”ფინანსურ სამოთხეებს” აუქმებენ?!
გლობალურ ეკონომიკაში ოფშორების თემა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 16 ივნისს ICIJ-იმ გამოაქვეყნა იმ კომპანიების სრული სია, რომლებიც ოფშორებში არიან რეგისტრირებულნი და მათ შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. ამას მსოფლიო ლიდერების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაც მოჰყვა დიდი რვიანის მორიგ შეხვედრაზე. ოფშორული ბიზნესის როლი დღითიდღე იზრდება საკრედიტო და საწარმოო ინვესტიციების მოძრაობაში.
ოფშორულ ზონებში კომპანიები დიდი რაოდენობით რეგისტრირდებიან. 1973 წელს იაპონიის ქალაქ კიოტოში მოწვეული საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ანუ ”ფრანკო ზონა” ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილია, სადაც საქონელი განიხილება, როგორც საბაჟო ტერიტორიის საზღვრებს გარეთ მყოფი ობიექტი, ანუ ის ტერიტორია, სადაც დაცულია საბაჟო ექსტერიტორიულობის პრინციპი.
ოფშორული ზონა ცალკეულ სახელმწიფოთა ეროვნული ეკონომიკისგან იზოლირებული საფინანსო ინსტიტუტია, სადაც შეღავათიანი რეჟიმი განისაზღვრება სავალუტო შეზღუდვის უქონლობით, მოგებათა თავისუფალი გატანით, საწესდებო კაპიტალის დაბალი დონით, ფირმის რეგისტრაციისა და მართვის მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურით, საგადასახადო დანაკარგების შემცირების შესაძლებლობით, ფირმის მფლობელთა სრული ანონიმურობითა და კონფიდენციალობით. მე-20 საუკუნის შუახანებიდან ბიზნესზე გაზრდილმა საგადასახადო წნეხმა განვითარებულ ქვეყნებში ოფშორები სულ უფრო პოპულარული გახადა.
გადასახადის გადამხდელი ყოველთვის ცდილობს ამა თუ იმ მექანიზმით მეტ-ნაკლებად უზრუნველყოს ხარჯების მინიმიზაცია და ეძებს ლიბერალურ საგადასახადო გარემოს. ეს ზრდის კონკურენციას სახელმწიფოებს შორის სამეურნეო სუბიექტებისაგან გადასახადის აკრეფის უფლებაზე. ამიტომ ზოგი სახელმწიფო სამეწარმეო სუბიექტებს აძლევს საშუალებას, კანონის ფარგლებში თავი აარიდონ მძიმე საგადასახადო წნეხს და ქმნიან შეღავათიან საგადასახადო გარემოს. ტერიტორიები, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო გარემო, უმეტესწილად, განლაგებული არიან კუნძულებზე, რამაც გავლენა იქონია მათ სახელზე – ოფშორული ზონა.
საზოგადოების ნაწილი ოფშორს აღიქვამს, როგორც შავი ფულის გათეთრების ცენტრს და საბანკო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზების ადგილს. თუ აქამდე ამ შეხედულებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ახლა ოფშორების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება სულ უფრო იზრდება.
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 15-თვიანი მუშაობის ანგარიშის გამოქვეყნება ოფშორებთან და იქ დარეგისტრირებულ კომპანიებთან დაკავშირებით 4 აპრილს დაიწყო. პროექტში, რომელიც ”ოფშორული ზონების საიდუმლოებებს” იკვლევდა, 46 ქვეყნის 86 ჟურნალისტი მონაწილეობდა. ICIJ-სთან ერთად დოკუმენტების ანალიზზე მუშაობდნენ ბრიტანული The Gurdian-ისა და BBC-ის, ფრანგული Le Monde-ის, გერმანული Süddeutsche Zeitung-სა და Norddeutscher Rundfunk-ის, ამერიკული The Washington Post-ის, კანადის CBC-სა და სხვა 31 მედიაორგანიზაციის რეპორტიორები, მათ შორის ქართველი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-დან.
პროექტი განხორციელდა სახელწოდებით ”გასაყიდი საიდუმლოება: გლობალური ოფშორული ფულის ლაბირინთი”. გამოძიების პროცესში 2.5 მილიონი ციფრული ფაილი გამოიკვლიეს, რაც ნათელს ჰფენს 120 ათასი კომპანიისა და 130 ათასი პირის საიდუმლოს. გამოძიების დროს ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს ის აგენტები, ვის უკანაც დგანან 170-მდე ქვეყნის პოლიტიკოსები და მდიდარი ადამიანები.
”გამოძიება ფარდას ხდის ოფშორულ სისტემას და ნათლად აჩვენებს გადასახადების დამალვის ზონებს, რომლითაც სარგებლობენ ინდივიდუალური პირები და კომპანიები, ჩვენთვის ცნობილია, თუ რამდენად საიდუმლო და ხელმიუწვდომელია ოფშორული ინდუსტრია, თუმცა ჩვენთვის მოულოდნელი იყო მისი მოქმედების რეალური მასშტაბი. ოფშორებით სარგებლობენ არა მხოლოდ მსოფლიოს განსაკუთრებით მდიდირი ადამიანები, არამედ სხვადასხვა ქვეყნების რიგითი პროფესიონალები” _ აცხადებს ჟერარდ რაილი, ICIJ-ის დირექტორი. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) პარალელურად საიდუმლო მასალები გამოაქვეყნეს ორგანიზაციის პარტნიორმა მედიასაშუალებებმა.
პროექტში ჩართულ სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენელ ჟურნალისტებს გაუგზავნეს ამ ქვეყნის მოქალაქეების სია, რომელთა სახელებიც ოფშორებში დარეგისტრირებულ კომპანიების საქმიანობასთან ასოცირდებოდა. ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია უნდა მოეძიებინათ ამ პირებზე და გაერკვიათვინ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რამდენად იყვნენ კონკრეტული კომპანიების დამფუძნებლები, არიან თუ არა ამჟამად თანამდებობაზე, აქვთ თუ არა სხვა ბიზნესაქტივობა და სხვა.
ICIJ-ის რედაქტორი მაიკლ ჰადსონი: ”თავდაპირველად, ჩვენ უნდა დაგვემუშავებინა და გავრკვეულიყავით მოპოვებულ მონაცემებში. დასავლელი ჟურნალისტებისთვის ეს ადვილი გასაკეთებელია – ისინი ჩადიან ამა თუ იმ ქვეყანაში, რამდენიმე დღეს ატარებენ იქ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან. თუმცა, სხვა საქმეა ადგილობრივი ჟურნალისტების მუშაობა. ისინი იცნობენ კონკრეტულ მოთამაშეებს, კანონს, ისტორიას და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ ქვეყანაში ადგილობრივი ჟურნალისტების დაქირავება, რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც”.
ICIJ-ის პროექტის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანის, რუსეთის, პაკისტანის, ფილიპინების, ტაილანდის, კანადის, მონღოლეთის და სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები და კომპანიონები სარგებლობენ საიდუმლო კომპანიებით და საბანკო ანგარიშებით. როგორც ირკვევა, ჩახლართული ოფშორული სისტემა განსაკუთრებით უყვართ პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს, იახტების, ხელოვნების ნიმუშების და სხვა სახის სიმდიდრის დასამალად, ასევე ამ ყველაფრის საიდუმლოდ შესანახად.
მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა, მათ შორის _ USB, Clariden და Deutche Bank _ ჩაატარეს სერიოზული სამუშაოები იმისათვის, რომ მათ კლიენტებს შეძლებოდათ საიდუმლო კომპანიებით სარგებლობა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და სხვა ოფშორული სამალავებით. ოფშორების მეპატრონეები საკუთარ ვინაობას და ბიზნეს ინტერესებს მაღალანაზღაურებადი ბუღალტრების, შუამავლების, მაკლერების და სხვა სპეციალისტების დახმარებით ნიღბავენ. სისტემა ხშირ შემთხევაში ემსახურება ფულის გათეთრებას და სხვა უკანონო საქმიანობას.
4 აპრილს ICIJ-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ საფრანგეთის, ვენესუელას, აზერბაიჯანის, სამხრეთ აფრიკის, აშშ-ის, ინდონეზიის, ტაილანდის, ფიჯის, ყაზახეთის, ქუვეითისა და სხვა ქვეყნების მდიდარი ადამიანები. ICIJ-ის მიერ გამოქვეყნებული სიის სათავეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. ”საქართველოს უმდიდრეს ადამიანს, რომლის ქონებაც, ”ფორბსის” მონაცემებით, 5 მილიარდი დოლარია, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე კომპანია Bosherston Overseas Crop ეკუთვნის 2006 წლიდან, რომელიც დღემდე არსებობს”, _ აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც მოყვანილია პრემიერის პრეს-მდივნის კომენტარიც. ”2011-12 წლებისთვის პრემიერ-მინისტრს კომპანიაში წილი აღარ ჰქონდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა ვალდებულება ამის შესახებ დეკლარაციაში განეცხადებინა. პრემიერ-მინისტრი გულდასმით ეკიდება დეკლარაციის შევსების მოთხოვნებს და ყველაფერი კანონის შესაბამისად აქვს მითითებული” _ ციტირებენ სტატიის ავტორები ბიძინა ივანიშვილის პრეს-მდივნის განცხადებას.
სიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოჰყვება ფრანგი გამომცემელი ჟან-ჟაკ ოჟიე. ეს უკანასკნელი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდის საარჩევნო კამპანიის ხაზინადარი იყო. ოლანდი და ოჟიე ადმინისტრაციის პრესტიჟულ ფრანგულ ეროვნულ სკოლაში (ENA) თანაკურსელები იყვნენ. ოჟიე კაიმანის კუნძულებზე მდებარე ოფშორული კომპანიის აქციონერი და დირექტორია.
ICIJ-ს ნუსხაში ასევე მოხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი ოჯახი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ოფშორული კომპანიების მფლობელები აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა და მათი შვილები არზუ და ლეილა ალიევები არიან.
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მფლობელია ამერიკელი კომპოზიტორი და ”გრემის” მფლობელი დენის რიჩი. 2012 წელს მან უარი თქვა აშშ-ის მოქალაქეობაზე. რაც შეეხება ამერიკელი კომპოზიტორის ოფშორულ ბიზნესს, ის კუკის კუნძულებზე მდებარე ორი ოფშორული კომპანიის დირექტორია. ტაილანდის გადაყენებული პრემიერ-მინისტრის, ტაქსინ ჩინავატის ყოფილი მეუღლე პოტჩამან ნა პომპეტი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ კომპანია Premium Select Inc.-ს ფლობს, რომელიც სინგაპურიდან იმართება.
ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სამსახურის ყოფილი დაქირავებული სამხედრო, ფიჯელი ფრედ მარაფანო კუკის კუნძულებზე 1997-2000 წლებში ოფშორული კომპანიის დირექტორი იყო. იგი 27 მარტს გარდაიცვალა. ICIJ-ს ნუსხაში მოხვდა ყაზახი ბიზნესმენი მუხტარ აბლიაზოვიც. მას ბრალად ედება ყაზახეთის სახელმწიფო ბანკიდან 5 მილიარდი დოლარის მითვისება, რასაც ბრიტანული მედია ისტორიაში ყველაზე დიდ თაღლითობად მიიჩნევს. თუმცა, აბლიაზოვი ბრალდებებს უარყოფს. როგორც გაირკვა, მოგვიანებით ადამიანმა, რომელიც ბრიტანეთის სასამართლომ მუხტარ აბლიაზოვის წარმომადგენლად დაასახელა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2006 და 2007 წლებში 31 კომპანია დააარსა.
ესპანელი კარმენ ტისენ-ბორნემისა, ცნობილი არტ-კოლექციონერი და გერმანია-უნგრეთის ბარონის ქვრივი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციონერია. მის კოლექციაში ვან გოგიდან დაწყებული, გოიათი დამთავრებული, ხელოვნების ნიმუშები ინახება, რომლებიც მადრიდის, ბარსელონასა და მალაგას მუზეუმებშია გამოფენილი. ბარონის ქვრივი კუკის კუნძულებზე ორი კომპანიის მფლობელი და აქციონერია.
უკრაინელი ბიზნესმენი და ”როსუკრენერგოს” თანამფლობელი დიმიტრო ფირტაში, რომელსაც აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოები იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ასევე რუსეთის მაფიის თავკაცთან, სემიონ მოგილევიჩთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ორი კომპანიის მფლობელი და აქციონერია.
ოფშორული კომპანიების მფლობელთა შორის დასახელდა იტალიელი ჰაკერი ფაბიო ჯიონი. ეს უკანასკნელი Telecom Italia-ს საინფორმაციო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც 2007 წელს 4 ათასი ადამიანის, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მონაცემების უკანონო მოპოვებისთვის დააპატიმრეს. ჯიონი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე კომპანია Constant Surge Investment Ltd-ის მფლობელია. თუმცა თავად ამ ოფშორული კომპანიის ფლობას უარყოფს.
ბერძენი ბიზნესმენი აპოსტოლოს ვაკაკისი – საბერძნეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვირჯინიის კუნძულებზე 2007 წელს კომპანია Karapathias-ის აქციონერი იყო, თუმცა 2009 წელს კომპანია სხვა ოფშორულ პროვაიდერს გადაეცა.
როგორც ICIJ-ის რედაქტორი ამბობს, ოფშორული კომპანიის მფლობელი მილიარდელები საიდუმლო კომპანიებით ნაშოვნ ფულს პირადი სიამოვნებისთვის იყენებენ. ”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უამრავი მულტიმილიონერი იყენებს ამ ოფშორულ ანგარიშებს იახტების, ძვირფასეულობისა და აპარტამენტების შესაძენად. ბევრი მათგანი ამ ფულს ხელოვნების ნიმუშთა პირადი კოლექციის გასამდიდრებლადაც იყენებს. ჩვენ მოვიპოვეთ ასევე ვან გოგის ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ჩანაწერები. მდიდრებს მილიონობით ვარიანტი აქვთ, სად წაიღონ თავიანთი ფული. ჩვეულებრივ ადამიანებს კი მეტი და მეტის გადახდა ან სულ უფრო ნაკლები სერვისებით ცხოვრება უწევთ საკუთარივე ქვეყანაში, რადგან მათი ქვეყნების ხაზინიდან თანხები გაედინება” – აღნიშნავს მაიკლ ჰადსონი.
ამიტომაც ელოდება ყველა, რომ ამ სკანდალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მსოფლიოს ლიდერები განსაკუთრებულ ზომებს მიიღებდნენ, ე.წ. ”საგადასახადო სამოთხეების” მისამართით, რათა მსგავსი ტენდენციები დიდხანს აღარ გაგრძელდეს. ასეც მოხდა, დიდი რვიანის წევრი ქვეყნების ბოლო შეკრებების მთავარ თემად საგადასახადო რეგულირების საკითხები იქცა.
16 ივნისს ICIJ-იმ ყველა (თითქმის 100 000) კომპანიის მონაცემი გაასაჯაროა და ელექტრონული არქივი შექმნა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველ კომპანიაზე მოიძიოს ინფორმაცია. როგორც ICIJ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება სპეციალურურად დაამთხვიეს დიდი რვიანის ქვეყნების შეკრებას. ”ამ ნაბიჯით ჩვენ გვსურს მოვუწოდოთ მსოფლიო ლიდერებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები” _ განაცხადა ჟერარდ რაილიმ, ICIJ-ის დირექტორმა.
დიდი რვიანის შეკრებაზე 17 ივნისს მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს საგადასახადო ნორმების გამკაცრების გადაწყვეტილება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაცვალონ ინფორმაცია ერთმანეთში საკუთარი გადამხდელების შესახებ. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, დაუწესონ ნორმები იმ კომპანიებს, რომლებიც ოფშორებში დარეგისტრირებას გადაწყვეტენ, მათ უნდა გაასაჯაროონ რეალური მფლობელების შესახებ ინფომაცია.
როგორც ევროკომისარმა ალგირდა სემეტამ განაცხადა, ”ICIJ-ის გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა პოლიტიკოსები, რომ აუცილებელია ფინანსური სისტემის რეგულირების გამკაცრება და შესაბამისი ზომების მიღება. პირადად მე ვფიქრობ, რომ ოფშორების სკანდალი არის სახე განვითარების იმ ტენდენციისა, რაც დღეს გვაქვს. ამ სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოამზეურა სისტემაში არსებული ხარვეზები და გვიბიძგა პრობლემის სასწრაფოდ გადასაჭრელად ქმედითი ზომების გატარებისკენ”.
დიდი რვიანის ქვეყნები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მულტინაციონალური კომპანიები ვალდებულნი უნდა იყვენენ ყველა იმ საგადასახადო ორგანოს წინაშე წარადგინონ ანგარიშები, სადაც მათი მოქმედების არეალი ვრცელდება. ”ქვეყნებმა უნდა შეცვალონ ის წესები, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მოგება საზღვრებს გარეთ ”გაიტანონ” გადასახადების თავის არიდების მიზნით” – ვკითხულობთ G8-ის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.
დიდი ოცეულის ქვეყნები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ამახვილებენ ისეთი მსხვლი კომპანიების საქმეებზე, როგორებიც არიან Google, Apple, Starbucks და Amazon, რომლებიც სახვადასხვა გზებით მნიშვნელოვნად იმცირებენ გადასახადებს. საგადასახდო ინფორმაციის გამჭვირვალობა ქვეყნებს შორის კი მათ და სხვა კომპანიებს ამის საშუალებას შეუზღუდავს, მიიჩნევენ მსოფლიო ლიდერები. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დავიდ კამერონის განცხადებით, ახალ წესებზე ყველა ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, იმისთვის რომ კომპანიებს ”დასამალი” ადგილი არ ჰქონდეთ და გადასახადებისთვის თავის არიდება ვეღარავინ შეძლოს.