საგარეო სავაჭრო პოლიტიკის სრულყოფის ძირითადი მიმართულებანი
ბონდო სოფრომაძე
თანამედროვე ეტაპზე საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს ექსპორტზე ორიენტირება და იმპორტჩანაცვლება. მათგან, პირველი ითვალისწინებს ექსპორტის ხელშეწყობისათვის საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი ბერკეტების – საბაჟო ტარიფებისა და არასატარიფო ღონისძიებების ეფექტიანად გამოყენებას, მეორე კი – ისეთი ხერხებისა და საშუალებების ამოქმედებას, რომლებიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს იმ საქონლის იმპორტს, რომლის წარმოებაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.
სავსებით ცხადია, რომ ქვეყნის საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ამ სტრატეგიულ მიმართულებათა წარმატებით განხორციელებისათვის უპირატესი როლი ენიჭება სამამულო წარმოების გამოცოცხლებასა და აღორძინებას. ამ სფეროში ყურადღების განსაკუთრებულ გამახვილებას მოითხოვს გადამამუშავებელი მრეწველობის უპირატესი განვითარება, რომლისთვისაც საჭირო სანედლეულო პროდუქცია წარმოადგენს საკმაოდ იაფფასიანი ექსპორტის ძირითად ობიექტს. როდესაც საუბარია, საერთოდ, წარმოებისა და, კერძოდ, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაზე. საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან ერთად მხედველობაშია მისაღები ის დადებითი მხარეები, რაც ყველგან და ყოველთვის თან ახლავს სამამულო წარმოების აღმავლობას. ესაა მატერიალური დოვლათის სიუხვე, მოსახლეობის შრომითი დასაქმების გაუმჯობესება, მისი ფულადი შემოსავლის მატება და ყველაფერი ის, რაც აუცილებელი და სავალდებულოა არა მარტო სავაჭრო, არამედ ქვეყნის საერთო საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით გატარებისათვის.
წარმოების განვითარების უკიდურესად დაბალი დონე უშუალო ასახვას პოულობს საგარეო ვაჭრობის განმაზოგადებელ მაჩვენებლებში, კერძოდ, ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებულ თანაფარდობაში და თითოეული მათგანის სასაქონლო სტრუქტურაში. საყურადღებოა, რომ 30-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს საგარეო ვაჭრობა ხასიათდებოდა უარყოფითი ბალანსით, ე.ი. იმპორტის მეტობით ექსპორტთან შედარებით, წლების განმავლობაში თანდათანობით უფრო და უფრო იკვეთებოდა და პიკს მიაღწია 1998 წელს – ამ პერიოდში საგარეო ვაჭრობის მთლიან ბრუნვაში, რომელიც უტოლდებოდა 124,6 შესაბამისად, 1048,0 მლნ-სა და 84,4%-ს. გამოდის, რომ იმპორტი ექსპორტს 5,4-ჯერ აღემატებოდა. ამგვარი საგარეო ვაჭრობის ბალანსს ძნელად თუ მოეძებნება ანალოგები ჩვენი ქვეყნის დონის სხვა სახელმწიფოთა საგარეო ვაჭრობის ისტორიაში.
მოსახლეობის მოთხოვნის უდიდესი ნაწილის დაკმაყოფილება ხორციელდება იმპორტის ხარჯზე, რადგანაც საქართველო ჯერჯერობით ვერ ახერხებს მრავალი დახასიათების იმპორტული საქონლის შექმნასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ, საექსპორტო პროდუქციის წარმოების ზრდაზე. იმპორტის უმეტესი ნაწილის შეძენა საზღვარგარეთის ქვეყნებში ხორციელდება საგარეო სესხების ხარჯზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის დამანგრეველ გავლენას ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასეთ დამძიმებულ მდგომარეობაში ფრიად მისასალმებელია იმ ცალკეული ქართველი მეწარმის შეუპოვრობა და შემოქმედებითი ინიციატივა, რომელთა ძალისხმევამ საკმაოდ განავითარა, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზეც კი გაიტანა სამამულო ნაწარმის სახელი და აღიარება. ამან, თავისი მხრივ, გამოიწვია ანალოგიური სახის საქონლის იმპორტის მკვეთრი შემცირება. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ სამამულო წარმოების ღვინო, არაყი, ლუდი, რძის ნაწარმი, ნაყინი და სხვა, რომელმაც დადებითი გემოვანი თვისებების გამო, თითქმის მთლიანად განდევნა ჩვენი ქვეყნის საშინაო ბაზრიდან იმავე დასახელების იმპორტული საქონელი. ამგვარი წარმატება პირდაპირ ეხმარება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და ამიტომ საჭიროა მომავალში მისი კიდევ უფრო მეტად განვითარება, საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მარეგულირებელი ბერკეტების ეფექტიანად გამოყენების გზით.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად, როგორც უკვე აღინიშნა, ექსპორტის ზრდა და მისი სტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, ექსპორტის მთლიან მოცულობაში შავი ლითონის ჯართს, უფერო შენადნობებსა და ძვირფასი ლითონის მადანს მეოთხედ ნაწილზე მეტი უკავია, მაშინ, როდესაც მრავალი დასახელების სამომხმარებლო საქონლის წილი ძალზე უმნიშვნელოა. მაგალითად, საქართველოდან მის ფარგლებს გარეთ ყოველწლიურად გადის მხოლოდ 10-12 მლნ. აშშ დოლარის ჩაი, ანუ ექსპორტის საერთო მოცულობის 5-7 პროცენტი, რაც, ჩვენი აზრით, რამდენჯერმე დაბალია პოტენციურ შესაძლებლობებთან შედარებით. იგივე შეიძლება ითქვას ღვინოზე, ციტრუსებზე, ხილზე, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და სამრეწველო საქონელზე. ყოველივე ეს კი მიანიშნებს ამ ხაზით არსებულ ნაკლოვანებებსა და მათი გამოსწორების აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის (ისე როგორც იმპორტის) შესახებ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები მნიშვნელოვანწილად შემცირებულია და არ ასახავს რეალურ სინამდვილეს. ცნობილია, რომ საქონლის ექსპორტიორი ხშირად ახორციელებს საქონლის გატანას საბაჟოს გვერდის ავლით ან საბაჟოზე მისი ღირებულების დოკუმენტურ შემცირებას, რათა თავი აარიდოს ქვეყანაში მოქმედ გადასახადებს. ექსპორტის აღრიცხვაში ამ ხასიათის ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა ექსპორტის კონტროლის სისტემის დანერგვა. ამ სფეროში ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები და ის უდიდესი გამოცდილება, რომელიც გააჩნია განვითარებულ ქვეყნებს ექსპორტისა და რეექსპორტის აღრიცხვისა და კონტროლის ხაზით. ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებად გვესახება საქონლის ექსპორტზე დაკავებულ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მატერიალური დაინტერესების გაუმჯობესება, მაგრამ ამ ღონისძიებათა გატარებას აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს კეთილსინდისიერი კადრების შერჩევა ტესტური გამოცდების მიხედვით.
საქონლის ექსპორტის რეჟიმზე კონტროლის გაძლიერება და სრულყოფა, მისი მოცულობის ზუსტად განსაზღვრასთან ერთად, ხელს შეუწყობს საგარეო ბაზარზე ქართული სავაჭრო ნიშნით ფალსიფიცირებული და იაფფასიანი საქონლის მნიშვნელოვან შემცირებას, რომლის აღმოფხვრა დღემდე ვერ ხერხდება გარკვეული მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს სამამულო საქონლის სტანდარტიზაციის არადამაკმაყოფილებელი დონე და ფალსიფიცირებული საქონლის ამოცნობისათვის გამოსაყენებელი ხერხებისა და ბერკეტების უსუსურობა.
საექსპორტო პროდუქციის სათანადო სტანდარტებით უზრუნველყოფა და კონკურენტ-ფალსიფიკატორისაგან მისი დაცვის ეფექტურ ღონისძიებათა დამუშავება, ბუნებრივია, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი გაცემის შესაძლებლობაც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ ამ სფეროში არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად, საჭიროა უფრო მეტი ყურადღების გამახვილება თავად ექსპორტზე ორიენტირებულ მეწარმეთა მხრიდან, მით უფრო, რომ ამ მიზნით დახარჯული ყოველი ლარის უკუგება ძალიან მაღალი და ეფექტური იქნება. საგარეო ვაჭრობაში ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას საგრძნობლად აფერხებს სამამულო ნაწარმის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი კონკურენტუნარიანობა, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია მისი არაკეთილხარისხოვნებით. ეს უკანასკნელი კი განპიროვნებულია არა იმდენად სანედლეულო მასალის უვარგისობით, რამდენადაც წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებში არსებული ნაკლოვანებებითა და ტექნიკური გადაიარაღების დაბალი დონით. ამ კუთხით აღსანიშნავია, აგრეთვე, საექსპორტო საქონლის წარმოებაზე დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთა მნიშვნელოვანი ნაწილის არასაკმარისი პროფესიული მომზადება და შრომის ანაზღაურებაში არსებული ნაკლოვანებები.
საექსპორტო საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მის ხარისხობრივ მაჩვენებლებთან ერთად, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საგარეო ბაზრის კომპლექსური მარკეტინგული კვლევის გაღრმავება და ბაზარზე შექმნილი კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარება. მხედველობაში გვაქვს მოთხოვნის შესწავლა და ზუსტად პროგნოზირება, საექსპორტო საქონლის ასორტიმენტის სწორად დაგეგმვა, ფასწარმოქმნის სტრატეგიის ზუსტად განსაზღვრა, საქონელმოძრაობის რაციონალიზაცია და მისი დაჩქარება, საქონლის გასაღების მასტიმულებელი ბერკეტების სწორად შერჩევა, კონკურენტების პოტენციურ შესაძლებლობათა გამოვლენა და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებათა გატარება.
სამამულო ნაწარმის ექსპორტის განვითარების მიზნით, საჭიროა სხვადასხვა ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ბაზრობებსა და გამოფენებში ჩვენი ქვეყნის მეწარმეთა აქტიური მონაწილეობა. ქართული ნაწარმის საერთაშორისო დათვალიერებებზე გატანა უდავოდ წარმოქმნის და აამაღლებს მისადმი ინტერესს, რაც, ბუნებრივია, საგრძნობლად გაზრდის მის საექსპორტო შესაძლებლობებს. 2000 წლის აგვისტოში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო გამოფენა EXPO-2000-ში, სადაც მას დათმობილი ჰქონდა 430 კვ.მ-ზე მეტი სიდიდის სტენდი, ამ ღონისძიებების შედეგად მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ კიდევ უფრო გაიცნო საქართველოს ისტორიული წარსული, აწმყო და მომავალი, აგრეთვე, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში მისი პოტენციური შესაძლებლობები. ეჭვგარეშეა, რომ ამ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა მრავალმხრივ დადებით შედეგს გამოიღებს, კერძოდ, გაზრდის მისი საექსპორტო პროდუქციის მოცულობას.
ექსპორტის განვითარების მიზნით, მრავალ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს სპეციალური სამსახურები. მისასალმებელია, რომ TACIS-ის (ევროგაერთიანების ტექნიკური დახმარების პროგრამა) ინიციატივითა და ხელშეწყობით, 1999 წელს, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროსთან შეიქმნა საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, რომელმაც უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები – ჩაატარა სემინარები ექსპორტის აქტუალურ საკითხზე, ევროკავშირიდან მოიწვია სპეციალისტები ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, მოაწყო ღვინის პირველი საერთაშორისო ფორუმი, სპეციალური შეკვეთით შეისწავლა ღვინის ბაზრის არსებული მდგომარეობა ევროკავშირისა და დსთ-ს ცალკეულ ქვეყანაში (ინგლისი, რუსეთი და სხვა). მიგვაჩნია, რომ ამგვარი ხასიათის სამუშაოთა გააქტიურება, უახლოეს პერსპექტივაში გარკვეულად გააფართოვებს საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს.
ექსპორტის პერსპექტიული განვითარების ერთ-ერთ გადაუდებელ ღონისძიებად გვესახება ექსპორტის სადაზღვევო სისტემის სრულყოფა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამჟამად ფუნქციონირებს ექსპორტის დაზღვევის სპეციალიზირებული ორგანიზაციები, რომელთა ძირითად ამოცანას წარმოადგენს ცალკეული ექსპორტიორის დაცვა საერთაშორისო ბიზნესის სამყაროში არსებული უამრავი მოულოდნელობისა და არასასურველი შემთხვევისაგან. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სფეროში რისკის ფაქტორთა მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, სასურველია ინტენსიურად ამოქმედდეს საექსპორტო საქმიანობის დაზღვევის სამსახური, რომელსაც მჭიდრო ორმხრივი კავშირი ექნება დამყარებული ცნობილ სადაზღვევო კომპანიებთან.
(სხვა ბაზრებს არ აქვს რესპუბლიკური ფუნქცია, ისინი, ძირითადად, ადგილობრივ ქალაქებსა და რაიონებს ემსახურებიან) ბაზარი, ხოლო სასაქონლო ბირჟა არ არსებობს, თუმცა, საქართველოში ბირჟის ამუშავების მცდელობა იყო, მაგრამ ამ მექანიზმმა ჩვენს ქვეყანაში განვითარება ვერ განიცადა.
10-12 წლის წინ ყველას სჯეროდა, რომ საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ადვილად დაიმკვიდრებდა ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში, როგორც ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული, გეოგრაფიული მდებარეობის სავაჭრო ქვეყანა. დრო გადის, მაგრამ შედეგები ჯერ არ ჩანს. არადა, საკმარისი დროა გასული ადგილობრივი სასაქონლო ბირჟებისა და ბაზრების ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის. სტაბილური ეკონომიკური ზრდა ამ ეტაპზეც ვერ იქნა მიღწეული. უჭირს ქვეყნის მოსახლეობას, მისი 60% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ვერ ხდება დაგროვება და იმავდროულად ადგილობრივი ინვესტიციების წარმოება. ადგილობრივი სამეწარმეო გარემო ქვეყანაში მძვინვარე კორუფციისა და ფისკალური პოლიტიკის მარწუხებისგან თავს ვერ იცავს და სულს ღაფავს. გარდა ამისა, საქართველოში უძრავი სამეწარმეო კაპიტალი და სესხის სარგებლის რეალური განაკვეთი ძალიან მაღალია, მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში ის წელიწადში, საშუალოდ, 15-25%-მდე მერყეობს. ხოლო აქ, საქართველოში, ყველაზე იაფი კრედიტიც კი წელიწადში 30%-ია. ამას თუ დავუმატებთ, რომ სესხებისათვის, როგორც წესი, მიღებულია დოლარის სტანდარტი, ხოლო ადგილობრივ ბაზრებზე ლარი ბრუნავს, ამ სარგებლის განაკვეთს ლარის ინფლაციის პროცენტიც ემატება დოლართან მიმართებაში, რომელიც კრედიტის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის. რადგან საბაზრო ეკონომიკაში ყველაფრის ფასს მოთხოვნა-მიწოდების კანონები განსაზღვრავს, არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად შეგვიძლია, შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ:
მოთხოვნა სამეწარმეო კაპიტალზე იზრდება, რადგან საქართველოს მოსახლეობა ძალიან აქტიურია. სურვილი აქვთ, თავად გადაირჩინონ თავი და არ იყვნენ სახელმწიფოსა და სხვისი ხელის შემყურენი. ისინი უკანასკნელი კაპიკების და ენერგიის სანაცვლოდ ცდილობენ საკუთარი ბიზნესის ორგანიზებას;
სახელმწიფოში მოსახლეების ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და ვერ ხდება დანაზოგების წარმოება, შესაბამისად, ინვესტირებისათვის საჭირო ადგილობრივი თანხები არ არის;
ამ ორი მიზეზიდან გამომდინარე, მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო კანონები აყალიბებენ სარგებლის განაკვეთის მაღალ ფასს.
ჩვენი “კეთილდღეობის” შემდეგი მიზეზი არის ეკონომიკური, კერძოდ, “გამოყენებითი ეკონომიკური” განათლების დეფიციტი საქართველოში. თითქმის არავინ ცდილობს, სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას ბიზნეს-გეგმის შედგენას, გათვლას და, შესაბამისად, პროექტის მომგებიანობის დამტკიცებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მცირე ბიზნესის ობიექტები, ძირითადად, მხოლოდ ბუღალტრულ მოგებებზე გადის. ისინი ეკონომიკურ მოგებას ვერასოდეს აღწევენ. მცირე ბიზნესის ობიექტები კი განვითარებულ ქვეყნებში, სახელმწიფოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ყველა მიზეზი ნელ-ნელა აღმოიფხვრება, თუ სახელმწიფო თანმიმდევრულად გამოიყენებს ფისკალური პოლიტიკის მძლავრ იარაღს, მიმართავს რიკარდოს მოდელს და მხარს დაუჭერს თავისუფალ საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკას, იმავდროულად, შეამცირებს სხვადასხვა საგადასახადო ტარიფს, რომელთაგანაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საბაჟო ტარიფია.
თუ გვინდა, საქართველო გახდეს საერთაშორისო ბაზრის მნიშვნელობის ქვეყანა, სახელმწიფოში ექსპორტირებულ და იმპორტირებულ საქონელზე გადასახადების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს. მოგეხსენებათ, საქართველოში ექსპორტის გადასახადი არის 0%, ხოლო იმპორტის გადასახადი საქონლის ღირებულების 12%-ის ტოლია. ამას ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი 20%-ის ოდენობით და საქონლის შემოტანისას საბაჟოზე საქონლის ღირებულების 34,58%-ის გადახდა უხდებათ (თუ საქონლის ღირებულებას აღვნიშნავთ X-ით, საბაჟო გადასახადი 12% და საბაჟო მოსაკრებელი 0,15% (X*;0,0015+X*;0.12)*;0.20=0,1215X, ხოლო მიღებული თანხის დღგ 20% კი, იქნება 1,1215X*;0.20=0.2243, მათი ჯამი საწყისი ღირებულების 34.58%-ის ტოლია). ეს პროცენტული ტარიფი ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მაღალია. თუმცა, ზემოთ აღნიშნული სავაჭრო გარიგებების ფონზე, ადგილი ექნება რე-ექსპორტს და სახელმწიფო, კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულია, გადახდილი გადასახადები ექსპორტიორ საწარმოს დაუბრუნოს. ამის განხორციელება შეუძლებელია საქართველოს სააღსრულებლო კანონის მიღების შემდეგ. აქედან გამომდინარე, უცხოელი მწარმოებლები ვერ მიიღებენ საქართველოს ბაზარზე ისეთ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში მონაწილეობას, რომელშიც საქართველო სავაჭრო შუამავლის როლს შეასრულებს. რადგან მათი საქონელი მსოფლიოს ბაზრისათვის უკვე ძალიან ძვირი იქნება, პროტექციონისტული ფისკალური პოლიტიკა მოგების სტიმულს კლავს უცხოელი მწარმოებლისათვის და აბათილებს სახელმწიფოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეულ ბაზარზე შესვლის სტიმულს. ეს მიზეზიც, თავისთავად, ხელს უწყობს კორუფციას და მიზანმიუმართავი სახსრების გადინებას სახელმწიფოდან კონტრაბანდულ საქონელში. საბოლოოდ, ღარიბდება სახელმწიფო და შესაბამისად, მისი ყველაზე დაუცველი ფენა კიდევ უფრო გაჭირვებაში ვარდება.
თუ ამ სახის ფისკალური პოლიტიკის გატარება მოხერხდა, საქართველოში 3-5 წლის განმავლობაში თავისთავად ჩამოყალიბდება საერთაშორისო ბაზრები და სასაქონლო ბირჟები. ჩვენი სახელმწიფო კი შემოსავლებს მიიღებს იმით, რომ შეასრულებს ე.წ. სავაჭრო ბროკერის ფუნქციას.
ტარიფებისა და კვოტების შემცირების თაობაზე, მსოფლიო ეკონომიკაში არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, უარყოფითი მოსაზრებები აზრს კარგავენ.
ცხადია, როდესაც ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, პროტექციონიზმი ძალზე მომხიბლავ საშუალებად იქცევა საბიუჯეტო შემოსავლების მისაღებად. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას სურს, მისი ეკონომიკის აყვავება და მოსახლეობის სრული დასაქმება. პროტექციონისტულ პოლიტიკას ამა თუ იმ დონით ყველა ქვეყანა ახორციელებს. შეერთებულ შტატებში ამჟამად ეს პოლიტიკა შედარებით ნაკლებად პოპულარულია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ საზღვრები და უკიდეგანო ბაზრები გახსნილია სხვა ქვეყნებში წარმოებული საქონლისათვის. თავის მხრივ, ამერიკაში დამზადებული საქონელი მთელ მსოფლიოშია აღიარებული, რაც ქვეყნის შიგნით სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.
პროტექციონისტული ციებ-ცხელება მსოფლიოში 1930-იან წლებში მძვინვარებდა, შედეგები დამღუპველი იყო. ძალიან დიდი იყო იმპორტზე დაწესებული ტარიფები, სხვა ქვეყნები კი საპასუხო ზომებს იღებდნენ. მიმდინარეობდა სავაჭრო ომები, იზრდებოდა უმუშევრობა, იდგა დეპრესიის პერიოდი. ამჟამად კვლავ წარმოიშვა პროტექციონიზმის აღორძინების საშიშროება. სხვადასხვა ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც ძირს უთხრიან საერთაშორისო ვაჭრობის სისტემას, რომელიც ომის შემდგომ ათწლეულებში ჩამოყალიბდა და, რომელმაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირება მოახდინა. ეკონომიკური პრობლემებით, განსაკუთრებით უმუშევრობით, შეწუხებული მთავრობები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა, იმპორტის შეზღუდვა, სავაჭრო კვოტები და საექსპორტო სუბსიდიები. პოლიტიკური თვალსაზრისით, ამგვარი ზომები, შესაძლოა, მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანონ, გააღრმაონ მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები, გაზარდონ უმუშევართა რიცხვი. შესაძლოა, დიდი დეპრესიის მსგავსად ეს ახალი სავაჭრო ომების დასაწყისად იქცეს. წარსულის გამოცდილება ცხადყოფს, რომ პროტექციონიზმს ეკონომიკა კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ეს ილუზიაა, ამგვარი ღონისძიებები მიზანს ვერ აღწევს, ისინი ძირს უთხრიან ეკონომიკას, რადგან სამუშაო ადგილების შენარჩუნების ნაცვლად უფრო მეტი სამუშაო ადგილი იკარგება. სახელმწიფოში ზოგიერთი დარგი დაცული უნდა იყოს ტარიფებითა და კვოტებით, განსაკუთრებით კი ის დარგები, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში, პროტექციონიზმით დაცულ დარგებში სამუშაო ადგილები ხელშეუხებელი ხდება, ხოლო თუ პროტექცონიზმი ყველა დარგს ეხება, დანარჩენ დარგებში სამუშაო ადგილები მცირდება. თავისუფალ ვაჭრობაზე უარის თქმა ამცირებს კონკურენციას, მომხმარებლებს უკარგავს საქონლის თავისუფალი არჩევის საშუალებას, ზრდის ფასებს და ინფლაციის დონეს. პროტექციონიზმით დაცული მწარმოებლები კარგავენ კაპიტალ-დაბანდების, სრულყოფის, მოდერნიზაციის, წარმოების გაფართოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულებს.
თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის სისტემა ყველა ქვეყნისა და ხალხისათვის მომგებიანია. ჩვენ სათავეში უნდა ჩავუდგეთ ყველა მოძრაობას ღია კომერციისკენ, რადგან ეს ყველა ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის საწინდარია და საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო მომგებიანია.
აქვე მოვიყვანთ საპირისპირო მოსაზრებებსაც, რომლებიც გვაფრთხილებენ, არ გავბრიყვდეთ და არ დავუჯეროთ დაბალი ტარიფებისა და თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერებს. ცივილიზებულ სახელმწიფოებში, უცხოური კონკურენციის შედეგად, ათასობით სამუშაო ადგილი მცირდება. ამერიკის ფოლადის მწარმოებელი კომპანიის კრახი, მსუბუქი მრეწველობის მასობრივი გადატანა საზღვარგარეთ და ამერიკული საყოფაცხოვრებო-ელექტრო მოწყობილობების მრეწველობის დაცემა არის იმ დანაკარგების მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომელიც აშშ-ს ეკონომიკას უცხოეთიდან სავაჭრო შემოტევამ მიაყენა.
ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან მისი მრეწველობა იმდენად მცირედ არის დატვირთული და სამუშაო ძალა იმდენად იაფია, რომ ჩვენს ქვეყანას მსგავსი საშიშროება არ ემუქრება. საბაჟო ტარიფების შემცირებასთან ერთად სახელმწიფოს შეუძლია გაატაროს თანმიმდევრული პოლიტიკა და დაიცვას ტარიფებითა და კვოტებით მრეწველობის ის დარგები, რომლებიც ამას საჭიროებენ.
ზოგიერთი სპეციალისტი იმასაც აცხადებს, რომ ტარიფების დონე მსოფლიოში საკმაოდ დაბალია, მაგრამ დაბალი ტარიფები სულაც არ ნიშნავს, პროტექციონიზმის დასასრულის მოახლოებას. სახელმწიფოები დღეს თავიანთი ეკონომიკის დარგების დაცვის საკითხში სხვა მეთოდებს უფრო ეყრდნობიან. ამ აზრის ილუსტრირება უფრო შეიძლება აშშ-ის მიერ გამოყენებული სტრატეგიების მაგალითზე, რომელსაც იგი განსაკუთრებით საავტომობილო და შაქრის მრეწველობის დასაცავად ატარებს.
ეკონომისტები დიდი ხანია იცნობენ შედარებითი უპირატესობის პრინციპს. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ დიდი ეკონომისტის, ადამ სმიტის მსჯელობა: “ყველა გონიერი ოჯახის უფროსის პრინციპია, არასოდეს ეცადოს სახლში იმის გაკეთებას, რისი ყიდვაც გაკეთებაზე იაფი დაჯდება. თერძი არ ცდილობს, საკუთარი ფეხსაცმლის შეკერვას, ის ფეხსაცმელს მეწაღისგან ყიდულობს. მეწაღე არ ცდილობს, თავისთვის ტანსაცმლის შეკერვას, ის თერძს ქირაობს. თითოეული მათგანი აცნობიერებს, რომ მისთვის უმჯობესია, ისე გამოიყენოს თავისი ხელობა, რომ გარკვეული უპირატესობა ჰქონდეს მეზობლებთან შედარებით და იყიდოს საკუთარი ნაწარმის ნაწილით, ან ნაწარმის ნაწილის ფასად ის, რისი ყიდვის სურვილიც ექნება”.
ეს ციტატა ამოღებულია 1776 წელს გამოცემული ადამ სმიტის წიგნიდან “ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ”. ეს ისტორიული ნაშრომია ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ანალიზისათვის. მრავალი ეკონომისტი სმიტს თანამედროვე ეკონომიკის ფუძემდებლად თვლის, მას ეკონომიკის მამასაც ეძახიან.
დევიდ რიკარდოს, საფონდო ბირჟის მილიონერ ბროკერს, სმიტის წიგნმა შთააგონა, ეკონომისტი გამხდარიყო. 1817 წელს გამოცემულ წიგნში – “პოლიტიკური ეკონომიკისა და დაბეგვრის საფუძვლები”, რიკარდომ ჩამოაყალიბა შედარებითი უპირატესობის პრინციპი იმ სახით, რა სახითაც დღესაა ცნობილი. მის მიერ თავისუფალი ვაჭრობის დაცვა უბრალო აკადემიური საქმიანობა არ იყო. რიკარდო თავისი შეხედულებების პრაქტიკული განხორციელებისაკენ მოუწოდებდა და წარმატებითაც. ბრიტანეთის პარლამენტში ის უპირისპირდებოდა კანონებს, რომლებიც მარცვლეულის იმპორტს ზღუდავდა.
ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს დასკვნები ვაჭრობის მომგებიანობის შესახებ, მას შემდეგ არაერთხელ დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები ხშირად არ ეთანხმებიან ერთმანეთს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში, თავისუფალ ვაჭრობას ისინი ერთხმად უჭერენ მხარს. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭრობის სასარგებლოდ მეტყველი ძირითადი არგუმენტი ორი საუკუნის შემდეგაც თითქმის უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურმა მეცნიერებამ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების გაფართოება და თეორიების დახვეწა სმიტისა და რიკარდოს დროიდან დღემდე. ვაჭრობის შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული მსჯელობები დღესაც, ძირითადად, შედარებითი უპირატესობის პრინციპს ემყარება.
ყოველ ქვეყანას შეუძლია, აირჩიოს თავისუფალ ვაჭრობასთან ცალმხრივი და მრავალმხრივი მიდგომიდან ერთ-ერთი. თუ ის ცალმხრივ მიდგომას აირჩევს, უნდა გააუქმოს ვაჭრობის ყოველგვარი შეზღუდვა. ეს მიდგომა აირჩია დიდმა ბრიტანეთმა მეცხრამეტე საუკუნეში, ჩილემ და სამხრეთ კორეამ – უკანასკნელ წლებში. მეორე მხრივ, მთავრობას შეუძლია, აირჩიოს მრავალმხრივი მიდგომა და შეამციროს ვაჭრობის შეზღუდვები, თუ სხვა ქვეყნებიც ასევე მოიქცევიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანას შეუძლია, აწარმოოს მოლაპარაკებები თავის სავაჭრო პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში შეზღუდვების შემცირების მიმართულებით.
მრავალმხრივი მიდგომის მნიშვნელოვანი მაგალითია გენერალური შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე (GATT). ეს არის მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების უწყვეტი სერია, რომელიც მიზნად თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას ისახავს. შეერთებულმა შტატებმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელი შეუწყო ამ ორგანიზაციის დაარსებას. ეს შეთანხმება 30-იანი წლების დეპრესიის დროს არსებული მაღალი ტარიფების საპასუხოდ დაიდო. მრავალი ეკონომისტი თვლის, რომ ამ ტარიფებმა დიდი წვლილი შეიტანა იმ პერიოდის რთული ეკონომიკური პრობლემების წარმოშობაში.
შეთანხმების შედეგად, წევრი ქვეყნების სავაჭრო ტარიფები 40 პროცენტიდან დღევანდელ 5 პროცენტამდე შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო.
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს თავისუფალი ვაჭრობისადმი მრავალმხრივ მიდგომას? მისი ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალმხრივი მიდგომის შედეგად უფრო თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიდრე ცალმხრივი მიდგომისას. მრავალმხრივ მიდგომას შეუძლია შეამციროს ვაჭრობის შეზღუდვები არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ამავე დროს, თუ საერთაშორისო მოლაპარაკებები ჩაიშლება, შედეგად მივიღებთ უფრო მეტად შეზღუდულ ვაჭრობას, ვიდრე ცალმხრივი მიდგომის პირობებში.
ისიც უნდა ითქვას, რომ მრავალმხრივ მიდგომას შეიძლება პოლიტიკური უპირატესობაც ჰქონდეს. თითქმის ყველა ბაზარზე, მწარმოებლები უფრო უკეთ ორგანიზებულები არიან, ვიდრე მომხმარებლები და ამიტომ, უფრო მეტი პოლიტიკური გავლენაც აქვთ.