ვინ უშლის ხელს საფონდო ბაზრის განვითარებას
საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი ბიზნეს-ასოციაციას ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებული კანონპროექტის დაბლოკვაში ადანაშაულებს.
როგორც ბირჟის სამეთლვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც იმ ძირითადი პრინციპების დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც კანონმდებლობაში 1993 წელს ამერიკელი ექსპერტების რჩევით იყო ჩადებული.
გოგი ლოლაძის განმარტებით, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში წარმატებით მიდიოდა, გაიარა რამდენიმე კომიტეტი, თუმცა გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, კანონპროექტი ჩავარდეს და არ მოხდეს საფონდო ბაზრის განვითარება. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფად ის ბიზნეს-ასოციაციაში არსებულ საბანკო კომიტეტს ასახელებს. ლოლაძის თქმით, უახლოეს ხანში დანიშნულია პლენარული მოსმენები და თუ ლობმა ვერ იმუშავა, კანონპროექტი მიღებული იქნება.
საფონდო ბირჟის ხელმძღვანელობის ბრალდებას გამოხმაურება მოჰყვა. საკონსულტაციო კომპანია „ნოდია, ურუმაშვილის და პარტნიორების~ წარმომადგენელი, ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი განმარტავს, რომ ცვლილებებს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში არა მცირე ჯგუფი არამედ ბიზნეს- ასოციაცია, ბანკების ასოციაცია და ზოგადად ბიზნესი ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, იმ რეგულაციების დაწესებით, რაც ბირჟის ხელმძღვანელობას სურს, ბირჟის განვითარების პერსპექტივები ნულის ტოლია და ცვლილებები კიდევ უფრო არამიმზიდველს გახდის საფონდო ბაზარს, რადგან უქმდება მეორადი ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ხოლო საფონდო ბირჟა იკანონებს მონოპოლიურ მდგომარეობას და ნებისმიერ უცხოურ ბირჟას ბაზარზე შემოსვლის შანსს უკარგავს.