ევროპაში საგადასახადო რეგულირებას ამკაცრებენ
2 მაისს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა იყო გადასახადების აკრეფის ეფექტანობის გაზრდა და გადასახადების დამალვასთან საბრძოლველად სტრატეგიების შემუშავება. ასევე, ქვეყნების ფისკალური მდგომარეობისა და ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შიდა ფაქტორების გაუმჯობესება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობის შემცირებისა და რეგიონის გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები.
ზოგიერთ საკითხზე ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ავსტრია და ლუქსემბურგი წინააღმდეგნი არიან საგადასახადო პოლიტიკისა და რეგულირების გამკაცრების. ევროკავშირი, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ახლაც რამდენიმე ბანაკადაა დაყოფილი. ავსტრიისა და ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრების განცხადებით, მათ განსაკუთრებით არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ინიცირებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი სახის საშემოსავლო ინფორმაცია, როგორც დივიდენდებთან, ასევე კაპიტალის ნაკადებთან დაკავშირებით. ცვლილების მოწინააღმდგეები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში შვეიცარია ფაქტობრივად უკონკურენტო ვითარებაში აღმოჩნდება და დეპოზიტების უდიდესი ნაწილი ამ ქვეყნის ბანკებში წავა. ზემოთ დასახელებული ორი ქვეყანა წინააღმდეგია ხელი მოაწეროს ცვლილებებს მანამ, სანამ ევროკავშირი შვეიცარიასთანაც არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ინსაიდერული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ქვეყნები მაინც დათანხმდნენ მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რომელიც წლის ბოლოსთვის შეიძლება დასრულდეს. ჟოზე მანუელ ბაროსო კმაყოფილია მიღწეული შედეგით, მაგრამ იმედოვნებს, რომ უკეთეს შედეგებს მიაღწევენ ევროკავშირის ლიდერები მორიგი შეხვედრების დროს.
ევროკავშირის ლიდერების განხილვის მთავარი თემა იყო დღგ-ს გადასახადის დაფარვის საწინააღმდეგო პოლტიკის შემუშავება, რაც გადასახადების ამოღების იმაზე ეფექტიანი პოლიტიკის გატარების საშუალებას მისცემს ევროპას, ვიდრე დღესაა. ფინანსთა მინისტრები განსაკუთრებით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საკითხებით ინტერესდებიან. ბაროსო: ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უკვე გულდასმით ადევნებს თვალს თუ როგორ მიმდინარეობს განხილვები ამ თემასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აქტუალური საკითხია და მის განხილვას მომავალში კიდევ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ”.
”ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს ევროკავშირის ყველა წევრის საგადასახადო სისტემის სრული ჰარმონიზება ერთმანეთთან. საგადასახადო სისტემის სხვადასხვა მიმართულებები შეიძლება კვლავ განსხვავებულად რეგულირდებოდეს, თუმცა ისეთ პრინციპულ საკითხებს, როგორიცაა გადასახადებისთვის თავის არიდება ერთიანი, მტკიცე პოლიტიკით უნდა ვებრძოლოთ” – აცხადებს ჰერმან ვან რომპეი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი.
საგადასახადო კონტროლის გამკაცრებაზე დისკუსია უფრ აქტუალური გახდა მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა აშშ-ს სენატის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა 44 მილიარდი აშშ დოლარის (43 მილიარდი ფუნტი) საგადასახადო ვალდებულებას ააცილა თავი, მხოლოდ იმის წყალობით, რომ ის მდებარეობს ირლანდიაში. ეს ქვეყანა კი ძალიან ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკით გამოირჩევა. მხოლოდ ევროკავშირი ე.წ. საგადასახადო სამოთხეების არსებობის გამო, რომელიც, ცხადია, იზიდავს ბევრ კომპანიას, წელიწადში დაახლოებით ტრილიონ ევროს კარგავს.
აღსანიშნავია, რომ სამიტის დღის წესრიგი, რომელიც ყოველთვის რამდენიმე თვით ადრე მკაცრად განისაზღვრება, ფოკუსირებული იყო ალტერნატიულ ენერგო წყაროებზე, მაგრამ ბოლო პერიოდში გახშირებულმა ფინანსურმა სკანდალებმა, ორგანიზატორები აიძულა მინისტერიალის დღის წესრიგი შეეცვალათ და საგადასახადო რეგულირების გამკაცრებაზე მსჯელობისთვის მეტი დრო დაეთმოთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საფრანგეთს ფინანსთა მინისტრი, ჯერომ კაიუზაკი, იმიტომ გადადგა, რომ ცნობილი გახდა მისი საიდუმო ანგარიშის შესახებ შვეიცარიის ბანკში. ამას მოჰყვა განცხადებები იმის შესახებ, რომ Aმაზონ-ის, Gოოგლე-ის და შტარბუცკს-ის ბრიტანულმა ნაწილებმა დიდი მოცულობის გადასახადებს აარიდეს თავი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, საგადასახადო რეგულირების გამკაცრების საკითხი იქნება დიდი რვიანის ქვეყნების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში უნდა გაიმართოს. ”დღეს მსოფლიოში არსებული საგადასახადო წესები არ შეესაბამება თანამედროვე, გლობალური ეკონომიკის გამოწვევებს, მოქალაქეები უფრო დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს” _ აცხადებს კამერონი.
თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ ევროკავშირის ლიდერები, ოფშორების წინააღმდეგ, საგადასახადო რეგულირების გამკაცრების მიზნით, ჯერ ზუსტად არაა ცნობილი, ამ ეტაპისათვის ევროლიდერები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ევროპამ ამ საკითხების განხილვას უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, შედეგად საგადასახადო სისტემის გამკაცრება, მომდევნი მინისტერიალების მთავარი თემა იქნება.