ეკონომიკური ბიბლიოთეკა შეივსო მეტად საჭირო მონოგრაფიით – “სავალუტო სისტემების განვითარების პრობლემები საქართველოში”
რედაქციისაგან
ეკონომიკური ბიბლიოთეკა შეივსო მეტად საჭირო მონოგრაფიით – “სავალუტო სისტემების განვითარების პრობლემები საქართველოში”, რომლის ავტორიც გახლავთ ცნობილი ეკონომისტი და ბანკირი, მერაბ კაკულია.
ბატონი მერაბი საქართველოში საბანკო-სავალუტო სისტემის შექმნის ერთ-ერთი ავტორია და თავისი მრავალწლიანი გამოცდილება, სერიოზული კვლევით მიღწეულ შედეგებთან გააერთიანა და შექმნა კვლევა მეტად აქტუალურ საკითხზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოში სავალუტო სისტემის ფორმირებისა და განვითარების პრობლემების კომპლექსური შესწავლის ცდას. მასში განხილულია ეროვნული ვალუტის კონვერტირებადობა, გაცვლითი კურსის რეჟიმის ევოლუცია, შიდა სავალუტო ბაზრის ინფრასტრუქტურა და სავალუტო კრიზისის მექანიზმი საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში. აღნიშნული საკითხები განხილულია ფართო კონცეპტუალურ ჭრილში.
წიგნში განხილულია სავალუტო სისტემის ინსტიტუციონალური საფუძვლები საქართველოში, ეროვნული ვალუტის კონვერტირებადობის პრობლემები, გაცვლითი კურსის რეჟიმის შერჩევის პრობლემები, ჩვენს ქვეყანაში სავალუტო კრიზისი და მცურავ გაცვლით კურსზე გადასვლა.