რა მოგვწონდა სინგაპურში და არ მოგვწონს აღმაშენებელში
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი
წლების განმავლობაში სინგაპურობა გვინდოდა და მთავარი ბენჩმარკი სინგაპური იყო. უცნაურები ვართ ქართველები – და რატომ ნეტავ? ეს პატარა ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც სულ ნიუ-იორკის ხელაა და, რომელმაც ფორმალური დამოუკიდებლობა 1965 წელს მიიღო ინგლისისგან, სულ არის მხოლოდ პორტი, ღორის ფერმები, მეთევზეთა სოფლები და მდიდარი უცხოელების სახლები. აქ 2011 წელს 188 000 მილიონერს ჰქონდა ბინა. უმკაცრესი დიქტატურის ქვეყანა, რომელსაც ლიი კუან იუ 1965 წლიდან 1990-მდე მართავდა და მერეც. ეს მოგვწონდა ალბათ. მოგვწონდა ფორმალური დემოკრატია და ის, რომ უმკაცრესი კანონები აქვთ. იკრძალება გადაფურთხება, კევის ღეჭვა, იყო დრო შვილების რაოდენობა მართვადი იყო და დღეს, მიუხედავად 5-მილიონიანი მოსახლეობისა, სინგაპურს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.
კი, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 560 დოლარიდან 53000 ათას დოლარამდე გაიზარდა და 2013 წელს ყველაზე სასურველი ადგილია, სადაც აზიელებს დაბადება სურთ,Mმაგრამ იქაურებისთვის საცხოვრებლად _ უძვირესი და უმძიმესი. იმდენს მუშაობენ და სწავლობენ, რომ ცოლის მოსაყვანად და ბავშვის გასაჩენად არ სცალიათ. ექსპერტთა აზრით, სინგაპურში კატასტროფული დემოგრაფიული სისტემაა და სულ მალე აბორიგენი მოსახლეობა აღარ დარჩება.
ესე იგი, პრეზიდენტს სინგაპური მოსწონდა _ მარადიული ხელისუფლების იდეა, თან, დასავლეთის შეფასებით დემოკრატიული, მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლობით მმართველობა არ იცვლება და უფრო მეტიც _ ობამამ ლიის ლეგენდარული კაცი უწოდა. რეალურად ესაა დასავლელი და აზიელი მილიონერების კლუბი, სპეკულატური ბაზრის ნავსაყუდელი ოფშორი, სადაც სიმდიდრის თანამედროვე მაძიებლები და მომხვეჭელები კბილებით და ბრჭყალებით აღწევენ თავიანთ მიზანს. კუნთმაგარი, დისციპლინირებული ბიზნეს-ჯარისკაცები ყოველდღიურად იბრძვიან კაპიტალიზმის თანამედროვე, ამორფულ, კომბინირებულ, ნაციონალურ, იერდაკარგული იდეალებისათვის და ფინანსური გადარჩენისათვის. ეს ნამდვილი ომის არენაა, აქ მხოლოდ უმდიდრესი ადამიანებისათვისაა ადგილი. აქ სული და ზნეობა არაა, აქ ფულია მარტო… დიქტატურა თუ დემოკრატია არავის აინტერესებს, მთავარია, სიმშვიდე, სიწყნარეა და გარანტირებული მომავალია კაპიტალის ორთაბრძოლისათვის. სინგაპური არაა ქვეყანა, ეს მხეცების, მგლების უსასტიკესი მსოფლიოა! გვაქვს შანსი ვიყოთ სინგაპური? _ ალბათ, ლეიბორისტებს პარლამენტში უმრავლესობით არჩევის შანსი უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ჩვენ _ ვიყოთ სინგაპური. ვიცოდით? _ ვიცოდით. აბა, რა გვინდოდა? – ისე, უბრალოდ, იდეა მოგვწონდა მდიდარი ქვეყნის შესახებ, რომელსაც ერთი ოჯახი და კაცი უცვლელად მართავს და დასავლეთში დემოკრატს და ლეგენდარულს უწოდებენ. მალე ადგილობრივი მოსახლეობა აღარ იქნებაო, ხომ თქვეს, ჰოდა, ალბათ, ახალი ეთნოსის _ ”სინგაპურას” შექმნაა მოსალოდნელი. მთავარი მიზანი, ”სინგაპურას”, ამ ახალი ადამიანის, გამოყვანაა. სხვათა შორის, კაცობრიობას მუდამ აწუხებდა ეს იდეა, მისთვის მისაღები და ადვილად მართვადი საზოგადოების, ანუ ახალი ადამიანების გამოზრდის ექსპერიმენტი. პირველი ასეთი ექსპერიმენტი სპარტანელებმა დაიწყეს პრაქტიკაში და პლატონმა თეორიაში. ყველაფერი პლატონის ბრალია, ვითომ უწყინარი ფილოსოფოსი, რომელმაც სიკეთის ქალაქი, ატლანტიდა შექმნა, სინამდვილეში ისეთი გარეწარი იყო, როგორიც კაცობრიობას არ ახსოვს. მაგან დაღუპა მიშაც. წარმოიდგინეთ, პლატონის ატლანტიდაშიც საზოგადოების ოთხი ფენა იყო: მიწათმოქმედები, ხელოსნები, მცველები და ფილოსოფოსები. მათ სისხლის აღრევის და ერთმანეთთან კავშირის უფლება არ ჰქონდათ. არ არსებობდა საკუთრება, მათ შორის, პირადი. ანუ ყველას ცოლი შენი ცოლი იყო. შვილს ინტერნატის მსგავს დაწესებულებაში ზრდიდნენ, როგორც კომუნისტები. 20 წლის რომ გახდებოდა, სპეციალური ფილოსოფოსთა საბჭო უნარ-ჩვევების მიხედვით გაანაწილებდა. ისინი წყვეტდნენ, ვინ ხელოსანი გახდებოდა, მცველი ან ფილოსოფოსი.
მდაა… კი მაგრამ, ადამიანებს არაფერს ეკითხებით? სადაა გრძნობა, სიყვარული, ღალატი, ოცნება? (იქ არ იყო ოცნება საჭირო. და რა საჭიროა საზოგადოება ოცნების გარეშე?!) პლატონმა სათნოებისა და ადამიანზე ზრუნვის საფარქვეშ ადამიანების ბედი ერთპიროვნულად გადაწყვიტა. საშინელებაა! უნდოდა, ახალი ადამიანი გამოეყვანა, მერე მე-15-ე საუკუნეში იგივე სცადეს უტოპისტებმა. მე-20-ში მარქსისტებმა, რუსეთში კომუნისტებმა, ლიბიაში ჯამახირიამ, ჩინეთში მაომ და, საერთოდ, ყველა დიქტატორი ახალ, მისთვის მორჩილ და მისაღებ ერს ზრდიდა, როგორც ლიი სინგაპურში და მიშა საქარველოში. ხედავთ, როგორ მოექცა პლატონიზმის გავლენის ქვეშ? ორი კაცი უყვარდა… არა, უკაცრავად, სამი: პლატონი, მაკიაველი და ლიი. გიჟდებოდა, ოცნებობდა და ღამღამობით მახათას გორიდან ან შავნაბადადან ელაპარაკებოდა და მათ იდეებს _ ახალი ადამიანის გამოზრდის, ახალი საზოგდოების და მარადიული სიკეთის შესახებ _ ცხოვრებაში ახორციელებდა. უფრო სწორედ, უნდოდა განეხორციელებინა. ყველა მისი წინააღმდეგი იყო, ერი თუ ბერი, თვით დავით აღმაშენებელიც კი. ვინ ეკითხებოდა ამ დავითს, რომ მიაცუნცულებდა დედაქალაქს ქუთაისიდან თბილისში? რაღაზე გადმოიტანა, ყოფილიყო იქ და ახლა არ იქნებოდა ასეთი საჩხუბარი მისი გადმოტანა. უმადურია ხალხი და არ ღირს სიკეთის კეთება. ყველაფერი აპატიეს დავით აღამშენებელს, დედაქალაქის თბილისში გადმოტანის გარდა. ახლა ამის გამო, ახალი ეკონომიკური თეორიის გამოგონება მოუწიათ, რომელსაც ნეო-კეინს-ნაციონალიზმის თეორია ჰქვია. ეს სულ ახალი თეორიაა, თოთო და მისი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ სანამ ფინანსური კრიზისი ღუღუნა ნაღვერდალშია გახვეული, როგორც სუკის მწვადები მამაყალზე და ახალ პარადიგმებს ეძებს, ქართველებმა კრიზისიდან გამოსავლის, ეკონომიკის ზრდისა და რეგიონის განვითარების ფორმულა ვიპოვეთ – გადაიტანეთ დედაქალაქი ერთი ქალაქიდან მეორეში და შექმენით თქვენი ატლანტიდა, ანუ ლაზიკა. სულ ესაა და აყვავდება ქვეყანა. რატომ, კეინსი? ზოგი მეცნიერის აზრით, ეს არის კეინსის მულტიპლიკატორის მსგავსი თეზები, მაგრამ კვლევებმა დადასტურა, რომ ეს ორიგინალური ეკონომიკური თეორია და კეინსიალიზმის თანამედროვე მონაციონალო ვარიანტია. ამიტომ დღითი-დღე ეს იდეა პოპულარული ხდება მსოფლიოში. აი, ინგლისელებმა აიტაცეს და პარლამენტი ედინბარაში გადააქვთ. ამბობენ, ამ 200წლიან ბიგ-ბენსაც შლიან და მიაქვთო, მალე ვესტმისტერის სააბატოსაც მიაყოლებენ. აბა, სად უნდა დაიმარხონ პატივცემული პარლამენტარები. ლორდთა პალატა წინააღმდეგია, მაგრამ სამშობლოს სჭირდება და რაღას იზამენ. დევიდ კემერონმა დავოსში განაცხადა, რომ ამ ქართველების თეორიამ გადაარჩინა გაერთიანებული სამეფო და კატეგორიულად მოსთხოვა კონტინენტალურ ევროპას, გაეზირებინა ეს თეორია და ამით ეხელმძღვანელა ეკონომიკის გადასარჩენად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა ევროკავშირს. ქართველმა ეკონომისტებმა და, პრინციპში, აზიელმა მკვლევარებმაც, იდეის ავტორები ნობელის პრემიაზე წარადგინეს ეკონომიკაში. მაგრამ რად გინდა, დიდ ხანს ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? არ გინდოდათ ახალი ადამიანის აღზრდა, ახალი მულტინაციონალურ-სუპერ-ინეტრნაციონალურ-პლატონური საზოგადოება სინგაპურის პუდრით? – არც გექნებათ. არ გინდოდათ ახალი ეკონომიკური თეორია? _ იყავით ოცნებებში, არადა, აგერ, მეორე დეკადაში ზუგდიდი იქნებოდა დედაქალაქი და ოდესმე გურიაში ოზურგეთსაც მოუწევდა და ასე აყვადებოდა ეს ქვეყანა, გადაივსებოდა ერთ 200-300 წელიწადში სამუშაო ადგილებით. ხომ თქვა ლელა კაკულიამ, 300 წელიწადში რუსეთს ვხედავ დაძაბუნებულსო… ხომ წავართმევდით აფხაზეთს, კრასნოდარის მხარეს და მივიერთებდით. სულწასულები ხართ ეს ქართველები, სუფთა დავით მეფის შთამომავლები – გააქანეთ დედაქალაქი თბილისში და გააგდეთ შემოქმედი ნაციონალები. ჰოდა, იყავით ამ გადაჭედილ თბილისში.
მოვა დრო, პლატონი და სინგაპური მოგენატრებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი ცოლის ჯუჯღუნით ტვინს გაილაყებთ და სხვისი ცოლის ყურება ნერწყვით დაგახრჩობთ. გლახები, რა ჯობს სინგაპურს და ატლანტიდას, მაგრამ არ ჰქონდათ ქართველებს ჭკუა არასდროს და, ალბათ, არც ექნებათ. გადაყვებიან საფლავში ამ დავით მეფის იდეალებს და თავისუფლებას.
ეეჰ…ნეტავ, ედინბარაში დედაქალაქს რომ გადაიტანენ, სუფრაზე დაგვპატიჟებენ მაინც? ისე, ინგლისელები არ არიან უმადურები და იქ თუ არა, პარიზს რომ ჩაასრიალებენ მარსელში, აი, მაგ ინაგურაცია არ აგვცდება მგონი, ისევე, როგორც სტოკჰოლმში მოხვედრა ნობელის დანატოვარის მისაღებად. კი, აქ თუ არა, იქ მაინც დააფასებენ.