როგორ იყენებენ ბანკები კონფიდენციალურ ინფორმაციებს ბიზნესის შესახებ
მაკა ღანიაშვილი
ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი. სამშენებლო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, ამ სფეროებში ბანკების მონაწილეობა ბიზნეს გარემოს ფაქტობრივად უკონკურენტოს ხდის და სფეროს განვითარებას სერიოზულად ამუხრუჭებს. ქართულ ბანკებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია სადაზღვევო, სალიზინგო, ქონების მართვის, ასევე საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული ფირმების მართვა.
”თიბისი ბანკი” ფლობს სალიზინგო კომპანია ”თიბისი ლიზინგის” 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება ”თიბისი კრედიტის” 75%-ს, საბროკერო კომპანია ”თიბისი ბროკერის” 100%-ს, ”გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის” 93%-ს, ”უძრავი ქონების მართვის ფონდის” 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, ”თიბისი ფეის” 100%-ს, ასევე ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია ”თიბისი ინვესტს”.
კიდევ უფრო მეტი არაპროფილური კომპანია აქვს „საქართველოს ბანკს~ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი 50-ზე მეტ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულ კომპანიას ფლობს: სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაის~ 100%-ს, ”თელიანი ველის” და ”თელიანი თრეიდინგის” 100%-ს, კონიაკის საწარმო ”ლე კავკასის” 100%-ს, ხის კასრების საწარმო ”კუპას” 70%-ს, ტუროპერატორ ”ინტერტურის” 97%-ს, „პლანეტა ფორტეს~ 51%-ს, ”კავკასუს ავტოჰაუსს” და საკალათბურთო კლუბ ”დინამო თბილისს”. ქართული ბანკების არაპროფილური ბიზნესებისადმი დაინტერესება 2008 წლის, ანუ კრიზის შემდგომ გაორმაგდა.
ბანკირების წინააღმდეგ განსაკუთრებით დეველოპერები ილაშქრებენ. ისინი საქართველოში არსებული დაუსრულებელ სამშენებლო კრიზისს დიდწილად ბანკების ”დამსახურებად” მიიჩნევენ.
ამ პოზიციას არ იზიარებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ზურაბ გვასალიას განცხადებით, ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს და აშშ-სა და ევროპაში ფინანსური ბაზრების მოდერნიზაციის პოლიტიკითაც არის ცნობილი. ამ პოლიტიკის მიზანი საფინანსო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება იყო. ”მე ვერ გამიგია რაში იზღუდებიან დეველოპერული კომპანიები, მათ აქვთ მიმზიდველი და მომგებიანი პროექტები და ბანკები დაფინანსებაზე უარს ეუბნებიან?” – აცხადებს გვასალია მშენებელთა საწინააღმდეგოდ.
ბანკების ასოციაცია პარლამენტის მიერ ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების შეზღუდვას არ ემხრობა. ზურაბ გვასალიას თქმით, 2012 წელს ბანკებმა მარტო სამშენებლოებზე ნახევარ მილიარდზე მეტი კრედიტი გასცეს. გვასალია სამშენებლო ბიზნესის გამოცოცხლებას ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების შეზღუდვაში ვერ ხედავს. მისი თქმით, ბანკები სამშენებლოებზე სესხებს გასცემენ, თუმცა, კომპანიები ბანკებს სესხის საჭიროებაში ვერ არწმუნებენ.
კომერციული ბანკები არაპროფილური აქტივების ჩამოშორებაზე უარს აცხადებენ. ისინი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას აპირებენ და პოზიციების დათმობას არც კი ფიქრობენ. ამას ამტკიცებს საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ მენაშენეებისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ბანკებისთვის მიუღებელია ბრალდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ბანკების სესხების წყალობით განვითარდა არაერთი ინდუსტრია.
ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ არაპროფილური აქტივების ფლობას განსაზღვრავს და მკაცრად არეგულირებს კომერციული ბანკების შესახებ კანონი, რომლის მიხედვით ბანკი ვერასდროს გახდება არასაბანკო სფეროს მნიშვნელოვანი მოთამაშე და ხელს ვერ შეუშლის სხვა კომპანიის განვითარებას. ბანკები მენაშენეთა ასოციაციის პოზიციას არასათანადოდ არგუმენტირებულად მიიჩნევენ და საკითხის გადასაწყვეტად სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივას გამოთქვამენ.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით კი, ბანკების ჩართულობა არაპროფილურ ბიზნესში არასწორია და ამ მიმართულებით ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ხელისუფლების პოზიციაც დეველოპერების მოსაზრებას ემთხვევა. კერძოდ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბანკების მხრიდან საკუთარი სამშენებლო კომპანიების ფლობა და დაკრედიტება მეწარმეებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს. ზურაბ ტყემალაძის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, რომელიც ასევე გააკონტროლებს ბანკების მხრიდან დეველოპერულ საქმიანობაში ჩარევას.
გვასალია კი სხვაგვარად ფიქრობს. მას ეეჭვება, რომ ანტიმონოპოლიურ კანონში კონკრეტული სფეროს გამოყოფა მოხდეს ან ჩაიწეროს, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ დეველოპერული კომპანიების ფლობა ან რაიმე მსგავსი შეზღუდვა დაწესდეს.
მარტის მიწურულს პარლამენტში ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების შეზღუდვაზე მუშაობა დაიწყო. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანი, რომელიც მენაშენეთა პრობლემების შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბანკების საკუთრებაში მყოფი დეველოპერული კომპანიები არიან. მისი თქმით, 2008 წლიდან ბანკები თავს იკავებენ სამშენებლო სფეროს დაკრედიტებისგან და ხშირად მხოლოდ შვილობილ სამშენებლოებს აფინანსებენ.
უნდა ფლობდნენ თუ არა ბანკები არაპროფილურ აქტივებს? უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ უფლება, შევიდნენ სადაზღვევო, სამშენებლო, ტურისტულ, სამედიცინო მომსახურების, კვების, მეღვინეობის, ვაჭრობის და სხვა დარგებში? ამ ფაქტის მოწინააღმდეგეებს ბევრი არგუმენტი აქვთ.
ბანკი წარმოადგენს ნებისმიერი ბიზნესისთვის დაფინანსების წყაროს. ბიზნეს სესხის მისაღებად კი ბიზნესის წარმომადგენელი ვალდებულია დეტალურად მოამზადოს ბიზნეს-გეგმა და წარადგინოს ის ბანკში – მომსახურე კრედიტ-ოფიცერთან, რომელიც, თავის მხრივ, ბიზნეს-გეგმას დამატებითი ანალიტიკური ინფორმაციის თანხლებით წარადგენს ბანკის ძირითადი მენეჯერების, ანუ საკრედიტო კომიტეტის წინაშე. ბანკი და კომიტეტი ითხოვს დეტალურ, ხშირად კონფიდენციალურ ინფორმაციასაც, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ კომპანიის საკუთრებას, ინტელექტუალურ რესურსს, ღირებულებას შედეგად, ნებისმიერი ბანკი, რომელიც გასცემს ბიზნეს სესხებს, ფლობს დეტალურ ინფორმაციას საკუთარი კლიენტების შიდა სამზარეულოს შესახებ, რომელშიც შედის ბიზნესის სტრატეგიული, ფინანსური, მარკეტინგული და სხვა სახის დეტალური გადაწყვეტილებები. ჩვეულებრივ შემთხვევაში, როდესაც ბანკი არ ფლობს დასაკრედიტებელი ბიზნესის დარგში საკუთარ კომპანიას, იგი ორიენტირებულია სწორად შეაფასოს რისკები, დაუწესოს ბიზნესს შესაბამისი ოდენობის პროცენტი მოთხოვნილ თანხაზე ან სულაც მოსთხოვოს მას ბიზნეს-გეგმის ან თანხების კორექტირება.
მაგრამ ინტერესთა კონფლიქტის ალბათობა დიდია მაშინ, როდესაც ბანკი ფლობს ბიზნესს ამავე დარგში. რა ხდება ამ დროს? ლოგიკურია, რომ ბანკი შეეცდება მის ხელში მოხვედრილი მთელი ინფორმაცია გამოიყენოს მის საკუთრებაში არსებული კომპანიის სასიკეთოდ. ბანკს აქვს ბუნებრივი ინტერესთა კონფლიქტი ასეთ ბიზნესთან, საკუთარი ანალოგიური კომპანიისთვის განვითარების მეტი სტიმულის მიცემის და კონკურენტის განვითარების კონტროლის ქვეშ მოქცევის სახით. იმ შემთხვევაში თუ სხვა კომპანია მომგებიანია, მუშაობს კარგად, ვიდრე ბანკის საკუთრებაში არსებული კომპანია და მისთვის გადამწყვეტია ახალი დაფინანსების მიღება, ბანკს უჩნდება ბუნებრივი მოტივები მისი განვითარება მოაქციოს საკუთარი კონტროლის ქვეშ, დაფინანსების და მისი პირობების ბერკეტად გამოყენების გზით.
ამ ყველაფერს კი ლოგიკურად მოყვება ის, რომ სხვა კომპანიებს უწევთ უფრო მეტი პროცენტის გადახდა, ვიდრე ბანკის საკუთრებაში არსებულ ანალოგიურ კომპანიებს; სხვა კომპანიები ვერ ან გვიან იღებენ სესხს და უფრო ცუდ პირობებში, ვიდრე ბანკის საკუთრებაში არსებული ანალოგიური კომპანიები. სხვა კომპანიები იძულებული ხდებიან დათანხმდნენ ბანკების მიერ ნაკარნახებ, განსაკუთრებულად წამგებიან და მძიმე პირობებს დაფინანსების მიღების სანაცვლოდ, რაც შემდგომში მათთვის საბედისწერო შეცდომა და დახურვა-გაკოტრების მიზეზი ხდება ხოლმე.
მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ თვითონ საბანკო სექტორშიც არაკონკურენტული გარემოა. საქართველოში მოქმედი ყველა ბანკი არ აფინანსებს ყველა ტიპის ბიზნესს და არც ერთი ბანკი არ არის შეზღუდული გამოიყენოს საკუთარი პოტენციური ან არსებული კლიენტების ბიზნეს-გეგმები – მათ საქმიანობას არ არეგულირებს დღეისთვის ანტიმონოპოლიური კანონმდებრობა და მათ შეუძლიათ არაპროფილურ ბიზნესში თავისუფლად შესვლა. ამ შემთხვევაში, რჩება რამდენიმე ძირითადი ბანკი, რომელთანაც შეუძლია მისვლა ბიზნესს სესხის ასაღებად, რომელთაც თითქმის უამრავ სფეროში აქვთ საკუთარი კომპანიები.