ბათუმის ”შეჭრილ ხიდზე” სასტუმრო აღარ აშენდება
”პიერ ბათუმი” წელს ტურისტებს განახლებული სერვისებით დახვდება.
გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის _ ”პიერ ბათუმის” (PIER BATUMI) მშენებლობა 10 დღეში დასრულდება და ის დამსვენებელს ამ საკურორტო სეზონზე დამატებით, კიდევ ორი ახალი, საერთო ჯამში, 8 ობიექტით გაუწევს მომსახურებას. ”მიმდინარე წლის მშენებარე ობიექტებიდან VIP კაფის შიდა ინტერიერის მოწყობას 10 დღეში დავასრულებთ. ეს იქნება კიდევ ერთი ახალი მომსახურების ობიექტი, რომლის გახსნაც მთლიანად დაასრულებს ”პიერ ბათუმის” მშენებლობას და მომხმარებელს დასავლური ტიპის მომსახურებას შევთავაზებთ”, _ განაცხადა შპს Battun-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მინდია გურგენიძემ.
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი შპს Battun-ი ”პიერ ბათუმის” კომპლექსს გასული წლიდან აშენებს. ბათუმის ბულვარის ცენტრალური ნაწილის სანაპირო ზოლში, 7, 900 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ კომპლექსში შედის კაფე-ბარი, რესტორანი, მაღაზია, ღია პლაჟი, VIP კაფე, პიცერია, ჩილიმის ბარი და ზღვაში შეჭრილი 35 მეტრის ხიდი. კომპანია ხიდის სიგრძის 75 მეტრამდე გაზრდას გეგმავდა, რომლის თავზეც ორსართულიანი სასტუმრო აშენდებოდა.
შპს Battun-ის დამფუძნებლებმა ოზჯან სუმერმა და აჰმეთ დონგელმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ”პიერ ბათუმის” კომპლექსის მშენებლობაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და 120 ადამიანი დაასაქმეს.