ტრამპის განახლებული პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები
ქეთევან ქურდაშვილი
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სტუდენტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი მმართველი გუნდის მოსვლას სერიოზული ცვლილებები მოჰყვა. ძირითადად, ეს შეეხება: ვაჭრობას, ჯანდაცვას, გადასახადების პოლიტიკასა და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საგადასახადო რეფორმა იქნება ყველაზე მასშტაბური. ჯერ კიდევ მანამ, სანამ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა, გეგმავდა რონალდ რეიგანის მიერ გატარებული რეფორმის გამეორებას, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის 15%-მდე დაყვანას. ამის შესაბამისად, ტრამპმა ბიზნესისთვის გადასახადები 20%-ით შეამცირა და 35%-დან 15%-მდე დაიყვანა. გადასახადებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მან მემკვიდრეობის გადასახადი სრულიად გააუქმა.
რა არის ტრამპის ახალი რეფორმის მიზანი? მხოლოდ განაკვეთის შემცირება თუ ნამდვილი ცვლილება, ეს ის კითხვაა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი უბრალოდ ცდილობს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მიცემული დაპირებები შეუსრულოს საზოგადოებას. „მე მჯერა, რომ ამ რეფორმით გადასახადები შემცირდება იმაზე მეტად, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა“, ამბობს დონალდ ტრამპი. ამ მხრივ გამორჩეულია 1986 წლის რეფორმა, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ტვირთი 50%-დან 22%-მდე შემცირდა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა 1940 წლის შემდეგ.
წარმოგიდგენთ გრაფიკულად ცვლილებას.
გრაფიკი 1 – საგადასახადო განაკვეთების ისტორია
წყარო: შიდა სახელმწიფო შემოსავლების სამსახური (აშშ)
მოცემულ გრაფიკზე კარგად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა 1920-2017 წლებში საგადასახადო ტვირთი.
ტრამპის მიერ გატარებულმა საგადასახადო რეფორმამ დემოკრატებში უკმაყოფილება და მწვავე რეაქცია გამოიწვია. დემოკრატები თვლიან, რომ მსგავსი საგადასახადო სისტემა მორგებული იქნება არა ყველაზე, არამედ მხოლოდ მდიდარ ხალხზე ანუ ისეთებზე, როგორებიც „დონალდ ტრამპი და მისი მეგობრები არიან“.
მართალია, ტრამპმა შეამცირა საგადასახადო ტვირთი, თუმცა მის მთავარ მიზნად მაინც რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ვინაიდან როგორც ცნობილია, ბარაკ ობამას მმართველობისას უმუშევართა რაოდენობა 14 მილიონით გაიზარდა. ეს კი სავალალო მაჩვენებელია.
გრაფიკი 2 – ამერიკის შეერთებული შტატები/ უმუშევრობის დონე
წყარო: სამუშაო სტატისტიკის ბიურო (აშშ)
მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რომ არსებული მდგომარეობით უმუშევრობა კლებულობს. ეს მონაცემები წარმოადგენს 2016 წლის ვითარებას.
რაც შეეხება ახალ ბიუჯეტს,რომელიც ტრამპმა სულ ახლახანს დაამტკიცა. აქ გვაქვს უარყოფითი შიდა პროდუქტი, ვინაიდან მთლიანი შემოსავალი არის 3,21 ტრილიონი $, მთლიანი დანახარჯი – 3,65 ტრილიონი დოლარი, რაც გვაძლევს 443 მილიარდის დეფიციტს (-2,6%).
ბიუჯეტში ცვლილებებთან ერთად აღსანიშნავია, რომ ტრამპი დიდ ყურადღებას აქცევს ახალ პროექტებზე მუშაობასაც, რომლებიც ძირითადად ტრანსპორტირებას შეეხება. 2017 წლის ზაფხულში იგეგმება 3 $ მილიარდიანი პროექტის დასრულება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი. ჩრდილოეთ მანჰეტენთან ამიერიდან ახალი ხიდი იარსებებს. დასრულებულ მშენებლობას ექნება 8 საგზაო ხაზი, ასევე სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფილი 4 გზა და რაც მთავარია, ველოსიპედებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გამოყოფილი ტროტუარები.
2017 წლისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პროექტად აღიქმება ტეხასის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც 90 წუთზე ნაკლებ დროში გადაიყვანს მგზავრებს ჰიუსტონიდან დალასამდე. დოკუმენტების მიხედვით, ეს არის $12 მილიარდიანი შეთანხმება, რომელიც დამატებით 40,000 სამუშაო ადგილს შექმნის ქვეყნის შიგნით.
ამერიკის პრეზიდენტი არამხოლოდ ხიდებისა და რკინიგზის მშენებლობას გეგმავს, არამედ ყველა არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, როგორ მოახერხებს ამ ყველაფერს იმის ფონზე, რომ შეამცირა სახელმწიფო ბიუჯეტი. მოცემულ პროგრამებს კი დაფინანსების გაზრდა ესაჭიროებათ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი
დონალდ ტრამპის პოლიტიკა ზოგიერთისთვის მისაღები, ხოლო ნაწილისთვის მიუღებელი რჩება, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მან ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეხება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს „ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებს“.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ეს აქტი? პასუხი ნათელია. ამ აქტის მიხედვით, სახელმწიფოები ვერ მიიღებენ რაიმე სახით დახმარებას აშშ-სგან იმ შემთხვევაში, თუკი ისინი აღიარებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. აქტში დანამდვილებით წერია, რომ აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც მიიჩნევა რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებად. ასევე აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი დახმარების გაწევის. ეს შეეხება: სესხს, კრედიტს თუ რაიმე გარანტიას.
კანონი ბიუჯეტის შესახებ, განსაკუთრებულად, მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, რათა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს მიეცეთ შესაბამისი ინსტრუქციები. მათ ევალებათ დააფიქსირონ უარყოფითი ხმა ისეთი პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ნამდვილად აღსანიშნავია ეს ფაქტი, ვინაიდან მსგავსი სახით მხარდაჭერა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლის წინაპირობა იქნება. ამერიკა ნათლად და ღიად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. აქტის მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოვალეობაში შედის, რომ მოახსენოს კონგრესს 90დღის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებიც ოკუპაციასთან იქნება დაკავშირებული.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ძლიერდება არსებული ტენდენციის მიხედვით. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მეტ-ნაკლებად არადემოკრატიულ რეგიონში არის წამყვანი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით და მგონია, რომ ჩვენი მხარდაჭერა არათუ შესუსტდება, არამედ გაიზრდება“ -აცხადებენ ქართველი ექსპერტები.
დასკვნის სახით მინდა კიდევ ერთხელ გამოვკვეთო თუ რას ემსახურება ტრამპის მიერ გატარებული კონკრეტული რეფორმა – გადასახადების ტვირთის შემცირება. ის ცდილობს, რომ ამით აშშ-ს ეკონომიკური წინსვლა დააჩქაროს და ამავდროულად სხვა დარგების განვითარებისთვის მეტად ხელსაყრელი ეკონომიკური კლიმატი შექმნას. ამ ყველაფერთან ერთად კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც დგას. ყველაზე საგულისხმოა იმ საკანონმდებლო აქტის არსებობა, რომელიც ფაქტობრივად, ხელ-ფეხს უკრავს ნებისმიერ ქვეყანას და არ აძლევს საშუალებას აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერანაირ დახმარებას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
გამოყენებული წყაროები:
www.nytimes.com
www.tradingeconomics.com
federal-budget.insidegov.com
pirveliradio.ge
netgazeti.ge
blogspot.com