ვის იცავს კანონი
ლევან როგავა
9 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 75 ხმით შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, მთავარი ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში ისაა, რომ ახალი კოდექსის პირობებში აღარ მოხდება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლება.
”2006 წლიდან, რაც ეს კოდექსი მოქმედებდა, ათეულობით და ათასეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც დასაქმებულს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ათავისუფლებდნენ სამსახურიდან.
კოდექსში ცვლილებების შემდეგ გადაიხედება ხელშეკრულებების საკითხი და ადამიანებს იმის შიში არ ექნებათ, რომ მათ ერთთვიან ხელშეკრულებებს არ გაუგრძელებენ”, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
კოდექსის ახალი პროექტი დასაქმებულის უფლებების ზრდაზეა ორიენტირებული. იცვლება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები. დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ხელშეკრულების გაწყვეტამდე 30 დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული. ამასტანავე, დასაქმებულს შეეძლება დამსაქმებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ერთ კვირაში სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა 41 საათით განისაზღვრება. დამატებით 7 საათი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმების საგანია, იმ შემთხვევაში თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, 41 საათს ზემოთ 7 საათი ზეგანაკვეთურად არ ჩაითვალოს. 48 საათზე მეტი კი ჩაითვლება ზეგანაკვეთურად და ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის 1.25%-ის ოდენობით.
ახალი შრომის კოდექსი დიდი დისკუსიების საგანია. დამსაქმებლები მიიჩნევენ, რომ ის ცვლილებები, რომელსაც ახალი ხელისუფლება ამტკიცებს, ბიზნეს კლიმატს ქვეყანაში საგრძნობლად გააუარესებს. თუ ადრე კოდექსში არსებული კაბალური პირობების გამო პროფკავშირები ჩიოდნენ, ახლა მსგავსი პრეტენზიები ბიზნესმენებს აქვთ. მათი განცხადებით, ახალი შრომის კოდექსი ქვეყანაში უმუშევრობის ზრდის წინაპირობა გახდება. რადგან ბიზნესი ახალი კადრების აყვანისას ძალიან იფრთხილებს, თუკი თუ ადამიანს ვერ გაათავისუფლებ, იმ შემთხვევაში, თუ მისი კვალიფიკაცია არ გაკმაყოფილებს.
უმუშევრობის დინამიკა ქვეყანაში კატასტროფულ სახეს იღებს. NDI-ის ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 72% თავს უმუშევრად მიიჩნევს. გამოკითხულთა მხოლოდ 28%-მა თქვა, რომ ის დასაქმებულია. აღსანიშნავია, რომ იმავე კვლევის მიხედვით, 2012 წლის ნოემბერში თავს უმუშევრად რესპოდენტთა 67% მიიჩნევდა. ამასთანავე, გამოკითხულთა უმრავლესობა _ 61% _ ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, რთული სათქმელია, რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ქვეყნისათვის დასაქმებულთა უფლებებზე ”აწყობილი” ახალი შრომის კოდექსი.
დიდი განხილვის საგანი გახდა კონტრაქტის ვადები. უვადო ხელშეკრულების დაკანონებას, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის უმრავლესობაშიც ჰყავდა მოწინააღმდეგეები. ”არ მომწონს მუდმივი კონტრაქტის ფორმა და ვფიქრობ, ეს საკითხი გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს. არ შეიძლება მხოლოდ დაქირავებულისკენ გადავიხაროთ, ოქროს შუალედი უნდა ავიღოთ”, _ განუცხადა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
საბოლოოდ, დამსაქმებლებს ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება მისცეს. ოღონდ დათქმით _ ”ობიექტური მიზეზების” არსებობის შემთხვევაში. იმავე პირობით შესაძლებელი იქნება უვადო ხელშეკრულების შეწყვეტაც. მაგრამ რა შეიძლება გახდეს ”ობიექტური მიზეზი”, ეს ბუნდოვანია. ამასთანავე, შრომის კოდექსში იდება მუხლი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, რომ სამსახურიდან დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლება სისხლის სამართლის დანაშაულად შეირაცხოს.
კოდექსში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას მხარს უჭერს ამერიკის სავაჭრო პალატაც. ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობა საქართველოსთვის GSP პრეფერენციით სარგებლობის შეჩერების საკითხსაც განიხილავდა, იმ შემთხვევაში თუ კოდექსში შესაბამისი ცვლილებები არ შევიდოდა.
შეგახსენებთ, GSP-ის მეშვეობით შესაძლებელია აშშ-ის ბაზარზე 3400 დასახელების პროდუქციის ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფებით შეტანა. საქართველოს ეს რეჟიმი აშშ-სთან ცალმხრივად 2001 წლიდან აქვს ამოქმედებული. ამერიკის პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, თუ საქართველოს შრომის კოდექსის საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოება არ მოხდება, საქართველო აშშ-სთან GSP სისტემით დაწესებული სავაჭრო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებს.
საქართველოსთვის GSP-ს შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ-ის პროფკავშირებმა პეტიციით მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში ძველი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
ამერიკის სავაჭრო პალატას შენიშვნები ახალ კოდექსთან დაკავშირებითაც აქვს. კერძოდ, კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლებში მუშაობასა და მოქნილ სამუშაო გრაფიკს ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაოსთვის (სამედიცინო დაწესებულებები, დაცვის სამსახური, საჰაერო კონტროლი, ზოგიერთი დარგის საწარმო და სხვ.).
ანდრეა ვილსონი (საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი): ”არსებობს უამრავი მიზეზი, რომელთა გამოც, შესაძლებელია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა არ აეწყოს – შრომის კოდექსშიც ყველა შესაძლო მიზეზის გათვალისწინება შეუძლებელია. დამსაქმებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაათავისუფლონ დასაქმებული სპეციფიკური მიზეზების გარეშეც – მაგალითად, როცა დასაქმებული ვერ ახერხებს კოორდინირებას საკუთარ პოტენციალთან, არ ასრულებს სამუშაოს ხარისხიანად ან ვერ ეგუება თანამშრომლებს… ეს არ ნიშნავს, რომ დამსაქმებელს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დასაქმებული – ეს უნდა მოხდეს გაფრთხილების, დასაქმებულისთვის შესაფერისი შეტყობინებისა და კომპენსაციის მიცემის შემდგომ”.
შრომითი ურთიერთობების მოგვარების პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს. შრომითი კანონდებლობა და მასთან დაკავშირებული სოციალური საკითხები ევროკავშირისთვისაც სულ უფრო აქტუალური ხდება.
გერმანია, დიდ ბრიტანეთთან, ავსტრიასთან და ჰოლანდიასთან ერთად, მოითხოვს ევროპული ორგანიზაციებისგან გადამწყვეტი ზომების მიღებას ე.წ. ”სოციალური ტურიზმის” შესაზღუდად. ევროპაში ფაქტობრივად ტრადიციად იქცა ნაკლებგანვითარებული ქვეყნებიდან მაღალგანვითარებულში მიგრაცია უკეთესი სოციალური შეღავათების მიღების მიზნით. რაც ზემოთ დასახელებული ქვეყნების სოციალურ სისტემებს კატასტროფით ემუქრება.
სოციალური ტურისტების რიცხვი განსაკუთრებით დიდია რუმინეთიდან და ბულგარეთიდან. გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია სასწარაფო ზომების მიღებას სთხოვენ ევროპის საბჭოს. ისინი, პირველ რიგში, მოითხოვენ თავისუფალი გადაადგილების წესების შეზღუდვას ევროკავშირის შიგნით. ამ იდეით პირველად დიდი ბრიტანეთის მთავრობა გამოვიდა 2010 წელს. მაშინ ბრიტანელები ევროკომისიამ მსგავსი მოთხოვნის გამო გააკრიტიკა. მაგრამ ახლა დიდი ბრიტანეთი მარტო აღარაა, მის მოთხოვნას უერთდებიან გერმანია, ავსტრია და ჰოლადნია, ქვეყნები, სადაც ”სოციალური ტურიზმი” ზენიტშია.
დიდი ბირატენთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი: ”ევროკავშირის ფარგლებში თავისუფალი გადაადგილება არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთს უქმნის პრობლემებს. ამიტომაც ამ საკითხთან ბრძოლა გაერთიანებული ძალებით გვმართებს. უნდა შევქმნათ ისეთი საიმიგრაციო სისტემა, რომელიც მოემსახურება ეროვნულ ინტერესებს. ამ სისტემის ფარგლებში, უნდა დავიცვათ ადგილობრივთა სოციალური ინტერესები იმათთან შედარებით, ვინც სხვა ქვეყნებიდან მხოლოდ სოციალური შეღავათების მიღების მიზნით ჩამოდის”.
სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის ბოლოსათვის გერმანიაში მუდმივად ცხოვრობდა ბულგარეთისა და რუმინეთის 147 000 მოქალაქე. 2012 წელს კი, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში მათი რიცხვი 88 ათასით გაიზარდა. ახალ მცხოვრებთა აბსოლუტური უმეტესობა კი ჩასვლისთანავე ყველანაირ ღონეს ხმარობს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარებების მისაღებად.
2014 წელს, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეებს აბსოლუტური წვდომა ექნებათ შრომის ბაზარზე მათთვის სხვა სოციალური შეღავათებიც ამოქმედდება, მაგალითად, დახმარება მათი მცირეწლოანი შვილებისთვის, რომლებიც მშობლების გარეშე სამშობლოში დარჩნენ. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰანს-პეტერ ფრიდრიხი აცხადებს, რომ ევროკავშირში საჭიროა არა მხოლოდ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, არამედ იმათი დეპორტირებაც, ვინც უკვე გერმანიაში ჩასულია. ”ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგები, რომ ადამიანი გერმანიაში სამუშაოდ ჩამოდის, მაგრამ, როცა მათი ინტერესი მხოლოდ სოციალური გარანტიების მიღებაა, ეს სიტუაციას ცვლის. ამიტომაც აუცილებლად მიგვაჩნია უკე ჩამოსულების დეპორტირებაც საკუთარ ქვეყნებში და მათთვის გერმანიაში 1-2 წლის მანძილზე ჩამოსვლის აკძალვა”.
ევროკომისია ამ საკითხის განხილვისაგან ჯერ ისევ თავს იკავებს. მათი არგუმენტით ვერც დიდი ბრტანეთი და ვერც სხვა ქვეყნები ვერ ასაბუთებენ ე.წ. ”სოციალური ტურიზმის” მოზღვავებას, შესაბამისად, ევროკომისა ვერც ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საჭიროებას ხედავს.