მსოფლიო ეკონომიკა ციფრებში
აშშ
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის ივნისში გაიზარდა 0,5%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,3%-ით ელოდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მაისში 0,1%-ით გაიზარდა, როგორც ადრევე იუწყებოდნენ. კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, სამომხმარებლო ფასები ივნისში თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,2%-ით. 2013 წლის მაისში, ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,2%-ით.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობა გაიზარდა 0,3%-ით მიმდინარე წლის მაისთან შედარებით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,2%-ით ვარაუდობდნენ. გასული წლის ივნისთან შედარებით სამრეწველო წარმოების მოცულობა 2%-ით გაიზარდა. სამრეწველო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტმა ივნისში წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით მოიმატა და შეადგინა 77,8%. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 77,7%-ს შეადგენდა. 2013 წლის მაისში სამრეწველო წარმოების მოცულობა, გადასინჯული მოანცემებით, არ შეცვლილა, როგორც ადრევე ვარაუდობდნენ. სამრეწველო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტი მაისის შედეგებით 77,7% იყო, ადრე კი 77,6%-ს ვარაუდობდნენ.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საცალო გაყიდვების მოცულობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,4%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ თვიურ გაანგარიშებაში მაჩვენებელი 0,8%-ით მოიმატებდა. მაისში, საცალო გაყიდვების მოცულობა, გადასინჯული მონაცემებით, 0,5%-ით გაიზარდა თვიურ გაანგარიშებში, როცა ადრე 0,6%-აინ ზრდას ვარაუდობდნენ. წლიურ გაანგარიშებაში მაჩვენებელმა ივნისში 5,7%-ით მოიმატა.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებითვე, წარმოებული საქონლის, მაკომპლექტებლებისა და ნახევარფაბრიკატების მარაგებმა ქვეყნის საწყობებში, 2013 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით მოიმატა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიურ გაანგარიშებაში მაჩვენებელი არ შეიცვლებოდა. წლიურ გაანგარიშებაში ეს მაჩვენებელი 3,8%-ით გაიზარდა. გადასინჯული მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში წარმოებული საქონლის, მაკომპლექტებლებისა და ნახევარფაბრიკატების მარაგები მარტთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ადრე ვარაუდობდნენ, რომ თვიურ გაანგარიშებაში მაჩვენებელი 0,3%-ით გაიზარდა. ამერიკული საწარმოების გაყიდვები, მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან შედარებით 1,1%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით _ 3,1%-ით. აპრილში მოცემული მაჩვენებელი, გადასინჯული მონაცემებით, არ შეცვლილა, ადრე კი მაჩვენებლის 0,1%-იან კლებას ვარაუდობდნენ.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის გამო შემწეობის მისაღებად 13 ივლისს დასრულებული კვირის შედეგებით სახელმწიფოსადმი პირველადი მიმართვების რაოდენობა შემცირდა 334 ათასამდე. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 345 ათასი იქნებოდა. წინა, 6 ივლისს დასრულებული კვირის შედეგებით, პირველადი მიმართვების რაოდენობამ 358 ათასი შეადგინა. ადრე ფიქრობდნენ, რომ მაჩვენებელი 360 ათასი იქნებოდა.
ევროზონა
ევროპული სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის მონაცემებით, ევროზონაში სამოხმარებლო ფასები წლიურ გამოხატულებაში საბოლოო მონაცემებით, 1,6%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის მატებას სწორედ ასეთ დონეზე ვარაუდობდნენ. თვიურ გამოხატულებაში ევროზონის სამომხმარებლო ფასები 0,1%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო ფასების ზრდის დრაივერი კვების პროდუქტების გაძვირება გახდა: ხილის (+0,09%), ბოსტნეულის (+0,11%) და, ასევე ელექტროენერგიის (+0,09%). მაისში ევროზონის ინფლაციამ წლიურ გამოხატულებაში 1,4% შეადგინა. 2012 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 2,4% იყო წლიურ გამოხატულებაში. ევროკავშირის 27 სახელმწიფოში ინფლაციამ ივნისში 1,7% შეადგინა წლიურ გამოხატულებაში და 0,1% _ თვიურ. ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა ლატვიასა და პოლონეთში (0,2% თითოეულის შემთხვევაში), საბერძნეთში დაფიქსირდა დეფლაცია (-0,3%). ინფლაციის შედარებით მაღალი დონე აჩვენა რუმინეთმა (4,5%), ესტონეთმა (4,1%) და ნიდერლანდებმა (3,2%).
ევროპული სტატისტიკური სააგენტოს მოხსენების თანახმად, ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა, მიმდინარე წლის მაისში 15,2 მილიარდი ევრო შეადგინა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ სავაჭრო ბალანსის პროფიციტი თვის შედეგებით შეადგენდა 16,2 მილიარდ ევროს. 2013 წლის აპრილში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა, გადასინჯული მონაცემებით, შეადგინა 14,1 მილიარდი ევრო, მაშინ როცა, ადრე 15,2 მილიარდ ევროიან დადებით სალდოზე საუბრობდნენ. 2012 წლის მაისში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 6,6 მილიარდი ევრო შეადგინა. მიმდინარე წლის მაისში ევროზონაში შემავალი 17 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა, წლიურ გამოხატულებაში არ შეცვლილა, ხოლო იმპორტისა შემცირდა 6%-ით. თვიურ გაანგარიშებაში, სეზონური კორექტირების გათვალისწინებით, ევროზონის ექსპორტი მიმდინარე წლის მაისში შემცირდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი _ 2,2%-ით. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ქვეყნების სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა, მიმდინარე წლის მაისში შეადგინა 15,8 მილიარდი ევრო, როცა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში დეფიციტმა შეადგინა 4,9 მილიარდი ევრო.
ევროკავშირის ქვეყნებში ავტომობილების გაყიდვების მოცულობა, მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,3%-ით შემცირდა და შეადგინა 1 მილიონ 175 ათას 363 ავტომანქანა. 2013 წლის მაისში აღნიშნულმა მაჩვენებელმა კლება აჩვენა 1993 წლის მაისის ისტორიულ მინიმუმამდე, მაშინ როცა 2013 წლის აპრილში ავტომანქანების გაყიდვებმა 19 თვის მანძილზე პირველად მოახდინა ზრდის დემონსტრირება. 2012 წელს ავტომანქანებზე მოთხოვნამ ევროპაში განაახლა ისტორიული მინიმუმი 17 წლის განმავლობაში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბაზრის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. პირველად მიმდინარე წლის 6 თვის მანძილზე ევროკავშირის ქვეყნებში ავტომანქანების გაყიდვების მოცულობა შემცირდა 6,7%-ით წლიურ გამოხატულებაში 6 მილიონ 436 ათას 743 ავტომობილამდე. 2013 წლის ივნისში გერმანული ბაზარი შემცირდა 4,7%-ით, მაშინ როცა საფრანგეთსა და იტალიაში გაყიდვები შემცირდა 8,4%-თა და 5,5%-ით შესაბამისად. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების სამთავრობო ღონისძიებების ფონზე, მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ბაზარი აჩვენებს ზრდას 16 თვე ზედიზედ. მიმდინარე წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში ავტომანქანების გაყიდვების მოცულობა წლიურ გამოხატულებაში 13,4%-ით გაიზარდა. ივნისის შედეგებით, თვალსაჩინო ვარდნა აჩვენა ავტომობილების ისეთმა მწარმოებელმა, როგორიცაა Peugeot (იმისთვის, რომ არ ჩაძირულიყო, კომპანია იძულებული გახდა 8 ათასი ადამიანი გაეშვა სამსახურიდან და დაეხურა ერთ-ერთი ქარხანა საფრანგეთში), ასევე იტალიური Fiat. ამ კომპანიების გაყიდვების მოცულობა თვის შედეგებით შემცირდა 10,9%-ითა და 13,6%-ით შესაბამისად. გერმანული Volkswagen-ის გაყიდვების მოცულობა, 2013 წლის ივნისის შედეგებით შემცირდა 6,6%-ით.
გერმანია
ეკონომიკური კვლევის ცენტრის, ZEW-ის მოხსენების თანახმად, გერმანიაში საქმიანი მოლოდინის ინდექსმა 2013 წლის ივლისში შეადგინა 10,6 პუნქტი ივნისის 8,6 პუნქტის საპირისპიროდ. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 9,0 პუნქტი იქნებოდა. გერმანიაში სამომავლო ეკონომიკური პირობებისადმი საქმიანი მოლოდინის ინდექსმა ანალოგიურ პერიოდში შეადგინა 36,3 პუნქტი ივლისის 39,6 პუნქტის საპირისპიროდ. გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის ივნისში ქვეყანაში სამრეწველო ფასები წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა. ანალიტიკოსები ასევე პროგნოზირებდნენ, რომ თვიურ გამოხატულებაში ეს მაჩვენებელი არ შეიცვლებოდა. 2012 წლის ივნისთან შედარებით მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში გერმანიის სამრეწველო ფასები 0,6%-ით გაიზარდა. 2013 წლის მაისში, სამრეწველო ფასები თვიურ გაანგარიშებაში შემცირდა 0,3%-ით, ხოლო წლიურით _ 0,2%-ით.
დიდი ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,9%-ით გაიზარდა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 3,0%-ით გაიზრდებოდა. თვიურ გაანგარიშებაში მიმდინარე წლის ივნისში სამომხმარებლო ფასები შემცირდა 0,2%-ით, რამაც ოდნავ გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს _ 0,1%-ს.
სამრეწველო ფასები დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე წლის ივნისში წლიურ გამოხატულებაში 2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 1,9%-ით ელოდნენ. 2013 წლის მაისთან შედარებით სამრეწველო ფასები გასულ თვეს 0,1%-ით გაიზარდა.
უმუშევრობის მაჩვენებელმა დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე წლის ივნისში 4,4% შეადგინა. უმუშევრობის შემწეობის მისაღებად დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 21,2 ათასი ადამიანით ნაკლებმა მიმართა და მათმა რიცხვმა შეადგინა 1 მილიონ 479 ათასი. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ მიმართვების რაოდენობა თვიურ გაანგარიშებაში 8 ათასით შემცირდებოდა. 2013 წლის მაისის უმუშევრობის მაჩვენებლები ნაწილობრივ გადაიხედა: უმუშევრობის მაჩვენებელმა 4,5% შეადგინა, როგორც ადრე იუწყებოდნენ, ხოლო შემწეობის მისაღებად პირველადი მიმართვების რაოდენობა, გადასინჯული მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან შედარებითYშემცირდა 16,2 ათასით (ადრე 8,6 ათასით შემცირებას ვარაუდობდნენ). ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდებით გამოთვლილი უმუშევრობის მაჩვენებლის მიხედვით, სამ თვეში (მარტი-მაისი) უმუშევრობა შემცირდა წინა სამ თვესთან შედარებით (დეკემბერი-თებერვალი) და შეადგინა 7,8%. ანალიტიკოსები სწორედ ასეთ ციფრს ელოდნენ.