რევანშისტული რეინდუსტრიალიზაცია
სოფიკო სიჭინავა
დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკაში ახალი ეპოქა იწყება. ჩინეთის მომძლავრებამ და საერთაშორისო ვაჭრობაში პოზიციების გამყარებამ, აშშ-სა და ევროკავშირის სახელისუფლებო ძალებს მოქმედებისკენ უბიძგა. განვითარებული ქვეყნების რეინდუსტრიალიზაციის საკითხი დღის წესრგიგში დადგა. აშშ-ში ოკეანის გაღმა წლების წინ გადახვეწილი წარმოება ბრუნდება. კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ბარაკ ობამამ სიამაყით ჩამოთვალა ის კომპანიები, რომლებიც უკან, სამშობლოში ბრუნდებიან:
”Caterpillar წარმოებას იაპონიიდან აბრუნდებს, Ford _ მექსიკიდან, სხვა ქვეყნებში ქარხნების განთავსების შემდეგ, Intel თავის მაღალტექნოლოგიურ ფაბრიკას სახლში ხსნის და ბოლოს, მიმდინარე წელს Apple ისევ იწყებს ამერიკაში თავის ”მაკინტოშების” აწყობას”. ობამამ მიანიშნა, რომ კონგრესს მოუწევს აუცილებელი ღონისძიებების მიღება იმისთვის, რომ ამერიკელი მწარმოებლები საერთაშორისო ბაზრებზე ლიდერები გახდნენ და ”წარმოებულია აშშ-ში” ისევ საამაყო გახდეს.
ორი თვის წინ The Wall Street Journal-ში წერილი დაიბეჭდა სათაურით _ ”ეროპის ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა”, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური პროფილის მინისტრები აწერდნენ ხელს. ბებერ კონტინენტზე პოლიტიკოსები დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ახლა მოქმედების დროა, რომ პოსტინდუსტრიული მშვენიერი მსოფლიოს შესახებ საუბრები არადამაჯერებელია, რადგან ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ქვეყანას თუ განვითარებული და დივერსიფიცირებული მრეწველობა არ აქვს, ესე იგი, არ აქვს ფუნდამენტი, რომელზედაც ერის კეთილდღეობა უნდა აღმოცენდეს.
განვითარებული ქვეყნების სავალალო მდგომარეობის გაცნობიერებით არის ნაკარნახევი ბარაკ ობამას მიერ გაჟღერებული, ევროკავშირთან საერთო თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის იდეა. ობამამ თებერვალში ხალხს სიტყვა სიტყვით ასე მიმართა: ”და დღეს მე ვაცხადებ, რომ ვიწყებთ ევროკავშირთან ყოვლისმომცველ ტრანსატლანტიკურ სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობას”. ამით ამერიკის პრეზიდენტმა მოხაზა მომავალი შეთანხმების სახელიც _ Transatlantic Trade and Investment Partnership (TTIP). მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ 2013 წლის ივნისში დაიწყება.
როგორც ბრიუსელში, ისე ვაშინგტონში აღნიშნეს, რომ ჩინეთის მზარდი ეკონომიკური სიძლიერე, აშშ-სა და ევროკავშირს მოლაპარაკებისთვის დამატებით სტიმულს აძლევს. ექსპერტებიც განმარტავენ, რომ გამოცხადებული პროცესის ყველაზე დამაჯერებელი ფაქტორი სწორედ ჩინეთია. მსგავსი სავაჭრო შეთანხმებები გარანტიას იძლევა, რომ შემდეგ წლებში სწორედ ამერიკელები და ევროპელები დაადგენენ პროდუქციის უსაფრთხოებისა და ინტელექტუალური საკუთრების სტანდარტებს და არა ჩინეთის მთავრობა.
რას ელიან აქედან ქვეყნები? ექსპერტების თქმით, მსგავსი შეთანხმება ევროკავშირის მშპ-ს 0,5%-ს შემატებს, ხოლო აშშ-სას 0,5%-ს, რაც უდრის დამატებით 86 მილიარდ ევროს, ანუ 116 მილიარდ დოლარს წელიწადში 2027 წლისთვის. ევროკომისიის შეფასებით, ეს იქნება დაახლოებით 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი და, შესაძლოა, 275 მილიარდი ევროთი გაზრდილი ტვირთბრუნვა. აშშ-სა და ევროკავშირს შორის მოძრავ საქონელზე ისედაც ძალიან დაბალი ტარიფებია, საშუალოდ 3 ან 4 პროცენტი, მაგრამ გადასახადების ლიკვიდაციით მიღებული ეკონომია მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც ვაჭრობის საერთო მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითად, მხოლოდ ამერიკული ავიატექნიკის გაყიდვებიდან მიღებული ეკონომია შეიძლება იყოს წელიწადში 450 მილიონი დოლარი. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი _ წესები და ნორმებია. ნორმატიული შეუსაბამობების მოშორების თვალნათელი მაგალითია ის, რომ, ვთქვათ გერმანულ ავტომწარმოებელ Aუდი-ის არ მოუწევს შეიმუშაოს ერთი და იგივე ტიპის ავტომობილის სხვადასხვა ვერსია ამერიკული და ევროპული ბაზრებისთვის. თუმცა, მოლაპრაკებებში რომ ბევრი რთულად გადასაჭრელი საკითხი იქნება, ორივე მხარე აცნობიერებს და ამბობენ, რომ პროცესი საკმაოდ მკაცრი იქნება.
ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის მოსალოდნელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ ჩაკეტილი ეკონომიკური სივრცე შეიქმნას. ისინი შიშობენ, რომ მსოფლიოს ეკონომიკურ ბლოკებად დაყოფა, შესაძლოა, საერთაშორისო ვაჭრობაში ახალი წინააღმდეგობების შექმნით დასრულდეს. ასეა თუ ისე, გაჭიანურებულ რეცესიასთან დაკავშირებულ ლიდერების შეშფოთებას, ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, უშველოს.
განვითარებული ქვეყნების დეინდუსტრიალიზაციას დიდი ხნის ისტორია აქვს.
მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ ჩინეთი ჩქარობდა ქვეყანა საერთაშორისო ვაჭრობისთვის გაეღო. მოლაპარაკებები ამის შესახებ ჯერ კიდევ ”დიდი მესაჭის” სიცოცხლეშივე მიმდინარეობდა. აშშ-სთან დაახლოება 1972 წელს მოხდა. ამ მომენტიდან დაიწყო გლობალურ კაპიტალისტურ მეურნეობასთან ღრმა ინტეგრაცია და ქვეყნის შიგნით ამისკენ მიიმართა ფართომასშტაბიანი რეფორმები. უკვე 1980-იან წლებში საერთაშორისო საქმიანი პრესა წერდა ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის შესახებ. 1990-იან წლებში მან უფრო და უფრო მეტი კაპიტალი მიიზიდა, რამაც ჩინურ ეკონომიკას მაღალ ტემპებში ზრდის საშუალება მისცა. ჩინეთი აშშ-ის მერე მეორე ეკონომიკა გახდა მსოფლიოში და ამით გლობალურ რეიტინგებში გერმანია და იაპონია ქვედა დონეებზე გადაისროლა. ჩინეთი საქონლის 50000 სხვადასხვა სახეობის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 182 ქვეყანაში, მათ შორის ლიდერია აშშ, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები (ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის 55%).
დღეს ექსპერტები ბევრს საუბრობენ და კამათობენ იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. აქვთ თუ არა განვითარებულ ქვეყნებს იმის რესურსი, რომ ძველი დიდება დაიბრუნონ და რეცისიას, რომელიც ჯიუტად არ იცვლის ფეხს, ბოლო მოუღონ. აშშ-ის დეინდუსტრიალიზაციის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, ექსპერტების შეფასებით, ეს ჯერ 1960-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, რეიგანისა და უფროსი ბუშის პირობებში სიტუაცია ასე გამოიყურებოდა: აშშ-ში დასაქმება საშუალოდ 1,4%-ით იზრდებოდა, მაგრამ მრეწველობაში საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობდა. ფოლადის წარმოება ამ პერიოდში ყოველწლიურად 6,1% დასაქმებულს კრგავდა, ლითონის დამუშავება _ 4,5%-ს, მანქანათმშენებლობა და მოწყობილობების წარმოება _ 1,5%-ს, სამკერვალო და ტექსტილის მრეწველობა _ 2%-ს. შედეგად, კლინტონის მმართველობის დასაწყისისთვის დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი იქნა ლიკვიდირებული დამამუშავებელ მრეწველობაში და ნახევარი მილიონი _ სამთო მომპოვებელ. 1997 წლისთვის ამერიკის მრეწველობაში დასაქმებული იყო დაახლოებით 17,5 მილიონი ადამიანი. დღეს ამერიკის ინდუსტრიაში 12 მილიონი ადამიანია დასაქმებული 143 მილიონი საერთო დასაქმებულის ფონზე. რით ჩანაცვლდა ინდუსტრიული დასაქმება 1990-სა და 2008 წლების შუალედში? აშშ-ში დასაქმებულების რაოდენობა 122 მილიონიდან 149 მილიონამდე გაიზარდა. შეიქმნა 27 მილიონი სამუშაო ადგილი. ამასთან, 40% მოდიოდა სახელმწიფო სექტორზე და ჯანდაცვაზე. დანარჩენი მოდიოდა, ძირითადად, საცალო ვაჭრობაზე, მშენებლობაზე, სასტუმრობისა და რესტორნების ბიზნესზე, მთლიანობაში 98% მოდიოდა სექტორზე, რომელიც აწარმოებდა საქონელსა და მომსახურებას მხოლოდ შიდა ბაზრისთვის.
დეინდუსტრიალიზაციის ფენომენი ახალი არ არის. XVII საუკუნეში ჰოლანდია წამყვანი ინდუსტრიული სახელმწიფო იყო, მაგრამ შემდეგ დეინდუსტრიალიზაციამ მოიცვა თითქმის მთელი რეალური სექტორი _ ტანსაცმლის წარმოება ოთხჯერ შემცირდა, გემთმშენებლობა 10-15-ჯერ, თევზჭერა _ 7-10-ჯერ. ქვეყნის სავაჭრო ბალანსი უარყოფითი გახდა, ამასთან, ადგილობრივი მრეწველობის კოლაფსმა გამოიწვია სამრეწველო კაპიტალის გაქცევა, ძირითადად, ინგლისში, რომელიც ჰოლანდიიის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე იყო.
რაც შეეხება ინგლისს, 80-იან წლებში ფინანსური გლობალიზაციის ტალღაზე რომ არ ემარჯვა, მისი ბედი, ექსპერტების აზრით, სავალალო იქნებოდა. მხოლოდ ტეტჩერის რეფორმები და ჩრდილოეთის ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვება, ყოფილი მსოფლიო მეტროპოლიის გაჭიანურებულ ეკონომიკურ ვარდნას ბოლოს ვერ მოუღებდა. გერმანიასა და საფრანგეთთან შედარებითაც კი აქ დეინდუსტრიალიზაციის ნიშნები ბევრად ნათელია. დიდმა ბრიტანეთმა თითქმის დაკარგა თავისი ავტომრეწველობა, ხოლო მაღალსიჩქარიან სარკინიგზო გზებზე მინიშნებაც აღარ არის.
მაგრამ საფინანსო პაუზა, რომლითაც ბრიტანელებმა ისარგებლეს, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. კრიზისმა აჩვენა, რომ განვითარების არჩეული გზა საკმაოდ არამდგრადია და ბრიტანული ეკონომიკის საფინანსო მომსახურებაზე დამოკიდებულება _ ძალიან მაღალი. იწურება ბრიტანული კეთილდღეობის სხვა წყაროც. ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ბრიტანეთის ნავთობის მარაგები 15,4 მილიარდი ბარლიდან 1980 წელს (ყატარის ახლანდელი მარაგების ექვივალენტი) 2009 წელს 3,4 მილიარდ ბარელამდე შემცირდა. არადა, სწორედ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობმა მისცა საშუალება ბრიტანულ ენერგეტიკასა და სახელმწიფო ფინანსებს სტაბილიზების საშუალება. ნავთობიდან შემოსავლები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ შოტლანდიური სეპარატიზმის პროვოცირებაც კი მოხდა. ამიტომაც, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური მოდელის ტრანსფორმირება ბრიტანეთისთვის სასწრაფო ამოცანაა. თუკი რეინდუსტრიალიზაციის ამოცანა გადაჭრილი არ იქნება, გაიზრდება არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური რისკებიც. ბრიტანული მონარქია, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტი ბრიტანელებს შორისაც კარგავს მხარდაჭერას. ბრიტანული თანამეგობრობის ქვეყნებში უფრო ხშირად ისმის მონარქიის მოწინააღმდეგეთა ხმები, ავსტრალიაში პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ, რომ ელისაბედ II-ის სიკვდლის შემდეგ ქვეყანა ბოლოს და ბოლოს რესპუბლიკად უნდა იქცეს. ანტიმონარქისტული განწყობები ძლიერია კანადაშიც.
ფართომასშტაბიან პოლიტიკურ კრიზისზე შეიძლება საუბრები გადაჭარბებული იყოს, მაგრამ თუ ომისშემდგომ ინგლისში ტეტჩერმა შეძლო დაეძლია პრობლემები, ახლა რთული სათქმელია, რამდენად მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებენ ასევე შორსმჭვრეტელურად და თანამიმდევრულად წარმართონ პოლიტიკა და, ამ შემთხვევაში, იტვირთონ რეინდუსტრიალიზაციის რთული ამოცანა, მოახდინონ ეროვნული მრეწველობის ახალი სახის ფორმირება. ბრიტანეთს მოუწევს ევროკავშირის ბაზარზე ადგილის თავიდან მოპოვება და ფრანგებთან და გერმანელებთან კონკურენცია.
ტენდენციები, რომელზედაც ახლა მიმდინარეობს საუბრები, მსოფლიო ეკონომიკაში უკვე შეინიშნებოდა. ექსპერტების აზრით, საქმე გვაქვს ციკლურ პროცესებთან. დიდი ხნის მანძილზე XIX საუკუნის დასაწყისამდე ჩინეთი ერთ-ერთ უმსხვილეს სამრეწველო ქვეყანად გვევლინებოდა, მაგრამ მაშინ ამას ეკონომისტების განსაკუთრებით დიდი ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მაშინ წარმოების დონე მთელს მსოფლიოში დაკავშირებული იყო მოსახლეობასთან და არა ტექნოლოგიებთან.
1800 წლებში, ქვეყნები, რომლებიც დღეს განვითარებად ქვეყნებად მიიჩნევა, მსოფლიო წარმოების წარმართველ ძალად გვევლინებოდა. მათი მოსახლეობა მეტი იყო, ესე იგი, იქ წარმოებაც სწრაფად ვითარდებოდა. ამ პერიოდში განვითარებად ქვეყნებზე მოდიოდა მსოფლიო წარმოების 71%, ხოლო დასავლეთის ქვეყნებზე მხოლოდ 29%. ჩინეთის წილი მსოფლიო წარმოებაში 33% იყო და ამ მაჩვენებლით ინდოეთისას ცოტათი უსწრებდა. შემდეგ მოხდა პირველი სამრეწველო რევოლუცია: შრომის მწარმოებლურობა ბევრად გაიზარდა, იხსნებოდა ბევრი მსხვილი ქარხანა, სადაც ყველაფრის წარმოება შეიძლებოდა, ტექსტილიდან დაწყებული, დანადგარებით დამთავრებული. ამის შედეგად ქვეყნებმა, სადაც მცირერიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა, პირველად შეძლეს მსოფლიო წარმოებაში თავიანთი წილის გაზრდა. თუმცა, ტექნოლოგიური რევოლუციის სიკეთე არათანაბრად განაწილდა. დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც მის სამშობლოდ იქცა, ის აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ახლანდელი განვითარებადი ქვეყნები მოვლენების მიღმა დარჩნენ. შედეგად, 1900 წელს ჩინეთის წილი მსოფლიო სამრეწველო წარმოებაში შემცირდა 6%-მდე. მთლიანობაში, განვითარებადი ქვეყნების წილი შემცირდა 13%-მდე და თავისებურ ”მთვლემარე” ეკონომიკებად გადაიქცნენ. დასავლეთის ქვეყნების წილი კი 87% გახდა.
სწორედ ამ ციკლურობის გამო ექსპერტები ფიქრობენ, რომ დღის წესრიგში დადგება ახალი მოდელის ფორმირება, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს ბრწყინვალე ეკონომიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ის ინოვაციური პოტენციალი, რომელიც კრიზისის პერიოდში გლობალური ცვლილებების დროს სასაქონლე ბაზრებზე დაგროვდა და გამრავლდა კიდეც, მალე გამოიღებს სინერგიულ ეფექტს. სამრეწველო წარმოება დაბრუნდება ოკეანის გაღმიდან, შრომის ბაზარსა და მთელს ამერიკულ ეკონომიკას აღადგენს. ექსპერტების აზრით, ეს არის ახალი ეკონომიკური ციკლის დასაწყისი, რომლიც 30 წლის მანძილზე გაგრძელდება. 2000-იან წლების დასაწყისში მდიდარ ქვეყნებზე მოდიოდა მსოფლიო წარმოების 73%, ხოლო განვითარებადზე _ 27%. შემდეგი 5 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი განვითარებული ქვეყნებისთვის შემცირდა 69%-მდე, ხოლო 2011 წლისთვის ძალთა ბალანსი საბოლოოდ შეიცვალა: განვითარებულ ქვეყნებზე მსოფლიო წარმოების მხოლოდ 54% მოდიოდა. ამაში მთავარი `დამნაშავე~ ჩინეთია. თუკი 2000 წელს მისი წილი მსოფლიო გამოშვებაში 7% იყო, 2005 წელს მან 9,8%-მდე მიაღწია, შემდეგი 6 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა 19,8%-მდე. ახლა სამრეწველო პროდუქციის გამოშვებაში ჩინეთის წილი ბევრად მაღალია, ვიდრე აშშ-ის. ეს ისტორიული მოვლენა გახდა: 2011 წლამდე აშშ თითქმის საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდა მსოფლიო წარმოებაში მყარ ლიდერობას.
როგორ უნდა დაიბრუნონ ამერიკელებმა წარმოება? აშშ-ს ძლიერი მხარეები აქვს. ჩინელებისთვის დაბალ საფასო სეგმენტში კონკურენციის უცებ გაწევა რთული იქნება, ექსპერტების აზრით, ინდუსტრიალიზაციის წამყვანი სფერო მაღალტექნოლოგიური ექსპორტი უნდა გახდეს, რომელიც ქვეყნის სავაჭრო ბალანსის კორექტირებასაც მოახდენდა. მისი წინაპირობა უნდა გახდეს პერსპექტიულ კვლევებში და ექსპერიმენტებში მასიური დაბანდებები, მსოფლიო ტექნიკური რევოლუციის წინაშე დგას. ამასთან, წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას (მაგალითად, რობოტიზაცია, ავტომატიზაცია და 3D პრინტერები) შეუძლია მუშახელის ღირებულებაში აზიელების უპირატესობის ნიველირება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი მოტივი, რის გამოც საერთოდ შეიქმნა ჩინეთის თემა, აღარ არსებობს _ ჩინეთში ხელფასების მატება შეინიშნება და პროდუქციის თვითღირებულება იმატებს. ამ საკითხს ჩვენ მოგვიანებითაც შევეხებით.
ექსპორტის ზრდისა და რეინდუსტრიალიზაციის კარგი წინაპირობა იქნებოდა ენერგომატარებლებზე შიდა ფასების კიდევ უფრო შემცირება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ერთი, მიმომხილველების აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოება: მომხმარებელს უკვე აღარ აინტერესებს მასიური საქონელი, მას სურს, რომ ყველაფერი _ თანამედროვე გაჯეტებიდან დაწყებული სამრეწველო მანქანა-დანადგარებით დამთავრებული _ პერსონალურ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. თუკი წარმოება არის იმ მიდამოებთან ახლოს, სადაც უნდა გაიყიდოს კიდეც საქონელი, მაშინ აუცილებელი ცვლილებების შეტანა მის წარმოებაში არც ისე რთული იქნება. კომპანიებს მოუწევთ საქონელი განვითარებულ ქვეყნებში აწარმოონ თუკი მათ სურვილი აქვთ, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობამ შეიძინოს ისინი, თანაც, ჯერჯერობით, სწორედ ეს ადამიანები რჩებიან ამ პლანეტის ყველაზე მდიდარ და გადახდისუნარიან მაცხოვრებლებად. ამასთან მიმართებაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბიზნესში რთული მიწოდების ჯაჭვების არსებობა ძალიან დიდი დისკომფორტია. დისკომფორტს რომ თავი დავანებოთ, მათი მართვა დიდ მანძილზე ბევრად რთული ხდება, ასეთი მიწოდებების ფასი ბევრად დიდია და მას თან ახლავს მრავალრიცხოვანი პრობლემა.
ტექნოლოგიური უპირატესობების გარდა, აშშ-ს ძალიან შთამბეჭდავი სანედლეულო ბაზა და ბევრად დაბალი შიდა ფასები აქვს ენერგომატარებლებზე, ვიდრე ევროპას ან იაპონიას. გარდა ამისა, აშშ-ში სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად ახალგაზრდა მოსახლეობაა, რომელიც შედარებით მსუბუქი საპენსიო და საბიუჯეტო ტვირთია ქვეყნისთვის და შეუძლია მრეწველობა სამუშაო ძალით უზრუნველყოს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია რამდენიმე ბოლოდროინდელი ანალიტიკური კვლევა, რომლის შედეგების თანახმადაც სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლები უფრო ხშირად უთმობენ ყურადღებას აშშ-ს, როგორც საწარმოო სიმძლავრეების განსათავსებელ პერსპექტიულ მოედანს. ფაქტორები, რომლებმაც ასეთი ინტერესი წარმოშვა, არის, შრომის ერთეულზე ცალკეული დანახარჯები და ენერგიის შიდა წყაროების გაფართოება (ფიქლის გაზის რევოლუცია) და წარმოების აუთსორსინგზე გადაყვანისგან გამოწვეული დანახარჯების დანაკარგებად აღიარება.
ბოლო ათი წელია აშშ-ში შრომის ღირებულება (შრომის ერთეული, ერთეული პროდუქციის წარმოებაზე დახარჯული) ბევრად ნელა იზრდებოდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მართალია, აშშ-ში შეინიშნებოდა წარმოებაში საათობრივი ანაზღაურების ზრდა, მაგრამ შრომის მწარმოებლურობის სწრაფი ზრდა ამ ეფექტის ნიველირებას ახდენდა. ამასთან, თუკი მოცემულ მაჩვენებელს გავზომავთ დოლარებში, გამოვა, რომ წარმოებული ერთეული პროდუქციის ღირებულება აშშ-ის ძირითად სავაჭრო კონტრაგენტებთან გაიზარდა, თანაც მნიშვნელოვნად.
ცალკეული მიმომხილველების აზრით,Yაშშ-ში მოსალოდნელმა სამეწარმეო რენესანსმა უნდა წარმოშვას 1 მილიონი სამუშაო ადგილი 2015 წლამდე. მსგავსი პროგნოზების საკვანძო მაჩვენებელი აშშ-ის საწარმოო სექტორში შრომის ანაზღაურებაა: ის თითქმის არ იზრდება. ამიტომაც, ექსპერტების აზრით, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდება და ახლანდელი ტენდენციები გაგრძელდება, აშშ მსოფლიო ეკონომიკაში თავის ტრადიციულ როლს დაიბრუნებს _ აქტიური ექსპორტიორისა და სამრეწველო გიგანტის.
რა ელოდება ჩინურ ეკონომიკას? დღეს ექსპერტები ბევრს წერენ ამის შესახებ, მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ფონზე ჩინეთის აღზევება წარმატებაა თუ კოლაფსის დასაწყისი. მიმომხილველების აზრით, ჩინური ეკონომიკის შენელება ეს არ არის ზრდის ჩვეულებრივ ტემპებზე გადასვლა. ქვეყანას საწარმოო ვარდნა და პოლიტიკური რყევები ელოდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკური მოდელი უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი განვითარება წარმოუდგენელი იქნება.
ჩინეთი ვერ გახდა მსოფლიო ეკონომიკის ახალი ლოკომოტივი. სახელმწიფოს მესვეურებმა მთელი ძალები ზრდის შენარჩუნებაზე გადაისროლეს და ამით უფრო მეტად გაბერეს ინდუსტრიული და საკრედიტო ბუშტები ეკონომიკაში. ჩინეთის ექსტენსიურმა ზრდამ ხელი შეუწყო ნედლეულისა და მანქანების მსოფლიო წარმოებას, მაგრამ მან არა თუ ვერ შექმნა ჩინეთისგან მსოფლიო აღმავლობის ახალი კერა, არამედ რესურსისგან დაცალა. მან ვერ შექმნა 2010-2012 წლებში რევოლუციური დარგები და ვერც პრინციპულად ახალი საქონელი.
ჩინეთი კვლავინდებურად დამოკიდებულია ევროპელ და ამერიკელ მომხმარებელზე. კაპიტალიზმის მსოფლიო ცენტრში მომუშავეების რეალური შემოსავლების კლების გამო, სულ უფრო რთული ხდება ჩინეთის ეკონომიკის ზრდის გაგრძელება და ამერიკაში და, სავარაუდოდ, ევროპაშიც ახალი ტექნოლოგიებისა და ავტომატიზებული წარმოების დანერგვა ძალიან დიდი დარტყმა იქნება.
ჩინეთის მთავარი ”ეკონომიკური სასწაული”, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, მკაცრი რეპრესიული სისტემისა და უზარმაზარი იაფი მუშახელის ძალის ერთობლიობაა. ”კუნთების ენერგია” ჩინეთის მთავარი რესურსია, რომელსაც აღარ შეუძლია საქონლის თვითღირებულების შემცირების უზრუნველყოფა.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ექსპერტების აზრით, ახალ მწვავე ფაზაში შედის და ჩინეთი, სავარაუდოდ, უახლოეს წლებში, ევროკავშირთან ერთად, პლანეტაზე კრიზისის მთავარი გამაძლიერებელი იქნება. ჩინეთის ეკონომიკის შენელებიდან ვარდნაზე გადასვლა ლითონებსა და ნავთობზე ფასების ვარდნას გამოიწვევს. ჩინეთს საკუთარი სანედლეულო რესურსები არ ჰყოფნის, თუმცა, მოხმარება ხელოვნურად არის გაბერილი. ჩინეთის ხელმძღვანელობამ 2010-2011 წლებში შეძლო ისე დაეჩქარებინა ეკონომიკის ზრდა, რომ მისი მოდელი არ შეუცვლია. შედეგად, საბინაო მშენებლობაში ჭარბწარმოე- ბა მოხდა, ხოლო საგზაო მშენებლობა და ავტომობილების გაყიდვები დაკრედიტებას ეყრდნობა და არა მოსახლეობის შემოსავლებს. მათი ნომინალური ზრდა ინფლაციის შენიღბვას ემსახურება.
ჩინეთიდან კაპიტალის მზარდი გადინება, ექსპერტების აზრით, მიუთითებს ჩინური ბაზრის შეზღუდულ შესაძლებლობებზე. ანალოგიურად აფასებენ უცხოელი ინვესტორებიც. 2008-2009 წლების ვარდნის შემდეგ, ჩინეთის საფონდო ბაზარზე აღდგენა არ მომხდარა. 2011 წლიდან ნელი შემცირება მიმდინარეობს. არც თუ ცოტა უცხოურ კომპანიას აქვს ჩინეთის მიტოვების ან მის ეკონომიკაში მონაწილეობის შემცირების სურვილი.
ჩინეთის კოლოსალური დაბანდებები უცხურ სახელმწიფო სავალე ქაღალდებში (განსაკუთრებით აშშ) ნაკარნახევი იყო მსოფლიოში ფინანსური სტაბილურობის მიღწევის სურვილით და დოლარის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებით, რაც ირიბად გახდა ჩინეთის სასაქონლო ექსპორტის მხარდამჭერიც. კრიზისი მოითხოვს საქონლის წარმოების გაიაფებას, მაგრამ ჩინეთს არ შეუძლია ამ ამოცანას გაართვას თავი მშრომლებზე ზეწოლის გაძლიერების ხარჯზე: მათი ექსპლოატაცია ისედაც უკიდურესობამდეა მიყვანილი, რაც სამუშაო დღის ხანგრძლივობაში და ზოგჯერ დასვენების დღეების გარეშე მუშაობაში გამოიხატება. ხელისუფლებას მასიური გამოსვლების ეშინია, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელების შემთხვევაში, გარდაუვალია. პროტექციონიზმი და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებაში დანერგილი ახალი ტექნოლოგიები, ჩინეთის მთავარი მტერია, რომლის ეკონომიკაც პერიფერიულად რჩება, ხოლო სახელმწიფო პოლიტიკა ნეოლიბერალურია. ჩინეთი სოციალური კრიზისის რეჟიმში შევიდა. მმართველი კლასი აცნობიერებს მზარდ მუქარას, მაგრამ არ აქვს უნარი განახორციელოს რადიკალური ანტინეოლიბერალური რეფორმები. მას სურს შრომის ანაზღაურებით დაფაროს ინფლაცია, მაგრამ ჩინური საქონლის წარმოების ფასების ზრდის შეფერხება რთულდება. თუმცა, ჩინეთის გარდა დარჩნენ ისეთი ქვეყნები, სადაც იაფი მუშახელი ჯერ კიდევ არსებობს, ესენია: მალაიზია, ინდონეზია, ვიეტნამი და სხვ. ექსპერტების აზრით, 2013-2014 წლებში სიტუაცია ჩინეთში, სავარაუდოდ, ხელისუფლების კონტროლიდან გამოვა და კრიზისის გამწვავება გარდაუვალი იქნება, რაც სხვადსახვა ანალიტიკოსების აზრით, გახდება მსოფლიო ეკონომიკის ახალი საბაზრო და ეკონომიკური ჩამოქცევის ფაზაში გადასვლის ფაქტორი, შემდეგ კი _ დეპრესიის.