირველ კვარტალში 5 061 748 ლარის ქონება გადაიბარა, მეორე კვარტალში 4 162 026 ლარისა, მესამე კვარტალში კი 4 098 666 ლარი. ”პროკრედიტ ბანკმა” საერთო ჯამში 20 716 ლარი. ”პრივატბანკის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველ კვარტალში ბანკმა 300 364 ლარის ქონება გადაიფორმა, მესამეში 253 030 ლარის. ”ინვესტბანკმა~ საერთო ჯამში 17 478 ლარი. ”ბაზისბანკმა” მეორე კვარტალში 4 076 535 ლარი შეადგინა. მესამე კვარტალში კი 3 203 798 ლარი. მეორე და მესამე კვარტლის მონაცემებით, 211 211 ათასი ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა ”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა – საქართველომ”. ”პროგრეს ბანკს” მესამე კვარტალში უძრავ-მოძრავი ქონება არ დაუსაკუთრებია, მეორე კვარტლის მონაცემებით, აღნიშნულმა ბანკმა 131 001 ლარის ღირებულების ქონება გადაიფორმა. ”ბანკი რესპუბლიკას” მესამე კვარტლის მონაცემებით დასაკუთრებული ქონების საერთო რაოდენობამ 7 943 283 ლარი შეადგინა

მომხმარებლების გარდა, ბანკების წინააღმდეგ დეველოპერული კომპანიებიც გამოდიან. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ბანკები დეველოპერულ ბიზნესში გადადიან, აკრედიტებენ საკუთარ სამშენებლო კომპანიებს და ამით, ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას ზღუდავენ. ექსპერტთა შეფასებით, ბანკის მხრიდან დეველოპერული კომპანიის მიმართ წილობრივი დაინტერესება ჯანსაღ კონკურენციას ხელს უშლის და დეველოპერებს არათანაბარ კონკურენტულ ვითარებაში აყენებს. ამიტმაც დეველოპერები და სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევენ, რომ, ამ მხრივ, სასურველია შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომელიც ბანკების დეველოპერულ საქმიანობაში ჩარევას შეზღუდავს ან აკრძალავს.

ბანკების დეველოპერულ ბიზნესში შესვლის მაგალითად, პირველ რიგში, ”სბ უძრავ ქონებას” ასახელებენ, რომელიც ”საქართველოს ბანკის” შვილობილი კომპანიაა. თუმცა, ამ კომპანიაში ამბობენ, რომ მათ კრედიტი საქართველოს ბანკისგან არ მიუღიათ და თუ რომელიმე დეველოპერს დაკრედიტების მიღება სურს, კარგი მენეჯმენტი და ფინანსური მდგომარეობა უნდა გააჩნდეს და, ასეთ შემთხვევაში, მას დაკრედიტების პრობლემა არ შეექმნება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან სხვა დეველოპერები. მათი შეფასებით, როცა ბანკებს ამ სფეროში თვითონ აქვთ ინტერესი, ისინი, ბუნებრივია, დაინტერესებულნი არიან საკუთარი მშენებლობის წარმატებით და იპოთეკური სესხების გაცემით ხელს უწყობენ გაყიდვებს. ამ მხრივ, სავარაუდოა, რომ იგი ნაკლებად დაინტერესდება სხვა მშენებლობის დაფინანსებით. მათ შორის, იპოთეკური სესხების გაცემით სხვა დეველოპერთა პროექტებისთვის. ამისთვის ორი მიზეზი არსებობს: ერთი იმიტომ, რომ თანხები საკუთარი პროექტისკენ მიმართოს და მეორე – კონკურენტ დეველოპერს შეუზღუდოს გაყიდვების შესაძლებლობა.

როგორც, მაგალითად, ერთ-ერთი დეველოპერული კომაპნიის წარმომადგენელი, ”არქი ჯგუფის” გენერალურ დირექტორი, ილია წულაია აცხადებს, მათ კომპანიას ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა ქართული ბანკებისგან მოეზიდა ფინანსური სახსრები. კომპანია საჭირო რესურსების მოზიდვას ახერხებს მხოლოდ საზღვარგარეთიდან. ”ჩვენ ასევე გვქონდა შემთხვევა, როცა ბანკმა არ დააკმაყოფილა მომხმარებლის მოთხოვნა იპოთეკური სესხის გაცემის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის სამუშაოების 95% შესრულებული იყო, ხოლო მომხმარებელი მსყიდველუნარიანი, მას მაღალი შემოსავლები ჰქონდა და თანაც იპოთეკურ სესხის 30% წილობრივ თანამონაწილეობას უზრუნველყოფდა. მსგავსი გარემოება რთულ ვითარებაში აგდებს დეველოპერებს, რადგან გაყიდვები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ჩვენი მომხმარებლის 50%-ს სწორედ ამ ფაქტორის მიზეზით ვკარგავთ. არსებული გარემოების დარეგულირება, იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობა და ბანკების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაააქტიურებდა ქართული უძრავი ქონების ბაზარს, უფრო მეტიც _ რამდენჯერმე გაზრდიდა” _ დასძენს წულაია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე იზიარებს დეველოპერთა ნაწილის პრეტენზიებს და აცხადებს, რომ ბანკების მხრიდან საკუთარი სამშენებლო კომპანიების ფლობა და დაკრედიტება მეწარმეებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს. ზურაბ ტყემალაძის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, რომელიც ასევე გააკონტროლებს ბანკების მხრიდან დეველოპერულ საქმიანობაში ჩარევას. პრობლემა მხოლოდ დეველოპერული ბიზნესის დაუფინანსებლობა არ არის, ბანკები პრაქტიკულად არ აფინანსებენ ზოგადად ბიზნესს. მათი მხრიდან ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა საკმაოდ სუსტია. რა თქმა უნდა, ბანკებს ყველაფერში ვერ დავადანაშაულებთ, ბიზნესის დაკრედიტებისთვის აუცილებელია სტაბილური გარემო ქვეყანაში. ამიტომაც მთავრობამ უპირველესად ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს: პირველი _ იაფფასიანი ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობა ბანკებისათვის და მეორე – სტაბილური გარემოს შექმნა.

”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსახლეობაში იაფი ფულადი რესურსის მოლოდინი გაჩნდა. ამ თემაზე ბანკებში საუბარი არ სურთ და აღნიშნავენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში განაკვეთები სესხებზე 2-3%-ით უკვე დაწიეს.

ხშირი საუბრები საპროცენტო განაკვეთების სიძვირეზე ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების სიდიდით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ”ლიდერია”. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საბანკო კრედიტებზე საშუალო შეწონილი განაკვეთი 25.8%-ია, რითაც საქართველო კრედიტების სიძვირით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვხდება მხოლოდ ბრაზილიაში (43.8%), კონგოს რესპუბლიკაში (43.7%), ყირგიზეთში (40.2%) და გამბიაში (28%). ყველა დანარჩენ სახელმწიფოში კრედიტები საქართველოსთან შედარებით იაფია, იგივე მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუბელია და ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებით, რეალური სარგებელი გაცილებით დაბალია. მაგალითად, 2011 წელს წლიურმა ინფლაციამ 8.5% შეადგინა. გამოდის, რომ რეალური სარგებელი დეპოზიტზე იყო 0.7%. ბუნებრივია, ეს ეხება კრედიტის განაკვეთებსაც, 25.8%-ის პირობებში, ბანკის რეალური სარგებელი 17.3% გამოდის.

ექსპერტების ნაწილი სესხების სიძვირის მთავარ მიზეზად დეპოზიტების სიძვირეს ასახელებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს საქართველოში კრედიტი მინიმუმ 2.5-ჯერ ძვირია, ვიდრე დეპოზიტი, ანუ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი განაკვეთი 9.2%-ია, რუსეთში.

საქართველოში საპროცენტო განაკვეთები ასევე მაღალია დეპოზიტებზე და იგი 9.2%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლითაც საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულშია. თუმცა, ეს ნომინალური მაჩვენეხოლო კრედიტებზე კი 25.8%. გამოდის, რომ სხვაობა სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთსა და დეპოზიტის საშუალო განაკვეთს შორის, ანუ სპრედი, 16.6%-ია. სპრედის მაჩვენებლით საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია სპრედი საქართველოზე მაღალი, ესენია: ტაჯიკეთი – 18%, პერუ – 17,4%, პარაგვაი – 24.8%, მალავი – 21%, მადაგასკარი – 38.8%, ყირგიზეთი – 27.4%, ჰაიტი – 16.2%, კონგო – 39.7% და ბრაზილია 31.1%. ფაქტობრივად, 26%-ში დეპოზიტის განაკვეთის ფაქტორი არის თითქმის მესამედი – 9.2%. სპრედის ასეთი მაღალი მაჩვენებელი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საბანკო ბაზარი ნაკლებად კონკურენტულია. მსხვილი საბანკო ინსტიტუტები თავიანთ დომინანტურ პოზიციას თავისთვის სასიკეთოდ იყენებენ და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ ცდილობენ.

საქართველო ასევე ”ლიდერობს” საპროცენტო განაკვეთში რისკის ფაქტორის სიდიდით, ანუ რისკის პრემიით. ეს მაჩვენებელი საქართველოში 15%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში დამატებითი სარგებელი რისკისთვის მაქსიმუმ 4-5%-ს აღწევს. რისკის ადექვატური აღქმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დღეს საქართველოში საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთში ყველაზე დიდი კომპონენტი (დაახლოებით 15%) რისკია, მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია რისკის პრემია (დამატებითი სარგებელი გაწეული რისკისთვის) საქართველოზე მაღალი. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ბანკების მხრიდან რისკის შეფასება გადაჭარბებულია და ”გაბერილი” რისკის ფაქტორი მნიშვნელოვნად აძვირებს კრედიტს.

კრედიტების სიძვირე და მათი დაბალი ხელმისაწვდომობომა ეკონომიკის სხვა დარგებზეც აისახება. საბანკო სექტორი ვერ/არ ასრულებს ეკონომიკის ლოკომოტივის როლს, რაც სხვადასხვა მაჩვენებლებითაც ნათლად ჩანს. ბანკების მიერ გაცემული მთლიანი კრედიტები მთლიანი შიდა პროდუქტის 33.8%-ია. სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი შემდეგია: ავსტრია – 137%, ბელგია – 117.1%, ბულგარეთი – 71%, დანია – 216.8%, ესტონეთი – 97.6%, უნგრეთი – 81.7%, იტალია – 155.3%, ლატვია – 89.6%, პოლონეთი – 63.6%, რუმინეთი – 54.9%, თურქეთი – 69.3%, უკრაინა – 78.6%. ასევე, სწორედ კრედიტების სიძვირის გამოა, რომ ქართული კომპანიების მხოლოდ 40% იყენებს საბანკო კრედიტებს ფინანსური საშუალებების მოპოვებისთვის.

ექსპერტთა ნაწილი არცთუ ოპტიმისტურადაა განწყობილი კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ის, რომ გასული წლის მიწურულს კრედიტებზე პროცენტების უმნიშვნელო კლებამ ბანკების წმინდა მოგების მოცულობა საგრძნობლად შეამცირა. გარდა ამისა, ბანკებს თანდათან უმცირდებათ რესურსული ბაზა, ანუ მოსახლეობას ფული არ მიაქვს კომერციულ ბანკებში, იქმნება ფულად რესურსების დეფიციტი და ამ დეფიციტის პირობებში მისი ფასი იზრდება. ერთ-ერთმა ბანკმა უკვე გამოაცხადა 12%-იანი განაკვეთი დეპოზიტებზე, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვა ბანკები. ბუნებრივია, როცა რესურსის ფასი იზრდება, შესაბამისად უნდა გაიზარდოს კრედიტის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემცირებულ მარჟას ბანკები ვერ აიტანენ.