“მერკანტილური” ურთიერთობების ზოგიერთი თავისებურება
ზვიად ჭეიშვილი
დღეისათვის საქართველოს საზოგადოებას ისევე, როგორც სხვა ღარიბი ქვეყნების უმეტესობას, აწუხებს ისეთი პრობლემები, როგორიცაა, ჩრდილოვანი ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული მოვლენა – კორუფცია.
ეს მოვლენები, საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე, სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა და, შესაბამისად, რთულდებოდა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და სრულყოფის კვალობაზე. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა შესაბამისი საზოგადოებრივი ფორმაციები და გაჩნდა მატერიალური დოვლათის გადანაწილების აუცილებლობა, პარალელურად ჩამოყალიბდა ამ დოვლათის გადანაწილების არაოფიციალური მექანიზმებიც.
მე-18 საუკუნეში ვენეციელი ბერი ორტესი წერდა: “ეკონომიკური სიკეთე და ეკონომიკური ბოროტება ყოველ ერში მუდმივ წონასწორობაშია, დოვლათის მეტისმეტი სიუხვე ერთისათვის, განაპირობებს იმავე დოვლათის ნაკლებობას მეორისათვის. მცირეოდენთა დიდ სიმდიდრეს მუდამ თან სდევს შეუდარებლად დიდი რაოდენობის აბსოლუტური გაძარცვა”.
არაფორმალური ურთიერთობები, როგორც მოვლენა, ცნობილია უძველესი წარსულიდან. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სახელმწიფოს მართვის “ხელოვნებასთან” დაკავშირებული რომის, ეგვიპტის, მესოპოტამიის, იუდეველების, ინდოეთისა და ჩინეთის შესაბამის რელიგიური და იურიდიული ხასიათის ლიტერატურაში.
მაგალითად, ჯერ კიდევ ძველინდურ ტრაქტატში “ართაშახსტრა” (IVს. ჩვ.წ.აღ.) აღნიშნულია, რომ მეფის უმთავრეს ამოცანას ხაზინის ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ტრაქტატში ჩამოთვლილია ხაზინის ქურდობის 40-მდე საშუალება და გამოტანილია ალეგორიული დასკვნა, რომ უფრო ადვილია ზეცაში ფრინველის ფრენის ტრაექტორიის გამოცნობა, ვიდრე მოხერხებული ჩინოვნიკის გამოაშკარავება.
აღნიშნულიდან და ამ პრობლემებზე არსებული სხვა უძველესი მასალების ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ არაფორმალური ურთიერთობების პრობლემა აქტუალური ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციების დროიდან იყო. მაგრამ ჩვენს დროში მან უფრო მეტი მრავალფეროვნება შეიძინა და მჭიდროდ გადაეხლართა საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროს.
ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია, განვითარების დონის განურჩევლად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. განსხვავებულია ამ მოვლენების მასშტაბები, განვითარების ტენდენციები და ფუნქციონირების თავისებურებანი. ეს პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღარიბ ქვეყნებში დგას, სადაც მათ წარმოშობასა და განვითარებას მრავალ “მასტიმულირებელ” ფაქტორთა შორის, განსაკუთრებით ერთი რამ ახასიათებს – მოსახლეობის მასობრივი გაღატაკების პროცესში სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ლეგალური შემოსავლების სიმცირე, რაც საზოგადოების ფართო ფენებს უბიძგებს, არაკანონიერი საშუალებებით შემოსავლების მიღების გზების ძიებისაკენ.
ამდენად, არაფორმალური ურთიერთობების არსებობისა და გააქტიურების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად შეიძლება პიროვნული მოტივაცია დავასახელოთ.
პრაქტიკულად, ნებისმიერ ეკონომიკურ პროცესში გადამწყვეტ როლს, როგორც წესი, ადამიანის ფაქტორი ასრულებს. კლასიკურ საბაზრო სისტემაში წარმატებით მოქმედი ადამიანის გამოსახატავად, ეკონომიკურ თეორიაში დიდი ხანია, რაც განოიყენება ცნება “HOMO ECONOMICUS”-ი, რომელიც ა. სმიტის მიერ იქნა დამკვიდრებული. “HOMO ECONOMICUS”-ი თავის ქმედებებში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს: როგორც მომხმარებელი, ცდილობს რაციონალური მოქმედებით მაქსიმალურად გაზარდოს სარგებლიანობა, ხოლო როგორც მეწარმე – მოგება.
როდესაც ადამიანის ქცევის მოტივებს ვაანალიზებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ყოველი ინდივიდი, ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებულად მოქმედებს. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკურ სივრცეში (სახელმწიფოში) შექმნილი იმ პირობების ხარისხს, რომელიც “HOMO ECONOMICUS”-ს, საკუთარი მოთხოვნილებების ლეგალური გზებით მაქსიმალურად დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს. ამგვარად, რაც მეტი ლეგალური სტიმულებია ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის სახელმწიფოში შექმნილი, მით უფრო ნაკლებია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის გავრცელების ალბათობა. აქედან გამომდინარე, არაფორმალური ურთიერთობების გააქტიურება დიდად არის დამოკიდებული სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ეფექტიანობაზე. კერძოდ:
– სახელმწიფოს საგადასახადო-მაკონტროლებელი პოლიტიკა;
– ეკონომიკური კანონმდებლობის სრულყოფის ხარისხი;
– სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის მასშტაბები და მათი საქმიანობის ხარისხი;
– სახელმწიფო სექტორის მასშტაბები და როლი ქვეყნის ეკონომიკაში;
– სასამართლო სისტემის ეფექტიანობა და სხვა.
ზემოაღნიშნულის გარდა, ქვეყანაში არაფორმალური ურთიერთობების ფორმებს, თავისებურებებსა და მასშტაბებს განსაზღვრავს როგორც ეკონომიკურ, ისე არაეკონომიკურ ფაქტორთა ერთობლიობა. მათ შორის აღსანიშნავია4 : რეალური ეკონომიკის ეფექტიანობის დონე; საქონლითა და მომსახურებით ქვეყნის შიდა ბაზრის გაჯერების დონე; ეკონომიკის დარგებს შორის არსებული რაციონალური თანაფარდობა; მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა; უმუშევრობის დონე და ა.შ. ეს რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორებს.
არაეკონომიკური ფაქტორებიდან კი შეიძლება დავასახელოთ: საზოგადოებაში გაბატონებული სოციალურ-ფსიქოლოგიური ორიენტირები; მოქალაქეთა კანონმორჩილების, საზოგადოების თვითშეგნებისა და შინაგანი დისციპლინის დონე; ხელისუფლების ავტორიტეტი და სხვა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, საქართველოში არაფორმალური ურთიერთობების თავისებურებებზე მსჯელობისას, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესში ისტორიული ფაქტორის უდავოდ მნიშვნელოვანი როლი. კერძოდ, საბჭოური მემკვიდრეობიდან მიღებული ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის ევოლუცია.
საბჭოური მკვლევარების ნაშრომებში აღწერილი იყო ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი ფორმები და როლი საბჭოურ სამეურნეო სისტემაში, ასევე ეკონომიკური დანაშაულის ზოგიერთი სახეები. გასაგები მიზეზების გათვალისწინებით, ასეთი შრომები არ შეიძლება სისტემატურ ემპირიულ გამოკვლევებზე ყოფილიყო დაფუძნებული, ვინაიდან ჩაითვლებოდა ოფიციალურ პოლიტიკასთან დაპირისპირებად. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ შრომებში საბჭოური არაფორმალური ურთიერთობების შედარებით რეალური სურათი იყო მოცემული.
80-იანი წლების ბოლოს, როგორც დასავლეთელი, ასევე საბჭოელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სსრ კავშირში საერთო დაგეგმვისა და კონტროლის მიღმა, ფაქტობრივად, იმალებოდა და აქტიურად ვითარდებოდა შერეული ტიპის ეკონომიკური სისტემა, სადაც არაფორმალური, არაკონტროლირებადი წარმოება არანაკლებ როლს ასრულებდა, ვიდრე ოფიციალური წარმოება.
საბჭოური ჩრდილოვანი ეკონომიკა, სხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ჩრდილოვანი გამოვლინებებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო ქონების მასობრივად დატაცება-დანიავებაში, მიწერებში, დეფიციტური საქონლით სპეკულაციასა და სხვა ნეგატიურ ქმედებებში გამოიხატებოდა.
რამდენადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია ჩამოყალიბდა, როგორც საბჭოთა საზოგადოების ეკონომიკური ინსტიტუტი, ის არ შეიძლება აღმოფხვრილიყო თვით საუკეთესო პირობების არსებობის შემთხვევაშიც. ხოლო საქართველომ, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელმა ერთ-ერთმა სუბიექტმა, მემკვიდრეობით ის ნიშან-თვისებები მიიღო, რომელიც იმ სისტემისათვის იყო დამახასიათებელი. უფრო მეტიც, საქართველოს გარდამავალ პერიოდში განვითარებული ნეგატიური პროცესების კვალობაზე, არაფორმალურმა ურთიერთობებმა შესანიშნავი ადაპტირების უნარი გამოავლინა და დღეისათვის ტრანსფორმირებული სახით წარმოგვიდგება.
ამ მიმართულებით კვლევისას იკვეთება საქართველოს თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში მოქმედი ადამიანის ტიპის გარკვევის აუცილებლობა.
სსრ კავშირის გარდაქმნების სახელწოდებით ცნობილ პერიოდში, საბჭოთა ადამიანის დასახასიათებლად გამოიყენებოდა ცნება “HOMO SOVETICUS”-ი, რომელიც, ერთი მხრივ, ყველანაირად ითრგუნება (ადამიანების უფლებების თვალსაზრისით) სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, თავისი კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოელის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს “კეთილი ნებისაგან”.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პოსტკომუნისტური გზა კი პროფესორ პაპავას მიერ განხილულია, როგორც “HOMO SOVETICUS”-ის “HOMO ECONOMICUS”-ზე ტრანსფორმირების პროცესი.6
ამ მიმართულებით კვლევისას იგი მიდის დასკვნამდე, რომ პოსტკომუნისტური ტრანსფორმირების პროცესში, ახლადშექმნილი კერძო სტრუქტურების ფონზე, თანდათანობით გამოიკვეთა “HOMO ECONOMICUS”-ის ტიპი. თუმცა, ასეთი ადამიანები არ შეადგენენ პოსტკომუნისტური საზოგადოების უმრავლესობას, ვერ ქმნიან ეკონომიკურ “ამინდს” … მაშასადამე, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ეტაპზე ყალიბდება ადამიანის ტიპი, რომელშიც განუხრელად იზრდება “HOMO ECONOMICUS”-ის თვისებები. თუმცა, ის ჯერ კიდევ შორსაა “HOMO SOVETICUS”-ისათვის დამახასიათებელი თვისებების ჩამოშორებისაგან. ადამიანის ამგვარ ტიპს მან, პირობითად, “HOMO TRANSFORMATICUS”-ი უწოდა.
ჩვენი აზრით, საქართველოს სინამდვილის გათვალისწინებით, შეიძლება ვისაუბროთ ისეთი ტიპის ადამიანის ფორმირებაზე, რომელშიც თვითგადარჩენის ინსტინქტი სჭარბობს. ქვეყანაში გავრცელებული უკანონობის მიმართ, საზოგადოების მხრიდან შეინიშნება ერთგვარი შემგუებლობის “სინდრომი”. მოსახლეობის დიდი ნაწილი, ლეგალური შემოსავლების სიმცირის პირობებში, ცდილობს არაფორმალური ურთიერთობების ხარჯზე სტაბილური შემოსავლებით უზრუნველყოფას ანუ მიმდინარეობს საზოგადოების ამ ნაწილის ადაპტაცია არსებულ გარემო-პირობებთან. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვისაუბროთ ისეთი ტიპის ადამიანის ფორმირებაზე, რომელიც თვითგადარჩენის ბიოლოგიური ინსტინქტიდან გამომდინარე, ცდილობს, რეალურად არსებული პირობების გათვალისწინებით, ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ ტიპის ადამიანს, პირობითად, შეიძლება “HOMO ADAPTIVUS”-ი ვუწოდოთ.8
ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ პოსტსაბჭოური საქართველოს საზოგადოებაში ყალიბდება ადამიანის ორი ძირითადი ტიპი:
1. საზოგადოების მცირე ნაწილში ჩამოყალიბდა ისეთი ტიპის ადამიანი, რომელშიც სჭარბობს “HOMO ECONOMICUS”-ის თვისებები;
2. საზოგადოების დიდ ნაწილში კი ჩამოყალიბდა ისეთი ტიპის ადამიანი, რომელშიც სჭარბობს “HOMO ADAPTIVUS”-ის თვისებები. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ადამიანებშიც შეიძლება ორი ძირითადი კატეგორიის გამოყოფა:
ა) “HOMO ADAPTIVUS”-ი, რომელსაც სურს არსებული მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ იძულებით ეგუება მას და ბ) “HOMO ADAPTIVUS”-ი, რომელსაც არ სურს არსებული მდგომარეობის შეცვლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, “HOMO SOVETICUS”-ის გარდაქმნის ძირითადი ეტაპი დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ და ადამიანური ტიპის განვითარების თვალსაზრისით, ვისაუბროთ პოსტრანსფორმაციული პერიოდის დაწყებაზე.
“HOMO ADAPTIVUS”-ის, ისევე როგორც “HOMO ECONOMICUS”-ის, ქცევის ძირითადი მოტივია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. თუმცა, ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობები და ხერხები პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც, ჩვენი აზრით, ძირითადად განსაზღვრავს ამ ცნებებს შორის სხვაობას.
ამდენად, “HOMO ADAPTIVUS”-ი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი. ამ თვალსაზრისით, უპრიანია ვისაუბროთ სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად დეკლარირებული და რეალურად გატარებული ღონისძიებების არაიდენტურობაზე.
საქართველოს მომავალ თაობებში ადამიანის რომელი ტიპი იქნება ძირითადად წარმოდგენილი, უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფორმებით და ხარისხით წარიმართება ქვეყანაში, დემოკრატიულ საზოგადებებში აღიარებული ფასეულობების დამკვიდრების პროცესი.
დღეისათვის, ქვეყანაში წარმოებული პოლიტიკა, ძირითადად პრივილეგირებულ ეკონომიკურ დაჯგუფებებთან და მაღალი რანგის ბიუროკრატიულ ჩინოვნიკებთან გაწეული კონსულტაციების შედეგია და, შესაბამისად, მათი ფინანსურ-პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი უფროა, ვიდრე საზოგადოების ფართო მასების ინტერესებისა.
ამ პრობლემებზე მსჯელობისას, ცნობილი პერუელი ეკონომისტი ერნანდო დე სოტო პარალელს ავლებს შუა საუკუნეების მერკანტილიზმთან: ძნელია წარმოიდგინო, რომ საფრანგეთის მეფემ იცოდა, თუ რამდენი ნემსი და საქსოვი ჩხირი გამოიყენებოდა ქსოვილების საწარმოებლად ლიონში, პარიზსა და სემურში. დამახინჯებულ ინფორმაციას მას აწვდიდნენ ალიანსში მყოფი სახელმწიფო მოხელეები და მეწარმეები. ამგვარი რეგულირების ძირითად მიზანს ბაზარზე შესაძლო კონკურენტების შეღწევისაგან თავის დაცვა წარმოადგენდა.
e. de soto ekonomikis AA”marTvas” – “მერკანტილურ რეგულირებას” უწოდებს.
ამასთან, მსგავს პირობებში მყოფი საქართველოს მთავრობა ძირითადად დაკავებულია არა ახალი მატერიალური დოვლათის წარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნით, არამედ არსებული საფინანსო და სხვა სახის რესურსების გადანაწილებით. ამიტომ საზოგადოებაში არსებული ენერგია იხარჯება და მიმართულია არა რეალური პროგრესის მიღწევაზე, არამედ “მერკანტილური” დაპირისპირებების წარმოებაზე.
დღეს ქვეყანას მაღალი მორალურ-მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. რეალურად კი, მათი ინდიფერენტულობის ფონზე, მოვლენების შეფასების ინიციატივა არაპროფესიონალმა და პოლიტიზირებულმა ადამიანებმა ითავეს. შედეგად, საზოგადოების დასაყრდენ ფუნდამენტურ ცოდნას, ინფორმაციული ბაზრის კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე, მასობრივ მოთხოვნებზე ორიენტირებული სკანდალების (სენსაციების) დინამიკა ჩაენაცვლა.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ქართული საზოგადოებრიობა იმ ზღვარზე იმყოფება, რომელსაც ახასიათებს დემოკრატიული ფასეულობების ფორმალურად აღიარება, ხოლო რეალურად კი “მერკანტილური” ინტერესებით მოქმედება.
აღნიშულიდან გამომდინარე, თუ გვინდა თავი დავაღწიოთ საზოგადოებაში “HOMO ADAPTIVUS”-ის დამკვიდრებასა და “მერკანტილური” კაპიტალიზმის ფორმირების საშიშროებას, დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროებში ადეკვატური რეფორმების რეალურად გატარების მიმართულებით.