დაგვიბრუნეთ მზე და სითი პარკი მოუსავლეთში წაიღეთ
ბიზნესი თბილისურად
ცა ბათუმის თავზე დაილუქა და მზე, ალბათ, საზაფხულო არდადეგებზე წავიდა. მუდმივმა წვიმამ და სიცივემ საზაფხულო სეზონი გადააქცია საზამთროდ. ყველაფერი იცვლება, არ იცვლება ელ ჯერო და სითი პარკი. ნეტავ, რატომ გაგვიბრაზდა მზე ამჯერად ან ვინ გაანაწყენა? მე მესმის მისი, დაიღალა ჩვენი ყურებით, მაგრამ ასეთი გაბუტვაც არ შეიძლება, ცოდვაა საწყალი ხალხი, რომლის ერთად ერთი დასასვენებელი ადგილი ზღვაზე – უძვირესი და უნესტესი ბათუმია. უამინდობაში მოწყენილობა პიკს აღწევს და ყველა ქალაქის ცენტრისკენ მიილტვის. მათ შორის მეც ქალქის ცენტრისკენ დავიძარი და დიდი ხნისა და გამალებული ძებნის შემდეგ მანქანის პარკირებისთვის ადგილი ვიპოვე.
მანქანა დავაყენე და კაფეს მივაშურე. ვეცადე გავმხიარულებულიყავი და წვიმისგან მოყენებული ერთკვირიანი ტრამვა გამექარვებინა, მაგრამ… უკან დაბრუნებულს, საქარე მინაზე ჯარიმის უწყისი დამხვდა მიწებებული – ბათუმის სითი პარკმა დაგაჯარიმათ 10 ლარით. ავღელდი და ავბობოქრდი როგორც შავი ზღვა!
– ამ სეზონზე გადახდილი მაქვს სიტი პარკის გადასახადი, 50 ლარი, – ვეუბნები იქვე მდგარ ბათუმელს.
– არა, – ამაყად მეკამათება ბათუმელი – ეს თქვენ თბილისის სითი პარკს გადაუხადეთ, აქ კი ჩვენ ჩვენი გადასახადი გვაქვს. კარგია ბათუმურ მანქანებს თბილიში რომ გვიჯარიმებენ? – ნიშნის მოგებით მითხრა მან.
გავოგნდი – როგორ, აბა საქართველოში ყველა ქალაქმა თავისი სითი პარკის გადასახადი უნდა დააწესოს-მეთქი? რატომაც არაო, – მითხრა ჩემმა ოპონენტმა – კვარიათიდან ბათუმში რომ შემოდიხართ, ადლიის საბაჟოსთან ვერ ნახეთ წარწერა, რომ ბათუმს სითი პარკი აკონტროლებსო? უცებ გამახსენდა, ეს არაფრისმთქმელი და ძვირადღირებული ლურჯი წარწერა და წავედი განსჯაში- ახლა ქობულეთიც შემოიღებს ამ გადასახადს, მერე ლანჩხუთი, სამტრედია, ქუთაისი და ასე შემდეგ, სანამ თბილიში ჩავალ, დაახლოებით 1000 ლარამდეც ავალ. საშინელი სურათი დამიდგა თვალწინ და ვიფეთქე – ძირს სითი პარკი!
ამ სახის გადასახადს მთელს მსოფლიოში ადგილზე ავტომატებით კრეფენ და მას ერთად ერთი დანიშნულება აქვს – შეიზღუდოს ქალაქის ცენტრში ავტომანქანების მოძრაობა, რათა არ გადაიტვირთოს ცენტრი და თქვენ ამ ადგილას თუ არ დააყენებთ მანქანას, არასდროს მოგიწევთ ამ გადასახადის გადახდა.
თბილისშიც თავიდან ამ მიზნით დაიწყო, უნდოდათ ეს პრობლემა ამ სერვისით ერთგვარად მოეწესრიგებინათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, უკუშედეგი მივიღეთ. ყველაფერი ვიღაც ნაძირალა ბექაურისგან დაიწყო, რომელმაც ამ საქმის მონოპოლიზება მოინდომა თავის, ისრაელიდან ჩამოსულ იოლი ფულის მაძიებელ მეგობრებთან ერთად. ეს ბექაური მერიამ ტრანსპორტში პროფესიონალად ჩათვალა, რადგან პროფესიით მძღოლი იყო და თანაც – სტაჟიანი მძღოლი, ვიდრე ნაციონალებმა პარლამენტში დეპუტატად არ გაამწესეს. ამ ”ტრანსპორტიორის” ორცილინდრიან ტვინზე დაყრდნობით გადაწყვიტეს ამ სფეროს ევროპულად გარდაქმნა და როგორც ყოველთვის, მივიღეთ აფრიკული ყაჩაღური სისტემა. ჯერ ვითომ ტენდერი, მერე მოგებულის გაძევება და მერიისა და ხალხისათვის გადაცემა. საბოლოოდ, ავტომატებზე უარი ვთქვით და პირდაპირ 25-ლარიანი გადასახადი დააწესა მერიამ და მერე ესეც გააორმაგა. ყველაფერი მოვიშორეთ და ეს სითი პარკის ყაჩაღები – ვერა. ძირს ხალხის მძარცველი სითი პარკი! ეს ”ნაცების” მიერ შექმნილი ერთ-ერთი არხია ნაგავთან ერთად, რომლითაც ისინი თავის აქტივისტებსა და დროსტარებას აფინანსებდნენ. ჩვენც ვიხდით მორჩილად და ხმას არ ვიღებთ! მართლები არიან ბათუმელები – ყველამ უნდა შემოიღოს, დავყოთ საქართველო სითი პარკებად: სიღნაღის სითი პარკი, ჩხოროწყუს და ასე შემდეგ.
სითი პარკი იქით იყოს, ”სტაიანშიკები” უკანონოდ ისევ დატოვეს, რომლებიც დღისით, მზისით ყაჩაღობენ. თბილისის მასშტაბით წლიურად 3 მილიონს აგროვებენ. ასე ასაქმებდა მერია ხალხს ჩვენს ხარჯზე. არა, მე მესმის ძვირი ჯდება ”ლაქშერი” ცხოვრება, ბარებსა და სტრიპტიზ-კლუბებში ”გულაობა”, მაგრამ უჭირს ხალხს და მერიის თანამშრომლებს ვეღარ შეინახავს. უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!
ქუჩებში სადგომი ადგილები უნდა მოწყობილიყო, დაეყენებინათ ავტომატები, აეშენებინათ პარკინგები, მაგრამ მოგვატყუეს და არაფერი გააკეთეს, გარდა იმისა, რომ ჯარიმებს გვაწებებენ. ასე რომ, საერთო ჯამში, ისინი 10 მილიონამდე აგროვებენ ჯიბის ფულს და ხალხის ხარჯზე გვარიანად ”გრიალებენ”. დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ უგულავას და ახვლედიანის დამატებითი დაფინანსება და გავაუქმოთ სითი პარკის გადასახადი. ქუჩიდან კი, ეს ”სტაიანშიკები” გავუშვათ.
ახლა მივხდი სად წავიდა მზე – როგორც ჩანს, სითი პარკმა ევაკუატორის ლაფეტით სადღაც წაიყვანა. მზეს პარკინგის გადასახადი არ ჰქონდა გადახდილი თურმე. დაგვიბრუნეთ მზე და სითი პარკი წაიღეთ თავისი ლაფეტით!
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი