სიღარიბის დაძლევის პროგრამა – მორიგი ლოდი შთამომავლობის ზურგზე
სოფიკო სიჭინავა
გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკის სკოლაში წაკითხულ ლექციაზე განაცხადა (იგი მედიის საშუალებით გავრცელდა), – “მსოფლიოში მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ დავძლიოთ სიღარიბე, არამედ ისიც, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ პლანეტაზე ბინადრობენ, შესძლონ გაიუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება არა მომავალი თაობების ხარჯზე, არამედ, პირიქით, შეეცადონ თავიანთი შვილები და შვილიშვილები ქვეყნის სიუხვით ასარგებლონ”.
გენერალური მდივნის აზრით, სესხით სიღარიბის დაძლევას ფრთხილი მიდგომა სჭირდება, რადგან – “ღარიბი ადამიანები ღარიბ ქვეყნებში კი არ მათხოვრობენ, არამედ გვერდში დადგომას ითხოვენ მათივე ინიციატივების განხორციელებაში, რომელიც იქ უხვადაა და ცუდი ხელმძღვანელობის ან კონფლიქტების გამო არ ხორციელდება”.
მასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც კოფი ანანი ამბობს – “ბევრი პატარა და ღარიბი ქვეყანა ინვესტორთათვის არცთუ ისე მიმზიდველია, იმიტომ რომ ისინი პატარა და ღარიბნი არიან და როგორც ბაზარი, ინტერესს ვერ იწვევენ, თანაც იქ გამოცდილება და ინფრასტრუქტურა არ არსებობს”.
გაეროს ეს შეფასება სრულიად შეესატყვისება საქართველოს, სადაც უკვე ორი წელია იქმნება სიღარიბის დაძლევის პროგრამა. მას დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს დასავლელი დონორები, მისი შუალედური ვარიანტი მათ წარედგინათ და გარკვეული თანხების გამოყოფაც მოხდა. ექსპერტთა აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხელისუფლების ყველა შტოსათვის, რადგან, შესაძლოა, სწორად მან განსაზღვროს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება უახლოესი 10-15 წლის მანძილზე. ეს ის პროგრამა იქნება, რომლის ქვეშაც დონორები სესხს იძლევიან, რაც ასე სჭირდება ჩვენს ეკონომიკას. ეს სესხი, შესაძლოა, ჩვენს მომავალ თაობას მორიგ ვალად დავუტოვოთ, თუ არ იქნება სრულყოფილი პროგრამა და შესაბამისი უკუგება.
მაინც რა არის სიღარიბის დაძლევის პროგრამა? მორიგი სასესხო ლოდი შთამომავლობის ისედაც დამძიმებულ ზურგზე, ბიზნეს-გეგმა სესხის მისაღებად თუ ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანის და რეალური ეკონომიკური განვითარების პროგრამა?
დავიწყოთ იქიდან, რომ მიუხედავად დოკუმენტის მნიშვნელობისა, საკანონმდებლო ორგანო ძალიან ზედაპირულად მოეკიდა ამ პროგრამას. ზოგიერთ პარლამენტარს არა თუ არ გადაუშლია იგი, წარმოდგენაც არ აქვს ასეთი სახის პროექტის არსებობაზე. როგორც ბატონი ვლადიმერ პაპავა აღნიშნავს, ამის დამადასტურებელია თუნდაც ის გარემოება, რომ როდესაც პარლამენტში ახალ მთავრობას ამტკიცებდნენ, არც ერთ დეპუტატს არ გასჩენია კითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამა თუ იმ მინისტრობის კანდიდატს პროგრამისადმი და როგორ ესახებოდათ მისი განხორციელება. მისივე აზრით, მთავრობა ისე იქცევა, თითქოს სიღარიბის დაძლევის პროგრამა ვიღაცის მიერ იყოს თავს მოხვეული და საერთოდ არ აღელვებს მისი ხარისხი, თითქოს პროგრამის შესრულებაც სხვისი მოვალეობაა და არა მათი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 141 მლნ აშშ დოლარის ოდენობით შეღავათიანი ტრანშის გამოყოფა. 12 მლნ დოლარი პროგრამის დამტიცებისთანავე გამოიყო, ხოლო იმავე რაოდენობის ტრანში 2001 წლის მარტში. ვლადიმერ პაპავას აზრით, თუ მთავრობა არ გაითავისებს ამ პროგრამის მნიშვნელობას და იგი არ გახდება ძირითადი დოკუმენტი, სესხი სესხად დაგვრჩება, სიღარიბე – სიღარიბედ.
ასეთ სიტუაციაში სესხის მიღება, როდესაც ქვეყანა ჩამოყალიბებული არ არის, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ, ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ იგი მართლაც შეიძლება გახდეს ჩვენი შთამომავლობისთვის მძიმე ლოდი.
ნიკო ორველაშვილი (ექსპერტი) – ყველაფერი დამოკიდებულია გარემო პირობებზე. პირველ რიგში, რაც ნამდვილად შეიძლება ითქვას, პროგრამის ხარისხზე, პროგრამა ჯერ შორსაა ხარისხისაგან და მისი დაფინანსების დაწყება, ვფიქრობ, რომ ადრეა. თუ ახლა დაიწყება მისი დაფინანსება, დიდი ალბათობაა, რომ გადაიქცევა ლოდად, რომელზედაც თქვენ ბრძანეთ, მეორე, დამოკიდებულია ხელისუფლების ეფექტიანობაზე და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელისუფლებო მანქანა არის აბსოლუტურად მოშლილი და არაეფექტური.
ამგვარად, მთელი პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, ასე ვთქვათ, ჭკუა ისწავლეს და პროგრამის შემუშავებაში ახლა ნაკლებად ერევიან. მას შემდეგ, რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყნის მთავრობამ კრიზისის ახსნისას ხელი ვაშინგტონისკენ გაიშვირა, ვაშინგტონის პოზიცია ძალინ მარტივი გახდა – თქვენვე შექმენით პროგრამა და თქვენვე შეიმუშავეთ მისი შესრულების მექანიზმები და გზები. როგორი შეღავათიანიც უნდა იყოს კრედიტი, მაინც ვალია. იგი ოდესღაც მაინც გადასახდელია. როცა საუბარია კრედიტზე, მსოფლიო ბანკიც უფრო თავისუფლად და უფრო ნაკლები ზედამხედველობისა და მონიტორინგის პირობებში გამოყოფს სახსრებს და ჩვენი ხელისუფლება – მიმღები, უფრო მეტადაა ხელ-ფეხ გახსნილი. ანუ უფრო დიდია იმის შანსი, რომ ეს ფული რაღაც გაუაზრებელზე დაიხარჯება, იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშეთ, პასუხისმგებლობა ქართულ მხარეზე გადმოდის. მსოფლიო ბანკი არაფერს კარგავს. 20 თუ 40 წლის შემდეგ იგი ჩვენი შვილების გადასახდელი გახდება.
საოცარია, რომ უკვე პროექტის დასათაურებაშიც სიტყვების თამაშია – სიღარიბის დაძლევის პროგრამა. ცხოვრებისეული პრაქტიკა სიღარიბის დაძლევის ერთადერთ გზას ცნობს, ეს არის ეკონომიკის აღორძინება. რა თქმა უნდა, გარდა იმ კერძო გამონაკლისისა, თუ ადამიანებს ზღაპრების არსებობას დავაჯერებთ, რომ მოვა კეთილი ჯადოქარი ფულადი დახმარებით ხელში და სიღარიბეს დაგვაძლევინებს. ამ დოკუმენტს, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის სტრატეგიული პროგრამა უნდა რქმეოდა. ვფიქრობ, რომ პოპულისტური დატვირთვა უკვე სათაურშივე იგრძნობა, რაც, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ საჭირო იყო მოსახლეობის ნაწილს მაინც დაეჯერებინა, რომ მათი მთავრობა გაჭირვებულ და ღატაკ ხალხზე ფიქრობს.
სოსო ცისკარიშვილი (პროექტის “დახმარება ეროვნულ საკოორდინაციო სამსახურებს” ეროვნული ექსპერტი) – სიღარიბის დაძლევის პროგრამები, რომლებიც ამჟამად 8 ქვეყანაშია ინიცირებული დონორი ორგანიზაციების მიერ, გახდა რაღაც ყოვლისმომცველი ჩარჩო საერთაშორისო დახმარებისათვის. ცხადია, სიღარიბის დაძლევა სწორედ ის მიმზიდველი ფორმაა, რომლის მიმართაც არ ექნებათ არც პრეტენზიები და არც აგრესია უცხოელი დონორი ქვეყნის მაცხოვრებელ ტაქსპეიერებს. აქ არის მეორე საშიშროება, რომ ყველაფერი, რაზედაც ჩვენ ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან, არ გახდეს მხოლოდ ამ სიღარიბის დაძლევის ჩარჩოში ჩასასმელი. თავისთავად, დონორებთან ურთიერთობა გულისხმობს ერთ-ერთი მხარის სუსტ ეკონომიკურ მდგომარეობას. მთავარია, ამ პროგრამის ფარგლებში არ გავაერთიანოთ ყველა ტიპის ურთიერთობა დონორ ორგანიზაციებთან და მკაფიოდ დავრჩეთ იმ ფარგლებში, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სწორედ, ზუსტად ამ პროგრამის განსახორციელებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი იქნება ეს თუ გრანტი, შეიძლება ასე იქნეს აღქმული – სიღარიბის დაძლევისათვის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემით სპეკულაცია დაიწყოს და რაღაც დეტალები და აქცენტები იყოს არცთუ სასიკეთოდ ორიენტირებული ამ პროგრამის რეალიზაციისათვის.
თავდაპირველად იყო საუბარი იმაზე, რომ ეს პროგრამა სამთავრობო ყოფილიყო, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევით, მისი სტატუსი ეროვნულად გადაკეთდა და დღეს მას ასეც ჰქვია. მიუხედავად ამისა, როგორც სამუშაო პროცესთან ახლოს მყოფნი აცხადებენ, ეს სიტყვა აბსოლუტურად სხვა დატვირთვით იყო შეთავაზებული.
ნიკო ორველაშვილი (ექსპერტი) – 1992 წლიდან მოყოლებული ხელისუფლებაში გააზრებული ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის დეფიციტი ძალიან ბევრი უარყოფითი რამის გამომწვევია. შევთავაზე, რომ ძველ შეცდომას ნუ გავიმეორებდით, პროგრამა ყოფილიყო არა სამთავრობო, არამედ ეროვნული. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ლეგიტიმაცია უნდა მოხდეს პარლამენტში. ამით პროგრამაში წარამარა ცვლილებების შეტანა გამოირიცხება. ცვლილებები უნდა იყოს, კონსენსუსის შედეგი და გონივრული, ხანგრძლივი და ღრმა განსჯის ნაყოფი. ახლა კი როგორც ამბობენ, პროგრამის ეროვნულობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ იგი მაინც მთავრობის დოკუმენტი იქნება – მთავრობა თავის ჭკუაზე ჭრის და კერავს. ეს შეგვიძლია შევადაროთ კანონს ბიუჯეტის შესახებ. იგი ერთწლიანია, მას პარლამენტი იღებს და მის გარეშე მთავრობა არ არის უფლებამოსილი, სახელმწიფო სახსრები თავის ჭკუაზე განკარგოს. პროგრამის შემთხვევაში საუბარი გვაქვს არა 2 და 3, არამედ 15-წლიან ვადაზე და მასთან დაკავშირებული საკითხები სამთავრობო წრეებში გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.
ასევე, სერიოზული საკითხია პროგრამის მენეჯმენტი. ჩვენმა მთავრობამ, სამწუხაროდ, ჯერაც ვერ ისწავლა რა არის პროგრამული მართვა. თითქმის ყველა სახელმწიფო კომისიას სათავეში პრეზიდენტი უდგას. თუ საუბარია 15 წლიან სერიოზულ პროგრამაზე, მას სჭირდება თავისი მენეჯერი, პერსონიფიცირებული ხელმძღვანელობა, რომელიც თავისუფალია სხვა ყოველგვარი მოვალეობებისაგან, რასაც ვერ ვიტყვით თვით პროგრამის მენეჯმენტზე. პროგრამის შექმნის პროცესში მომუშავე ქვეკომისიებს კოორდინაციას უწევდა სამთვარობო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: თემურ ბასილია (კომისიის მდივანი), გიორგი გონგლაშვილი, კახა გოგოლაშვილი, ვიქტორ ბარამია, გივი პეტრიაშვილი, შოთა ევგენიძე, დავით გზირიშვილი, ნოდარ კაპანაძე, ალექსანდრე კვიტაშვილი, დავით ამაღლობელი, ზაზა გვარამია, ნაილი კუბულური, ალექსანდრე თუშური.
ემზარ ჯგერენაია (ჟურნალ “მაკრო მიკრო ეკონომიკის” რედაქტორი) – სადისკუსიოდ განსახილველი მასალის სარჩევის წაკითხვისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს სტრატეგიული განვითარების გეგმა, თითქოს უკვე მზადაა. ტექსტზე მის შემადგენელ ჯგუფს სერიოზულად აქვს ნამუშევარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მოიცავს მთელ სოციალურ-ეკონომიკურ სპექტრს, მას აშკარად აკლია კონკრეტიზაცია ცალკეული მიმართულებების მიხედვით, აკლია შესრულების მექანიზმი და ეტაპები. ძალიან ბევრია სურვილები. ალბათ, ეს სადისკუსიო მასალის ბედია, მასზე, როგორც ინფორმაცია მაქვს, მუშაობენ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფები, რომელთაც სერიოზული ფინანსური დაინტერესება აქვთ და საქმიანი დისკუსიებისა და პროფესიონალთა უფრო ფართო წრის მონაწილეობის შემთხვევაში, პროგრამა დაიხვეწება.
ერთ საჟურნალო პუბლიკაციაში ძნელია ვრცლად მიმოიხილო სიღარიბის დაძლევის მთელი პროგრამა. შემდეგ ნომერში ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ სტატიებს ისევ ამ თემაზე. მაგრამ მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს თუ როგორი ყოვლისმომცველია იგი. პროგრამა იწყება საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური ვითარების ანალიზით. აღსანიშნავია, რომ 1994-1997 წლების ეკონომიკური აღმავლობის შემდეგ ვარდნის ძირთად მიზეზად მხოლოდ 1998 წლის მსოფლიოს საფინანსო კრიზისი და საქართველოში ძლიერი გვალვებია დასახელებული. საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამის მთავარ ამოცანებად დასახულია:
1) სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა;
2) ეკონომიკის ლეგალურ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნა;
3) ქვეყანაში შექმნილი რესურსების ეფექტური და სამართლიანი გადანაწილება;
4) ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი სტრატეგიული პრიორიტეტები,
პროგრამის განხორციელების ძირითადი მიმართულებებია: 1) ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. 2) ფისკალური პოლიტიკა. 3)სტრუქტურული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: ა) საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება; ბ) სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია; გ) ენერგეტიკის სექტორის განვითარება; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; 4) სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: ბ) შრომის ბაზარი და დასაქმება; ბ) საპენსიო სისტემის რეფორმა; გ) ჯანდაცვის სისტემის რეფორმა; დ) განათლების სისტემის რეფორმა; 5) გარემოს დაცვის ძირითადი მიმართულებები; 6) მმართველობა, სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა. 7) აუცილებელი კანონმდებლობა და იურიდიული ინსტრუმენტები. 8) საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამის ღონისძიებების პრიორიტიზირება და მათი განხორციელების დროში გაწერილი გრაფიკი. ვლადიმერ პაპავას მიაჩნია, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამას უნდა ერქვას არა ეკონომიკური ზრდის, არამედ ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რადგან ზრდა მოსალოდნელი არ არის.
ვლ. პაპავა – ეკონომიკური ლიტერატურა დიდი ხანია ჩამოყალიბდა ტერმინის, ეკონომიკური განვითარების შესახებ. მაქსიმილიანის ლექსიკონის მიხედვით, იგი განისაზღვრება როგორც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, იგივე ლექსიკონის მიხედვით, ნიშნავს სუფთა ეროვნული პროდუქტის ზრდას.
პაპავას მიაჩნია, რომ გადახედვას მოითხოვს მიდგომა – რესურსების სამართლიანი განაწილება და ლეგალურ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნა. 1989 წელს ჯორჯ ბუშ უფროსმა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას აღნიშნა – “ღარიბებმა, რომლებთაც არასოდეს წაუკითხავთ ჯეფერსონი და ადამ სმიტი, ლეგალური ეკონომიკის მიღმა დაამყარეს დემოკრატიული წესები და თავისი კერძო პარალელური მეურნეობის ორგანიზაცია თავისუფალი არალეგულირებადი მოღვაწეობის პრინციპით, მთავრობამ უნდა დაუშვას “არალეგალური მომუშავეები” ნორმალურ სამეურნეო ცხოვრებაში და თვითონ გვერდზე გადგეს, რათა ფართო გზა მისცეს მეწარმეთა ინიციატივას”. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, პაპავას მიაჩნია, რომ ფორმულირება უნდა იყოს ასეთი – არალეგალურ სექტორში სამუშაოს შექმნა, არამედ, ლეგალურ სექტორში სამუშაო ადგილების გაფართოება. რაც ნიშნავს, როგორც ახალი ადგილების შექმნას, ისე ჩრდილოვან ეკონომიკაში არსებული ადგილების ლეგალიზაციას. რაც შეეხება თანასწორუფლებიან გადანაწილებას, მიაჩნია, რომ ბუნებაში მსგავსი რამ არ არსებობს. ამ ფორმულირების შეცვლას იგი შემდეგნაირად გვთავაზობს – ეფექტური თანასწორუფლებიანი გადანაწილება.
სიღარიბის დაძლევის პრობლემის ირგვლივ სერიოზული დებატები იმართება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი ასეთი დისკუსია მარტის დასაწყისში, თბილისში ევროგაერთიანების (ტასისი) ეგიდით გაიმართა. მასში მონაწილეობდა სომხეთის დელეგაცია, რომელიც ანალოგიურ პროგრამაზე მუშაობს თავის ქვეყანაში, ქართული მხარე და არასამთავრობო ორგანიაზაციები. ამ უკანასკნელთაგან იყვნენ: ნიკო ორველაშვილი, ალექსანდრე თვალჭრელიზე, ემზარ ჯგერენაია.
სოსო ცისკარიშვილი – ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის დახმარების პროგრამების მიმართება სიღარიბის დაძლევის პროგრამასთან უფრო გამჭვირვალე გავხადოთ. 2002-03 წლის პროგრამით დაგეგმილია ტექნიკური პროგრამა ტასისის ფარგლებშიც კი 7 მლნ-იანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც უნდა იყოს ჰარმონიზებული სიღარიბის პრობლემის დაძლევასთან. ამას ტერმინოლოგიურად ცოტა სხვა რამ ჰქვია და ევროკომისია ცდილობს დაიცვას თავისი ტერმინოლოგია, ამიტომ, მას სოციალური გარდაქმნები და სოციალური რეფორმების მხარდაჭერა ჰქვია და არა, პირდაპირ სიღარიბის დაძლევა, თუმცა, ევროკავშირი მონაწილეა ყველა იმ დონორთა კოორდინირებული შეხვედრებისა, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ამ პროგრამის შექმნისა და განხორციელების პროცესში. წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე ევროკომისიასთან შერჩეულ იქნა ჯანმრთელობის დაცვის სფერო, როგორც ის დარგი, სადაც, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელია ასეთი ინვესტიციების გაკეთება სიღარიბის პროგრამის ამოცანების გათვალისწინებითაც. ეს განაპირობა თუნდაც იმ ფაქტორმა, რომ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ უკვე წინასწარ იქნა შესწავლილი ის პრობლემები, რაც გააჩნია საქართველოს ამ სფეროში. პროგრამა, რომელიც შემოთავაზებულია ამ სირთულეების გადასალახავად, უკვე აღიარებულია, როგორც საკმაოდ რეფორმატული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ევროკომისიასაც არ გასჭირვებია, აერჩია თავისი პრიორიტეტი, თუ სად უნდა ყოფილიყო წარმართული ამ ევროპელი დაქსპეიერების ფინანსური შესაძლებლობები, რომ მას უფრო ეფექტური უკუგება ჰქონოდა. ამიტომ ასეთ საკითხად შეირჩა პირველადი სამედიცინო დახმარების ქსელის განვითარება საქართველოში, პირველ რიგში, ეს იქნება რეგიონებში და არა ცენტრში. სწორედ ეს სემინარი არის მიძღვნილი იმისათვის, რომ ხალხი, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვით მისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მოხელეები დაკავშირებული ევროკავშირის პროგრამებთან, ევროკავშირთან ურთიერთობასთან მთლიანობაში, თანამშრომლობის და პარტნიორობის ხელშეკრულების რეალიზაციასთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მათ უნდა ჰქონდეთ საკმარისი თეორიული და პრაქტიკული მომზადება იმისათვის, თუ როგორია ამოცანები, მიდგომები სიღარიბის დაძლევის პროგრამისა საქართველოში, როგორია ანალოგიური პროგრამების მიმდინარეობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
– მანფრედ კაიზერი (ტასისის სომხეთის კოორდინატორი) – ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის პროგრამას რამდენიმე ქვეყანა ამზადებს. ეს არის მოლოდვა, ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნები. სხვადასხვა ქვეყნებში მისი მომზადება სხვადასხვა ეტაპზეა. ჩემი თვალსაზრისით, ამ კუთხით საქართველო წარჩინებულია.
კითხვა შემდგომში მდგომარეობს – რატომ ამზადებენ ეს ქვეყნები სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის პროგრამას. არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც ითვალისწინებს იმას, თუ რა მიმართულებით აპირებს ქვეყანა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის და სოციალური პოლიტიკის განვითარებას. საჭიროა ვიცოდეთ, რომელი მიმართულებით განვითარდეს ეს პროგრამა. მეორე მხრივ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, დასავლეთ ქვეყნების და განვითარებული ქვეყნების ზეგავლენით, ბევრს აკეთებს განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დასაძლევად.
მთავარი საკითხი სიღარიბის განსაზღვრაშია. არსებობს სიღარიბის მრავალი სახეობა. საჭიროა, ცვლილებების შეტანა ჯანმრთელობის სისტემაში, პოლიტიკა დაკავშირებული უნდა იყოს განათლებასთან, საჭიროა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხალხს საშუალებას მისცემს გამოიმუშაონ საარსებო სახსრები.
საჭიროა, ჩატარდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ამ შესაძლებლობების უქონლობას გაითვალისწინებს. აუცილებელია ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ჩატარება. მაგრამ მხოლოდ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა არ არის საკმარისი, რადგან შედეგი შეიძლება მხოლოდ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს შეეხოს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ღარიბ ოჯახებს.
მთვარია ვიცოდეთ როგორ შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს და რომელი მიმართულებით უნდა განაწილდეს საერთაშორისო დონორების შეზღუდული სახსრები. მაგალითად, ორი პროექტიდან უნდა განხორციელდეს შედარებით პერსეპქტიული და ეფექტური. მთავრობა და საერთაშორისო დონარები უნდა შეთანხმდნენ, რა მიმართულებით უნდა გასცენ გრანტები.
რაც შეეხება საქართველოში შემუშავებული სიღარიბის დაძლევის პროგრამას, მართალია, მე არ მქონდა შესაძლებლობა ბოლომდე გავცნობოდი მას, მაგრამ როგორც სემინარებიდან შევიტყვე, საქართველო განიხილავს სიღარიბესთან დაკავშირებულ მთავარ ასპექტებს. თუ საზოგადოების ყველა ფენა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა შეთანხმებას მიაღწევს, მაშინ სიღარიბის დაძლევის სტრატეგია უფრო წარმატებული გახდება.
პროფესიონალებსა და ბიუროკრატებს შორის დამოკიდებულების საკითხი ქვეყანაში ძალზე სერიოზულად დგას. არის საშიშროება, რომ მიუხედავად გახსნილი ურთიერთობისა, პროფესიონალების მოსაზრება პროგრამაში მაინც არ იქნეს გათვალისწინებული. როგორ უნდა მიაწვდინოს ქართველმა პროფესიონალურმა ელიტამ მათ ხმა, ისინი ხომ მაინც ბიუროკრატიას უსმენენ?
ნიკო ორველაშვილი – მე ვშიშობ, რომ პოლიტიკაში გადავალთ. ჩვენი დონორები, გნებავთ, “პარტნიორები” მთავრობასთან ურთიერთობენ. პირველი გზა ყველაზე მოკლეა, მაგრამ ნაკლებეფექტური – მათ პერსონალურ მეილ-ბოქსებზე გავგზავნოთ ჩვენი შეხედულებები, თუნდაც იმიტომ, რომ იცოდნენ ოპოზიციური აზრი და მეორე, პარალელურად ვეცადოთ, რომ როგორღაც ჩვენს ხელისუფალთ შევაგნებინოთ რაღაც. ქვეყნის შიგნით მათზე კონტროლის მექანიზმი ვიქონიოთ. მივედით იქამდე, საიდანაც ვიწყებთ ხოლმე, ვიდრე არ იქნება სამოქალაქო საზოგადოება, არც ერთ სახელმწიფოში არ იქნება გამჭვირვალე და ეფექტური სახელისუფლებო მმართველობის სისტემა. ეს ჩვენი პრობლემაა, რაც ვაშინგტონში ნაკლებად აწუხებთ. იქ უფრო გლობალურ საკითხებზე ფიქრობენ. იმაზე, რომ საქართველო მათი პარტნიორი, პლაცდარმი იყოს. ხომ გახსოვთ ცნობილი გამოთქმა – “იი ნოეეი ნუი, იი იაო ნოეეი ნუი” – მათი მხრიდან ეს პრაგმატული მიდგომაა.
როგორც აღვნიშნეთ, შემდგომ ნომრებში პროგრამის დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ. ახლა, ვფიქრობთ მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება ვლადიმერ პაპავას კომენტარები სიღარიბის დაძლევის პროგრამის შესახებ, მით უმეტეს, ბატონი ლადო ამ პროგრამის მოკლევადიანი ექსპერტი გახლდათ (იხ. შემდეგ გვერდზე). 1. მაკროეკონომიკის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში “პროგრამა” სამართლიანადაა დაფიქსირებული, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ჩატარებას (2, გვ. 82,პ. 301); ვინაიდან და რადგანაც “პროგრამა” გათვლილია 15 წლიანი პერიოდისთვის, აუცილებელია გამოისახოს მასში ამ პოლიტიკის კორექტირების შესაძლო ვარიანტები, ეკონომიკის რეალური სექტორის ტექნოლოგიური აღჭურვის განახლების შემდეგ;
2. “პროგრამაში” პროგნოზი სამი ვარიანტის ჭრილში კეთდება – ოპტიმისტურ, რეალისტურ და პესიმისტურ ვარიანტებად. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტთან მიმართებაში (2,გვ. 83,პ. 308) ოპტიმისტურ ვარიანტად გვევლინება 2003 წელს ნულოვანი დეფიციტის მიღწევა, რაც, პრინციპში, უნდა გამოირიცხოს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების ეკონომიკური ჯგუფის მუშაობის დაბალი ეფექტურობის გამო; ამასთანავე ბიუჯეტის ნულოვანი დეფიციტის მიღწევის შემთხვევაში ღიად რჩება საკითხი, თუ რა მიმართულებით, წავა, რა ფინანსური მექანიზმებით იქნება გამოყენებული ის კრედიტები და გრანტები, რომელსაც ხელისუფლება მიიღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან “პროგრამით” გათვალისწინებულ ჩარჩოებში; მით უმეტეს, როგორც მიიჩნევენ, ნაკლებად შესაძლებელია პროგნოზის ე.წ. რეალისტური ვარიანტი, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის დეფიციტის მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან 2003 წელს შეადგენს 0,6 პროცენტს, რაც სრული გამოსახულებით 18-23 მილ. აშშ-ის დოლარს ნიშნავს, რადგან ბიუჯეტის დეფიციტმა 2001 წელს შეადგინა 125 მლნ. აშშ. დოლარი.
3. საქართველოში სიღარიბის დაძლევის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის წინაშე სახელმწიფო დავალიანების დაფარვას (გაუცემელი პენსიები, ხელფასები და ა.შ), რომელმაც ბოლო წლებში 120 მილ. აშშ. დოლარს გადააჭარბა; პროგრამის თანახმად ამ მიზნისთვის იგეგმება პრაქტიკულად არარსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში შეტანილი ფულადი შემოსავლების გამოყენება (2, გვ. 84,პ 310); სახელმწიფო დავალიანების დაფარვის პრობლემა უფრო დეტალურ განხილვას საჭიროებს და მისი გადაჭრისათვის უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოყენების მექანიზმი, ვიდრე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსული შემოსავლების გაფლანგვა;
4. საქართველოში მოქმედებს, თავისი ხასიათით, კორუფციული კანონი სახელმწიფო საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია გაკოტრების კანონის ამოქმედებისათვის, შედეგად შესაბამისი საბაზრო ეკონომიკის მიკროეკონომიკური მექანიზმები პრაქტიკულად მთლიანად ბლოკირებულია; საღი აზრი სახელმწიფო საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონის გაუქმების აუცილებლობას გვკარნახობს. თუმცა, “პროგრამაში” მის სრულყოფაზეა ლაპარაკი (2, გვ.88, პ. 328), რაც “პროგრამის” 15 წლიანი ხანგრძლივობის გათვალისწინებით გულისხმობს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი გაკოტრების მექანიზმების ამოქმედების გადატანას 15 წლიანი ვადით;
5. საშემოსავლო გადასახადის აკრეფის სრულყოფის მიზნით “პროგრამაში” აქცენტი კეთდება გადამხდელების ცენტრალიზირებული მონაცემების ბაზის შექმნაზე და ფიზიკური პირების შემოსავლების დეკლარირების სისტემის ფორმირებაზე. (2, გვ. 84,პ. 329); ჩვენი ღრმა რწმენით ქვეყნისთვის, რომელიც, უპირველეს ყოვლისა სიღარიბის დაძლევაზე უნდა ზრუნავდეს, გადამხდელების ცენტრალიზირებული მონაცემების ბაზის შექმნა და ფიზიკური პირების შემოსავლების დეკლარირების სისტემის ფორმირებაა, რომელთა უმრავლესობას შედარებით დაბალი შემოსავლები აქვთ, ეს არის გადამეტებულად ძვირი “ფუფუნება”; საშემოსავლო გადასახადების აკრეფის გაუმჯობესების პრობლემა შეიძლება გადაჭრილ იქნას ზედმეტი გართულების გარეშე პროგრესული სისტემიდან პროპორციულ დაბეგვრაზე გადასვლის გზით, მით უმეტეს, რომ ეს იდეა ხელისუფლებას ე.წ. “ბალცეროვიჩის ჯგუფმაც” უკარნახა;
6. “პროგრამაში” ძალიან ხშირადაა საუბარი საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობაზე (2, თავი III); ჩვენი ღრმა რწმენით საუბარი უნდა იყოს არა სრულყოფაზე, არამედ ხარისხობრივად ახალი კანონმდებლობის შექმნაზე;
7. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით “პროგრამით” რეკომენდირებულია შეღავათიანი საკრედიტო პოლიტიკის ჩატარება (2, გვ. 100, პ. 373), რაც პრინციპულად დაუშვებელია როგორც ქვეყნის საკრედიტო ბაზრის დაშლის საშიშროების, ასევე შეღავათიანი კრედიტების კორუფციული ხასიათის გამო;
8. სიღარიბის დაძლევის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპენსიო რეფორმას; “პროგრამაში” აღნიშნული თითქოსდა საპენსიო რეფორმის პროგრამა საქართველოში ერთობლივადაა შემუშავებული მსოფლიო ბანკის და “ბალცეროვიჩის ჯგუფის” (2, გვ. 118, პ. 423) მიერ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მათ შორის პრინციპული განსხვავება არსებობს სახელმწიფო საპენსიო სისტემის რეფორმირების მიდგომებთან დაკავშირებით სახელმწიფოს საპენსიო დავალიანებების პირობებში;
9. “პროგრამა” არ ითვალისწინებს არანაირ შინაარსიან და სერიოზულ ცვლილებებს სახელმწიფო მმართველობის სისტემაში; საქართველოს სახელმწიფო წყობილების მოქმედმა კონსტიტუციონალურმა მოდელმა მინისტრთა კაბინეტის არარსებობის დროს საქმეში თავისი ქმედითუუნარობა აჩვენა; რის შედეგადაც კონსტიტუციური ცვლილებების პრობლემა მინისტრთა კაბინეტის ინსტიტუტის აღდგენის მიზნით გადაჭარბებით აქტუალურია; “პროგრამა” მომავალი 15 წლის განმავლობაშიც კი არ ითვალისწინებს საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შექმნას, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ ის, რომ იგი პროგრამაში ნახსენებიც არ არის, არამედ სახელმწიფო კანცელარიის (2, გვ. 150, პ. 495) და საინვესტიციო საბჭოს (2, გვ. 86, პ. 317) როლის გაძლიერების ხაზგასმაც, რომელთა მნიშვნელობაც მინისტრთა კაბინეტის პირობებში ახლებურად გააზრებას მოითხოვს; რაც შეეხება მინისტრების რიცხვის შემცირებას 10-12-მდე (2, გვ.150, პ.495), მოცემულ დებულებას განსაკუთრებით მექანიკური სახე აქვს, ვინაიდან ღიად რჩება ძირითადი კითხვა ამ შემცირების შინაარსის შესახებ; ამის გამო იბადება მარტივი კითხვა – რატომ უნდა იყოს მინისტრების რაოდენობა 10-12, და არა 9-11 ან 11-13 და ა.შ.
ჩამოთვლილი შენიშვნების გარდა უნდა გამოვყოთ საკითხი ღარიბების სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტების შესახებ (იხ. მაგალითად, (11, გვ. 101-138)), რომლებიც “პროგრამაში” მკვეთრად უნდა იყოს აღწერილი.