აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარი ყველა სეგმენტში აქტიურია
ამერიკელი მშენებლები აგრძელებენ აშშ-ის ეკონომიკის ზრდაში თავიანთი საკმაოდ წონიანი წვლილის შეტანას. ნელ-ნელა ბრუნდება უძრავი ქონების მიმართ ინტერესი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სამშენებლო სექტორში აქტივობის ზრდას. ივნისის შუა რიცხვებში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ვაშინგტონიდან იმაზე მიანიშნებს, რომ მიმდინარე წლის მაისში საფუძველი ჩაეყარა 6,8%-ით მეტ ახალი სახლის მშენებლობას, ვიდრე აპრილში. ამერიკელი მშენებლებისთვის აპრილის თვე ჩავარდნა აღმოჩნდა _ ახალი სახლების მშენებლობის დაწყება თვიურ შეპირისპირებაში შემცირდა 14,8%-ით, რაც სულაც არ არის გასაკვირი აშშ-ის ტერიტორიაზე ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე. მაისშივე, როგორც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო აცხადებს, ამერიკელმა მშენებლებმა 914 ათასი სახლის მშენებლობა დაიწყეს, როცა აპრილში ეს მაჩვენებელი იყო მხოლოდ 865 ათასი.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობაზე გაცემული ნებართვები არც ისე შთამბეჭდავია. მაისში ახალი სახლების მშენებლობისთვის გაცემულია 3,1%-ით ნაკლები ნებართვა, ვიდრე აპრილში. აპრილში კი გაცემულია 12,9%-ით მეტი ნებართვა, ვიდრე მარტში. პირველად საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა აშკარად არის, მაისის მაჩვენებლის შემცირება, გარკვეულწილად, სუსტი ბაზის ეფექტიც არის. აშშ-ის ვაჭრობის სამინსიტროს მონაცემებით, მაისში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობამ შეადგინა 974 ათასი ერთეული. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორი. ბოლო სტატისტიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ გაზრდილია ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა _ მაისში ასეთი ტიპის 599 ათასი სახლის მშენებლობა დაიწყეს, რაც 0,3%-ით მეტია, ვიდრე წინა თვის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ახალი ერთოჯახიანი სახლების მშენებლობაზე დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობამ მაისში მიაღწია 622 ათასს. ასეთი ტიპის სახლებზე ასეთი მაღალი მოთხოვნა არ დაფიქსირებულა 2008 წლის მაისის შემდეგ. გასულ თვეს 315 ათას მრავალბინიანი და თაუჰაუსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, ესე იგი, ასე თუ ისე, საარენდო საცხოვრებელზე მოთხოვნა იზრდება. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სიტუაცია სხვადასხვანაირად ვითარდება. ოთხი რეგიონიდან ახალი სახლების მშენებლობის ზრდა აღინიშნება მხოლოდ ორში. სამხრეთში ახალი სახლების მშენებლობა 17,8%-ით გაიზარდა, ხოლო დასავლეთში _ 5,7%-ით. ამის პარალელურად, შუა დასავლეთში ეს მაჩვენებელი შემცირებულია 13,7%-ით. სამშენებლო სექტორის ვოლატიური ხასიათი განპირობებულია ამინდით, როგორც ცნობილია, გაზაფხულის დასაწყისიდან აშშ-ს არაერთი სტიქია დაატყდა თავს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი ყველა სეგმენტში აქტიურია.
უნდა აღინიშნოს, რომ მშენებელთა ეროვნული ასოციაციის (National Association of Home Builders/Wells Fargo) ანალიტიკოსები ივნისის კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მშენებლებს შორის გაუმჯობესებულია განწყობა _ კომპანიის სპეციალისტების მიერ გაანგარიშებული ნდობის ინდექსი, მაისთან შედარებით ივნისში მთელი 8 პუნქტით გაიზარდა _ 44-დან 52 პუნქტამდე. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2006 წლის მარტის შემდეგ. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ მაჩვენებელმა 50-იანი ნიშნული გადალახა, უკვე ნიშნავს, რომ რესპოდენტების უმრავლესობა ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა დარგის სტაბილური ზრდის.
საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ის უძრავი ქონების აღდგენას მხარს უჭერენ ხელმისაწვდომი იაფი იპოთეკური კრედიტებით. საცხოვრებელზე გაზრდილმა მოთხოვნამ უკვე მოახდინა იპოთეკური დაკრედიტების განაკვეთების ზრდის პროვოცირება. იპოთეკური კრედიტების საშუალო ღირებულება ივნისის ბოლო კვირას იყო თითქმის 4%, არადა, ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ის 3,35%-ს არ აღემატებოდა. ამიტომაც ნათელია, რომ ამერიკელებმა, რომლებიც ბინის ყიდვას აპირებენ, აუცილებლად უნდა იჩქარონ, სანამ განაკვეთები მკვეთრად მოიმატებს. თანაც შორს არ არის დრო, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა რეფინანსირების საბაზისო განაკვეთს გაზრდის.
აშშ-ის ეკონომიკა გადის სწორხაზოვანი აღდგენის სტადიას, ასეთი რეზიუმე გააკეთეს ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის (FOMC) წევრებმა ბოლო სხდომის შემდეგ. სხდომის შეჯამებისას ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე სარეზერვო სისტემის მეთაურმა, ბენ ბერნანკემ აღნიშნა, რომ რეგულატორმა წლის ბოლომდე შეიძლება შეამციროს თავისი მასტიმულირებელი პროგრამები. სტიმულების შეწყვეტის დასაწყისი სავარაუდოდ გახდება აშშ-ის უმუშევრობის დონე _ 7%, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში. საბოლოოდ, რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამა (QE3) შეწყდება შემდეგი წლის შუა პერიოდში. უმუშევრობის ეს დონე წარმოადგენს საკვანძო ორიენტირს ფედრეზერვის საბაზისო საპროცენტო განაკვეთის დონის აწევის დასაწყისისთვის.