მართლაც ყველაზე დიდია თუ არა ჩინეთის ეკონომიკა?

IMF-ის მონაცემების მიხედვით, პირველად ბოლო 140 წლის განმავლობაში აშშ-მ დაკარგა მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის სტატუსი – თითქმის 150 წლიანი ჰეგემონი ჩინეთმა ჩაანაცვლა. მაგრამ რამდენად სანდოა სტატისტიკა, რომელიც ამ ფაქტის დეკლარირებას ახდენს?
IMF-ის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2014 წელს ჩინეთის ეკონომიკა მცირედით უსწრებდა აშშ-ს ეკონომიკას, ჩინეთის ეკონომიკა 17.6 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის იყო, აშშ-სი კი 17.4 ტრილიონის. რაც იმას ნიშნავს, რომ 1872 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-მ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის სტატუსი დიდ ბრიტანეთს ჩამოართვა, ის „ტახტიდან“ ჩამოაგდეს.

IMF-მა ეს ციფრები დაითვალა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) საშუალებით, რომელიც გვიჩვენებს იმას, თუ საკუთარი ფულით რა რაოდენობის საქონლის ყიდვა შეგვიძლია სხვადასხვა ქვეყანაში. ამ გათვლით ჩინეთი, მართლაც, პირველი ეკონომიკაა მსოფლიოში, მაგრამ PPP-ს გამოყენების გარეშე, მისი ეკონომიკის ღირებულება 10.3 ტრილიონ აშშ დოლარამდე მცირდება.

ლოგიკა ძალიან მარტივია – ფასები არ არის ერთი და იგივე ყველა ქვეყანაში: მაგალითად, კოსტიუმის ყიდვა შეიძლება უფრო იაფი დაგიჯდეთ პეკინში, ვიდრე ნიუ-იორკში. ასე რომ, არ არის მთლად სამართლიანი ქვეყნების ერთმანეთთან შედარება ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. საშუალო ჩინელის შემოსავალი გაცილებით ნაკლებია აშშ-ს საშუალო მოქალაქესთან შედარებით, ეს ცხადი გახდება თუ ჩინურ ხელფასს, რომელიც იუანში გაიცემა, აშშ დოლარებში გადავიყვანთ, ეს მიდგომა აფასებს ინდივიდის (შედეგად კი მთლიანად ქვეყნის) მსყიდველობით უნარს. The Economist-ის Big Mac Index ამის ძალიან კარგი მაგალითია. ასე რომ, IMF-მა გამოთვალა მშპ როგორც PPP-ს გამოყენებით, ასევე მის გარეშე და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსხვავებული სურათები მიიღო (იხილეთ გრაფიკები).

1

2

მაგრამ საკითხავია, ისიც თუ რამდენად სანდო და სარწმუნოა ჩინეთის მონაცემები მშპ-ს შესახებ? მაშინ როდესაც ჩინეთის ამჟამინდელი პრემიერი Li Keqiang-იც აკრიტიკებს წარსულში მშპ-ს დათვლის მეთოდოლოგიას.

ერთ-ერთი ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, 2007 წელს Li-მ, რომელიც იმჟამად Liaoning Province-ის გენერალური მდივანი გახლდათ, განუცხადა აშშ-ს ელჩს, რომ ჩინეთის მშპ-ს სტატისტიკა იყო „ხელოვნური“ და „მხოლოდ საჩვენებლად“ შექმნილი.

მაგრამ სპეციალისტთა ნაწილის მტკიცებით, 1.36 მილიარდი მოსახლეობით, ჩინეთი, მართლაც, უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის მფლობელი. Matthew Crabbe, Myth-Busting China’s Numbers-ის ავტორი, რომელიც 20 წელია იკვლევს ქვეყნის სტატისტიკურ და ფინანსურ მონაცემებს, ამ ფაქტს ეჭვქვეშ არ აყენებს.

ამასთანავე, ის ამბობს, რომ თუ ჩვენ განვიხილავთ ერთ სულ მოსახლეზე დანახარჯების უნარს (per capita spending power) – ყველა საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც იწარმოება ქვეყანაში მოცემულ წელს, გაყოფილი საშუალო მოსახლეობაზე იმავე წელს, PPP-ს გამოყენებითაც კი – აღმოჩნდება, რომ ჩინეთი (11 868 აშშ დოლარით ერთ სულ მოსახლეზე) კვლავ ჩამორჩება არამხოლოდ აშშ-ს (53 001 აშშ დოლარი), არამედ ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიც არის თურქმენეთი (12 863 აშშ დოლარი) და სურინამი (16 080 აშშ დოლარი).

აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა – რამდენად ზუსტად შეიძლება ჩინეთის ეკონომიკის ან მისი ნაწილის გაზომვა? „ეს არცთუ მარტივია – ამბობს Crabbe – პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ ხშირ შემთხვევებში, სოფლები ან პროვინციები ამოვარდნილია სტატისტიკური მეთოდოლოგიის მთლიანი ჯაჭვიდან. წლიდან წლამდე თითოეული პროვინციის მშპ გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანად ქვეყნის მშპ, რაც ლოგიკურადაც და მათემატიკურადაც შეუძლებელია“.

ის ამ განსხვავებს ნაწილობრივ უკავშირებს კორუფციას, ნაწილობრივ კი, მისი შეფასებით, ეს გამოწვეულია ქვეყნის ზომისა და ზრდის მასშტაბებით.

მშპ-ს ციფრებს შორის შეუსაბამობა შეიძლება დიდ თავისტკივილად იქცეს კომპანიებისთვის, რომლებიც საინვესტიციო გადაწყვეტილებებს ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით იღებენ. ამასთან დაკავშირებით Carbbe-ს ერთი გამაფრთხილებელი მაგალითი მოჰყავს.

2005 წელს ჩინეთის მთავრობამ მშპ-ს ციფრები და სტატისტიკა შეცვალა, საცალო გაყიდვების მაჩვენებლიდან გამომდინარე. იმ პერიოდში, ჩინეთში ყველა საცალო მოვაჭრე თანხმდებოდა იმაზე, რომ რეალურად ვერავინ იგებდა რამდენი იყო საცალო ბაზრის მოცულობა ქვეყანაში. „მე შევისწავლე თითოეული სექტორი იმისათვის, რომ დამედგინა მათი რეალური ზომა და ის, თუ რამდენად სწრაფად იზრდებიან ისინი, და აქედან გამომდინარე, დამედგინა საცალო ბაზრის ზომა. ჩემი დასკვნა იყო ის, რომ ჩინეთის საცალო გაყიდვების რეალური ბაზარი იყო იმის ნახევარი, რასაც მთავრობის ციფრები გვეუბნებოდა“ – წერს Carbbe.
მან აღმოაჩინა, რომ პრობლემა მდგომარეობდა საცალო გაყიდვების საქონლის კლასიფიცირებაში. მთავრობა მასში მოიაზრებდა სამომხმარებლო საქონლის საბითუმო გაყიდვებს, ზოგიერთ სამთავრობო შესყიდვებს და ასევე business to business გაყიდვების ნაწილს, მაშინ როცა, რეალურად არ იყო ყველა მათგანი საცალო გაყიდვების ბაზრის ნაწილი.

რთულია იმის თქმა, თუ რამდენად გაუმჯობესდა დეფინიციები და სტატისტიკის მეთოდოლოგია ბოლო წლებში. თუმცა IMF-ის პროგნოზები მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით ჩინეთის შემთხვევაში ბევრად ოპტიმისტურია აშშ-სთან შედარებით. IMF-ის სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ათწლეულის ბოლოს, ჩინეთის ეკონომიკის ღირებულება იქნება 26.98 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც 20%-ით მეტია აშშ-ს საპროგნოზო მაჩვენებელზე 22.3 ტრილიონი აშშ დოლარით.

რამდენად შეძლებს ჩინეთი აშშ-ს „რეკორდის“ დამხობას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის სტატუსს 142 წელი ინარჩუნებდა? ჩინეთს გაუჭირდება ამის მიღწევა, სხვადასხვა ანალიტიკური სამსახურებისა და ასევე IMF-ის პროგნოზის მიხედვით, 2100 წლისთვის ინდოეთი შეძლებს რეალური კონკურენცია გაუწიოს ჩინეთს და იბრძოლოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

რატომ არის ჩინეთი მნიშვნელოვანი

ბოლო 30 და მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრები ჩინეთის ზრდის ტემპებს ასახავს. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა, მაგრამ ზრდის ტემპები შემცირდა გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გავლენით.
ეკონომიკური ზრდის ტემპების მკვეთრი შეფერხების გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მოუწოდა ბანკებს, გაეცათ კრედიტები ისე „თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს“. შედეგად, გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა, რასაც ჩინეთის მშპ-ს კვლავ დიდი ტემპებით ზრდა მოყვა. კაპიტალიზმის ისტორიაში მსგავს მოვლენას ადგილი არ ქონია. ეს იყო საოცრება.

თუმცა ჩინეთის მაგალითმა აჩვენა, რომ კრედიტებზე და არა ექსპორტზე დამყარებული ზრდა, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, უფრო მეტიც, ეს ტენდენცია სახიფათოა. ეს ჩინეთის ხელისუფლებამაც იცის და ცდილობენ ეკონომიკის რეკონსტრუირებას ზრდის უკეთესი ტემპების მისაღწევად. მაგრამ ჯერჯერობით რეალობა ისაა, რომ ჩინეთის მშპ-ს ზრდის ტემპები ბოლო 30 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება. როგორც Robert Petson, BBC-ის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი წერს „ჩვენ არ ვიცით თუ რამდენად შეიძლება ვენდოთ ან არ ვენდოთ ჩინურ სტატისტიკას. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები მცირდება და ახლა დებატების მთავარი თემაა ის, თუ რამდენად სწრაფად და ღრმად შეიძლება ეს პროცესები განვითარდეს“.

ფაქტია ისიც, რომ ჩინეთის ეკონომიკურმა რევოლუციამ უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს უახლეს ისტორიაზე. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთმა დიდი როლი ითამაშა ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაში მთელს მსოფლიოში, რადგან მისი წყალობით სამომხმარებლო საგნები სულ უფრო იაფი ხდება. ამან ცენტრალური ბანკები „დაარწმუნა“, რომ აღწევენ დაბალი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლებს და დიდი ხნის განმავლობაშ ინარჩუნებენ დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. ჩინეთი ბოლო წლებში იყო უდიდესი ეკონომიკური ძალა გლობალური მასშტაბით და ეს ჯერ კიდევ ასეა. მაგრამ მას რთული პერიოდი აქვს და ეს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზეც აისახება.

მოამზადა: მაკა ღანიაშვილმა
წყარო: www.ft.com; www.bbc.co.uk