ევროპაში გვირაბის ბოლოს სინათლე გამოკრთა

ევროზონაში რეცესია მეექვსე კვარტალია ზედიზედ გრძელდება, ექსპერტები კი ძველებურად აგრძელებენ ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას. 2012 წლის IV კვარტალთან შედარებით 2013 წლის პირველ სამ თვეში ეკონომიკამ 0,2% დაკარგა. ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტის წინა შემცირება 0,6% კვარტალურ გამოხატულებაში. რაც შეეხება წლიურ შეპირსიპირებას, ეკონომიკის ვარდნა გაძლიერდა 1,0%-დან 1,1%-მდე.

მცირდება ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, მცირდება ექსპორტის მოცულობაც _ ასეთი ძლიერი სიმპტომების ფონზე, ავად მყოფი ევროპული ეკონომიკა, სავარაუდოდ, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვერ დაიწყებს. მართალია, გასულ კვარტალში ექსპორტის შემცირება ცოტა შენელდა, მაგრამ იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია გაძლიერდება ან შენარჩუნდება _ ჯერჯერობით არ არსებობს.

1

სახელმწიფო ხარჯების შემცირება, რომელიც ისევ გრძელდება, იმედს არ იძლევა, რომ დასაქმების კუთხით უკეთესი სიტუაცია იქნება ერთიანი ვალუტის მქონე 17 ევროპული სახელმწიფო გაერთიანებაში. აქ უმუშევრობა სულ ახალ და ახალ რეკორდებს ამყარებს. მას შემდეგ, რაც ევროპაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე (7,3%) დაფიქსირდა, ხუთი წელი გავიდა _ 2008 წლის მარტი. მთელი ამ ხნის მანძილზე ევროზონაში უმუშევრობა განუხრელად იზრდება. აპრილში უმუშევრობის ახალი რეკორდი დამყარდა _ 12,2%, ხოლო აპრილის ბოლოს უმუშევრების რიცხვმა 19,38 მილიონს მიაღწია. ექსპერტები ერთსულოვანნი არიან თავიანთ პესიმისტურ პროგნოზებში _ ვარდნის დასრულება მიმდინარე წელს მოსალოდნელი არ არის. განსხვავებულია მასშტაბები: Barclays-ში ფიქრობენ, რომ 2013 წლის შედეგებით მშპ შემცირდება 0,4%-ით; Deutsche Bank _ 0,6%; Goldman Sachs _ 0,7%; Capital Economics _ 2,0%. ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაური, მარიო დრაგი, მისი უწყების მხრიდან მშპ-ის ზრიდს შემცირების მოლოდინის მიუხედავად, ირწმუნება, რომ ევროზონის ეკონომიკა უკვე მიმდინარე წელს დაიწყებს აღდგენას. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ევროპის ცენტრალური ბანკი აგრძელებს რეფინანსირების საბაზისო განაკვეთის მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნებას _ 0,5%. მარიო დრაგის განცხადებით, ცენტრალური ბანკის ხელში არსებული არასტანდარტული ღონისძიებების ფართო სპექტრიდან ნებისმიერს ნეგატიური შედეგების გამოწვევა შეუძლია, ამიტომაც ცენტრალურ ბანკში თავს იკავებენ ამ მეთოდების გამოყენებაზე, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მაინც. ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი უწყება ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევაში, მოქმედებისთვის მზად არის.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის შუა კვირაში გამოჩნდა, უკვე მიმდინარე კვარტალში ევროზონაში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პირველი, ძალიან ფრთხილი სიმპტომი. დამამუშავებელ და მომსახურების სფეროში შესყიდვების მენეჯერების გამოკითხვამ, რომელიც Markit Economics-ის ექსპერტებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ევროზონის გაერთიანებული ინდექსი (PMI Composite) მაისის 47,7-იანი ნიშნულიდან ივნისში 48ს,9 პუნქტამდე გაიზარდა. მართალია, 50-პუნქტიანი ბარიერი ჯერ გადალახული არ არის, მაგრამ რთულია მაჩვენებლის საკმაოდ ძლიერი ზრდა ჯეროვნად არ შეფასდეს. PMI Composite-ის სამი თვის მანძილზე თანამიმდევრული ზრდის შედეგად, ის ბოლო თხუთმეტი თვის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა.

2

50-იანი ნიშნული არ გადაულახავს ევროზონის აქტივობის ზრდა/ვარდნის მზომავ ინდექსს _ PMI Manufacturing-ს, რომელიც 50-პუნქტიან ნიშნულს ქვემოთ იმყოფება 2011 წლის ივლისის შემდეგ. Markit Economics-ის ბოლო, ივნისის კვლევები აჩვენებს, რომ ზრდის იმპულსი შეიძლება უკვე უახლოეს თვეებში გამოჩნდეს. ინდექსი PMI Manufacturing მაისის 48,3-დან ივნისის 48,7 პუნქტამდე გაიზარდა. ჯერჯერობით ძველებურ აქტივობას ვერ იბრუნებს მომსახურების სფერო _ ინდექსი PMI Services რჩება 50-იან ზღვარს ქვემოთ 2011 წლის აგვისტოდან, თუმცა ივნისის ზრდა 47,2-დან 48,6 პუნქტამდე, აჩვენებს, რომ მომსახურების სექტორი ემზადება ზრდის აღდგენის დასაწყებად. ევროზონაში მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებაზე მეტყველებს ახალი შეკვეთების სტატისტიკაც _ მომსახურების სფეროსა და დამამუშავებელ სექტორში მან ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია.

ევროზონის სამრეწველო სექტორი და მომსახურების სექტორები ჯერჯერობით არ იძლევა იმის შანსს, რომ უკვე მიმდინარე კვარტალში აღდგენითი პროცესები დაიწყოს. ექვსკვარტლიან ვარდნას, როგორც ჩანს, მეშვიდეც მიემატება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მესამე კვარტალში რეცესიიდან გამოსვლის შესაძლებლობა გაჩნდა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღდგენის დასაწყებად ცუდი განაცხადი არ გაუკეთებია ევროზონის წამყვან ეკონომიკას _ გერმანიას და მის კვალდაკვალ საფრანგეთს. გერმანიაში ინდექსმა PMI Servicesს ივნისში გადალახა 50-იანი ბარიერი და მაისის 49,7 პუქნტიდან 51,3-ს მიაღწია. ცოტათი შემცირდა ინდექსი PMI Manufacturing _ 49,4-დან 48,7 პუნქტამდე. რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ინდექსი PMI Manufacturing წლის დასაწყისიდან განუხრელად იზრდება (ივნისში მიაღწია 48,3 პუქნტს მაისის 46,4 პუნქტიდან), PMI Services ინდექსის ზრდა ოთხი თვეა ზედიზედ გრძელდება (ივნისის მაჩვენებელი გაიზარდა 46,5 პუნქტამდე მაისის 44,3 პუნქტიდან).