საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი ეტაპები და ტენდენციები: მიღწეული შედეგები, ნაკლოვანებები და გადაუწყვეტელი პრობლემები
ანზორ ბენიძე
ყოველი კულტურული ერის ცხოვრებაში განათლების მდგომარეობა მისივე ისტორიული ყოფის უშუალო გამოხატულებას წარმოადგენს. თუ გადავხედავთ საქართველოს უმაღლესი სკოლის ისტორიას, დავინახავთ, რომ მისი ფესვები საუკუნეთა სიღრმეშია გადგმული. საქართველოს უკვე IV საუკუნეში ჰქონდა უმაღლესი სკოლა, რომელიც იმდროინდელი კულტურული სამყაროსათვის ცნობილი იყო კოლხეთის აკადემიის სახელწოდებით.
ამ აკადემიაში იზრდებოდნენ დიდი ფილოსოფოსები, სადაც ნიჭიერ ადამიანებს ასწავლიდნენ ფილოსოფიასა და რიტორიკას. აკადემიაში ცოდნას იძენდნენ ცნობილი ბიზანტიელი მეცნიერები, მამა-შვილი ევგენიოსი და თემისტიოსი.
საქართველოში IV საუკუნეში ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებამ, V საუკუნიდან ახალი დამწერლობის შექმნამ ეკლესია-მონასტრებში გააძლიერა ლიტერატურულ-ფილოსოფიური მოღვაწეობა. უფრო მოგვიანებით, XI-XII საუკუნეების საქართველოში საფუძველი ეყრება გელათის, იყალთოს, გრემის სახელგანთქმულ აკადემიებს, რომელთა ნანგრევებმა ჩვენს დრომდეც მოაღწია.
გამანადგურებელმა და დამანგრეველმა ომებმა, რომლებიც XIII საუკუნიდან მონღოლ-თათრების შემოსევით დაიწყო, შეაჩერა ქართული კულტურის განვითარება და მისი ძეგლების უმრავლესობა ნანგრევებად აქცია.
მე-16 საუკუნიდან იწყება ერთგვარი აღორძინების ხანა, რომელიც მე-19 საუკუნემდე გრძელდება. თეიმურაზ I, ვახტანგ VI, არჩილის, სულხან-საბა ორბელიანის, ანტგონ I, თეიმურაზ II, დავით გურამიშვილის, ბესიკის მოღვაწეობა ხელს უწყობს ერის კულტურული ენერგიის გამოცოცხლებას, თუმცა ირან-თურქეთის აგრესია არ წყდება.
რუსეთთან საქართველოს შეერთებამ 1801 წელს ქართველი ხალხი უცხოელთა გამანადგურებელი თავდასხმებისაგან იხსნა. ნაციონალური დამონების პოლიტიკური კურსის ერთგული მეფის მთავრობა საქართველოში კულტურისა და განათლების განვითარებას აფერხებდა.
საქართველოს უმაღლესი განათლების აღორძინებისაკენ შემობრუნება, ფაქტობრივად, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო. 1918 წელს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც პირველი უნივერსიტეტია კავკასიაში.
ქვეყნის უმაღლესი განათლების უპირველეს კერას მხარში უდგას მისი პირმშო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი და სხვა სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იღწვიან საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებისათვის.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას, როგორც ნაწილს საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემისა, ამ უკანასკნელის ყველა ნაკლი და უპირატესობა ახასიათებდა. 90-იანი წლების დრამატულმა პოლიტიკამ და სოციალურმა ცვლილებებმა გამოიწვია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ღრმა კრიზისი; გამოიკვეთა საერთო ტენდენცია, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის დაქვეითება და სასწავლო და საშემსრულებლო დისციპლინის შესუსტება.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიზაციის შეუქცევადმა პროცესმა, ბუნებრივია, ქვეყნის განათლების სისტემაში შესაბამისი ცვლილებები მოითხოვა. საქართველოს განათლების სამინისტრომ 1995 წელს შეიმუშავა “განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამა და მისი რეალიზაციის გეგმა”. 1997 წელს ძალაში შევიდა კანონი “განათლების შესახებ”.
როგორც კანონის, ისე რეფორმის პროგრამის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც შემდეგში მდგომარეობს:
კერძო უმაღლესი სასწავლებლების შექმნა;
წესები, რომლებიც განსაზღვრავენ უმაღლეს სასწავლებელთა ლიცენზირებას და ატესტაცია-აკრედიტაციას;
სასწავლო პროგრამის რეფორმა;
მთავრობის მიერ დაფინანსებული სტუდენტთა კონტინგენტის, ე.წ. “სახელმწიფო დაკვეთის” შენარჩუნება;
ორსაფეხურიანი სისტემის “ოთხი+ორი” და, შესაბამისად, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხების შემოღება.
რაც შეეხება კერძო სასწავლო დაწესებულებებს, კანონმა განათლების შესახებ “პოსტფაქტუმ” წარმატებით დააკანონა უმაღლესი განათლების სფეროში კერძო სექტორის განვითარება.
კანონი “განათლების შესახებ” ასევე მოიცავს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციას. ატესტაცია-აკრედიტაცია ერთიანი პროცესია. ატესტაციის მიზანია, შემოწმდეს ლიცენზიის პირობებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის, მისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მდგომარეობა. ატესტაციის საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მოწმობა.
განათლების რეფორმა მოითხოვს, რომ მოხდეს ქართული ტრადიციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შერწყმა როგორც სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე მათი განხორციელებისას. რეფორმა გამიზნულია იმისთვის, რომ უმაღლესმა სკოლამ გამოუშვას კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება შესატყვისი ცოდნა და დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც საჭიროა საბაზრო ეკონომიკის განვითარებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.
საქართველოს განათლების სამინისტრო კარგა ხანია შეუდგა უმაღლესი სასწავლებლების ატესტაცია-აკრედიტაციას. ჯერ კიდევ 1996 წლის 27 აგვისტოს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით შეიქმნა ატესტაციისა და აკრედიტაციის სახელმწიფო კომისია. კომისიამ შეიმუშავა სამედიცინო-საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების კითხვარი.
იმავე წლის ნოემბრიდან დაიწყო სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზიის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცესი, რომელიც ორი ეტაპისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ წინადადება, პასუხი გაეცათ კომისიის მიერ შემუშავებულ თვითშეფასების კითხვარზე, ხოლო მეორე ეტაპზე სპეციალურად შექმნილი ექსპერტთა ჯგუფები ადგილზე ამოწმებდნენ თვითშეფასების კითხვარში მოყვანილი ინფორმაციის სისწორეს.
ატესტაციის პროცესის დაწყების მომენტისათვის განათლების სამინისტროში ლიცენზირებული იყო 58 უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი, სადაც სწავლობდა სულ 14494 სტუდენტი, აქედან, პირველ კურსზე – 3683. მაშინ, როდესაც ევროგაერთიანების რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემას ნორმალური ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება 300-400 ახალი ექიმი. სტუდენტთა აშკარა სიჭარბეზე მიუთითებს ის, რომ აშშ-ში, 100 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, სამედიცინო სკოლებში ერთ კურსზე 6,4 სტუდენტი სწავლობს, ხოლო საქართველოში იგივე მაჩვენებელი 65,1 აღწევს (10-ჯერ მეტი).
მიღებულ იქნა ზომები ამ შეუსაბამობის გამოსასწორებლად. ყველა სასწავლებლებს დაუწესდა მისაღები კონტინგენტის ლიმიტი, რომელიც საგრძნობლად ნაკლებია მათ მიერ წინა წელს მიღებული სტუდენტების რაოდენობაზე.
მომდევნო ეტაპზე აკრედიტაციის საბჭოს ატესტაციაგავლილი სამედიცინო სასწავლებლებისათვის თანხმობა უნდა მიეცა აკრედიტაციაზე ან მასზე უარი ეთქვა სათანადო მოტივირებით და გაეგრძელებინა დანარჩენი სხვა პროფილის უმაღლესი სასწავლებლების ატესტაცია-აკრედიტაცია. იმის გამო, რომ მზადდებოდა კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ”, პროცესი შეფერხდა.
ამჟამად “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის პროექტი მზადაა, რომელიც პარლამენტში განხილვის შემდეგ წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად. პრეზიდენტის ხელმოსაწერად ასევე გამზადებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს ახალი დებულება.
აკრედიტაციის განხორციელებაში ტექნიკური დხმარების მიზნით 2001 წლის აპრილში შედგა შეხვედრები დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე გადაწყდა – უნდა შემუშავდეს აკრედიტაციის გეგმა, რომელიც დაეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ადაპტირებული იქნება ადგილობრივ მოთხოვნებთან.
მიმდინარე წლის აგვისტოში, აკრედიტაციის გეგმის შეჯერების მიზნით, კვლავ შეიკრიბა ზემოხსენებული ჯგუფი, მომზადდა პროგრამის საბოლოო ვარიანტი და გადაწყდა, უახლოეს მომავალში დაიწყოს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია.
კანონი “განათლების შესახებ” აცხადებს, რომ სასწავლო გეგმების შედგენისას და სწავლებისას ქართული ტრადიციები შეთავსებულ უნდა იქნას საერთაშორისო პრაქტიკასთან. რეფორმის მიზანია, უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები ფლობდნენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული საზოგადოების პირობებში კეთილდღეობისათვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შესატანად. ეს დებულება ეთანხმება იმ პრინციპებს, რაც საფუძვლად უდევს ევროპული ქვეყნების კანონმდებლობას განათლების შესახებ.
კანონი “განათლების შესახებ” აგრძელებს “სახელმწიფო დაკვეთის” ტრადიციულ ქართულ პრაქტიკას. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს მთავრობა განსაზღვრავს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობას ამა თუ იმ პროფესიებზე მოთხოვნის შესაბამისად. ყოველწლიური სახელმწიფო დაკვეთები ათასობით სტუდენტს ითვლის. მთავრობის გავლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ამ სტრატეგიას გეგმური ეკონომიკის ნიშნები ახასიათებს. ეს პრობლემატურია შემდეგი მიზეზების გამო:
პირველი – არ არსებობს განათლების დაგეგმვის ბერკეტი, რომელიც დაეხმარებოდა შესაბამის სამინისტროებს, დაედგინათ მოთხოვნა სტუდენტებზე სახელმწიფო დაკვეთის დასაზუსტებლად;
მეორე – უმაღლეს სასწავლებლებთან სახელმწიფო დაკვეთის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებისას მთავრობის პოზიცია წამგებიანია. ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას მთავრობის მხრიდან ამ ხარჯების შემცირების მცდელობას, განსაკუთრებით თბილისში განლაგებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობის მხრიდან, წინააღმდეგობა ხვდება;
მესამე – სახელმწიფო დაკვეთა არასოდეს ექვემდებარება შემდგომ შეფასებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაკვეთით კურსდამთავრებულების გამოყენება შრომის ბაზარზე, როგორც მათ სფეროში, ისე სხვა პროფესიით, ზოგადადაც კი არ მოწმდება, რომ არაფერი ვთქვათ სისტემურ ანალიზზე. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ ამა თუ იმ სპეციალობების მხარდაჭერა უდავოდ გამართლებულია, სახელმწიფო დაკვეთის პროცესი, როგორც ასეთი, უმაღლესი განათლების სისტემის არც ერთ სტრატეგიულ მიმართულებას არ შეესაბამება. პირიქით, ეს პოლიტიკა არ ასახავს რეალურ საჭიროებებს და შეიცავს განათლების დაბალი დონისა და ადამიანური რესურსების გაფლანგვის პოტენციალს.
ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ან სახელმწიფო დაკვეთები უნდა გაუქმდეს ან ახალი კანონი “უმაღლესი განათლების” შესახებ უნდა შეივსოს მთელი რიგი სამოქმედო პრინციპებით იქამდე მაინც, სანამ იმოქმედებს სახელმწიფო დაკვეთების პრაქტიკა. ამჟამად არც განათლების სამინისტროს და არც სხვა სამინისტროებს, რომელთა პასუხისმგებლობის სფერო ვრცელდება უმაღლესი განათლების საკითხებზე, არა აქვს დაგეგმვისა და მართვის ის უნარი, რომელიც საშუალებას მისცემდა, გადაწყვიტონ ისეთი რთული პრობლემა, როგორიცაა სტუდენტებზე მოთხოვნის დადგენა.
კანონი ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ანგლო-საქსონური “ოთხი+ორი” მოდელის შემოღებას, რომლის შედეგი, შესაბამისად, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები იქნება. უნივერსიტეტებმა 1996 წლიდან დაიწყეს ამ ცვლილებების განხორციელება.
გაუგებარია, რამდენად ითვალისწინებს ეს ცვლილება სწავლების სისტემის ფუნდამენტურ რეორიენტირებას. იმ ქვეყნებში, რომელთაც ამ სისტემის ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ, სტუდენტს ოთხი კურსი, როგორც წესი, აძლევს ძირითად საუნივერსიტეტო განათლებას და საკმარის ცოდნას დაბალი საფეხურის თანამდებობებზე სამუშაოდ (როგორც წესი, მოხელის ტიპის) ან სწავლის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად. ეს უკანასნკელი კი, თავის მხრივ, აქცენტს აკეთებს ანალიტიკურ და კვლევით უნარ-ჩვევებზე და უფრო ღრმა სპეციალურ ცოდნაზე. განათლების ეს საფეხური მისაწვდომია ასევე საშუალო საფეხურის სპეციალისტებისათვის.
ჩვენმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ ბაკალავრები ყოველთვის არ არიან კარგ მდგომარეობაში. პირველი საფეხურის კურსდამთავრებულებს მაგისტრებზე მეტად უჭირთ თავიანთი სპეციალობით სამსახურის პოვნა. ეს არ შეიძლება აიხსნას უბრალოდ იმით, რომ პირველი საფეხური “ნაკლებ” ცოდნას იძლევა, მეორე კი “მეტს”, ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ “ოთხი+ორი” სისტემის შემოღებით იქამდე არსებული ხუთწლიანი პროგრამა გაიყო და არავის უცდია მისი შინაარსი ისე შეეცვალა, რომ პირველი საფეხურის შედეგად მიღებული ცოდნა იძლეოდეს რეალურ ხარისხს. ეს აშკარად წამგებიანია. ამ საკითხის მოგვარება მეტად რთული იქნება იმიტომ, რომ უნდა შეიცვალოს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამები, არამედ თვით საზოგადოებრიობის დამოკიდებულება პროფესიული კვალიფიკაციის მიმართ.
2002 წლისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 243 უმაღლესი სასწავლებელი, აქედან, 27 სახელმწიფო, ხოლო 216 კერძო უმაღლესი სასწავლებელია.
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო სექტორი.
დღეისათვის ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს სულ 138078 სტუდენტი. აქედან, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების საბიუჯეტო სექტორზე ირიცხება 60174 სტუდენტი, არასაბიუჯეტოზე – 32199, ხოლო სხვადასხვა ტიპის კერძო უმაღლეს სასწავლებლებში – 45705 სტუდენტი.
ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულია 17504 პროფესორ-მასწავლებელი. აქედან, 2927 მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო 8054 – მეცნიერებათა კანდიდატი.
სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მოითხოვს კარდინალურ ძვრებსა და ცვლილებებს განათლების სფეროში. განათლება ქმნის სათანადო წინაპირობებს საზოგადოებრივი პროგრესისათვის. ადამიანთა განათლებულობის დონის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის ამაღლებასთან. ინვესტიციები განათლების სფეროში ითვლება კაპიტალის ყველაზე მომგებიან განთავსებად. ამიტომ უნდა განხორციელდეს ეფექტიანი ღონისძიებები უმაღლესი განათლების რეფორმირებისათვის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ახლებურად უნდა გადაწყდეს განათლების პროგნოზირების დაგეგმვისა და დაფინანსების, სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შრომითი მოწყობის საკითხები. ახალ პირობებში ახლებურად უნდა გადაწყდეს განათლების პროგნოზირების დაგეგმვისა და დაფინანსების, სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შრომითი მოწყობის საკითხები. ახალ პირობებში სრულიად სხვა ფორმებში გამოვლინდება უმაღლესი სასწავლებლებისა და საწარმოთა ურთიერთობები. ცვლილებები ხდება და უნდა ხდებოდეს თვით განათლების სტრუქტურაში. ყოველივე განაპირობებს განათლების სისტემის მართვის ახალ ფორმებს ცენტრალიზაციის, დემოკრატიზაციისა და კოორდინაციის პრინციპებზე.
ამასთან, რთულია განათლების სისტემის ადაპტაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებთან, რადგან არ გვაქვს სათანადო გამოცდილება. სავალალოა ყველა დონისა და ტიპის უმაღლესი სასწავლებლის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ხელმძღვანელი და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების კონსერვატული აზროვნება, ჩამოყალიბდა ინტელექტუალური შრომისამი უპატივცემულო და დაუფასებელი დამოკიდებულება, არ ამოქმედებულა სამამულო წარმოება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ბაზაზე, ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობა საშუალებას არ იძლევა განათლებისა და მეცნიერების სათანადო დონეზე დაფინანსებისათვის. არ არის გამომუშავებული ამ სფეროების განვითარების მკაფიო სტრატეგიული მიმართულებები, კონცეპტუალური პროგრამები.
განათლების სფეროს განვითარების მიმართულებათა განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბევრი ხარისხობრივი კრიტერიუმი, რომელთა შორის სადღეისოდ შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: მოსახლეობის მოთხოვნილების ცვლილებებზე რეაგირების მობილურობა და მოქნილობა; ახალ სასწავლო პროგრამებზე, განათლების ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობის გაძლიერება და რეგულირება, ახალი სპეციალობების შერჩევა; განათლების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც მიიღწევა სპეციალისტთა მოზიდვით სხვადასხვა სასწავლებლებიდან, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან და სხვა სტრუქტურებიდან, მათ შორის, საზღვარგარეთიდანაც. ამ მხრივ, შეიძლება ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა დაკარგოს არსებული მონოპოლური უფლებები უმაღლესი განათლების შინაარსის განსაზღვრაში, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შედგენაში: აუცილებელია, უმაღლესი განათლების განვითარების დაფინანსების არასაბიუჯეტო წყაროების გამოყენების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენება; გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული კომერციული სასწავლებლების ქსელი, რომელთაც დიდი შესაძლებლობები აქვთ საბიუჯეტო-საფინანსო შემოსავლებში ჩართონ თავიანთი სტუდენტების ოჯახები.
უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედ ყველა სასწავლებელს სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თავისუფალი გარემო-პირობები. მათ შორის, პრიორიტეტულად მოქმედად და ფუნქციონირებად სასწავლებლად მხოლოდ თავისუფალ კონკურენტულ ურთიერთობებში მოქმედების შედეგების მიხედვით უნდა რჩებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ყოველგვარი ზემოქმედება, მით უმეტეს, ადმინისტრაციული მეთოდები ეწინააღმდეგება საბაზრო სისტემის ინტერესებს და, რაღა თქმა უნდა, მოსახლეობის ფართო მასების და სტუდენტების ინტერესებს.
დღეისათვის ბევრი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჩვეულებრივად მუშაობს ფრიად გაურკვეველი ბაზრისათვის – როგორც სწავლების შინაარსის, ისე კონტინგენტის მიხედვით. სულ სხვაა კომერციული უმაღლესი სკოლა, რომელიც თავიდანვე ორიენტირებული უნდა იყოს სპეციალისტების მომზადებაზე განსაზღვრული მახასიათებლებით და სრულიად გარკვეული მისამართით.
სწორედ ამის გამო წინა პლანზე წამოიწია კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა. მაშასადამე, დღეს გამოიკვეთა ამ პროცესის სამი ძირითადი მიმართულება, მათ შორის: პირველი, იურიდიულად დამოუკიდებელი კომერციული უმაღლესი სასწავლებლები; მეორე, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში იქმნება ახალი ქვეგანაყოფები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შედარებითი დამოკიდებულება კომერციულ საფუძველზე და მესამე, უმაღლეს სასწავლებლებთან იქმნება კომერციული სტრუქტურები, ფაკულტეტები, ფილიალები. როგორც ჩანს, არსებითი ცვლილებები ხდება საკუთრების ფორმებშიც – სახელმწიფო საკუთრების ადგილს იკავებს კერძო საკუთრება.
ბუნებრივია ის გარემოებაც, რომ დღეს დიდი რაოდენობით გვაკლია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საკუთრების სხვადასხვა ფორმის საწარმოთა მართვის სფეროში – საინვესტიციო და საფინანსო სტრუქტურები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მართვის ორგანოები, აქციონერული ტიპის კომერციული სტრუქტურები. ამ დეფიციტის დაძლევას ემსახურება მრავალგვარი სასწავლო ცენტრები, კურსები, სახელმწიფო და არასახელმწიფო უმაღლღესი სასწავლებლები.
განათლების სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს ხელფასების დაბალი დონე. ამ მხრივ, საგანგაშოა ცივილიზებული ქვეყნების პროფესორ-მასწავლებლების და, საერთოდ, განათლების მუშაკთა საშუალო ხელფასის შესადარისი მაჩვენებლები. სახელმწიფოში, სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებში, მატერიალური წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროში დასაქმებულ პირთა დაბალი განათლების დონის გამო, დიდია ფარული და ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებლები, კორუფციის, მითვისების, ნარკომანიის და სხვა ნეგატიური მოვლენებით ქვეყნისათვის მიყენებული ზარალი. ამიტომ განათლების სისტემას არ ეშველება, თუ არ აღმოიფხვრა აღნიშნული ნაკლოვანებანი. აღნიშნული ნაკლოვანებები არ აღმოიფხვრება, თუ სახელმწიფო არ მიიღებს გადამწყვეტ ზომებს ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს მიზანმიმართული განვითარებისათვის.
ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა. იქმნება ახალი დარგები, ყალიბდება ბაზრის ინფრასტრუქტურა – კომერციალი ბანკები, ბირჟები, ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვევო და საგადასახადო კომპანიები, შესაბამისი სასწავლებლები და ა.შ. ფართოვდება საქმიანი კავშირები საზღვარგარეთის ქვეყნებთან. შესაბამისად, შემოდის ახალი საგნები: მარკეტინგი, საწარმოს სტრატეგია, ბიზნეს-გეგმის შედგენა, მეწარმეობა, ფასიანი ქაღალდები, სავალუტო-საკრედიტო ოპერაციები, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი, სამრეწველო საქონლის საექსპორტო პოლიტიკა, სოციოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია, პროფესიული უცხო ენა, კადრებთან მუშაობა (პერსონალის მართვა) და მრავალი სხვა, რომელთა გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა.
ყოველივე ამის გათვალისწინება და საკუთარი მოდელის ბიზნესგანათლების საფუძვლების ჩაყრა აუცილებელია, თუმცა, ამის გაკეთება არც ისე ადვილია მაშინ, როდესაც ქვეყანა განიცდის ეკონომიკურ კრიზისს, ბობოქრობს მაფია და გაბატონებულია კორუფცია; როცა ბევრს ავიწყდება, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატიის გზა უმკაცრეს პასუხისმგებლობაზე, დისციპლინაზე, ადამიანთა ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე, ადამიანური უფლებებისა და მოვალეობების უპირობო დაცვაზე გადის. ეს უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის სამეურნეო-კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში და რაღა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა განათლების სისტემაში.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში მეცნიერულ-ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა მწვავედ დააყენა საკითხი ადამიანური კაპდაბანდებების შესახებ. აქ იგულისხმება დიდი კაპდაბანდებები განათლებაზე, ადამიანთა პროფესიული მომზადების სრულყოფაზე, განათლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მატერიალურ, სულიერ, კულტურულ და იდეოლოგიურ უზრუნველყოფაზე, სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე, ხელფასების უპირატეს ზრდაზე, არა მარტო ნომინალური, არამედ რეალური თვალთახედვითაც, სხვადასხვა გადასახადებიდან თუ მთლიანად განთავისუფლება არა შეღავათების დაწესება მაინც. გადასახადების უკიდეგანო სივრცე ბოჭავს მეწარმეობასაც, მცირე ბიზნესსაც და, რა თქმა უნდა, განათლების სისტემასაც.
დასაზუსტებელია და დასახვეწი ეტაპობრივი სწავლების ფორმაც. კერძო, ბაკალავრისა და მაგისტრის მომზადების ფორმა. აქ ხუთწლიანი სწავლება დაყვანილია ოთხწლიანზე, უცვლელი დარჩა სპეციალობებისა და სპეციალიზაციის იგივე ჩამონათვალი, სასწავლო-მეთოდური საკითხი – მოუგვარებელი. სად იქნება გამოყენებული ერთი ან მეორე, გაურკვეველია. ალბათ, აქაც მეტი სიცხადეა შესატანი და საჭიროა მეტი საგარანტიო პირობები. დიდი მნიშვნელობა აქვს საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებას და გამოსაშვები გამოცდების პრინციპულ დონეზე ჩატარების აღორძინება-დამკვიდრებას, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალების ეფექტიან გამოყენებას, დედა ენისადმი, ეროვნებისადმი, წინაპართა ტრადიციებისადმი, კულტურის, მამულისა და რწმენისადმი სიყვარულის აღმძვრელ, პატრიოტულ შემოქმედებით მოღვაწეობას, უმაღლესი საკანონმდებლო და ორგანოების მხრიდან უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების პროფესიონალური კადრების მხარდაჭერას და გამოყენებას, არასპეციალობით კადრების დანიშვნის კანონით აკრძალვას. მხოლოდ ასეთი მოქმედების პირობებში ექნება განათლებას ფასი.
უმაღლესი განათლების სისტემაში წამყვანი უნდა იყოს ძირეული რგოლები, კათედრები, სამეცნიერო საბჭოები, რამდენადაც შეიძლება, უარი უნდა ვთქვათ ცენტრალიზმის პრინციპებზე. აუცილებლობად არ მიგვაჩნია ნაშრომთა გამოქვეყნება რომელიმე უცხო ენაზე, მით უმეტეს, თუ პრობლემა ეხება ეროვნულ საკითხებს. ამ მხრივ, გადასინჯვას მოითხოვს უმაღლესი საასტეტაციო კომისიის უფლება-მოვალეობანი, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების დაცვის პროცედურული საკითხები. კერძოდ, ნაშრომთა რაოდენობით არ შეიძლება განისაზღვროს დისერტანტის მეცნიერული მუშაობის დონე, შეიძლება მაძიებელმა ერთი ნაშრომი დაწეროს და სამს სჯობდეს.
ქვეყნის დეინტელექტუალიზაციის საშიშროება აშკარაა, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის განათლების და, მთლიანად, საზოგადოების პროგრესს.
საქართველო უცხოური საქონლით მოვაჭრე სუპერმარკეტებით და კაზინოებით ვერ გავა ცივილიზაციის მაგისტრალზე. ეს შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ ინტელექტუალური განვითარების გზით. ამას ახალი ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური კადრები, მეცნიერულად ძლიერი აზრი სჭირდება. საერთაშორისო ბაზარზე ინტელექტუალური საქმიანობის დარგები დიდი შემოსავლის წყაროც შეიძლება გახდეს – საერთაშორისო ბაზარზე ინტელექტუალური შრომის პროდუქტების გაყიდვა, ინჟინერინგული მომსახურება, უმაღლესი განათლების სპეციალისტების მომზადება უცხო ქვეყნებისათვის და ა.შ.