კახეთის მხარის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გავლენა რეგიონის სამომხმარებლო ბაზარზე

დალი ხოხობაშვილი

გლობალიზაციის ყოვლისმომცველ პროცესში აღინიშნება მსოფლიო ბაზრის შერწყმა. სუსტი სუვერენული ქვეყანა და მათ შორის საქართველო, ვერ უძლებს გლობალიზაციის ზეწოლას. მას ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომ უდიდეს რეგიონულ წარმონაქმნ “ევროკავშირში” საქართველოს ინტეგრაციის მცდელობა არის ძებნა ადგილის დასამკვიდრებლად მსოფლიო გლობალურ პროცესში, რათა გახდეს მისი სუბიექტიც და არა მხოლოდ ობიექტი, როგორც ახლა არის.

საგარეო ვაჭრობა გამოდის მსოფლიო ეკონომიკური გლობალიზაციის და ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ამ მიმართებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) პარალელურად აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საერთაშორისო კორპორაციული ალიანსი, საბაჟო თანამშრომლობის საერთაშორისო საბჭო, პროდუქციის, მომსახურების და საქმიანი ინფორმაციის იდენტიფიკაციისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (EAN), მეწარმეთა საერთაშორისო კონგრესი.

ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაციის მოსურნე ქვეყნები ამ პროცესში ებმებიან საკუთარი რეგიონებით. ევრორეგიონული პოლიტიკის მიხედვით, ცალკეულმა რეგიონებმა უნდა იქონიონ ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები სხვა ქვეყნის რეგიონებთან. საქართველოც ამ პრობლემის წინაშე დგას. მისი ცალკეული რეგიონები ცდილობენ სავაჭრო კავშირები დაამყარონ ევროპის ქვეყნებთან.

ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის ანგარიშები უნიკალურია იმ მხრივ, რომ მასში აისახება ქვეყანასა და დანარჩენი მსოფლიოს რეზიდენტებს შორის მიმდინარე რეალური და ფინანსური ნაკადები. მის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობის განვითარება და კაპიტალის დაბანდების სფეროების ზრდა. 90-იანი წლებიდან საქართველოს საგადასახდელო ბალანსი პასიურია და აქვს უარყოფითი სალდო, ე.ი. საგარეო ვაჭრობაში ექსპორტს სჭარბობს იმპორტი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის სოციალურ-კონომიკური განვითარების დონეზე. ამ წლებში ექსპორტირებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი საქართველოსთვის ძვირფასი ნედლეული და მასალებია. საგარეო ვაჭრობის დეფიციტს ნაწილობრივ ფარავს წმინდა ტრანსფერები საზღვარგარეთიდან. დაფინანსების უფრო დიდი წყაროა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები.

1

საქართველოში იმპორტირებულ საქონელში ენერგორესურსებს, სამკურნალო საშუალებებს, ავტომობილებს, შაქარს და საკვებ პროდუქტები დიდი ადგილი უკავიათ, ხოლო ქვეყნიდან ექსპორტირდება, ძირითადად, ნედლეული, ბუნებრივი რესურსები (შავი ლითონების ჯართი, ფეროშენადნობი, ნედლი ნავთობი, სპილენძის შენადნობი, და სხვა); მზა პროდუქციის (ღვინო, ოქრო, შაქარი, ხორბალი, საფრენი აპარატები და სხვა) ექსპორტი უმეტესად დემპინგურ ფასებში ხდება, რადგან საქართველოში კრიზისული მდგომარეობის გამო მკვეთრად შემცირებულმა წარმოების მიერ დამზადებულმა უხარისხო და დაბალკუნკურენტუნარიანმა პროდუქციამ, დიდი ხანია რაც დაკარგა საგარეო ბაზრები.

მიუხედავად წინააღმდეგობებისა საქართველოში ექსპორტის და იმპორტის ღირებულება 1994 წლიდან მუდმივად იზრდება. 2003წ. ექსპორტის ღირებულება (444,09 მლნ. აშშ დოლარი) 1994წ. ანალოგიურ მაჩვენებელს (154,67 მლნ.აშშ დოლარი) 3,5-ჯერ აღემატება. ამ წელს ქვეყნის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 613,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იზრდება ექსპორტის ადრესატი ქვეყნების რიცხვიც, 1994 წელს საქართველო საგარეო სავაჭრო ოპერაციებს 54 ქვეყანასთან ახორციელებდა, ხოლო 2003 წელს უკვე – 120 ქვეყანასთან.1 ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ცდილობს გააღრმავოს ინტეგრალური კავშირები გარემომცველ სამყაროსთან, რადგან საგარეო ვაჭრობის ინტენსიფიკაცია ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ეკონომიკის სტრუქტურულ სრულყოფას, საშინაო ფასების საერთაშორისოსთან მიახლოებას და ამით ეროვნული კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. იმპორტი იძლევა საშუალებას შეივსოს შიგა ბაზარი საჭირო სამომხმარებლო პროდუქციით და მოიხსნას დეფიციტის პრობლემა, მაგრამ იწვევს ინფლაციურ ზეწოლას შიგა ფასებზე.

2

“საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ეფექტიანობის ამაღლების პროცესი უშუალოდ უკავშირდება ინტეგრალური კავშირების გაღრმავების ობიექტურად ჩამოყალიბებული ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ფაქტორთა ამოქმედებას. საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსივობის ხარისხი არც ისე მაღალია, ეს მაშინ, როცა საქართველოში ევროპული ინტეგრაცია საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირად არის აღიარებული, ხოლო ეკონომიკური ინტეგტაცია – ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად”2. ამიტომ ქვეყნის უფრო მეტად დაახლოვება გარემომცველ სამყაროსთან ვაჭრობის გზით, მისი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას დადებითად წაადგება.

დღესდღეობით თითოეულ რეგიონს საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. არის ბიზნეს-წინადადებები უცხოური კომპანიებისა ამა თუ იმ რეგიონში. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ცდილობენ სამედიცინო, განათლების, კულტურის თუ სხვა სფეროში დახმარება გაუწიონ რეგიონებს. ცალკეული რაიონები უცხოეთის ზოგიერთ ქალაქებთან მეგობრობენ და მათთან ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები გააჩნიათ.

ბოლო წლებში კახეთის მხარემ საგარეო ასპარეზზე საქმიანობა განსაკუთრებით გაააქტიურა. მეგობრული და საქმიანი ხელშეკრულებები დაიდო საფრანგეთის ბურგუნდიის მხარის იონის დეპარტამენტთან, უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის, პოლონეთის კარპატებისპირეთის და ავსტრიის შტირიის მხარეებთან. ამ ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები გამოიღო. მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიის, იაპონიის, ჩინეთის, რუსეთის, რუმინეთის რეგიონებთან.

კახეთის მხარეში წარმოებული პროდუქცია მრავალ ქვეყანაში ექსპორტირდება. მაგალითად: ღვინო ექსპორტირდება რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩინეთში, აშშ-ში; კონიაკი – რუსეთში, უკრაინაში; ხე-ტყე (კაკლის მორი, დახერხილი და დაუხერხავი მასალა, ფიცარი, მცირე ზომის დეტალები) – თურქეთში, ირანში, ტყავი – იტალიაში; 2000 წელს წნორის და თელავის საკონსერვო ქარხნებმა აწარმოვეს ჯემებისა და მურაბების ექსპორტი; ფიზიკური პირები ყოველწლიურად აწარმოებენ ხილის ექსპორტს (ატამი, ვაშლი, კარალიოკი) აზერბაიჯანში.3

საქონლის ექსპორტირებას მხარეში ახორციელებს თელავის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელიც არის საჯარო-სამართლის იურიდიული პირი. იგი გასცემს წარმოშობის სერტიფიკატს საექსპორტო საქონელზე და ეხმარება ექსპორტიორებს მყიდველის მოძებნასა და სავაჭრო ოპერაციების განხორციელებაში.

კახეთის რეგიონის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვების ერთ-ერთი საშუალება არის უცხოური ინვესტიციები, რომელთა მნიშვნელობაც საქართველოში პრივატიზაციის განხორციელების შემდეგ უფრო გაიზარდა. ინვესტიციები ქვეყანას ფინანსებთან ერთად აძლევენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მანქანა-დანადგარებს, სამეცნიერო-კვლევით მიღწევებს, რაც საბოლოოდ პროდუქციის გაუმჯობესებას და სამამულო წარმოების საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას განაპირობებს. 1998 წლიდან ამ სფეროში შეინიშნება გამოცოცხლება (წინა წელთან შედარებით, ძირითად კაპიტალში ჩაიდო 2,1-ჯერ მეტი ინვესტიცია).

რეგიონში როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციები უმეტესად ღვინისა და ნავთობპროდუქტების წარმოებაშია ჩადებული. ქვემოთ წარმოდგენილია არასრული სია კახეთის მხარეში მოქმედი იმ ეკონომიკური სუბიექტებისა, რომელთა საქმიანობაშიც მონაწილეობს უცხოური კაპიტალი, ისინი აწარმოებენ პროდუქციის ექსპორტს:
– GWS – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია; ინვესტიციების 25% ქართულია, 75% – უცხოური;
– “თელავის ღვინის მარანი” – 20% ქართული, 80% – ფრანგული;
– “გაორი” – გაზის და ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-ბრიტანული კომპანია, მდებარეობს საგარეჯოს რაიონში;
– “ქინძმარაული” – ღვინის ქარხანა ყვარელში; ქართული, რუსული და უცხოური ინვესტიციები;
– “აისი” – ნაყინის ქარხანა გურჯაანში; ინვესტიციები მთლიანად ქართულია;
– “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” – ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია დედოფლისწყაროში ქართულ-ბრიტანული ინვესტიციებით;
– “კვარპელი” – ტყავის მწარმოებელი (ცხვრის, ძროხის) ქართულ-იტალიური ფირმა, მდებარეობს ყვარელში;
– “ტუხა” – ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია დედოფლისწყაროში ჩინური ინვესტიციებით;
– “კანარგო” – ქართულ-ბრიტანული პირველადი ნავთობის მომპოვებელი კომპანია საგარეჯოს ტერიტორიაზე;
– “იორის ველები” – ქართულ-შვეიცარული ნავთობკომპანია საგარეჯოში;
– “ფერი” – ჩინური კომპანია, რომელმაც ხადორში (ახმეტის რაიონში) ააშენა ჰიდროელექტროსადგური, რომელმაც 2004 წ. ნოემბერში დაიწყო ფუნქციონირება.

რეგიონში არსებული ქარხანა “აისი” რესპუბლიკაში ნაყინის წარმოებაში ლიდერია. მისი პროდუქციის ნაწილი ექსპორტირდება აზერბაიჯანში, სომხეთში, ჩრდილო კავკასიაში. საქართველოში მთლიანი მრეწველობის მოცულობაში კახეთის მხარის წილი 3,2 %-ა, რაც სხვა რეგიონების წილთან შედარებით საშუალო მაჩვენებელია. რეგიონის საკუთარი წარმოების სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ (37140,6 ათასი ლარი, მწარმოებლის გასაცემ ფაქტიურ ფასებში დღგ-სა და აქციზის გარეშე) რესპუბლიკის ანალოგიური მაჩვენებელის (522839,6 ათასი ლარი) 7,1 % შეადგინა.6 ბოლო წლებში რეგიონში საწარმოთა რაოდენობა მცირდება: 1998 წელს რეგისტრირებულია 217 და 2003 წელს კი – 186 საწარმო. ამისი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ კონკურენტულ გარემოს მიუჩვეველი გეგმიანი ეკონომიკის პირობებში მომუშავე საწარმოებს არ ჰყოფნით გამოცდილება მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროში, რომ წარმატებით იბრძოლონ საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დასაკავებლად, ამ და სხვა ხელისშემშლელი მიზეზების გამო, რეგიონში მოღვაწე მეწარმენი და ბანკები ერიდებიან ინვესტირებას მრეწველობაში და არჩევენ ვაჭრობის სფეროს, რადგან ბუნებრივი და ხელოვნური პირობები ამ სფეროს განვითარების უფრო მეტ პერსპექტივას იძლევა; თუმცა იზრდება წარმოებული პროდუქციის და საკუთარი წარმოების პროდუქციის ექსპორტის მოცულობა, რაც მთლიანად ქვეყნის საგარეო ურთიერთობების გაფართოვების გამოძახილია.

ცხრილში # 1 მოცემულია ბოლო წლებში კახეთის რეგიონში სამრეწველო წარმოების მოცულობის მაჩვენებელი, რომელიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება (1998-2003წწ 2,8-ჯერ გაიზარდა), მიუხედავად იმისა, რომ მცირდება სამრეწველო ფირმების რაოდენობა (იგივე წლებში 1,17-ჯერ შემცირდა). 2000-2003წწ. განმავლობაში რეგიონიდან ექსპორტის მოცულობა 3,6-ჯერ გაიზარდა.

გრაფიკი #1 გვიჩვენებს კახეთის რეგიონიდან ექსპორტის მოცულობის ზრდას 2000-2003წწ

კახეთის მხარიდან ექსპორტის რაოდენობის ზრდა გამოწვეულია რეგიონის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციით და საგარეო ვაჭრობის არეალების გაფართოვებით. კახეთის მხარეს გარდა ეკონომიკური (ექსპორტი, იმპორტი, ინვესტიციები..) კავშირებისა, სოციალური (განათლება, ჯანდაცვა, კულტურა..) ხასიათის კავშირებიც აქვს საზღვარგარეთის ქვეყნებთან. მომავლისთვის ისახება დიდი პერსპექტივები:

ა) 2002 წ. ქ. სტრასბურგში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კახეთის მხარის დამკვირვებლის სტატუსით ევროპის რეგიონთა ასამბლეაში (ერა) გაწევრიანების შესახებ. ამავე წლის 26-29 ნოემბერს მხარის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა ქ. ნეაპოლში, სადაც მონაწილეობა მიიღო ერა-ს გამსვლელ გენერალურ სხდომაზე.

ბ) საფრანგეთის ბურგუნდიის მხარის იონის დეპარტამენტმა უდიდესი დახმარება აღმოუჩინა კახეთს. ეს ეხება მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებს, პედაგოგთა და მეღვინეთა სტაჟირებას, მხარის სამთავრობო და სასწავლო დაწესებულებებში კომპიუტერული ცენტრის მოწყობას, თელავის სახელმწიფო თეატრის ტექნიკურ აღჭურვას. სანერგე მეურნეობის მოწყობისათვის მატერიალურ დახმარებას და სხვა. 2002 წლის 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე საფრანგეთში, იონის დეპარტამენტში გაიმართა კახეთის მხარის კოლტურის დღეები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების, მწერლების, ქართული კულინარიის ოსტატების, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ჯანდაცვისა და განათლების წარმომადგენლების, ბიზნესმენებისგან დაკომპლექტებული 60-კაციანი დელეგაცია. 2 კვირის განმავლობაში იონის დეპარტამენტის თითქმის ყველა ქალაქში (ოსერში, სანსში, ტონერში, ლუანაში, ავალონში) გაიმართა კონცერტები, რომელშიც მონაწილეობდა ანსამბლი “გურჯაანი” (გურჯაანი), ცეკვის ანსამბლი “ლაკვასტი” (ლაგოდეხი). ფრანგები გაეცნენ კახეთის კულტურას, სამზარეულოს, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. შაბლში გამართულ რთველში და ღვინის დეგუსტაციაში. გაიმართა ოფიციალური შეხვედრები ქალაქის მერებთან და იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს წევრებთან. რეგიონის სკოლებმა უფასოდ მიიღეს ფრანგული ენის სახელმძღვანელოები და რვეულები, კომპიუტერები, მხატვრული ლიტერატურა და მუსიკალური ცენტრები; გურჯაანის სკოლებში გაიხსნა ფრანკოფონიის კაბინეტები. 2003 წლის ფრანგული პროგრამით კახეთის მხარეს გამოეყო 300000 ევრო შემდეგი პროგრამების განსახორციელებლად: პედაგოგთა და ექიმთა სტაჟირება; მოსწავლეების სწავლება საფრანგეთში; კომპიუტერული ტექნიკით დახმარება; ფრანგულენოვანი ბიბლიოთეკის მოწყობა; სიღნაღის უნივერსიტეტში კომპიუტერული ცენტრის აღჭურვა; დაგეგმილია კახეთში ფრანგული ჯიშის ვარდების მოშენება და საფრანგეთში რეალიზაცია.

გ) კახეთის მხარეში ტურიზმის განვითარების მიზნით შემუშავებული იქნა “რეგიონში ტურიზმის განვითარების კონცეფცია”. მომდინარეობს მუშაობა (დაგეგმილია მონადირეთა ჩამოსვლა სხვადასხვა ქვეყნებიდან) უკრაინასთან, პოლონეთთან, საფრანგეთთან ორმხრივი ხელშეკრულების დასადებად, რომელიც ხელს შეუწყობს სამონადირეო ტურიზმის განვითარებას. 2003 წ. აპრილში თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურისტული ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო მხარეში წარმოებული პროდუქცია: ალკუჰოლური სასმელები, ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვა. საფრანგეთის მიერ შესწავლილი იქნა მხარის საოჯახო სასტუმროთა პოტენციალი, რომელიც მოთავსდა ინტერნეტის საიტზე.
დ) დაგეგმილია ერთობლივი სავაჭრო სახლის გახსნა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის მხარესთან.
ე) პოლონეთის კარპატისპირეთის მხარეში კახეთის მხარის დელეგაციის ვიზიტისას მათ დიდი დახმარება აღუთქვეს. განათლების ჯანდაცვის, სფეროში. ქართული ღვინო და მარმარილო გავა პოლონეთის ბაზარზე, კახეთის სხვადასხვა რაიონებში გაიხსნება ერთობლივი სავაჭრო სახლები, დაგეგმილია თეატრალური დასების გაცვლითი პროგრამები.
ვ) ავსტრიის შტირიის მხარესთან ხორციელდება მოსწავლეთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, იგი თელავის #9 საშ. სკოლას რესტავრაცია-მშენებლობის საქმეში დიდ დახმარებას უწევს, იგზავნება ჰუმანიტარული დახმარებები.
ზ) 2002წ. 25 მაისს რეგიონში წინანდლის სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარდა საზღვარგარეთის სხვადასხვა დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელთა შეხვედრა, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. ასეთი შეხვედრა რეგიონულ ჭრილში პირველად ჩატარდა კახეთის მხარეში.7

რეგიონში ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდი იუნისეფი, “ექიმები საზღვრებს გარეთ”, “ჯორჯიან ფაუნდეიშენელი” და სხვ. 2004 წლის აპრილიდან მხარეში დაიწყო “საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების” პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 159 ობიექტის რეაბილიტაცია, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

“მშვიდობის კორპუსის” დახმარებით რეგიონში 8 ამერიკელი მოსწავლე სწავლობს; ყვარლის რაიონიდან 5 მოსწავლე იმყოფებოდა აშშ-ს კალიფორნიის შტატში; აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნა “ამერიკის კუთხე”, რომელიც აღჭურვილია მდიდარი ინგლისურენოვანი ლიტერატურით.

რეგიონი საგარეო ურთიერთობებში სპორტულ შეჯიბრებებში სპორტსმენების გაგზავნითაც მონაწილეობს.

კახეთის სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილი საქონლის სრტუქტურული შემადგენლობა და მათი ფასები, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. სსსდ-ს მონაცემებით, საქართველოში ბაზრობებზე და სავაჭრო ობიექტებში რეალიზებული პროდუქციის დაახლოებით 70% იმპორტირებულია. ქვეყანაში მრავლად არის სადისტრიბუციო, კომერციული, სავაჭრო, დილერული, საბითუმო ფირმები, რომლებიც იმპორტით არიან დაკავებული. ხშირად საჭირო ხდება შიგა ბაზრის დაცვა უცხოელი კონკურენტებისაგან (ზოგჯერ თაღლითობისგან), რომელთა საქონელიც უხარისხო და უვარგისია, ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკა ეროვნული ეკონომიკის მხარდაჭერისთვის აუცილებელია.

რეგიონში ბაზრებზე და საცალო სავაჭრო ობიექტებში იყიდება როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში და კახეთის რეგიონში წარმოებული პროდუქცია, ისე უცხოური წარმოების. იმპორტული საქონლით მხარე თბილისის მსხვილი ბაზრობებიდან მარაგდება ფიზიკური პირების მიერ, ხოლო იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოში იმპორტით არიან დაკავებული, კახეთში (უმეტესად თელავში) აქვთ ფილიალები. კახეთის მხარეში სოფლის მეურნეობა კარგად არის განვითარებული და ამიტომ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი სამომხმარებლო ბაზარზე ადგილობრივი წარმოებისაა. რეგიონში უმეტესად იყიდება ისეთი იმპორტული საქონელი, რომელიც რესპუბლიკაში და მხარეში ნაკლებად იწარმოება, ხოლო რეგიონში წარმოებადის ანალოგიური იმპორტული საქონელი კი, მცირე რაოდენობით. მაგალითად: უცხოურ ღვინოებზე, ხორცზე (გარდა ქათმის ბარკლებისა), ყურძენზე, მზესუმზირაზე, ლობიოზე, რძის პროდუქტებზე (კარაქის გარდა) მხარეში მოთხოვნა არ არის; ხილის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის მხოლოდ მცირე ნაწილია იმპორტული (ბანანი, ფორთოხალი, კივი, ანანასი, კარტოფილი და სხვა). როგორც რესპუბლიკაში, ასევე მხარის სამომხმარებლო ბაზარზე სჭარბობს თურქული, ირანული, აზერბაიჯანული, რუსული, სომხური წარმოების სასურსათო და არასასურსათო საქონელი.

კახეთის მხარიდან ექსპორტმა ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რიგი ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ექსპორტირებადი საქონლის ფასმა აიწია და ზოგიერთი სახეობა დეფიციტურიც კი გახდა. მაგალითად: ძვირფასმერქნიანი ხეების, საფერავის და სხვა იშვიათი ჯიშის ყურძენი და ღვინოები; 2003წ. მხარეში სულ 29500 ჰა-ზე წარმოებულ იქნა 105300 ტ(100%) ყურძენი(1 ჰა-3,6 ტ). აქედან მხარეში ფუნქციონირებადი 22 გადამამუშავებელი საწარმოს, ოჯახური მეურნეობისა და ფერმერების მიერ შესყიდული იქნა 11800 ტ(11,2 %) თეთრი ჯიშის და 7250 ტ(6,9 %) საფერავი ჯიშის ყურძენი. რეგიონის გარეთ ექსპორტირდა 35300 ტ.(33,5 %), ხოლო ადგილზე მოხმარებულია (ღვინის საწარმოებლად) 63370 ტ(60,2 %).

უკანასკნელ წლებში ქართულ მაღალხარისხოვან ღვინოებზე მოთხოვნის გაზრდამ დღის წესრიგში დააყენა ღვინის ქარხნების გადაიარაღება. ამ მიმართულებით ს.ს. “Gჭშ”-ის ღვინის ქარხანა უახლესი ტექნოლიგიებით აღიჭურვა. თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა ს.ს “კახალკოში,” ს.ს. “სამებაში”, ს.ს. “გურჯაანი – 93-ში”, ს.ს. “თელავის ღვინის მარანიში”, ს.ს. “კოტეხში”. მსხვილი ინვესტიციები ჩაიდო ყვარლის რაიონის სამ საწარმოში: შპს “მუხიანში” თანხით – 3 მლნ.ლარი, შპს “ბი-ჯი-აი ალაზანში” თანხით – 5 მლნ. ლარი. ქართული კომპანია შპს “საქართველოს ღვინოებში” თანხით – 2 მლნ. ლარი. საწარმოთა გადაიარაღებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად მიღებულმა მაღალხარისხოვანმა ქართულმა ღვინოებმა მსოფლიოს 25 ქვეყნის ბაზარზე შეაღწია, სადაც კახურ ღვინოებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მათ მიერ უცხოეთში ჩატარებულ კონკურსებზე მოპოვებულია 38 ოქროს, 19 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი.9

საქართველოს რეგიონები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონით ხასიათდებიან, მაგრამ რეგიონული გამოთანაბრების ამოცანა მხოლოდ საქართველოს წინაშე არ დგას. რუსეთის, დასავლეთ ევროპის რეგიონული პოლიტიკა მომართულია ჩამორჩენილი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ქვეყნის საშუალო დონესთან მიახლოვებაში. რუსი რეგიონალისტების აზრით, “რეგიონული დიფერენციაცია შესუსტდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ეყრდნობა ეკონომიკურ ზრდის და ყველა რეგიონის საკუთარი ძალებით განვითარების პრინციპს. ხელისუფლებამ არ უნდა “აართვას” მდიდარ რეგიონებს ღარიბებისთვის ფინანსები, არამედ დეპრესირებული რეგიონების განვითარების პირობები უნდა შექმნას.10″
კახეთისათვის ასეთი განვითარების პირობებიდან ერთ-ერთი საგარეო ვაჭრობისთვის უფრო მეტად ხელსაყრელი ფონის შექმნაა, რადგან მხარეს ამ დარგში დიდი ტრადიციები და პერსპექტივები გააჩნია. ეს შეეხება როგორც ღვინოს, ისე დახერხილ მასალას, ხილს ბოსტნეულს, ბაღჩეულს და მათ კონსერვებს, მეცხოველეობის პროდუქტებს, თამბაქოს, თაფლს მზესუმზირას და სხვა პროდუქციას, რომელიც დღეს შეიძლება არ ექსპორტირდება, მაგრამ მათი წარმოება რეგიონული პოლიტიკის პროტექციონისტული და პრიორიტეტული მიდგომით მომავალში გაიზრდება. ინიციატივის სტიმულირებისათვის რეგიონული მმართველობის ორგანოებს უნდა მიეცეს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში უფრო მეტი თავისუფლება, რათა მხარემ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი გლობალიზაციიდან. სამამულო წარმოების აღორძინება გამოიწევს რეგიონიდან სამუშაო ძალის გადინების შეწყვეტასა, ეკონომიკის დედოლარიზაციას, კაპიტალის გაწოვის მინიმიზაციას, ექსპორტის გაზრდას და იმპორტის ზღვრულ დონემდე შემცირებას, რეგიონის საგარეო-ეკონომუკური უსაფრთხოების ამაღლებას.

მხარის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის და ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის სრულყოფისათვის საჭიროა: რეგიონების აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების რეგიონალიზაციის თემაზე განხორციელებულ პროექტებში; ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების დაზღვევისა და საკრედიტო გარანტიების სისტემის ჩამოყალიბება; საექსპორტო წარმოებაში საინვესტიციო აქტივობის ამაღლება, როგორც ადგილობრივ საინვესტიციო პოლიტიკის სრულყოფის, ასევე უცხოური ინვესტიციების ფართო მასშტაბიანი მოზიდვის გზით; საგარეო ვაჭრობის აქტივიზაციის, ეფექტურობის ზრდის უზრუნველსაყოფად საბაჟო-სატარიფო მექანიზმების ოპტიმიზაცია.