რუსეთს ახალი საბაჟო კოდექსი აქვს
მოამზადა მარი წიკლაურმაე
რუსეთში 2004 წლის 1 იანვრიდან ძალაში ახალი საბაჟო კოდექსი შედის, რომელსაც ზოგიერთი ჩინოვნიკი ეჭვის თვალით უყურებს. ნორმატიული აქტი, რომელიც სამი წლის მანძილზე მზადდებოდა საერთაშორისო პრინციპებს შეესაბამება და საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობის წესებს სერიოზულად ამარტივებს, თუმცა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექსპერტებმა ახალ კოდექსში “არსებითი ხარვეზები” და “კონცეფტუალური პრობლემები” აღმოაჩინეს.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრეტენზიების არსი შემდგომში მდგომარეობს: კოდექსში არ არის მოცემული საბაჟოO მოსაკრებლების ჩამონათვალი, რის გამოც 2004 წლის ბიუჯეტს 10 მლრდ მანეთის ოდენობის შემოსავალი მოაკლდება. შეღავათები საბაჟო გადასახადებზე საქონლის მილსადენებით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილების დროს მას კიდევ 4,5-6,2 მლრდ მანეთს წაართმევს. დაბოლოს, გადასახადების გადახდის ვადების გადაწევა ბიუჯეტს კიდევ 6,3-7,8 მლრდ მანეთის ზარალს მოუტანს. ცნობილია, რომ რუსეთის საბაჟოს ბიუჯეტში ყოველთვიურად 60 მლრდ მანეთზე მეტი შეაქვს. 2004 წლისთვის კი, მისი საშემოსავლო ბაზის მოცულობა 2,7 ტრლნ მანეთის ფარგლებშია დაგეგმილი. საბოლოოდ, მაქსიმ მედვედკოვმაც კი აღიარა, რომ ახალი კოდექსის ძალაში შემოსვლით ბიუჯეტი სერიოზულად არ დაზარალდება.
არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ახალი საბაჟო კოდექსი მთელ რიგ შემთხვევებში საბაჟო ადმინისტრირების სისტემას არ გააუმჯობესებს და საბაჟოO ბროკერების, ტვირთის გადამზიდველების, დროებითი შენახვის საწყობების მფლობელების მუშაობას გაართულებს. ზოგიერთ ექსპერტს არ აწყობს, ის წესები, რომელთა მიხედვით, საბაჟო საქმიანობის ლიცენზირება სერიოზული ეკონომიკური მოთხოვნებით იცვლება. გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო კერძო პირების მიერ შემოტანილ საქონელზე შეღავათების შემოღების წინააღმდეგ გამოდის.
საბაჟო კოდექსის მისამართით გამოთქმული ბრალდება, რომ იგი საბაჟო გადასახადების ჩამონათვალს და განაკვეთებს არ შეიცავს, არაკორექტულია. ეს საგადასახადო კოდექსის ან სახელმწიფო ბაჟის შესახებ არსებული კანონის მოქმედების სფეროა.
იმაში, რომ საბაჟო პროცედურების გამარტივება ექსპორტ-იმპორტის გააქტიურებას გამოიწვევს, ეჭვი არცერთ ექსპერტს არ ეპარება. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, ახალი საბაჟო კოდექსი რუსეთის ხელისუფლებას ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის 3-5%-ით გაზრდის საშუალებას მისცემს. ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლების გაანგარიშება სიძნელეს არ წარმოადგენს.
დაწვრილებითი განხილვისას, ასეთივე საინტერესო აღმოჩნდა მეორე “ტექნიკური საკითხიც” – საბაჟო ბროკერების და სხვა შუამავლების შესახებ. ეკონომიკურ უწყებაში მიაჩნიათ, რომ მათი რეესტრში ჩართვა ფარულ ლიცენზირებას წარმოადგენს და საბაჟო მომსახურების სფეროს მონოპოლიზაციას გამოიწვევს. სამინისტრო, რომელიც საქმიანობის ლიცენზირებადი სახეობების შემცირებას და ეკონომიკის დერეგულირებას ქადაგებს, ლიცენზიების არსებული სისტების შენარჩუნების თაობაზე წინადადებით გამოდის!..
რეალურად, საბაჟო შუამავლების საქმიანობის ლიცენზირებამ ისეთი ფირმების გაჩენა გამოიწვია, რომლებიც იმპორტიორის ან ექსპორტიორის სახელით მუშაობენ, მაგრამ დეკლარაციში თავს არ ასახელებენ. ლეგალურ საბაჟო ბროკერებს ლიცენზიის მისაღებად სერიოზული ხარჯების გაწევა უწევთ. ამავე დროს ისინი საბაჟო გადასახადების გადახდისა და საბაჟო ოპერაციების განხორციელებისათვის საკუთარ ქმედებებზე სერიოზულ იურიდიულ პასუხისმგებლობას იღებენ.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეობისათვის ახალი საბაჟო კოდექსის უდავო ღირსებას ის წარმოადგენს, რომ იგი პირდაპირი მოქმედების დოკუმენტს წარმოადგენს, – აღნიშნავს კომპანია DHL- ის დსთ-ის და პრიბალტიკის ქვეყნებში საბაჟო საქმიანობის მენეჯერი, ნატალია ბოჩკოვა. მისი დებულებების უმრავლესობა მთელი რიგი აქტების, წერილების და განმარტებების და ა. შ. მეშვეობით გამოიყენება. ეს კი, გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ მონაწილეობას ძველი საბაჟო კოდექსის ამა თუ იმ დებულების არასწორი გაგების უამრავი მაგალითის მოყვანა შეუძლია, რაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობაზე აისახება. ირღვევა მოწოდების ვადები, იგვიანებს საქონელი, იკარგება ფული.
ახალი საბაჟო კოდექსი მსგავს უზუსტობებს გამორიცხავს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ორი წაკითხვის შედეგად შეიქმნა პირდაპირი მოქმედების საბუთი, რომელიც საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს შეესაბამება და ახალ შესაძლებლობებს ხსნის არა მარტო საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეების, არამედ მთელი ქვეყნის წინაშეც.
ახალი კოდექსი საბაჟო ორგანოებს ავალდებულებს, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეებს კონსულტაციები გაუწიოს. თანაც, მებაჟეებმა განმარტებები მოთხოვნიდან არა უმეტეს ერთ თვეში უფასოდ უნდა მისცენ. გარდა ამისა, კეთილსინდისიერ ექსპორტ-იმპორტიორებს ახალი საბაჟო კოდექსი “მწვანე კორიდორის” პრინციპის გამოყენების საშუალებას აძლევს. მათთვის, ვინც საბაჟო კანონმდებლობას არ არღვევს და საგარეო ვაჭრობით არა ნაკლებ 3 წელი არის დაკავებული, შეღავათებიცაა გათვალისწინებული.
ერთი სიტყვით, ისინი, ვინც ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებთან არიან დაკავშირებულნი, ახალი საბაჟო კოდექსით კმაყოფილნი იქნებიან ახალი კოდექსის ძალაში შესვლას წინ თითქოსდა აღარაფერი უდგას, მაგრამ “ტექნიკური” შესწორებების შეტანის შესაძლებლობა კვლავ არსებობს, რაც საბაჟო რეჟიმს გააუარესებს. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ხომ სწორედ სხვადასხვა შეღავათების წინააღმდეგ გამოდის.
აღსანიშნავია, რომ საბაჟო კოდექსის გარშემო არსებული გაურკვევლობა WTO-სთან და რუსეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებზეც ნეგატიურად მოქმედებს. რუსეთის WTO-ში შესვლის პროცესი შეიძლება ამის გამო დაგვიანდეს. ამ დროს, WTO-ში გაწევრიანება რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპებს წელიწადში სულ მცირე ერთი საპროცენტო პუნქტით მაინც გაზრდის. ერთი სიტყვით, რუსეთის მშპ-ის გაორმაგების საქმეში ახალმა საბაჟო კოდექსმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.