როგორ იმსხვრევა ეკონომიკური თეორიები და გუდაური-კობის გზის მონაკვეთი
როგორ იმსხვრევა ეკონომიკური თეორიები და გუდაური-კობის გზის მონაკვეთი და რა არის საბაზრო
საოცარი რამ ხდება დუნიაზე. ვერ გავიგეთ, ეკონომიკური კრიზისი მორჩა თუ გრძელდება, ეკონომიკური კანონები მუშაობენ თუ არა, გაზაფხული მოვიდა თუ არა და ნაციონალები წავიდნენ თუ არა. ისე, რაც შეეხება ეკონომიკურ კანონებს, სრული ისტერიაა – კანონების მიხედვით, როცა ვალუტა მყარდება, იმ ქვეყნის ექსპორტი ეცემა, რადგან ძვირდება საქონელი.
ევრო მყარია ბოლო თვეები და გერმანიის ექსპორტი იზრდება და იზრდება. ინფლაციის მაჩენებელი მაღალია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინვესტიციები იზრდება ჩინეთში. თეორიის მიხედვით – საგარეო ვალის მაჩვენებელი თუ მშპ-ის 60%-მდეა, ეკონომიკა მყარია და საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ კვიპროსში ასეთი მაჩვენებელი იყო კრიზისი წინ. მოკლედ, აირია ეკონომიკური მეცნიერება, სულ უფრო გვაბნევს მშპ და მასთან მიბმული თარგეითები. ეკონომიკის მოდელირების და ფორმულებში ჩასმის მცდელობა კრახით დამთავრდა და აქედან გამომდინარე, ვერ გაურკვევია სამეცნიერო საზოგადოებას – საბაზროა ეს ეკონომიკა თუ არა საბაზრო.
საბაზროა, აბა არ არის საბაზრო?!
დავიბენით ქართველები, ვერ გავიგეთ, ინფლაცია ჯობს თუ დეფლაცია. იმდენი გვიკიჟინეს, არ ვარგა ეს ინფლაციაო და იმდენი ვამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა, დეფლაციაზე შევჯექით მყარად და იქ ვნებივრობთ. ჰოდა, უჭირს ეკონომიკას, მაგრამ ჩვენ მკაცრად – დეფლაცია გვაქვს და თავს ვიწონებთ, მთავარია, თარგეითი. ასეა, ბაგრატის ტაძარი აღვადგინეთ, თან ისე, უცხოელები კი არა, ჩვენ თვითონ ვერ ვცნობთ, ხოლო კობი-გუდაურის გზა – ვერა.
კობი-გუდაურის გზას იმ სახით ვინახავთ, რა სახითაც მასზე ოდესღაც ილიამ გადაიარა, ჰოდა, მის ნაკვალევს ვუფრთხილდებით ასე სათუთად, არ აღვადგენთ, რომ ილიას კვალი არ წაიშალოს, ხოლო თერგმა მოძრაობის თეორია ნამეტანი რომ არ შეგვახსენოს, გვირაბში ვუკარით თავი. აბა, მასე მოუხდება მაგ დაუდეგარს. გაგვიწყალა გული თავისი მოძრაობით და მოძრაობით. თან – კიდევ რომ არავინ დალიოს და რუსეთიდან იდეები არავინ ჩამოიტანოს – მიწისქვეშ დავმალეთ. წარმოიდგინეთ, რომ აღგვედგინა კობი-გუდაურის გზა, შთამომავლობა ხომ ვერ ნახავდა, როგორ იწვალა ილიამ შინ დაბრუნებისას. არა, ჩვენ გზის ამ მონაკვეთს ყოველ წელს აღვადგენთ ხოლმე, მაგრამ ისე ოსტატურად, რომ მსოფლიოს ყველა არქიტექტორს შეშურდება, მათ შორის, ფუქსესსაც. ვითომ აღვადგინეთ, მაგრამ ამ დროს არ არის აღდგენილი, ისევ პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული. ბაგრატის აღდგენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს სწორი მეთოდია. აბა, აღვადგინეთ ეს ბაგრატი და გაგიჟდა მთელი მსოფლიო, დაკარგა პირვანდელი სახე. ამიტომ ვუნარჩუნებთ ამ გზას პირვანდელ სახეს. ამაშია ქართველების გენიალობა. გარდა ამისა, გვინდა ორიეტნაცია შევიცვალოთ: რადგანაც ეს გზა რუსეთისკენ მიდის, ზუსტად ისე არაადამიანურად დალეწილი უნდა იყოს, რომ ინტენსიურად არ ვიაროთ რუსეთისკენ. თან, რუსეთისკენ მოძრაობისას ამ გზამ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რამდენად რთული და სახიფათოა გზა რუსეთისკენ! თუ მილიარდასოცდაერთჯერ არ შეგანჯღრია გზამ, არ გაგილაყა ტვინი, არ ამოგიტრიალა შიგნეული და არ გიხათქუნა თავი ჭაში ნახათქუნები ვედროსავით, ისე ვერ გაიგებ _ რა არის მამული! უფრო მეტიც, ამ გზის პირვანდელი სახით შენარჩუნებას სოციალ-ეკონომიკური დანიშნულებაც აქვს. ის უზრუნველყოფს სტეფანწმინდისა და მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის სრულ დასაქმებას. აქ მუდმივად რაღაც ხდება. ჰოდა, ეს მუდმივად რაც ხდება, ეს არის საბაზრო. უამინდობისას თუ გზა დაიკეტება, ბუქსირით გადაგათრევენ, რაც სამასი ლარი ღირს. ჩაარტყამთ მანქანას, გასაკეთებელი გახდება, ესეც 200 ლარი ღირს. გზაზე პანტა-პუნტით იყრება ორლესული ქვები და თუ საბურავი გაგიჭრათ და ცოცხალი გადარჩით, დაახლოებით 700 ლარი დაგიჯდებათ და ა.შ.
ათეულობით წლებია ეს გზა ასე კვებავდა და კვებავს ადგილობრივ მოსახლეობას. საბაზრო ის არის, რომ ეს გზა ძალიან ანგრევს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ეკონომიკას, მაგრამ ის საბაზროა სტეფანწმინდის მოსახლეობისთვის. მასში კაპიტალიზმია განივთებული და ზუსტად იციან, კაპიტალიზმის პირობებში, როგორ უნდა იშოვონ ფული. ჰოდა, ამიტომ არის საბაზრო.
ბოლო ბოლო, გავარკვიოთ – რა გვინდა ჩვენ, რა უნდა აღვადგინოთ და როგორ უნდა აღვადგინოთ. ისიც უნდა გავარკვიოთ, რა არის საბაზრო, ანუ სალაპარაკო და გასარკვევი ან თავისუფალი ბაზრების პრინციპით მომუშავე. რა ჯობს, აღუდგენელი კობი-გუდაურის გზა, რომელსაც ჭეშმარიტად მეცხრამეტე საუკუნის სახე აქვს თუ აღდგენილი ბაგრატი თავის მწვანე ”ფოფოხით”. რა ჯობს, ზომიერი ინფლაცია და ეკონომიკის სტიმულირება თუ მყინვარწვერივით გაშეშებული ეკონომიკა. ნამდვილად საბაზროა, ოღონდ არ ვიცით, რა?
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი