ცენტრალურმა ბანკებმა მისია ამოწურეს
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (Bank For International Settlements – BIS) განაცხადა, რომ მსოფლიოში ფინანსური სიტუაციის სტაბილიზებაში ბანკებმა თავიანთი წილი წვლილი შეიტანეს და ამაზე ახლა უკვე მთავრობებმა უნდა იზრუნონ. BIS – შვეიცარიაში ბაზირებული გავლენიანი ორგანიზაციაა, მას ”ცენტრალური ბანკების ცენტრალურ ბანკსაც უწოდებენ”, ორგნიზაციას მიაჩნია, რომ ცენტრალურმა ბანკებმა უნდა შეწყვიტონ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკებში ფულის ჩატვირთვა. საფონდო ბაზრები ახალი რეალიებისთვის ემზადებიან, როცა ცენტრალური ბანკების დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.
ივნისის ბოლოს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურმა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკაში ფულის შედინებას აღარ გეგმავს, რაც საბაზრო ინდექსებისა და ოქროს ღირებულების ვარდნის მიზეზი გახდა. თავის ყოველწლიურ ანგარიშში BIS-მა განაცხადა, რომ ცენტრალურმა ბანკებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და 6 წლის წინ დაწყებული ფინანსური კრიზისის განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან ააცილეს ქვეყნებს, BIS ამბობს, რომ ცენტრალურ ბანკებს არ შეუძლიათ იმ სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რომელიც ხელს უშლის სტაბილურ ზრდას.
ცენტრალურმა ბანკებმა ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესების მთელი რიგი მეთოდები გამოიყენეს, სააღრიცხვო განაკვეთების შემცირებიდან დაწყებული, ე.წ. რაოდენობრივი ლიბერალიზმით დამთავრებული, რომლის პირობებშიც ცენტრალური ბანკები ფინანსურ აქტივებს ყიდულობენ იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ფული შევიდეს.
BIS მიიჩნევს, რომ ახლა ეკონომიკებს მთავრობებმა უნდა უშველონ – მათ შორის, შრომის ბაზარზე რეფორმის ჩატარებით, რომელიც მწარმოებლურობის ზრდას შეუწყობდა ხელს. ”მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყებიდან უკვე ექვსი წელი გავიდა, მსოფლიო ეკონომიკაში ჯერ არ შეინიშნება სტაბილური ზრდა”, – ნათქვამია მოხსენებაში.
”ამ დროის მანძილზე განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები იძულებულნი იყვნენ დაკრედიტების მოცულობის ზრდის მეთოდები მოეძებნათ, მაგრამ ცენტრალურ ბანკებს არ ძალუძთ ის სტრუქტურული პრობლემები დაძლიონ, რომელიც სტაბილურ ზრდას უშლის ხელს”, – მიიჩნევს ორგანიზაცია.
BIS-ის სავალუტო და ეკონომიკური განყოფილების მეთაური, სტივენ სეჩეტი აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკების მოქმედებებმა კერძო სექტორს საშუალება მისცა რეფორმები გადაედოთ, ხოლო ხელისუფლებებს – იაფი კრედიტებით საბიუჯეტო დეფიციტები დაეფინანსებინათ. ეკონომისტის აზრით, ნულთან მიახლოებული საპროცენტო განაკვეთები და ცენტრალური ბანკების მიერ სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა არანაირად არ უწყობს ხელს ეკონომიკაში სერიოზული სტრუქტურული რეფორმების გატარებას.
BIS უძველესი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა. ის ცენტრალური ბანკების საერთაშორისო ბანკია. სხვადასხვა საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო ოპერაციებში აგენტი და მენეჯერი, ეკონომიკური კვლევებისა და საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო თანამშრომლობის ცენტრი. 60 დამფუძნებლებს შორის არიან: ინგლისის ბანკი, ევროპის ცენტრალური ბანკი, აშშ-ის ფედერალური ხაზინა, ჩინეთის სახალხო ბანკი და იაპონიის ბანკი.