რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავისუფალია, თავისუფლებაა ღვთიური ელემენტი ადამიანში.
ვინაა თავისუფალი საბჭოეთში, არავინ. . . .
გრიგოლ რობაქიძე

თავისუფალი ასფალტის და დასაქმების ქართული კონცეფციის თეორია პიროვნების ეკონომიკური თავისუფლება და თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანა, რა არის ეს, სერიოზული საფრთხე ადამიანისთვის, როგორც კულტურულ-სოციალური თვითმყოფადობისთვის, თუ მისი ერთადერთი ბუნებრივი არსებობის ფორმა? სჭირდება კი ადამიანს საერთოდ ეკონომიკური თავისუფლება? რა, მონობაში ცუდად ცხოვრობს? ვინ იყვნენ ადამი და ევა ედემში? – მონები, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ და უზრუნველად ცხოვრობდნენ. არც ეკონომიკა სჭირდებოდათ, არც სიტყვის თავისუფლება და არც თავისუფალი ეკონომიკა. შუქიც ჰქონდათ, წყალიც, გზებიც, მაგრამ აკლდათ მთავარი – თავისუფლება. ეს ის არის სწორედ, ჩვენ უხვად რომ გვაქვს, მაგრამ სანაცვლოდ, არაფერი, ანუ ჩვენ ადამ და ევას პირობებში ვართ, ოღონდ შებრუნებით: ყველანაირი თავისუფლება გვაქვს, პირობები, არა, თანაც ვარჩევთ ცუდს და კარგს. თავისუფლების ფასად, გვაქვს შვეიცარული ყველივით დახვრეტილ-დაგლეჯილი გზები, რომელსაც კუბურ მილიმეტრში 1234 ღრმული და 345 ნაკერი აქვს. ზევიდან ისეთი დასანახია, ცასაც რცხვენია და თავისი გაუთავებელი ნიაღვრებით გამალებით რეცხავს. ბუნება მთელი ზაფხული ამით არის გართული, წვიმს და ნიაღვარი მოდის, მაგრამ ვერაფერი უშველა. ამიტომაც ყველაზე გამოცდილი საგზაოს თანამშრომლები გვყავს – იუველირები. აბა, ის არის კარგი, უცხოეთში, ევროპაში, თუნდაც თურქეთში ერთხელ დააგებენ ფართო, განიერ გზებს და შემდგომ წლობით უმუშევრები სხედან? ჩვენმა მეცნიერებმა დაამუშავეს ადამიანების პერმანენტული დასაქმების თეორია, ე.წ. წერტილოვანი დარტყმებით გზებს ვაგებთ.

წარმოიდგინეთ, გზა, სადაც ღრმულის სიგანე არის 1,4სმ3, 1 კვადრატულ მეტრზე 1234 ცალი ღრმულით, რავარი დასაგებია? ბექა და ბეშქენ ოპიზრებს გაუჭირდებოდათ ასეთი სამჭედლო საქმიანობა. არ გინდა ისროლო ასფალტი და 1.4 სმ3 ღრმულში მოარტყა, თანაც ისე თავისუფლად, რომ ერთ თვეში ამოვარდეს? აბა, ზოგიერთს ჰგონია ასფალტს არ უნდა თავისუფლება და საუკუნოდ მიჯაჭვული უნდა იყოს გზაზე. ნურას უკაცრავად, ჩემო უცხოელო კოლეგებო, ზაფხული რომ დამთავრდება, ჩვენი ასფალტის ბუთხუზა წერტილოვანი ნაჭრებიც ზღვაზე მიდიან დასასვენებლად და საერთოდ იკარგებიან, მსოფლიოში მოგზაურობენ. მერმე მათ მაგივრად ჩვენ სხვებს ვაგებთ და ხალხიც მუდმივად დასაქმებულია. მერე მარტო საგზაოს თანამშრომლები? მანქანები იმტვრევა და ფუჭდება და ჩვენც მუდმივად მათ შეკეთებაში ვართ, რითაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს დასაქმებულ ხელოსანთა რაოდენობით და მათ მიერ ერთეული მანქანების შეკეთების სიხშირით გადავაჭარბეთ. ჩვენ, ქართველი ეკონომისტები ადამიანთა პერმანენტული დასაქმების ამ თეოვაჭარბეთ. ჩვენ, ქართველი ეკონომისტები ადამიანთა პერმანენტული დასაქმების ამ თეორიას წლობით ვამუშავებდით და ახლა ამ ნოუ-ჰაუს უცხოეთში დასანერგად მეცნიერულ პროექტს ვამზადებთ. ყველაფერი მზად არის, გარდა ერთისა, პატარა დეტალი გვაკლია, სახელდობრ, როგორ გავაფუჭოთ მათი გასისინებული, უძრავი გზები და ჩვენს სტანდარტებზე მოვიყვანოთ. ამ პრობლემის მოგვარების საიდუმლოს, იმედია, ჩვენი მეგზევეები გაგვანდობენ და მთელ მსოფლიოს დავასაქმებთ.

საოცარია, სამოცდაათ წელს მიტანებულმა სოკრატემ ჯალათის მიერ მიწოდებული შხამით სავსე ფიალა პირთან მიიტანა და ბედნიერი სახით გამოცალაო. თუმცა, რა გასაკვირია, 70 წელი ძველი ათონის მოკირწყლულ გზებზე იცხოვრა და შხამს ბედნიერი სახით დალევდა, აბა რას იზამდა? საქართველოს გზებზე რომ ევლო, სამ დღეში ერთხელ გრაფიკით წყალი ჰქონოდა და 112.4 ვოლტ შუქზე ემუშავა, შხამს 25 წლის ასაკშიც სიხარულით დალევდა, გნებავთ, იგივე ადამი და ევა, აბა, ევლოთ ამ გზებზე, ცხოვრებაში საერთოდ არ შეჭამდნენ ვაშლს.

ჩემს დიდ წინაპარს უნდა შევუსწორო, თავისუფლება ადამიანთა და ასფალტთა ღვთიური ელემენტია და ასფალტს ისე სჭირდება მოძრაობა, როგორც ადამიანს დასაქმება და თავისუფლება. ასფალტზეა ნათქვამი იგი წავა და სხვა მოვა…

აი, ისევ წვიმა და თქეშია, ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება, ჯიუტად დავიწყებთ წერტილოვანი მეთოდით ასფალტის დაგებას, დავხარჯავთ ბიუჯეტს და დავასაქმებთ ხალხს. დიდია ეკონომიკური თეორიის ძალა, ტკბილია ასფალტი და დიდია თავისუფლების ძალა, მათ შორის, ასფალტის თავისუფლების. ჩვენ ხომ ასფალტს სული შთავბერეთ, მოძრაობა მივეცით, დააგებ და, ფაფუ, აღარ არის, ეს არის კრედო, სუბსტანცია და ადამიანის და ასფალტის თავისუფლების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ემპირიული გამოვლინება. ჩვენს ასფალტს სამუდამო მონობა და გზებზე მოსაწყენი სამსახური კი არ მივუსაჯეთ, როგორც უცხოეთში, არამედ წინა ასფალტი თავაზიანად გადადგება ხოლმე და შემდგომს უთმობს ადგილს. ასე გრძელდება მუდმივი, პერმანენტული როტაცია, ის კი თავისუფლად გაფრინდება და ფრიი… აი, სადამდე მივიდა ჩვენი ჰუმანურობა!

თავისუფლება თავისუფალ ადამიანთა ხვედრია, ის საბჭოეთში ვერ დაიბადებოდა და ვერც 10 წელიწადში გაიზრდებოდა, მით უფრო, ვერც თავისუფალ ეკონომიკას ვერ ააშენებდა. მას დრო სჭირდება. ჩვენ მეთოდოლოგიურად და სისტემურად დასმენაზე, ჩივილ-წუწუნზე, ამპარტავნობაზე და ბაქი-ბუქობაზე გაზრდილები ვართ, ყოველთვის გენერლების ქვეყანა ვიყავით და ჯარისკაცების სრულ დეფიციტს განვიცდიდით, მაგრამ მეასფალტეები ბლომად გვყავდა. ჰოდა, დროა ჯარისკაცები გავზარდოთ.

კარგია, ჩვენი გზები საკუთარ თავთან მარტო არ გტოვებენ. ისე განჯღრევენ, ფიქრი და დარდი არ გეკარება, სულ ფხიზელი და თავისუფალი ხარ. როცა გზა მთავრდება, სინანულიც კი გიპყრობს, მაშინ აცნობიერებ ასფალტის თავისუფლების რეალობას და ჩვენი თავისუფლების უტოპიურობას.

ისევ წვიმა, ისევ თქეში. ნიაღვარმა ისევ ბუზღუნით გარეკა ასფალტის გორები მოუსავლეთში, ისევ გაჩნდა თავისუფალი ადგილები და ისევ თავიდან იწყება… ასფალტი ნამდვილად თავისუფალია. თქვენ?