თავისუფალი ეკონომიკური ზონები უკრაინასა და მსოფლიოში
გიორგი სიგუა
ბოლო ათწლეულებში თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა (თეზ) მსოფლიო ეკონომიკაში ფართოდ გავრცელება ჰპოვა. დღეისათვის 400 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის თეზი არსებობს, რომლებზეც მსოფლიო ტვირთბრუნვის 20%-მდე გადის, ხოლო ოფშორული ბიზნესის განვითარებული სისტემა, რომლის საფუძველს ოფშორული ზონები ქმნის, ზოგიერთ მონაცემთა მიხედვით, კაპიტალის საერთაშორისო ბრუნვის ნახევარს უზრუნველყოფს.
როგორ გამოიყურება თავისუფალი ეკონომიკური ზონების პერსპექტივები უკრაინაში ამ გამოცდილების ფონზე? ამის თაობაზე გთავაზობთ უკრაინაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის თავმჯდომარის, გიორგი სიგუას და წარმომადგენლობის თანამშრომლების, ოქსანა საბროსა და ანდრეი ლაზებნოის თვალსაზრისს.
ეკონომიკური პროგრესისათვის მსოფლიო მეურნეობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თანამედროვე ეტაპი კაპიტალის აქტიური მიგრაციით ხასიათდება. ყოველწლიურად კაპიტალის საერთაშორისო მიმოქცევა 0,7-1,2 ტრილიონი დოლარია, მათ შორის, პირდაპირი ინვესტიციების სახით 0,13-0,24 ტრილიონი დოლარი. მთლიანად მსოფლიოში, დაახლოებით 2,6 ტრილიონი დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია დაგროვილი. მათ ბაზაზე ხდება 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის წარმოება და მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებისათვის კაპიტალის თავზე მოხვევა არ ხდება. პირიქით, მისი მოზიდვისთვის საკმაოდ ულმობელი ბრძოლაა გამართული. განსაზღვრულ შეზღუდულ ტერიტორიაზე შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმის გამოყენების საშუალებით იზრდება ამ ბრძოლაში უპირატესობის მიღწევის შესაძლებლობა.
საერთაშორისო პრაქტიკაში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ორგანიზების ორი კონცეპტუალური მიდგომა არსებობს: ტერიტორიული და სარეჟიმო. პირველი მიდგომის შესაბამისად, თეზი განიხილება, როგორც განცალკევებული ტერიტორია, სადაც წარმოებათა ფუნქციონირების შეღავათიანი წესი მოქმედებს. მეორე მიდგომის თანახმად, დადგენილი პირობების დაცვით, შეღავათები სამეურნეო საქმიანობის განსაზღვრულ სახეობაზე ვრცელდება.
მსოფლიო ეკონომიკური სისტემის განვითარებასთან ერთად, ევოლუცია თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმაც განიცადეს. საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობის ზრდამ ხელი შეუწყო დაუბეგრავი ზონებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნას, სადაც საბაჟო გადასახადები ან შეზღუდულია ან გაუქმებული და გამარტივებულია ზონაში შემოსული საქონლის ექსპორტ-იმპორტის კონტროლის პროცედურა. თავისუფალი სავაჭრო ზონები საფუძვლად დაედო ყველა სახის თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფორმირებას.
საექსპორტო-სამრეწველო ზონები მეორე თაობის ზონებს განეკუთვნება. ისინი, უპირატესად, განვითარებად ქვეყნებში წარმოიქმნა, სადაც უცხოური კაპიტალის მოზიდვის ხარჯზე 60-იანი წლების შუა პერიოდიდან წარმოიქმნა სამრეწველო ექსპორტისა და დასაქმების სტიმულირების აუცილებლობა.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეპოქაში მეცნიერულ-ტექნიკური ზონების აქტიური წარმოქმნა დაიწყო, რომლებმაც ხელი შეუწყო მეცნიერული ტევადობის დარგების განვითარებას. გამოყოფენ მეცნიერულ-ტექნიკურ ზონათა სამ ძირითად ფუნქციონალურ ტიპს: ინოვაციურ ცენტრებს, მეცნიერულ-ტექნიკურ პარკებს და ტექნოპოლისებს.
საბანკო, სადაზღვევო და სხვა მომსახურებათა ზონები, ამ ოპერაციათა შეღავათიანი შესრულებით (ოფშორული ზონები), ჩამოყალიბდნენ, როგორც ალტერნატიული საფინანსო ცენტრები საერთაშორისო მეურნეობაში ფინანსური კაპიტალის გავლენის გაზრდის შედეგად.
აგრეთვე არსებობს კომპლექსური ზონები, რომლებიც სხვადასხვა ზონათა ელემენტებს იყენებენ და მთელ წყება ეკონომიკურ-სოციალურ და ფინანსურ საკითხებს აგვარებენ.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, თავისუფალი ეკონომიკური ზონების სხვადასხვა ნაირსახეობა გამოიყენება. განვითარებულ ქვეყნებში თეზი გამოიყენება, როგორც რეგიონალური პოლიტიკის იარაღი დეპრესიული რაიონების განვითარებისათვის. ამ ქვეყნებში თავისუფალი ეკონომიკური ზონების მოქმედების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ის, რომ ისინი მუშაობენ არა მარტო მსოფლიო, არამედ შიდა ბაზარზეც. მაღალი ტექნოლოგიების რეალიზაციის სფეროში წამყვანი პოზიციების შენარჩუნებისთვის, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მთავარწყაროს წარმოადგენს, განვითარებული მრეწველობის ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული მეცნიერულ-ტექნიკური ზონები.
განვითარებად ქვეყნებში თეზის დანერგვა ხელს უწყობს ამ ქვეყნების ეკონომიკის ინტეგრაციას საერთაშორისო მეურნეობასთან, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, მოწინავე ტექნოლოგიური და მართვის გამოცდილების ათვისებას. ნიშანდობლივია, რომ აზიურ “ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებში” მეცნიერულ-ეკონომიკური ზონები გამოიყენება, როგორც ინოვაციური ცენტრები იმ ჩამოყალიბებული საექსპორტო ზონებისა, რომლებიც განვითარების უკვე საკმაო დონეზე იმყოფებიან და მათ მეცნიერებატევადი პროდუქციის გამოშვებაზე გადასვლა ესაჭიროებათ.
ოფშორული ზონები: ფულს ფული მოაქვს
მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ოფშორული ზონები თამაშობენ. რიგი ქვეყნების მიერ კრედიტულ-ფინანსური ოპერაციების შესრულების შეღავათიანი რეჟიმის შემოღებამ, შესაძლებელი გახადა, შექმნილიყო ახალი ფინანსური ცენტრების ქსელი.
ოფშორული ფინანსური ცენტრები კორპორაციებისათვის ალტერნატიულ და, როგორც წესი, უფრო იაფი კაპიტალის წყაროს წარმოადგენს, ვიდრე ეროვნული ბაზარი. ამ ცენტრებს ერთი ან რემდენიმე თავისებურება ახასიათებს:
1. მსხვილი ბაზარი უცხოურ (ევროპულ) ვალუტაში დეპოზიტებისა და სესხებისათვის (ლონდონი);
2. ცენტრის ბაზარი წარმოადგენს მსოფლიო ბაზრებისათვის მსხვილი კაპიტალის მომწოდებელს (შვეიცარია);
3. ცენტრის ბაზარი საერთაშორისო ფინანსირებისას სესხის სახით ასრულებს საშუამდგომლო ან ტრანზიტულ მომსახურებას (ბაჰამის და კაიმანის კუნძულები);
4. ცენტრი ფლობს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას;
5. ცენტრის განკარგულებაშია თანამედროვე კავშირგაბმულობის საშუალებანი და განვითარებული ინფრასტრუქტურა;
6. ცენტრის ოფიციალური რეგულირების მეთოდები ხელსაყრელია ფინანსური დარგისთვის. იცავს ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს ზედმეტი შეზღუდვებით არ ავიწროებს.
ოფშორული ცენტრები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოპერაციული, აქტიური საბანკო მოღვაწეობისთვის გამოყენებული, ანდა, როგორც სააღრიცხვო, რომლებშიც საბანკო მოღვაწეობა არც ისე ინტენსიურია, გარიგებათა აღრიცხვა დაბალი (ან ნულოვანი) გადასახადებიდან მოგების მიზნით ხორციელდება. ლონდონი ოპერაციული ცენტრის, ხოლო კაიმანის კუნძულები – სააღრიცხვო მაგალითს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ოფშორული ფინანსური ცენტრების რაოდენობა შედარებით დიდია, ყველაზე მნიშვნელოვანი შვიდი მათგანია: ლონდონის, კარიბის (უპირატესად, კანადისა და ამერიკის ბანკებს ემსახურება), შვეიცარიის, სინგაპურის, ჰონკონგის, ბაჰრეინისა (ახლო აღმოსავლეთისათვის) და ნიუ-იორკის.
ოფშორული ფირმა, არსებითად, წარმოადგენს შემაერთებელ რგოლს საერთაშორისო გარიგებაში, სადაც მისი მოგების გარკვეული ნაწილი ილექება. ოფშორული კომპანიების წარმატებით გამოყენებას ხელს უწყობს ოფშორულ ზონებში ფუნქციონირების შეღავათიანი რეჟიმი, რომელიც შემდეგი თავისებურებებით ხასიათდება:
1. მოგების გადასახადი არ არსებობს ან არ აღემატება 1-2%-ს, ან შეცვლილია ყოველწლიური მოსაკრებელით, რომელიც სხვადასხვა იურისდიქციაში წელიწადში $150-1000 ფარგლებში მერყეობს და არ არის დამოკიდებული შემოსავლის ოდენობაზე. ამასთანავე, არ იბეგრება შემოსავლების – დივიდენდების, საბანკო პროცენტების, როიალტის გადასახადის გატანა;
2. რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად არის გაადვილებული: როგორც წესი, მინიმალური საწესდებო თანხის დადგენა არ ხდება; ფირმების მფლობელთა პიროვნებების გახმაურება – მათი სახელების გათქმა, შესაძლებელია, სისხლის სამართლის დანაშაულის (თაღლითობა, ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობა და ა.შ.) გამოძიების შემთხვევაში;
3. ვალუტის გატანაზე შეზღუდვა არ არსებობს. კომპანიებს შეუძლიათ, გახსნან სავალუტო დეპოზიტები ნებისმიერ უცხოურ ბანკში, აწარმოონ გადახდა ნებისმიერ ვალუტაში რამე შეზღუდვების გარეშე;
4. ფირმის მართვის პროცედურა მაქსიმალურად არის გამარტივებული. ზოგჯერ იგი პირობითია – ასეთ შემთხვევაში, მართვა მფლობელის მინდობილობით სამდივნო ფირმით ხორციელდება. ზოგიერთ ოფშორულ ზონაში მფლობელის ანონიმურობას წარმდგენელზე აქციების გამოშვების შესაძლებლობა უზრუნველყოფს;
5. უმეტეს ოფშორულ ზონაში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება. აქ კომპანიებს არ მოეთხოვებათ აღრიცხვის წარმოებაზე და საგადასახადო დეკლარაციებზე ანგარიშის წარდგენა. გარე აუდიტები არ არიან ყველა ოფშორულ ზონაში და მათ მიერ ფირმის ანგარიშების შემოწმება მხოლოდ მფლობელის გადაწყვეტილებით ხდება. ანგარიშების ერთადერთ სახეს ყოველწლიური ფინანსური ანგარიში წარმოადგენს.
დღეისათვის მსოფლიოში 60-ზე მეტი ოფშორული ზონაა, რომლებსაც გააჩნიათ, როგორც რეგიონალური ლოკალიზაცია, ისე სპეციალიზირება განსაზღვრული სახის კომერციულ საქმიანობაში. საგადასახადო დანაკარგების შემცირების მიზნით, საერთაშორისო ბიზნესში ფართოდ გამოიყენება ოფშორული სისტემების სქემები კაპიტალის რეპატრიაციისა და ინვესტირებისათვის. საგადასახადო შეღავათების ზონაში იქმნება ფინანსური, ჰოლდინგური, სალიცენზიო, სადაზღვევო კომპანიების ქსელები, რომლებიც სათავო საწარმოს მიერ შიდასაფირმო რეგულირების პირობებში მოქმედებენ.
კაპიტალის მოძრაობის პროცესი, ოფშორული სისტემების დახმარებით, “გამტარი” (conduit) კომპანიების საშუალებით მიმდინარეობს, რომლებიც მოგების შემქმნელ ან გამსაღებელ კომპანიებს ოფშორული ზონის ფირმებთან აკავშირებენ. “გამტარი” კომპანიები განლაგებულია სპეციფიკური საგადასახადო შეღავათების მქონე ქვეყნებში, რომელთაც ხელსაყრელი შეთანხმებები აქვთ შემოსავლის განაწილებისას ორმაგი საგადასახადო დაბეგვრის აცილების შესახებ. ეს ქვეყნებია, მაგ: ნიდერლანდები, შვეიცარია, ირლანდია, დანია, საბერძნეთი და სხვა.
საგადასახადო ხარჯების მინიმუმამდე დაყვანის გათვალისწინებით, ფინანსური საშუალებების გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო პროცენტის ფორმით შიდასაფირმო კრედიტირების საფუძველზე, ხოლო დივიდენდებისა – ჰოლდინგური სტრუქტურების, სალიცენზიო გადასახადების (როიალტის გადასახადი) შექმნისას. მსხვილი ოფშორული ოპერაციების ჩატარების სცენარი მუშავდება და ინერგება თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით და შეიძლება, ათობით საშუამავლო ფირმას მოიცავდეს.
ზოგიერთი ექსპერტის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში 1,5 მილიონზე მეტი ოფშორული კომპანიაა დაფუძნებული. ოფშორული სფეროს ბიზნესში მოქცეული კაპიტალი 500 მილიარდ დოლარს აღემატება. ოფშორული ტერიტორიების ყველაზე გავლენიანი კლიენტები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და, პირველ რიგში, ტნკ ოფშორული ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ინვესტორებს მიუძღვით, რომლებიც უკანონოდ მოზიდული სახსრების გათეთრებას ცდილობენ.
რა მოვიმოქმედოთ, რომ კაპიტალი არ გავიდეს უკრაინიდან?
უკრაინიდან გამდინარე კაპიტალის დიდი ნაწილი საერთაშორისო ოფშორული არხებით მიედინება. ამერიკული, რუსული და ბალტიისპირეთის კომპანიების წარმომადგენლობათა სისტემები, მთელ მსოფლიოში მოფენილი თავისი ფილიალებით, ხელს უწყობს უკრაინიდან კაპიტალის გადენას, რომელიც შემდგომ საზღვარგარეთის ლეგალურ ბიზნესში ეფექტურად ინერგება. ამგვარად, უკრაინიდან გატანილი კაპიტალის მასშტაბები ყოველწლიურად 2,5-4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამჟამად, უკრაინაში აქტიურად მუშავდება თავისუფალი ეკონომიკური ზონების იდეები. თეზის რეალიზაციის პირველი მცდელობა უკრაინაში ჩრდილოეთ ყირიმის ექსპერიმენტალური ეკონომიკური ზონის, “სივაშის” შექმნასთანაა დაკავშირებული. მისი ორგანიზებისას მინიშნებული იყო, რომ იგი ჯერჯერობით არ წარმოადგენს კლასიკურ ეკონომიკურ ზონას, არამედ მხოლოდ მის ელემენტებს მოიცავს და ლოკალური ექსპერიმენტის ხასიათს ატარებს. ნათელია, რომ ექსპერიმენტის ვადამ (5 წელი) და ზონის ჩამოყალიბებისას ზედმეტმა სიფრთხილემ მისი მოღვაწეობის მოკრძალებული შედეგი განაპირობა.
1998 წელს მიღებულ იქნა რიგი საკანონმდებლო აქტებისა სპეციალური ზონების ფორმირების შესახებ. სპეციალური ეკონომიკური ზონა “სლავუტიჩი” ჩამოყალიბებულია სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, ჩერნობილის აეს-ის იმ პერსონალისათვის, რომელიც სადგურის ბლოკების დროზე ადრე გაჩერების შედეგად, 2010 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლებულ იქნა.
უკრაინის კანონმა “დონეცკის ოლქში სპეციალური საინვესტიციო მოღვაწეობის რეჟიმის შესახებ”, განსაზღვრა “დონეცკის” და “აზოვის” სპეცზონების შექმნა 60 წლის ვადით, აგრეთვე, 30 წლით შემოიღო საინვესტიციო მოღვაწეობის სპეციალური რეჟიმი დონეცკის ოლქის 17 ქალაქის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტული განვითარების ტერიტორიაზე. არსებითად, ამოეფარნენ რა თეზის იდეებს, დონეცკის რეგიონში 1/3-ით შეამცირეს საგადასახადო პრესი მოქმედ საწარმოებზე, რაც ეფექტური ეკონომიკური მოღვაწეობისათვის საკმარისი არ არის. რაც შეეხება სპეცზონებს – “ზაკარპატიე” და “პოლესიე”, ისინი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს უკრაინაში თავისუფალი ეკონომიკური ზონები მოწოდებულნი არიან მხოლოდ სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.
ამ ფონზე იავაროვსა და ოდესაში თეზ-ის შექმნა პერსპექტიულია და იმედისმომცემად გამოიყურება. უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობის (დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრილოეთსა და სამხრეთს შორის სატრანსპორტო გზაჯვარედინი) გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასაზღვრო რაიონებში უბაჟო და თავისუფალი სავაჭრო ზონების ინფრასტრუქტურის ფორმირებას ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციების ეფექტურობის ამაღლებისა და სავაჭრო-სამრეწველო კაპიტალის ბრუნვის დაჩქარების მიზნით.
როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, განვითარებად ქვეყნებში თეზის დანერგვისას ორგანიზაციის ძირითად პრინციპებად ექსპორტზე ორიენტაცია და შრომატევად მსხვილ სერიულ წარმოებაში სპეციალიზაცია გვევლინება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მსოფლიოში განსაკუთრებული წარმატებით ვითარდება მეცნიერულ-ტექნიკური პარკები და ტექნოპოლისები, სადაც კვლევითი და დანერგვის პროცესების სტიმულირება ხდება.
უკრაინის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და, რაც მთავარია, ქვეყნის უზარმაზარი გამოუყენებელი მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მსხვილ სამრეწველო ცენტრებთან ტექნოლოგიური პარკების ქსელის შექმნა პროგრესული საწარმო ტექნოლოგიების ადაპტაციისათვის. სტრატეგიულ პერსპექტივაშია ხარკოვი-დნეპროპეტროვსკი-დონეცკის სამკუთხედში ტექნოპოლისის ფორმირება. ამ პროექტის განხორციელების პირველ საფეხურზე გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა სერიოზული სახელმწიფო კაპიტალდაბანდების მეცნიერულ-საწარმო კომპლექსის სოციალურ-ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში წარმართვა და არა საგადასახადო შეღავათებზე ზრუნვა, რომლებიც მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებისათვის განსაკუთრებულ ინტერესს არ წარმოადგენს.