გერმანიის საქმიანი წრეები უკეთესობას არ ელიან

ევროპული ეკონომიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები (ZEW) მანჰეიმში მიიჩნევენ, რომ ინვესტორები გერმანიაში უახლოესი ნახევარი წლის მანძილზე სერიოზულ პერსპექტივებს არ ელიან ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში. ბოლო სამი თვის მანძილზე ინდიკატორი (ZEW Survey (Economic Sentiment) _ გერმანიაში ნახევარი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების მიმართ ინვესტორების მოლოდინი) ივნისის დონიდან (38.5 პუნქტი) ივლისში დაეცა 36,3 პუნქტამდე. ZEW-ს ექსპერტების კვლევამ აჩვენა, რომ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს ყველაზე მეტად აწუხებთ კითხვა, შეძლებს თუ არა ევროპაში ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანა – გერმანია – განაგრძოს სტაბილური ზრდის ტემპი. თუმცა, ჯერჯერობით მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების სასარგებლო არგუმენტები მცირეა და, რაც მთავარია, საქმიან ადამიანებს არანაირად არ განაწყობს ოპტიმისტურად – ეს ევროზონის ეკონომიკის პროგნოზების გაუარესებაა, რომელიც გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

ევროზონის ხელისუფლება ვერანაირად ვერ ახერხებს სუვერენული ვალის კრიზისის ბლოკირებას, რომელიც მთელი ძალებით იფეთქებს ხოლმე სხვადასხვა ადგილას და ამით სერიოზულ ზიანს აყენებს ისედაც ავად მყოფი რეგიონის ეკონომიკას. სავალე კრიზისი ამჯერად პორტუგალიაში გამწვავდა და ყველას შეახსენა, რომ ევროზონა პრობლემების გადაწყვეტისგან ჯერ შორს არის. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ გერმანია მომავალშიც იგრძნობს ევროპული პრობლემების ზეწოლას საკუთარ თავზე.

აქამდე მოსალოდნელი იყო, რომ II კვარტალში გერმანიის ეკონომიკა შეძლებდა მნიშვნელოვანი ზრდის დაფიქსირებას – მაქსიმალურს მიმდინარე წლისთვის და შემდეგ თითქმის წლის ბოლომდე ტემპს დააგდებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქტივობის შემცირების მიუხედავად, მთლიანად 2013 წლის საფინანსო წლის შედეგებით, ექსპერტების შეფასებით, გერმანიის ეკონომიკას ზრდის დემონსტრირების ძალა შესწევს. თუმცა, სამრეწველო წარმოებაში მაისის ვარდნა, ახალი სამრეწველო შეკვეთების შემცირება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გერმანული ეკონომიკის აღდგენის პროცესი არასტაბილურია. ექსპორტის შემცირება – გერმანიის ეკონომიკის მთავარი დრაივერი – შესაძლოა გახდეს ეკონომიკური ზრდისთვის საკვანძო ფაქტორი. ექსპორტმა I კვარტალში ვერ შეძლო მშპ-ის ზრდაში თავის წვლილის შეტანა, ხოლო ევროს კვლავინდებურად მაღალი კურსისა და ევროზონის ქვეყნებში გერმანული წარმოების პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გახანგრძლივების გათვალისწინებით, გერმანიიდან ექსპორტის შემდგომი ზრდა, შესაძლოა, უფრო გართულდეს.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში სამრეწველო სექტორში ზრდის გაგრძელებას პროგნოზირებენ, თუმცა არა ისეთი მნიშვნელოვანი ტემპებით, როგორითაც სასურველი იქნებოდა. პრინციპში, მაისის კლებამ სამრეწველო წარმოებას აპრილის 2%-იანი ზრდის მხოლოდ ნახევარი მოაკლო. ამიტომაც, II კვარტლის შედეგებით, გერმანიის ეკონომიკის სამრეწველო სექტორს მშპ-ის ზრდაში წვლილის შეტანის უნარი შესწევს. მართალია, ეს წვლილი დიდი არ იქნება. HSBC-ის ეკონომისტების მიერ საქმიანი აქტივობის კვლევა, რომელიც წარმოების ინდექსსა (PMI Manufacturing) და მომსახურების სფეროში საქმიანი აქტივობის ინდექსს (PMI Services) ითვლის, აჩვენებს, რომ ორივე სფეროში სტაბილური ზრდის საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივებია. მეორე მხრივ, დიდი დრო არ არის გასული, რაც IFO-ს ინსტიტუტის ექსპერტებმა განაცხადეს საქმიანი კლიმატის გაუმჯობესების შესახებ გერმანიაში.

1

როგორც 7000 გერმანული კომპანიის ტოპ მენეჯერის გამოკითხვამ აჩვენა, უახლოესი მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებით, გერმანელი ბიზნესმენები ოპტიმისტურად განწყობილნი აღმოჩნდნენ, ისევე როგორც გერმანიის მოსახლეობა – სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა (GFK Consumer Confidence Survey) ივლისში 2007 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. ეს კი, იმაზე მეტყველებს, რომ შიდა მოთხოვნის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების შანსი არსებობს. მართალია, ხელფასების ზრდა, როგორც მოსალოდნელია, შემცირდება, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია სახელმწიფო ხარჯების ზრდას არ მოასწავებს. მიუხედავად ამისა, გერმანიის შრომის ბაზარი კარგ მდგომარეობაში რჩება. უმუშევრობა შემცირებას განაგრძობს, ესე იგი, არის შანსი იმისა, რომ გერმანელები დღეს ფულის ხარჯვას გააგრძელებენ და ხვალინდელი დღის არ შეეშინდებათ.

2

მიუხედავად იმისა, რომ ივლისის მაჩვენებლები, რომლის გასაანგარიშებლად ZEW-ს ექსპერტებმა 250 საფინანსო ექსპერტი გამოკითხეს, აჩვენებს გერმანიის ეკონომიკის პერსპექტივებისადმი ინვესტორების სერიოზულ შეშფოთებას, ZEW-ს პრეზიდენტი კლემენს ფიუსტი დარწმუნებულია, რომ საუბარი არ არის გერმანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორების განწყობის რადიკალურ ცვლილებაზე. ”რესპოდენტები თავიანთი პოზიტიური მოლოდინების ერთგულნი რჩებიან. კვლევებში ჩანს, ადამიანები ფიქრობენ, რომ აღდგენა ნელი იქნება”, – განაცხადა კლემენს ფიუსტმა. იგი ფიქრობს, რომ ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროზონის კრიზისი. `ყველაფერს, რასაც ვხედავთ, შეესაბამება გლობალური ეკონომიკის მდგომარეობას”, – დასძინა მან.