ევროპა გერმანული არჩევების მოლოდინში
მოელის თუ არა გერმანიის ეკონომიკას შტორმი იმ არჩევნების გამო, რომელიც ქვეყანას უახლოვდება? რა გამოწვევების წინაშე დგას გერმანია და მთლიანად ევროპა ამ არჩევნების გამო? გერმანია ბევრი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ევროზონის საკვანძო ეკონომიკაა, იქ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები კი უმნიშვნელოვანესია როგორც ევროზონის, ასევე მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვის. 2013 წლის სექტემბერში გერმანიამ ფედერალური არჩევნები უნდა ჩაატაროს. ევროპის უძველესი პოლიტიკური გაერთიანება – გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), ”მწვანეებთან” ერთად, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება. SPD-ს პოლიტიკურმა საბჭომ კანცლერობის კანდიდატი ერთხმად დაამტკიცა. პარტიის თავმჯდომარემ ზიგმარ გაბრიელმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასპარეზი ახალ ლიდერს დაუთმეს.
რა შედეგებით ხვდება გერმანია არჩევნებს? მსოფლიო კრიზისის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკის სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტი მეტყველებს – უმუშევრობა ამ ქვეყანაში დაბალია. მიუხედავად ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპებისა, ბოლო წლებში გერმანიაში მაინც ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. სახელმწიფო ვალი მაღალია, მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, ის კონტროლს ექვემდებარება, ქვეყნის ექსპორტი კი კვლავ კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა, გერმანული ეკონომიკის ექსპორტზე დამოკიდებულება სხვა ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე დამოკიდებულებასაც ნიშნავს. რაც უფრო მეტი დრო დასჭირდება ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებისა და სხვა რეგიონების კრიზისიდან გამოსვლას, მით უფრო გაუჭირდება გერმანიასაც ეკონომიკის ზრდის ტემპების მეტად გაზრდა.
გერმანიის ერთ-ერთ გრძელვადიან გამოწვევად ექსპერტები დემოგრაფიულ პრობლემას ასახელებენ. გერმანიის მოსახლეობა, იაპონელებთან ერთად, ყველაზე ხანდაზმულია მსოფლიოში. უახლოეს 10 წელიწადში გერმანიაში სამუშაო ძალა 5,.5 მილიონი ადამიანით შემცირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ ხელისუფლებას სასწრაფოდ ექნება პოლიტიკა შესამუშავებელი ამ მიმართულებით.
გერმანიის 2013 წლის არჩევნები მიმდინარე წლის ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენადაა მიჩნეული. ანგელა მერკელის მთავარი კონკურენტები სოციალ-დემოკრატები და მწვანეთა პარტიაა. ექსპერტთა შეფასებით, 2005 და 2009 წლის გერმანიის ფედერალური არჩევნები ასეთი მნიშვნელობის არ ყოფილა ევროპისთვის, რადგან ახლა ევროპა გზაგასაყარზეა, გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, მისაღებია რადიკალური გადაწყვეტილებები, მსოფლიო ფინანსური სისტემის რეფორმის მოლოდინშია, ამ ყველაფერში კი გერმანიას ერთ-ერთი ცენტრალური როლი უკავია. ამიტომაცაა ამხელა მნიშვნელობის 22 სექტემბრის არჩევნის შედეგები.
2009 წელს გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ევროზონაში ბევრი რამ შეიცვალა. არჩევნებიდან 2 თვის თავზე დაიწყო საბერძნეთის კრიზისი, მას ირლანდია, პორტუგალია და ესპანეთი მოჰყვა. გერმანია ფაქტობრივად განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკის ძირითად მიმართუელბებს, განსაკუთრებით საბანკო სექტორში და მაშინ, როცა ამა თუ იმ ქვეყნისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას ეხება საქმე. ექსპერტთა პროგნოზით, უახლოეს წლებში ევროკავშირი შეეცდება უფრო მეტად მოახდინოს ფისკალური პოლიტიკისა და საბანკო სექტორის ინტეგრაცია ევროზონის შიგნით, ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესი იქნება გერმანიის როლი. გერმანიის ევროპული პოლიტიკა კი მიმდინარე წლის 22 სექტემბერს არჩეული პოლიტიკური ძალის გასატარებელი იქნება. გარდა ამისა, უკვე ნათელია, რომ გერმანიის არჩევნების გამო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2013 წელს ევროზონაში ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა წინა წლებთან შედარებით. პოლიტიკოსებთან ერთად, არჩევნების შედეგებს მსხვილი ინვესტორებიც ელოდებიან. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ექსპერტები აქტიურობის ზრდას, 22 სექტემბრის მერე ელიან.
მართალია, ევროპა გაფაციცებით ადევნებს თვალს გერმანიის წინასაარჩევნო ბატალიებს, მაგრამ თვითონ გერმანიიის შიგნით, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას, ევროზონის სააკითხი არც ისე აქტუალურია, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემები. პოლიტიკური პარტიები ძირითად აქცენტს სახელმწიფო ვალის პრობლემებზე აკეთებენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პარტიები გვერდს ვერც საგარეო პოლიტიკის თემატიკას აუვლიან.
ექსპერტთა შეფასებით, გერმანული არჩევნები სრულიად ევროპისათვის სამი მთავარი ფაქტორის გათვალისწინებითაა უმნიშვნელოვანესი: გავლენა მიმდინარე და დაგეგმილ ევროპულ რეფორმებზე; სოციალური ტენდენციების გავლენა-გაძლიერება ევროპაში და არჩევნების შედეგების გავლენა საბანკო და საფინანსო სფეროზე.
გერმანია ევროზონის მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად რჩება დღემდე. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ამერიკულმა კომპანია Pეწ Gლობალ ღესეარცჰ-მა ჩაატარა გერმანელთა 60%-ია მომხრე იმისა, რომ ევროკავშირმა არსებული სახით გააგრძელოს არსებობა, მაში როცა დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 43%, ხოლო საბერძნეთში 33%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიაშიც შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც ევროკავშირის მომხრეა – 2012 წელს ეს მაჩვენებელი 68% იყო. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამებს _ ამ საკითხისადმი გერმანული პარტიების დამოკიდებულება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, გერმანიაში მემარცხენე პარტიები უფრო მეტად არიან ევროინტერგრაციის კურსის შენარჩუნების მომხრეები, ვიდრე მემარჯვენეები. შეიძლება ითქვას, რომ მემარცხენეები ამ საკითხში ამჟამინდელი მთავრობის კურსს სრულად უჭერენ მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებიც ვერ შეცვლის დიდად ვერაფერს.
ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც პარტიებს განსხვავებული შეხედულება აქვთ – ევრობონდების თემაა, საუბარია იმ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე, რომელსაც ევროზონის წევრი ქვეყნები უშვებენ. სოციალ დემოკრატების (SPD) ლიდერების ჯერ კიდევ 3 წლის წინანდელი განცხადებებისა და დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, ისინი მხარს უჭერენ მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტების აქტიურ მიმოქცევას ევროკავშირში და ვერ ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ მთავრობებს შეზღუდვები დაუწესდეთ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას. თუმცა, პარტიის წარმომადგენლები ასევე დასძენენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გერმანია აღარ დასთანხმდება იმ რაოდენობის ფინანსური თანხების გამოყოფას, კოლოსალური ვალების მქონე სახელმწიფოებისათვის, როგორსაც გერმანია აქამდე აკეთებდა.
თავისუფალი დემოკრატების (FDP) განცხადებით კი, ისინი წინააღმდეგნი არიან სახელმწიფო ბონდების არსებობისა ევროკავშირში. თავისუფალი დემოკრატები ეწინააღმდგებიან ისეთი ფონდების შექმნასაც, რომელიც ვალების საერთო გასტუმრებას ემსახურება ევროზონის ქვეყნებში.
გერმანელებს არჩევნების წინ აწუხებთ სოციალური უთანასწორობის საკითხიც. გერმანელთა 51% მიიჩევს, რომ ქვეყანაში ეს სეროზული პრობლემაა. ამიტომაც პარტიებისათვის ესეც ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო თემაა. სოციალ-დემოკრატები სოციალური უთანასწორობის შემცირების მიზნით აპირებენ საშემოსავლო გადასახადისა და ხელფასის მინიმალური ზღვრის გაზრდას. ამ საკითხში მწვანეთა პარტიის წარმომადგენლები უფრო შორს მიდიან, ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გეგმავენ სიმდიდრის გადასახადისა და მემკვიდრეობის გადასახადების ზრდას.
რაც შეეხება ფინანსურ სისტემას, სოციალ-დემოკრატები საკუთარი წინასაარჩევნო პარტიის მთავარ ლოზუნგად ასახელებენ ფინანსური კაპიტალიზმის `მოთვინიერებას~. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მიმდინარე კრიზისის მასშტაბები არა მთავრობების მიერ დაშვებული შეცდომების, არამედ უფრო მეტად ფინანსური სექტორის სპეკულაციების მასშტაბების ბრალია. ამიტომაც ისინი შეეცდებიან მის მოთოკვას. ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, მოსალოდნელია საბანკო სისტემისთვის კაპიტალის ადექვატურობის ნორმების გაზრდა, სპეკულაციური ვაჭრობის შეზღუდვა და ფინანსურ ტრანზაქციებზე გადასახადების შემოღება. პარტია ასევე მხარს უჭერს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კომერციული და საინვესტიციო ბანკები. მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გერმანიის სათავეში მოვა, გაუჭირდება რადიკალური საბანკო რეფორმების გატარება, რადგან ეს ის სფეროა, სადაც ევროზონის ქვეყნები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.
ევროპა უამრავი გადაუწყვეტელი ამოცანის წინაშე დგას, ევროკავშირი განვითარების ურთულეს ფაზაში იმყოფება. მძლავრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მრავალი ახალი, განსხვავებული ტიპის სოციალური მოძრაობა და მოვლენა განაპირობა. ახალმა რეალობამ, მზარდმა სიღარიბემ და სოციალურმა უსამართლობამ შეასუსტა დასავლეთ ევროპის არაერთი მემარჯვენე მთავრობა. 2012 წელს საფრანგეთის საკანონმდებლო ხელისუფლებაში საგრძნობი უმრავლესობით სოციალისტები მოვიდნენ; ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტი მემარცხენე ფრანსუა ოლანდი გახდა. გასული წლის განმავლობაში, ანალოგიური ტენდენცია შეიმჩნეოდა გერმანიაში ჩატარებულ ყველა რეგიონალურ არჩევნებშიც. თუმცა, ამ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური დაპირისპირება წინაა, ამ დაპირისპირებამდე კი კიდევ 2 თვეა დარჩენილი. შეინარჩუნებს თუ არა ანგელა მერკელი პოსტს თუ გერმანიაშიც დაიბრუნებს პოზიციას მემარცხენე პოლიტიკური ძალა? ამ კითხვას პასუხი 22 სექტემბერს გაეცემა.