დაუზვერავი არქტიკის სიურპრიზები
არქტიკის ათვისების აუცილებლობის შესახებ დისკუსია მთელი ძალით მიმდინარეობს. მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ არქტიკული ნახშირწყალბადების მოპოვების რენტაბელობა ნულოვანი ან უარყოფითი იქნება იმის გამო, რომ შესაბამისი ტექნოლოგია არ არსებობს და, ასევე, მხედველობაშია მისაღები ეკოლოგიური საფრთხეები, რაც მის ათვისებას შესაძლოა თან ახლდეს. ყველაფერი მართლაც ასეა, მაგრამ დიდ არქტიკულ პროექტში ინვესტიციების აქტიურად განმხორციელებლებს თავიანთი არგუმენტები აქვთ – ასევე საფუძვლიანი.
საშუალოვადიანი პროგნოზების უდიდესი უმრავლესობის თანახმად, არსებულ გლობალურ ენერგეტიკულ ბალანსში ნახშირწყალბადების წილი უახლოესი 25-30 წლის მანძილზე პრაქტიკულად იმავე დონეზე დარჩება, რაც დღესაა (50%-ზე მეტი). ბაზარზე მოსალოდნელი არ არის არც მნიშვნელოვანი ცვლილებები ფასების კუთხით: ნავთობის ფასები საეჭვოა ჩამოვიდეს დღევანდელი 100 დოლარიდან ბარელზე (Brent მარკა) და უფრო მეტიც, 2035-2040 წლებისთვის სავარაუდოდ გაიზრდება კიდეც, ამით ნაწილობრივ დააზღვევს კიდეც ძვირადღირებულ არქტიკულ სტარტაფებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თითქმის დაუსახლებელი არქტიკისადმი ინტერესის სტიმულირებას იწვევს, ეს არის ევროანტლატიკურ ზონასა და წყნარი ოკეანიის რეგიონებს შორის ახალი სავაჭრო გზის გაჭრა: არქტიკაში სწრაფი კლიმატური ცვლილებები ხელს უწყობს პროგნოზირებად მომავალში სტაბილური საზღვაო ნავიგაციის ორგანიზებას, საიდანაც უზარმაზარი ეკონომიკური მოგების მიღება სავსებით რეალურია.
და ბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ არქტიკაში ექსპანსიის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კომპონენტის შესახებაც: დედამიწის ეს მოზრდილი ნეიტრალური რეგიონი მალე გახდება საერთაშორისო გარჩევისა და მერიდიანებად და პარალელებად დაყოფის ობიექტი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რამდენად გვიან დადგება არქტიკულ ნახშირწყალბადებზე მოთხოვნა, თუნდაც 2020-2030 წლებში, ყველა, არქტიკის პირას განლაგებულ სახელმწიფოებს მოუწევთ, იზრუნონ, რომ ამ მნიშვნელოვან პლაცდარმზე თავიანთი არსებობა თავის დროზე უზრუნველყონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ძალებით დაზვერონ არქტიკული რესურსები, აითვისონ ახალი ტექნოლოგიები, მოამზადონ კვალიფიციური სპეციალისტები იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველაფრისთვის მზად იყვნენ.
ექსპერტულ წრეებში ამ დროისთვის შეიქმნა საკმაოდ ფართე კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ 2030 წლამდე ნახშირწყალბადებზე მსოფლიო მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის საშუალოვადიანი დინამიკა, ისევე როგორც ნავთობისა და გაზის ფასების დინამიკა, მიმდინარე სიტუაციასთან შედარებით არ განიცდის მკვეთრ ცვლილებებს.
ანალიტიკურ ანგარიშში სახელწოდებით ”მსოფლიოსა და რუსეთის ენერგეტიკის განვითრების პროგნოზი 2040 წლამდე” (2013 წლის აპრილი), რომელიც მომზადდა ენერგეტიკული კვლევითი ინსტიტუტისა და რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ანალიტიკური ცენტრის ერთობლივი მუშაობით, აღნიშნულია, რომ საფასო პროგნოზებში შეშფოთების ფუნდამენტალური საფუძველი არ არსებობს (როგორც ძალიან მაღალი, ასევე ძალიან დაბალი ფასების თვალსაზრისით) განხილული პერიოდისთვის (2040 წელი): ”ნებისმიერ სიტუაციაში, 2040 წლამდე ნავთობის საბალანსო ფასები არ გამოვა დიაპაზონიდან 100-130 დოლარი (აშშ, 2010 წელი) ბარელზე, მასთან რეგიონების მიხედვით მძაფრად დიფერენცირებული გაზის ფასების კარგი კორელაციის პირობებში (რაც სულაც არ გულისხმობს ფასების მოკლევადიანი ფლუკტუაციის გამორიცხვას, რაც პოლიტიკური და სპეკულატური ფაქტორებით იქნება გამოწვეული)”.
შედარებისთვის საინტერესოა ფასის ცვლილების განსხვავებული სცენარის განხილვაც, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს სტატისტიკურ-ანალიტიკურმა განყოფილებას ეკუთვნის, U.S. Energy Information Administration (EIA). მის ბოლო ანგარიშში (Annual Energy Outlook 2013), რომლის ბოლო ვერსიაც მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ Brent მარკის ნავთობზე ფასი შემცირდება 96 დოლარამდე ბარელზე 2015 წლისთვის და შემდგომში თანდათანობით მკვეთრი ცვლილებების გარეშე დაიწყებს გაზრდას და 2040 წლისთვის მიაღწევს 163 დოლარს ბარელზე.
ამასთან, ბაზრის ყველა ანალიტიკოსი ხაზს უსვამს ერთ მნიშვნელოვან მომენტს: საშუალოვადიან პერსპექტივაში ადრე პროგნოზირებადი ნავთობის ფასების მკვეთრი გაზრდა რესურსის სწრაფი ამოწურვის მიზეზით, როგორც ჩანს, არ მოხდება (პირობითად, უახლოესი ორი-სამი ათწლეული). ეს შემაკავებელი საფასო კორექცია არატრადიციული წყაროებიდან მოპოვების სწრაფი ზრდის პირდაპირი შედეგია. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აშშ-დან ნახშირწყალბადების იმპორტის საკმაოდ მდგრადი ტემპით შემცირება, რომელიც, ჯერჯერობით, ისევ სტიმულირდება სახელგანთქმული ფიქლის გაზის რევოლუციით.
რუსი სპეციალისტები წერენ, – ”ენერგომომარაგების მოწინავე ტექნოლოგიებმა და ნავთობის არატრადიციული წყაროების დამუშავებამ მნიშვნელოვნად შეამცირა მოსალოდნელი ფასები 150-დან 100-110 დოლარამდე ბარელზე და გადასწიეს ფასების გასამმაგება 1975-2005 წლებისა დროით ჰორიზონტზე 2040 წლისთვის”.
ამასთან, რუსი მკვლევარები არ არიან მიდრეკილნი გადააჭარბონ ამ შემამცირებელი ფაქტორის შეფასებაში: მათ მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ”ხილულ ტექონოლოგიურ გარღვევებსაც (არატრადიციული ნავთობის მოპოვება, ენერგოდაზოგვა და ა.შ.) არ შეუძლიათ მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ფასების გასული ეტაპის დონეს დაუბრუნონ, როცა ბარელი ნავთობი 50 დოლარი ღირდა”.
ანალიტიკოსები საწვავის გლობალური კალათის რადიკალურ ცვლილებებსაც არ ელოდებიან საშუალოვადიან პერსპექტივაში: უახლოეს ორი-სამი ათწლეულის მანძილზე შენარჩუნდება ნახშირწყალბადების რესურსების დომინირება. რუსი მკვლევარების აზრით, პირველადი ენერგიის მსოფლიო მოხმარებაში ნავთობისა და გაზის წილი პროგნოზირებად დროით დიაპაზონში ფაქტიურად უცვლელი დარჩება (53,6% _ 2010 წელს, ხოლო 2040 წლისთვის _ 51,4%). თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახშირწყალბადების ცალკეული სახეობების მიხედვით სერიოზული ცვლილებები მაინც მოსალოდნელია: ნავთობის წილი პირველადი ენერგიის მოხმარებაში ამ პერიოდისთვის, პროგნოზების თანახმად, 32-დან 27%-მდე შემცირდება, მაშინ როცა, გაზი, პირიქით, საწვავის ყველაზე მოთხოვნად სახეობად გადაიქცევა უახლოესი 30 წლის მანძილზე _ მისი წილი გლობალურ ენერგომოხმარებაში, ენერგეტიკული კვლევითი ინსტიტუტისა და რუსეთი ფედერაციის სამთავრობო ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, 2010 წლის მაჩვენებლიდან 21% _ 2040 წლისთვის 25%-მდე გაიზრდება. რაც შეეხება განახლებადი ენერგიის წყაროებს (ჰიდროენერგიის გარდა, მაგრამ ბიოსაწვავის გათვალისწინებით), საპროგნოზო პერიოდის ბოლოსთვის მათზე მოვა მსოფლიო ენერგომოხმარების 13,8% და 12,5% ელექტროენერგიის გამომუშავება (2010 წლის 10,9%-სა და 3,7%-ის საწინააღმდეგოდ).
ენერგეტიკული კვლევითი ინსტიტუტისა და რუსეთი ფედერაციის სამთავრობო ანალიტიკური ცენტრის საბაზისო სცენარის მიხედვით, 2040 წლამდე თხევად საწვავზე მოთხოვნა გაიზრდება წლიურად საშუალოდ 0,5%-ით და 5,1 მილიარდ ტონას მიაღწევს, ანუ 26%-ით გაიზრდება (ამასთან, ნავთობი და გაზის კონდენსატი ტრადიციული წყაროებიდან 77% იქნება).
უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს სანავთობე ბაზარზე: ნავთობის ამოღების კოეფიციენტის ზრდა, როგორც ძველი ისე ახალი საბადოებიდან. ენერგეტიკული კვლევითი ინსტიტუტი ასევე პროგნოზირებს, რომ 2040 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება გაზის მსოფლიო მოხმარება 5,3 ტრილიონ კუბურ მეტრამდე, რაც 60%-ით აჭარბებს 2010 წლის დონეს. ყველა რეგიონში გაზზე მოთხოვნის ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი, პირველ რიგში, გაზის გენერაციის განვითარება იქნება, რაც განპირობებულია ელექტროფიკაციის ზრდითა და ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისი მატებით.
და ბოლოს, ბაზრის ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების საერთო მოცულობა განუხრელად იზრდება (2008 წლის მოკლევადიანი ჩავარდნის გამოკლებით) და ეს ტრენდი აშკარად ხელს უწყობს ნახშიწყალბადების მომპოვებელი პროექტების მომავალ აქტივიზაციას, მათ შორის, არქტიკულ რეგიონში.
ბუნებრივია, დიდი არქტიკული ბუმის დაწყებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გადაინაცვლოს დროში იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის მსოფლიო ფასები მაინც დაიკლებს (ჯერჯერობით, ის ინარჩუნებს ფასს ბარელზე 100 დოლარი) არქტიკაში ნავთობის მოპოვების სავარაუდო საშუალო თვითღირებულებამდე. თუმცა, ჯერჯერობით ამ თვითღირებულების სხვადასხვა ვერსია სახელდება, მაგალითად, IEA (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო) აცხადებს, რომ თვითღირებულება იქნება დაახლოებით 60-80 დოლარი ბარელზე. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ არქტიკაზე მოპოვებული ბარელი ნავთობი 100 დოლარზე ნაკლები არ ეღირება. თუკი საზომ ერთეულად ტონას ავირჩევთ, მან შეიძლება 700 დოლარს მიაღწიოს (ტრადიციული საშუალო კოეფიციენტი ბარელიდან ტონაზე გადასაყვანი _ 7,6 ბარელი/1ტონა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნავთობის სხვადასხვა სახეობების მიხედვით, რომლებსაც სხვადასხვა სისქელე აქვს, ეს მაჩვენებელი მკვეთრად ვარირებს).
”რუსეთის არქტიკულ შელფზე ნახშირწყალბადების მოპოვების თვითღირებულება, ზოგიერთი შეფასებით, შესაძლოა იყოს 500-700 დოლარი ტონა ნავთობის ექვივალენტზე და ეს ბევრად მეტია, ვიდრე დასავლეთ ციმბირში, სადაც თვითღირებულება ტონაზე 60-80 დოლარს შეადგენს”, _ აცხადებს ანატოლი ზოლოტუხინი, რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. სახელმწიფო ჩინოვნიკი ამერიკული ოფ Oცეან Energy Management-დან (BOEM), რომელიც მუშაობს ალიასკის ნაპირებზე საბადოების დამუშავების ლიცენზიების გაცემაზე, ოპტიმისტურად არის განწყობილი: მათი გათვლებით, ბოფორის ზღვაში შელფური მოპოვების ნულოვანი რენტაბელობა მიღწეული იქნება ბარელი ნავთობის 30 დოლარის ღირებულების პირობებში, ხოლო ჩუკოტკის ზღვაში დაახლოებით 40 დოლარის.
არქტიკული ნავთობისა და გაზის პროექტების შესაძლო რენტაბელობის რამდენადმე უტყუარი გაანგარიშებისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით ”X-ფაქტორების” გათვალისწინება – საბადოების გეოლოგიის რეგიონული თავისებურებები, ტრანსპორტირების დანახარჯები, ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების შემუშავებაში ინვესტიციები, ყველა არქტიკულ ქვეყანაში, რომლებიც ნახშირწყალბადების რესურსების პოტენციური მფლობელები არიან, საგადასახადო სისტემის თავსებურებები და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ არქტიკულ რეგიონში ნავთობისა და გაზის კოლოსალური მარაგები ასე თუ ისე მოთხოვნადი უნდა გახდეს მსოფლიო ბაზრების მიერ, არქტიკული მოპოვების აღმავლობის შესაფასებელი საყრდენი წერტილები არც ისე მყარია: ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ზრდა უკვე 2020 წლისთვის დაიწყება, სხვები 2025-2030 წლებს ასახელებენ და ამასთან, არსებობს სკეპტიკოსების მთელი არმია. ისინი ფიქრობენ, რომ უახლოესი 20 წლის მანძილზე არქტიკული ნახშირწყალბადების მოპოვებაზე საუბარიც კი არ იქნება.
არქტიკული ნახშირწყალბადების პოტენციური ერთობლივი მარაგების შეფასების სერიოზული მცდელობა, თითქმის დღევანდელ დღემდე, მკვლევარების მხოლოდ ორ ჯგუფს ჰქონდა: 2000-იანების დასაწყისში და 2008 წელს გამოქვეყნდა აშშ-ის ავტორიტეტული გეოლოგიური სამსახურის (USGS) ანგარიში, ხოლო 2006 წელს გამოვიდა კომპანია Wood Mackenzie-ისა და Fugro Robertson-ის (Future of the Arctic-A New Dawn for Exploration) ერთობლივი მოხსენება.
USGS-ის სპეციალისტებმა საკმაოდ კარგი სურათი დახატეს, რომელიც ითვალისწინებდა ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობის არქტიკული გაზისა და ნავთობის მოდინებას და გამოაქვეყნეს სავარაუდო შეფასება, რომლის თანახმადაც, არქტიკულ რეგიონში თავმოყრილია ნახშირწყალბადების დაუზვერავი რესურსების მსოფლიო მოცულობის 25%. 6 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ალტერნატიული ანგარიში, რომელიც Wood Mackenzie/Fugro Robertson-მა წარმოადგინა, ბაზირებული იყო სხვადასხვა არქტიკული აუზების ბევრად დეტალურ გეოფიზიკურ ანალიზზე, ამ კვლევითმა ტანდემმა დაასკვნა, რომ არქტიკის ნახშირწყალბადების ერთობლივი მარაგები მნიშვნელოვნად ნაკლებია ადრე გაცხადებულზე და თქვეს, რომ უზარმაზარი ტექნიკური სირთულეების გათვალისწინებით, რომელსაც შეეჯახებოდნენ ადამიანები ამ რესურსების სამრეწველო ათვისების დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით, არქტიკული მოპოვება დიდ ეჭვს იწვევს.
2008 წლისთვის USGS-ის სპეციალისტებმა თავიანთი ანგარიშის განახლებული ვერსია წარმოადგინეს – Circum-Arctic Resource Appraisal: Estimates of Undiscovered Oil and Gas North of the Arctic Circle _ CARA (არქტიკის ნავთობისა და გაზის დაუზვერავი მარაგების შეფასება), რომელიც დღესდღეობით ექსპერტულ წრეებში ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდ მიიჩნევა. კვლევაში მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო იმ ზონების გამოყოფაზე, რომლებსაც 10%-იანი შანსი აქვთ შეიცავდნენ ნავთობის ან გაზის შედარებით მსხვილ მარაგებს. რისთვისაც სხვადასხვა სახის დანალექი ქანების გეოლოგიური ანალიზი გაკეთდა.
ამ ანალიზის საფუძველზე მკვლევარების ჯგუფი ხელმეორედ მივიდა დასკვნამდე, რომ მომავალში არქტიკა შეიძლება გახდეს ნავთობისა და გაზის მსოფლიოს უმსხვილესი პროვინცია. USGS-ის ვერსიით, არქტიკის დაუზვერავი ნავთობისა და გაზის მარაგების სავარაუდო მოცულობა 413 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტს შეადგენს, ანუ მსოფლიოში დაუზვერავი მარაგების 22%-ს. ამასთან, ტრადიციულ ნავთობზე მოდის (ბუნებრივი გაზის თხევადი ფრაქციის გათვალისწინებით, NGL) 134 მილიარდი (NGL-ის გარეშე დაახლოებით 90 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტი), რაც შეესაბამება მსოფლიო მარაგების 13-15%-ს, ხოლო ჩვეულებრივ ბუნებრივ გაზზე მოდის დანარჩენი 279 ბარელი ნავთობის ექვივალენტი, ანუ მსოფლიოს ერთობლივი მარაგების დაახლოებით 30%. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არქტიკული ნახშირწყალბადების სიმდიდრის 70% თეორიულად გაზზე მოდის. არქტიკის ნავთობისა და გაზის რესურსების დაახლოებით 80% განლაგებულია ოფშორულ ზონაში, ანუ ღია ზღვაში, მაგრამ მისი წყალქვეშა საბადოების ლომის წილი, როგორც ჩანს, თავმოყრილია მეჩხერ წყლებში (შელფზე) _ 500 მეტრის სიღრმეში. გარდა ამისა, UშGშ-ის შეფასებით, არქტიკის ცენტრალური ზონის ოკეანის ფსკერის ქვეშ და მის შემოგარენში მნიშვნელოვანი მარაგების აღმოჩენის ალბათობა ნულს უდრის. რაც შეეხება მთელი ამ ნავთობისა და გაზის მარაგების რეგიონალურ სპეციფიკას, წმინდა ნავთობის 65% (NGL-ის გარეშე) თავმოყრილია ჩრდილოეთ ამერიკის არქტიკულ ზონაში: დაახლოებით 30 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტი მოდის არქტიკულ ალიასკაზე (აშშ), დაახლოებით 10 მილიარდი _ ე.წ. ამერაზიულ აუზზე (კანადის სანაპიროების ჩრდილოეთით) და კიდევ 9 მილიარდი _ გრელანდიის შელფზე (ძირითადად, მის აღმოსავლეთ რიფებზე).
რუსეთი, USGS-ის მიხედვით, ფლობს დაახლოებით 15 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტს (9,4 მილიარდი ბარენცის ზღვის სამხრეთ ნაწილში და კიდევ 5,3 მილიარდი _ ენისეი-ხატანგის აუზში), თუმცა, NGL-ის რესურსების დამატებით მისი სანავთობე წილი მნიშვნელოვნად იზრდება _ არქტიკული მარაგების მთლიანი მოცულობის 41%-მდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ არქტიკული სანავთობე რესურსების საშუალოდ 80% თავმოყრილია შელფებზე (რუსეთისთვის 70%, ამერიკული ალიასკისთვის დაახლოებით 50%, მაშინ როცა გრელანდიისა და ნორვეგიის არქტიკის ნავთობიანი რეგიონები პრაქტიკულად წყლის ქვეშ არის განლაგებული).
USGS-ის მოხსენების თანახმად, გაზთან დაკავშირებული სიტუაცია რუსეთისთვის უკეთესად გამოიყურება: მასზე მოდის არქტიკის გაზის დაუზვერავი მარაგების საერთო მოცულობის 70% (შელფური მარაგები ძირითადად არის კარის ზღვის სამხრეთ ნაწილში და ბარენცის ზღვის აღმოსავლეთში). ამერიკული ალიასკის აუზში თავმოყრილია არქტიკული გაზის მარაგების 14%, 8%-ს სავარაუდოდ ფლობს გრელანდია, 4-4% აქვთ არქტიკულ კანადასა და ნორვეგიას. ამასთან, არქტიკული გაზის საზღვაო და სახმელეთო მარაგებს შორის პროცენტული განაწილება (offshore/onshore) დაახლოებით შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ ნავთობისას: დაახლოებითს 80% მოდის შელფზე, თუმცა, რუსეთისთვის წყლის ქვეშა გაზის წილი თითქმის 90%-ს შეადგენს.
თუმცა, ბაზრის ანალიტიკოსების უდიდესი უმრავლესობის აზრით, არქტიკის გაზის რესურსების მიმართ ინტერესი მეორე ადგილზე გადაინაცვლებს ნავთობთან შედარებით, რადგანაც ეკონომიკური თვალსაზრისით ის ნაკლებად რენტაბელურია, ვიდრე სხვა პერსპექტიული პროექტები, მაგალითად, ახლო და შუა აღმოსავლეთის (ყატარი, ირანი და სხვა ქვეყნები), ასევეა სხვა ფიქლის გაზის საბადოებიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ U.S. Department of the Interior Bureau of Ocean Energy Management-ის სპეციალურ მოხსენებაში (BOEM, 2011 წლის ნოემბერი), რომელიც ამერიკული ალიასკის შელფის სამრეწველო ათვისებას ეხება, გამახვილებულია ყურადღება, რომ ბოფორისა და ჩუკოტკის ზღვებში მსხვილი სანავთობე საბადოები პირველ რიგში იქნება დამუშავებული, ხოლო ამ აკვატორიებში ბუნებრივი გაზის კომერციული მოპოვება მას შემდეგ დაიწყება, რაც ალიასკის პირა სანავთობე რესურსები იქნება ამოწურული და შეიქმნება შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
USGS-ში განაცხადეს, რომ დოკუმენტ CARA-ს გამოქვეყნების მომენტისთვის (ანუ 2008 წლის მდგომარეობას) არქტიკულ ტერიტორიაზე პოლარული წრიდან ჩრდილოეთისკენ, ანუ 66° 33’ განედზე აღმოჩენილ იქნა ნავთობისა და გაზის 400-ზე მეტი სხვადასხვა ხარისხის პერსპექტიულობის მქონე საბადო. თავის მხრივ, ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებულ მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ (EIA) გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთის პოლარული წრის მაღლა უკვე გახსნილია 61 მსხვილი გაზისა და ნავთობის საბადო, აქედან 43 რუსეთში, 11 _ კანადაში, 6 _ ალიასკაზე და 1 _ ნორვეგიაში.
რასაკვირველია, ყველა ეს შეფასება ჯერჯერობით პირობითია. ჩვენი პლანეტის ოკეანის ფსკერი, განსაკუთრებით მისი ის რეგიონები, რომელიც განთავსებულია ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ჯერ ისევ ცუდად არის შესწავლილი, ასევე მწირია გეოლოგების ცოდნა იმასთან დაკავშირებით თუ რა დევს ყინულოვანი ოკეანის ქვემოთ.