საქმიანი ტურიზმის ქართული პერსპექტივები

მაკა ღანიაშვილი

მსოფლიო მასშტაბით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიას წარმოადგენს. 2011 წელს, ტურიზმის წილმა მსოფლიო მთლიან შიდა პროდუქტში 9% შეადგინა, რაც 6 ტრილიონ დოლარს აღემატება. აღნიშნულ სექტორში 255 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს, რაც მსოფლიო მასშტაბით დასაქმების 8.7%-ს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ტურიზმის ინდუსტრიის ზრდა გაგრძელდება საშუალოდ 4%-იანი წლიური მატების ტემპით და უახლოეს წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს, ანუ დაახლოებით 10 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება. გარდა ამისა, მსოფლიო ტურიზმის მკვლევარი ორგანიზაცია UNWTO-ს პროგნოზით, საერთაშორისო მოგზაურების სტაბილური, საშუალოდ 3.3%-იანი, ზრდის ტემპი 2030 წლამდე შენარჩუნდება.

UNWTO-ის მონაცემებით, რომელიც 2013 წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა, 2012 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით წინა წელთან შედარებით 4%-ით, 1.035 მილიარდამდე გაიზარდა. განსაკუთრებული აქტივობა ტურისტთა მხრიდან აზიასა და წყნარი ოკეანის აუზში დაფიქსირდა. როგორც ორგანიზაციის სტატისტიკა გვამცნობს, გასულ წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიარდ ადამიანს. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 996 მილიონი იყო. ამასთანავე, ტურისტების რაოდენობა უფრო გაიზრდა განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში (ზრდა, საერთო ჯამში, 4.1%), ზრდის მაჩვენებლით მათ განვითარებულ ქვეყნებს გაუსწრეს, სადაც ზრდის საშუალო მაჩვენებელი 3,6%-ია.

1
რეგიონების მიხედვით 2013 წელს ტურისტების ზრდის პროგნოზი ასეთია: აზია და წყნარი ოკეანე _ 6%, აფრიკა _ 6%, ამერიკა _ 4%, ევროპა 3%, ახლო აღმოსავლეთი _ 5%. ქვეყნების მიხედვით გასული წლის ყველაზე პოპულარლი ადგილები ტურისტებს შორის იყო ჰონ-კონგი (16%-იანი ზრდით), აშშ (10%), დიდი ბრიტანეთი (6%) და გერმანია (5%).

ტურისტული დანახარჯების მიხედვით პირველ ადგილზეა ჩინეთი და რუსეთი, დანახარჯები ტურისტულ სექტორში ამ ქვეყნებში, შესაბამისად, 42 და 31%-ით გაიზრდა. გერმანიაში 3%-ით, 2-წლიანი პაუზის შემდეგ ტურისტული სეგმენტიდან შემოსავლები გაიზარდა დიდ ბრიტანეთშიც 5%-ით, აშშ-სა და კანადაში 7%-ით. არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ტურისტული შემოსავლების შემცირება დაფიქსირდა საფრანგეთსა და იტალიაში შესაბამისად 7 და 2%-ით. ტურისტული დანახარჯები გაიზარდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ვენესუელა (31%-ით), პოლონეთი (19%), ფილიპინები (17%), მალაიზია (15%), საუდის არაბეთი (14%)და ბელგია (12%). 2011 წელს შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8%-ით გაიზარდა და პირველად ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ზრდის ტენდენცია 2007-2011 წლებში ყველა წლის მიხედვით ფიქსირდებოდა, გარდა 2009 წლისა, როდესაც შემოსავლების შემცირება აღინიშნა და ეს მაჩვენებელი 852 მილიარდამდე დაეცა.

2
2011 წელს World Travel and Tourism Council-ის კვლევების თანახმად, მიუხედავად ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობისა და ბუნებრივი კატაკლიზმებისა, ინდუსტრიის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 3%-ით გაიზარდა და 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. შედეგად, შეიქმნა 1.2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიო ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ზრდას მომავალშიც განაგრძობს, მოიმატებს აგრეთვე სამუშაო ადგილების რაოდენობაც. კვლევების თანახმად, აღნიშნული ზრდა არა მხოლოდ დიდ განვითარებად ქვეყნებში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) დაფიქსირდება, არამედ მთელს ჩრდილო აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა, განსაკურებით განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, ბიზნეს მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს. ამავე კვლევებზე დაყრდნობით, ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუციის ზრდა მთლიან შიდა პროდუქტში 2012 წელს სტაბილურად 3% იქნება. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სექტორი დაახლოებით 2 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ვიზიტორების ექსპორტი 2%-ით, ხოლო ინვესტიციები 3.5%-ით გაიზრდება.

განსხვავდება თუ არა ქართული ტენდენციები გლობალურისგან?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურების რიცხვის მკვეთრი ზრდა საქართველოშიც აღინიშნება. 2011 წელს უცხოელთა რაოდენობამ 2 822 363 შეადგინა, რაც 39%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით. 2012 წელს კი უცხოელ მოგზაურთა რაოდენობა 56% გაიზარდა და 4 389 256 მიაღწია. ზრდის ტემპის თვალსაზრისით, საქართველო ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

3
მსოფლიოს მთლიან საერთაშორისო მოგზაურთა შორის საქართველოს სტუმართა წილი 2007 წლიდან 2012 წლამდე 0.12%-დან 0.29%-მდე გაიზარდა. ბოლო სამი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საერთაშორისო მოგზაურების უდიდესი ნაწილი საქართველოს ივლის-აგვისტოში სტუმრობს. მოგზაურთა მხრივ, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი პირველ სამეულს წარმოადგენს, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების წილი მთლიანი ვიზიტორების 76%-ია. სასტუმროების ბაზარზე ამჟამად აჭარის ზღვისპირა რეგიონი და თბილისი დომინირებს. სულ საქართველოს ტერიტორიაზე 1051 განთავსების საშუალებაა 34 751 საწოლი ადგილით. საწოლების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილზე აჭარის რეგიონია. მათი რაოდენობის 63% სასტუმროებზე მოდის. შემდეგ არის სასტუმრო სახლები (16%) და საოჯახო სასტუმროები (16%). საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2011 წელს 954 908 000 აშშ დოლარი შეადგინა და მთლიანი გამოშვების 7%-ს მიაღწია.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, ქართული ტურისტული სააგენტოები გასულ ტურისტულ სეზონებს არც თუ წარმატებულად აფასებენ. კომპანიების ნაწილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, რაც უცხოეთში სარეკლამო კამპანიების შემცირებაში გამოიხატება. ტურიზმის ეროვნული სააგენტო ტურისტული კომპანიების პრეტენზიებს უარყოფს და აცხადებენ, რომ საქართველო მოკლე პერიოდში 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა და უახლოეს მომავალში კიდევ 6 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა იგეგმება.

4
სააგენტოს წარმომადგენლები არც საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების შემცირებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეთანხმებიან და შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებს იმოწმებენ, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ტურისტების ნაკადის 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტურიზმის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, თუმცა მათი განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ კონკრეტულ ტურისტულ კომპანიებს, ან ტურიზმის კონკრეტულ მიმართულებას მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებოდა.

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე: ”ზამთრის სეზონი ძალიან შედეგიანი და აქტიური იყო. 2012 წელთან შედარებით მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში ტურისტების შემოდინების 37%-იანი ზრდა აღინიშნება. სამი თვის განმავლობაში წელს მილიონამდე ვიზიტორი გვყავდა საქართველოში, რაც, დამეთანხმებით, დიდ ციფრს წარმოადგენს. მოლოდინი ზაფხულის სეზონზე უფრო მეტი გვაქვს და ველოდებით, რომ ზრდა 37%-ზე მეტი იქნება. მომავალი ზაფხულისთვის უკვე დაწყებულია სასტუმროების დაჯავშნა”.

5
”ტურისტული კომპანია ”იტა ჯორჯია” 12 წელია ბაზარზე ვართ. გვაქვს როგორც შიდა, ასევე გამყვანი ტურიზმი. შემომყვან ტურიზმთან დაკავშირებით, 2008 წლის შემდეგ მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა. 2010-2011 წლებში უკვე ნორმალური, საშუალოსტატისტიკური შედეგები გვქონდა, რასაც ვერ ვიტყვით 2012 წელზე. განსაკუთრებით, ზამთრის სეზონს ვგულისხმობ. მართალია, ვიზიტორების რაოდენობა არც თუ მცირე იყო, მაგრამ თითქმის ყველა სასტუმრო უცხოეთიდან იყო გადაჯავშნილი და მომხმარებელი ჩვენი ტურისტული კომპანიების მომსახურებით ნაკლებად სარგებლობდა. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში ოპერირებადი სასტუმროები არასწორ მენეჯმენტს იყენებენ, მათ ურჩევნიათ პირდაპირ უცხოურ კომპანიებს დაუკავშირდნენ და მათი საშუალებით მოიზიდონ კლიენტები. იმედი აქვთ, რომ ისინი მეტად გაყიდიან მათ ოთახებს”, _ აცხადებს ჩვენთან საუბრისას ნინო ხურცილავა, ტურისტული კომპანია ”იტა ჯორჯიას” განვითარების მენეჯერი.

ტურისტული კომპანიების მსგავს განცხადებებს სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს. თურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მოგზაურების 70% ვიზიტს თავადვე გეგმავს, ვიზიტების 16% ორგანიზებულია მეგობრების/ოჯახის წევრების მიერ, 8% დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ და მხოლოდ 1.4% იყენებს ტურის დასაგეგმად ტურისტულ სააგენტოებს.
ტურიზმის განვითარების კიდევ ერთ ხელშემწყობ ფაქტორად დარგის წარმომადგენლები ახალი მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას ასახელებენ. ”პირველ რიგში, აუცილებელია ტურიზმის სფეროში ახალი მიმართუებების დანერგვა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ახალი ტურისტული პროდუქტები შევქმნათ და ამით ტურისტების რაოდენობა საქართველოში გავზარდოთ. ეს შეიძლება იყოს სათავგადასავლო, ისტორიული ტურები, საქმიანი ტურიზმი, ეკოტურიზმი და ა.შ. გასულ ტურისტულ სეზონზე საკმარისი აქტივობა იყო, განსაკუთრებით – რუსეთ-უკრაინიდან ზამთრის კურორტებზე. წელს სასტუმროებზე დატვირთვაც მეტი იყო. საზაფხულოდაც იგივეს ველოდებით, მთავარია, ქვეყანაში იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და ფეხი ავუწყოთ ახალ ტენდენციებს”, _ აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი.

განვითარებადი ქვეყნებისთვის ტურიზმის ერთ-ერთი ინოვაციური მიმართულება არის საქმიანი ტურიზმი, რომელიც განვითარებული ქვეყნებისთვის უკვე მნიშვნელოვანი სეგმენტია, განვითარებად ეკონომიკებში კი ახლა იკიდებს ფეხს. შეხვედრების, ინიციატივების, კონფერენციებისა და გამოფენების ტურიზმი (MICE) პირველად ბიზნესისა და მედიის კომუნიკაციის აღმნიშვნელი ტერმინი იყო.

საქმიანი ტურიზმისთვის ბიზნეს კლიმატის გაუარესების კვალდაკვალ 2008 წლიდან მოყოლებული რთული პერიოდი დადგა. მაგრამ 2010 წლიდან მსოფლიოს ტურისტული კომპანიების მიერ საქმიანი ვიზიტების ხარჯებს შემცირების კვალდაკვალ, აქტივობები კვლავ გაიზრდა. ბოლო წლების განმავლობაში საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია აღდგენას განაგრძობს და ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან სეგმენტს წარმოადგენს. თუკი ადრე ეკონომისტები ვერ მიდიოდნენ საერთო აზრამდე საქმიანი ტურიზმის პერსპექტივებთან დაკავშირებით, ამჟამად ექსპერტები თანხმდებიან, რომ მსოფლიოში უკვე გაჩნდა ამგვარი ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი ფაქტორები მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ევროპაში ზრდის ტენდენციას კორპორატიული ღონისძიებების მატება განაპირობებს, რომლებშიც საერთაშორისო ასოციაციები მონაწილეობენ.

ვიზიტების საერთო ხანგრძლივობა 6,5-დან 4 ღამემდე შემცირდა. მოგზაურობები ნაკლებად ექსტრავაგანტული გახდა – ისინი შიდა მიმართულებებით შემოიფარგლება ან უფრო ახლომდებარე ქალაქებსა და ქვეყნებში ხორციელდება. შორეული ვიზიტები კი იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ საქმიანმა ადამიანებმა ბიზნეს-კლასზე უარი თქვეს და ეკონომ-კლასით მგზავრობა დაიწყეს. რაც შეეხება კონფერენციების თემატიკას, მათში გაიზარდა განათლებისა და ეკოლოგიის საკითხებისადმი ინტერესი. ევროპაში ბიზნეს-ტურიზმის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად დასახელდა ბარსელონა, მადრიდი, ნიცა, პარიზი და რომი. ადამიანზე საშუალო სამივლინებო ხარჯები კი დღე-ღამეში 150 ევროდან 175 ევრომდე მერყეობს.

მიმდინარე წლის 12 აპრილს USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ (EPI) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციასა და ექსპო ჯორჯიასთან ერთად უმასპინძლა ”საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების (MICE) მეორე კონფერენციას”.

6
მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე: ”MICE ტურიზმი, ზოგადად, ძალიან ნიშვნელოვანი სფეროა. საინტერესო მიმართულებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რადგან ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სეგმენტია ტურიზმისა. საქმიანი ტურიზმის კუთხით, შეხვედრების, კონფერენციების და ფორუმების ორგანიზებამ ძალიან დიდი ფინანსური შემოსავალი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას. რაც უფრო ძლიერი იქნება ქვეყანაში საქმიანი ტურიზმი და რაც უფრო ძლიერი იქნება კერძო სექტორი ამ სფეროში, მით უფრო მეტი თანხები შემოვა ქვეყნის ეკონომიკაში. სახელმწიფოს მხრიდან მზადყოფნა არის იმისათვის, რომ ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობა მოხდეს”.

7
ზვიად ქვლივიძე EPI-ს წამომადგენელი: ”საქმიანი ტურიზმი ტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა. საქართველოში საქმიანი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველ რიგში, საქმიანი მიზნებით ჩამოსული ვიზიტორები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ქვეყანაში ყოფნისას, ვიდრე სხვა ტურისტები. ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია მთელ მსოფლიოში. ძალიან განვითარებულია გერმანიაში, ესპანეთში და სხვა მაღალგანვიათერებულ ქვეყენებში. განვითარებად ქვეყნებში ეს მიმართულება ახლა იკიდებს ფეხს და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ ამ ტენდენციებს. EPI-ის მიერ ამ სექტორის კვლევა და შეფასება მოხდა. ტურიზმის სექტორებიდან, ჩვენი აზრით, ღვინის ტურიზმისა და საქმიანი ტურიზმის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში, ეს არის კარგი პოტენციალი ექსპორტის, დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვისა და პროდუქტიულობის გაზრდს კუთხით.
ამ დასკვნის გაკეთების საბაბს კი ის გვაძლევს, რომ თბილისში და ბათუმში ძალიან კარგი სასტუმროები გვაქვს. არსებული რესურსებით გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 50-700-კაციან კონგრესს, კონფერენცებს და ფორუმებს ვუმასპინძლოთ. დარგის განვითარებისათვის კი აუცილებელია როგორც კერძო სექტორის მზაობა, ასევე თანამშრომლობა მთავრობის მხრიდან. ასევე აუცილებელია Convention Bureau-ის დაარსება, რის გარეშეც ამ სეგმენტის განვითარება წარმოუდგენელია”.

საქმიანი ტურიზმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე შემდეგი ციფრებიც მეტყველებს: მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს მონაცემებით, მსოფლიო ვაჭრობის ზრდაში, 33% ბიზნეს ტურიზმზე მოდის, საქმიანი ტურიზმის სფეროში სამუშაო ადგილების ზრდა ბოლო პერიოდში 400 მილიონს აღწევს.