საქართველოში PayPal-ის სერვისი ამოქმედდა
ქართველ მომხმარებელთა რამდენიმე წლიანი მოლოდინი დასრულდა, კომპანია PayPal მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოშია. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ათასობით ელექტრონულ მაღაზიაში სასურველი პროდუქტი შეიძინოს. აქამდე ბევრი ცნობილი ვებ-გვერდი ქართული ბარათით სარგებლობის საშუალებას არ იძლეოდა, ახლა კი PayPal-ის საგადამხდელო სერვისის გამოყენებით რამდენიმე წუთში, მარტივად ხდება ანგარიშის გახსნა და მყიდველებს აღარ სჭირდებათ გამყიდველის ანგარიშის დეტალების, საქონლის მიმღების მისამართის ან ტრანზაქციის ხელახლა გამეორება.
მოლაპარაკებები კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის რამდენიმე თვე გრძელდებოდა. PayPal-ის სერვისი მოქმედებს მსოფლიოს 109 ქვეყანაში და ამ სიას საქართველო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით დაემატა.
”მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვეძლევა ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ ინტერნეტში შეძენის მოსახერხებელი და მარტივი საშუალება. საქართველოში ჩვენი სერვისის ამოქმედება კიდევ ერთი წარმატებული მცდელობაა შევიტანოთ PayPal-ის მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. გვიხარია, როდესაც ყოველდღიურად ვიგებთ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომელნიც მოუთმენლად ელიან ჩვენი სერვისების გააქტიურებას მსოფლიოს გარშემო”, _ აცხადებს PayPal-ის რეგიონული მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დამიენ პერილა.
საქართველოში PayPal-ის სერვისის ამოქმედება ინტერნეტისა და ელექტრონული ვაჭრობის ზრდის ტენდენციის ფონზე ხდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ გასული წლის დასაწყისში საქართველოში განხორციელებული ინტერნეტ-ტრანზაქციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს _ 162%-ს მიაღწია. გარდა ამისა, ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” კვლევის მიხედვით, რომელიც 2012 წლის ბოლოს ჩატარდა, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი (24%) ყოველდღიურად მოიხმარს ინტერნეტს. მოსახლეობის 8% ინტერნეტში შედის სულ მცირე კვირაში ერთხელ. ეს ნიშნავს, რომ 1.1-1.2 მილიონი ზრდასრული მოქალაქე ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებს. ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა გასულ წლებში მკვეთრად იზრდებოდა. 2009 წელს ინტერნეტით ყოველდღიურად ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 13% სარგებლობდა.
ჯერჯერობით, PayPal-ის სისტემა საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვის, თუმცა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეტაპობრივად, დამატებითი სერვისების განვითარებისთვის. ”ამჟამად PayPal-ის სრული სერვისით სარგებლობა შესაძლებელი არ არის, სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შეთანხმებული გრაფიკი, თუ როგორ შეიძლება დანარჩენი სერვისები დაემატოს. მათ შორის, სერვისი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია PayPal-ის ანგარიშიდან გადარიცხვის და ჩარიცხვის განხორციელება. ჩვენ გვინდა, რომ უახლოეს მომავალში მაქსმიმალურად ყველა სერვისზე გავიდეთ”, _ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.
PayPal გლობალური ონლაინ ანგარიშსწორების წამყვანი კომპანიაა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი პროდუქცია მათთვის მოსახერხებლად და უსაფრთხოდ, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე. 1998 წლის დეკემბერში დაარსებული PayPal წამყვან, გლობალურ ინტერნეტ-გადახდების კომპანიას წარმოადგენს. იგი მისაწვდომია როგორც ფიჭური კავშირის აპარატების საშუალებით, ასევე მაღაზიებში. აღნიშნული მომსახურება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, აწარმოონ ანგარიშსწორება თავიანთი ბალანსებიდან, საბანკო ანგარიშებიდან ან საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა.
PayPal-ის საშუალებით, ყოველდღიურად 7,6 მილიონზე მეტი გადახდა წარმოებს. კომპანია დღეისათვის 128 მილიონ აქტიურ ანგარიშს ემსახურება მსოფლიოს 193 ბაზარზე. ანგარიშსწორების განხორციელება PayPal-ის სისტემაში 25 სხვადასხვა ვალუტის საშუალებითაა შესაძლებელი. კომპანიის მენეჯმენტი განსაკუთრებით სტრატეგიულ მიმართულებად მობილურ ვაჭრობას მიიჩნევს. 2013 წლისთვის კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, მობილური გადახდების მოცულობამ 20 მილიარდ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს. PayPal 2002 წლიდან მიეკუთვნება ცნობილ ინტერნეტ აუქციონს e-Bay-ს. მისი სათაო ოფისი მდებარეობს სან ხოსეში, კალიფორნია, საერთაშორისო ოფისი კი – სინგაპურში.