ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვის აღების ვადამ 2014 წლის 1 მარტამდე გადაიწია
ხუდონჰესის მშენებლობისთვის ნებართვის აღების ვადამ 2014 წლის 1 მარტამდე გადაიწია. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, საქართველოს მთავრობასა და მშენებელ კომპანია ”ტრანსელექტრას” შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
”პირველი გავაკეთეთ ის, რომ მორატორიუმი, რომელიც 3 თვით იყო გამოცხადებული, კომპანია მორატორიუმში გამოგვყავს და მშენებლობის ნებართვის აღების გადავადება 2014 წლის 1 მარტამდე მოხდა”, _ განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს არასამთავრობოებისა და ექსპერტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, მინისტრის თქმით, ეს რეკომენდაციებს არ უკავშირდება.
”ეს არის მორატორიუმი, რომელიც გამოცხადებული იყო ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ იმ მიმართულებით, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს მთავრობასა და ამ კომპანიას შორის იყო დადებული, შეგვესწავლა, გაგვეგო ამ ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამოთქმული იყო შენიშვნები იმ ჯგუფის მიერ, რომელიც მუშაობდა. ჩვენ ყველა ეს შენიშვნა კომპანიას მივაწოდეთ და გათვალისწინებულ იქნა ახალ ხელშეკრულებაში. კომპანიამ უნდა მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ჩაბარდება და შემდეგ სამინისტრო მისცემს ან დადებით ან უარყოფით შეფასებას და სამშენებლო ნებართვე-
ბი ან გაიცემა ან არა”, _ განაცხადა კალაძემ.