ბათუმში 50-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება. პროექტი, რომელზეც კომპანია System Inshaat მუშაობს, 2013 წლის დასაწყისში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დასამტკიცებლად წარედგინა. პროექტის მენეჯერის ალი კაიას განცხადებით, საინვესტიციო პროექტით, 2382 კვ. მეტრის ტერიტორიაზე, 50-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი განთავსდება, 67855 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 20% კი სასტუმრო უნდა იყოს.
კაიას განმარტებით, მრავალფუნქციური კომპლექსი, ბათუმის ცენტრში, Trump Tower-სა და Radison Blue Hotel-ს შორის აშენდება და ამ პროექტში კომპანია მთლიანად, 60 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას განახორციელებს.
კომპლექსის არქიტექტურასა და დიზაინს საერთაშორისო კომპანია Broadway Malyan განახორციელებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს System Consultation შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრმა, System Inshaat-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ბათუმის ცენტრში 3 997კვ. მ მიწის ფართობი შეიძინა.