დრომოჭმული ქაღალდის სინდისი
ყოველი ახალი მედიასაშუალების გაჩენისას წინასწარმეტყველებდნენ, რომ ის წინამორბედს ჩაანაცვლებდა. მართალია, ძველი და ახალი მედიასაშუალებები დღემდე თანაარსებობენ, მაგრამ ტრადიციული მედია, განსაკუთრებით კი, ბეჭდური პრესა, 21-ე საუკუნეში ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ფაქტია, რომ ციფრული მედია სულ უფრო და უფრო დიდ აუდიტორიას იზიდავს. ტელევიზიით ჩნდება მოყვარულების გადაღებული არა ერთი ვიდეო; ტრადიციული მედიასაშუალებები ავრცელებენ და იმოწმებენ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას. შედეგად, ზღვარი ბუნდოვანი გახდა პროფესიულ და სამოყვარულო ჟურნალისტიკას შორისაც – ბლოგები ყველას აძლევს საშუალებას, ჟურნალისტებად იქცნენ.
დღეს წარმოუდგენელია მედიასაშუალების არსებობა ვებ-გვერდის გარეშე, ძირითადი დატვირთვა (არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა მედიას ბეჭდური გამოცემა) მოდის ციფრულ სამყაროზე. ჟურნალ-გაზეთები და საინფორმაციო სააგენტოები თავიანთი მასალის გასავრცელებლად აქტიურად იყენებენ Facebook-სა და Twitter-საც. რა ელის ასეთ დროს ჟურნალ-გაზეთებს? შეძლებს თუ არა ციფრული სამყარო ქაღალდის სრულად ჩანაცვლებას?
ინტერნეტის განვითარებისა და მისი მომხმარებლების რაოდენობის მატების კვალდაკვალ, სოციალური მედიის როლი ადამიანების ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება, პარალელურად მცირდება გაზეთების როლი. მთავარი მახასიათებელი, რომელიც სოციალურ მედიას ტრადიციულისგან განასხვავებს, ისაა, რომ მისი ძირითადი ნაწილი მომხმარებლების მიერვე იქმნება. ძველი ვერსიის ვებ-გვერდებზე ინფორმაციის ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდა – ვებ-გვერდის ადმინისტრატორიდან მისი მომხმარებლებისკენ. ამ უკანასკნელს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის ან, სულაც, ინფორმაციის განვრცობის და შევსების საშუალება არ ჰქონდა. განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად, ვებ-გვერდებზე ინტერაქციის შესაძლებლობა გაჩნდა. ინფორმაციის გავრცელება გამარტივდა, რამაც მის გამრავალფეროვნებასაც შეუწყო ხელი და პოპულარობასაც. სწორედ ინტერაქციის შესაძლებლობა უდევს საფუძვლად სოციალური მედიის სწრაფ განვითარებას.
მართალია, ჯერჯერობით, ახალი მედია ტრადიციული მედიის დამხმარედ იქცა, თუმცა, ამავდროულად დიდი გამოწვევის წინაშეც აყენებს მას. გაზეთის მენეჯერებს, აუდიტორიისა და რეკლამის შესანარჩუნებლად, არა მხოლოდ ახალი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება, ნაწილობრივ, სახეცვლილებაც კი უწევთ. ახალი მედიის როლის ზრდამ, შესაძლოა, ტრადიციული მედიის ნაწილს საკუთარი პრინციპების გადახედვისკენაც უბიძგოს.
წლების განმავლობაში ახალი ამბების სამყაროში ობიექტურობა და მიუკერძოებლობა უმთავრეს პრინციპებად მიიჩნეოდა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, რომ უფრო პრიორიტეტული სხვა რამეა – მომხმარებელთა მოთხოვნა. ჭარბი ინფორმაციის პირობებში, როდესაც წყარო უამრავია, მომხმარებლისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება არა მხოლოდ მშრალად მიწოდებული ამბები, არამედ ის, თუ რას ნიშნავს ეს მათთვის. გარდა იმისა, რომ აუდიტორია ტრადიციული მედიისგან ფაქტების გადამოწმებას ითხოვს, მათ ინფორმაციის უსაზღვრო ნაკადში ამ ყველაფრის კონტექსტში მოთავსებაც სჭირდებათ. საუბარი არაა ვიწროდ პოლიტიზირებული პოზიციების დაკავებაზე, არამედ იმაზე, რომ ზღვა ინფორმაციაში ჟურნალისტის შრომამ ფუჭად არ ჩაიაროს და მის ნამუშევარს მკითხველი ჰყავდეს.
სოციალური მედია ყველაზე დიდ კონკურენციას ბეჭდურ მედიას უწევს. ბეჭდური მედიის კრიზისი განსაკუთრებით მწვავედ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგრძნობა. აქ 2010 ბოლო წლების განმავლობაში ონლაინ ახალი ამბების მომხმარებლების რაოდენობამ გაზეთების მკითხველების რაოდენობას გადააჭარბა. ონლაინ მედიამ რეკლამებით მიღებული შემოსავლებითაც დაჯაბნა ბეჭდური მედია. ბეჭდური გამოცემები უკვე აქტიურად ქმნიან ვებ-გვერდებს, სადაც მასალაზე წვდომა ფასიანი ან ნახევრად ფასიანია. თუმცა, იქიდან მიღებული შემოსავლები ბეჭდვისა და სხვა ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს.
მსოფლიო ტენდენციას ნელა, თუმცა მაინც მიჰყვება საქართველო. მართალია, საქართველოში ონლაინ მედია ჯერ კიდევ სუსტადაა განვითარებული, თუმცა, სოციალური მედია უკვე ჩვენთანაც უწევს კონკურენციას ბეჭდურ მედიას.
CRRC-ის 2011 წლის მონაცემებით, თუ საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლების უმეტესობა (70%) სოციალურ ქსელებს ანიჭებს უპირატესობას, 45% ინტერნეტს უშუალოდ ინფორმაციის საძიებლად იყენებს (2009 წელს ეს მონაცემი 34% იყო). საერთო ჯამში, მთელი მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს მიაჩნია ინტერნეტი ახალი ამბების პირველწყაროდ. თუმცა, ის ტელევიზიის შემდეგ მეორე ადგილზეა და ბეჭდურ მედიასაც უსწრებს. მოსახლეობის 11%-სთვის ის ინფორმაციის მეორადი წყაროა, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია 2009 წელთან შედარებით.
მსოფლიოში ბეჭდური გამოცემები სხვადასხვა გზას მიმართავენ იმისათვის, რომ გაადარჩინონ ქაღალდის პრესა სრულიად გაქრობას. მაგალითად, The New York Time, იმ შემთხევვაში, თუ მომხმარებელი გამოცემას იწერს სახლში, ჯდება 7.70 აშშ დოლარი კვირაში. ბეჭდური გამოცემის ხელმომწერებისთვის კი, გაზეთის მასალები სრულიად უფასოა ყველა ციფრული საშუალებისთვის (მაგ. Kindle, iPad, Notebookკ და ა.შ). მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ არის ბეჭდური გამოცემის ხელმომწერი, ონლაინ მასალების გამოწერა 8.75 დოლარი დაუჯდება ყოველკვირეულად.
ამერიკის გაზეთების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, 2000 წლიდან 2011 წლამდე ბეჭდური მედიის შემოსავალი აშშ-ში 60 მილიარდიდან 20 მილიარდამდე შემცირდა.
თუ ბეჭდურ გამოცემებს მსოფლიო მასშტაბით ისევ ჰყავთ მომხმარებელი, ეს ძველი თაობაა, რომელთაც ჟურნალ-გაზეთების ყიდვა ჩვევაში აქვთ გადასული. მათ ახალ ტექნოლოგიებზე გადაწყობა უჭირთ და ისევ ძველი მეთოდით ურჩევნიათ ახალი ამბების გაცნობა. ისევე როგორც ახალ თაობას უჭირს უარი თქვას ინფორმაციის ისეთ მარტივ და წამიერ მიღებაზე, როგორიც არის ინტერნეტი, ვიდრე გახდეს გაზეთების მომხმარებელი.
გარდა იმისა, რომ ინტერნეტით კითხვა უფრო მოსახერხებელია, ხშირად ის უფრო იაფი და შეიძლება სულაც უფასო იყოს (მაგალითად, სოციალური ქსელებით მიღებული ინფორმაცია). გაზეთში კი ყოველთვის ფულია გადასახდელი. ამასთანავე, ის უფრო მეტ დროს აკარგინებს მკითხველს, ვიდრე ონლაინ ახალი ამბების შეტყობა.
იმ პირობებში, როცა ყველას შეუძლია სამოყვარულო კამერით გადაღოს ვიდეო და გაავრცელოს სოციალურ ქსელებში, ასევე ბლოგების საშუალებით წეროს და მკითხველთა ფართო წრეც ჰყავდეს, ნაკლებ მიმზიდველი ხდება ჟურნალისტის პროფესიაც. როგორც აშშ-ის ახალი ამბების გამომცემელთა საზოგადოება აღნიშნავს თავის ანგარიშში, 2007 წლიდან მოყოლებული, ამერიკის ყოველდღიური გამოცემები 13 500 ჟურნალისტმა დატოვა.
გასულ წელს აშშ-ში გაზეთების რეკლამა 9.7%-ით შემცირდა და ეს იმის გამო არ ხდება, რომ, ზოგადად, რეკლამის მოცულობა შემცირდა. ინტერნეტ რეკლამების მოცულობა გაიზარდა 7.5%-ით, ტელევიზიის _ 10.5%, ხოლო რადიო რეკლამა 6%-ით. მომავალ წლებში კიდევ უფრო უარესი ტენდენციაა მოსალოდნელი გაზეთებისთვის. ექსპერტების შეფასებით, ერთადერთი გადარჩენის შანსი გაზეთებისთვის, არის ის, რომ ფეხი აუწყონ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს და ინოვაციური მომსახურება და პროდუქცია შესთავაზონ მომხმარებელს. ”რადგან იმ ფორმით, როგორც დღეს არსებობენ, გაზეთებს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერიათ” _ მიიჩნევენ ექსპერტები.