ბუშმა ხელი მოაწერა ეკონომიკის სტიმულირების კანონპროექტს
ლინა ეპიშევა
ინდუსტრიული ქვეყნების ფინანსურმა ხელისუფლებამ ეკონომიკურ კრიზისთან სერიოზული ბრძოლა წამოიწყო. აშშ-ში კოტირების გაზრდა წარმოადგენდა ამერიკული ბაზრების რეაგირებას ბუშის ეკონომიკის სტიმულირების წინადადებაზე.
ეს მოწოდება მაშინ გაისმა, როცა მსოფლიო სავალუტო ფონდმა პესიმისტური შეფასება მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობაზე და აშშ-ში ამ ათწლეულის მანძილზე ყველაზე დიდი უმუშევრობის დონეზე გააკეთა. სექტემბერში სამუშაო ადგილები 200 000 კაცამდე შემცირდა. ამ ათი წლის მანძილზე ეს ყველაზე დიდი შემცირებაა.
პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე. მან თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ აპირებს გადასახადების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს ამერიკის ეკონომიკის აღმავლობას.
უახლოეს ათ წელიწადში ახალი ადმინისტრაცია აპირებს, გადასახადების 1,6 ტრილიონი დოლარით შემცირებას. გარდა ამისა, ბუშს სურს, გაზარდოს ხარჯები განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და თავდაცვაზე და დაფაროს ეროვნული ვალის ნაწილი.
ბუშს გაუჭირდება სენატორებსა და კონგრესმენებს მოაწონოს თავისი გეგმა. დემოკრატები თვლიან, რომ გადასახადების შემცირების პროგრამა უფრო მდიდრებისათვის არის ხელსაყრელი, ვიდრე ღარიბებისათვის. მათი აზრით, ეს გეგმა “ძალიან კარგია იმისათვის, რომ სიმართლე გაირკვეს”. დემოკრატების ლიდერის, ტომ დაშლეს თქმით, “ბუშის გეგმაში მოცემულია არარეალური ციფრები”.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ამერიკელები არიან “აღფრთოვანებულნი” გადასახადების შემცირების იდეით. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მხოლოდ ამერიკელების 22% თვლის, რომ გადასახადების შემცირება უნდა გახდეს მთავარი პრიორიტეტი ბუშის ადმინისტრაციის პროგრამაში.
რესპუბლიკელები აპლოდისმენტებით შეხვდნენ ბუშის წინადადებას იმის შესახებ, რომ შემცირებას ექვემდებარება არა მხოლოდ მომავალი, არამედ წარსული პერიოდის გადასახადებიც. პრეზიდენტი გეგმავს, შეამციროს საშემოსავლო გადასახადის მაღალი განაკვეთი 40%-დან 33%-მდე, დაბალი განაკვეთი კი 15%-დან – 10 %-მდე.
ბუშის ვარაუდით, გადასახადების შემცირებით გამოწვეული დანაკლისისა და ახალი ადმინისტრაციის ხარჯების ასანაზღაურებლად ბიუჯეტის დამატებითი შემოსავალი საკმარისი იქნება. მისივე თქმით, უახლოეს ათ წელიწადში საბიუჯეტო შემოსავალი ხარჯებს 5,6 ტრილიონი დოლარით აღემატება.
ამჟამად, შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 3,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბუში მათ დაპირდა, რომ ამ თანხიდან 2 ტრილიონ დოლარს დაფარავს.
იგი განათლებაზე და ჯანმრთელობის დაცვაზე ხარჯების 81 მილიარდი დოლარით გაზრდას აპირებს. მან აგრეთვე განაცხადა, რომ დანიშნავს სპეციალურ კომისიას, რომელიც პენსიებსა და შემწეობის საკითხებს დაარეგულირებს.
თუ ამერიკაში სამომავლოდ ეკონომიკური სიტუაცია არ გამოსწორდა, 2037 წლისათვის საპენსიო თანხები ამოიწურება, რადგანაც აშშ-ის მოსახლეობა ბერდება, რის შედეგადაც მომუშავეთა რიცხვი შემცირდება, პენსიონერების რიცხვი კი გაიზრდება.
აშშ-ის კონგრესმა მოიწონა ბუშის კანონპროექტი, უმუშევართა დახმარების გაზრდის და კორპორაციული გადასახადების შემცირების შესახებ, რამაც ბოლო მოუღო ეკონომიკის უკუსვლის საკითხზე პოლიტიკურ ბრძოლას. მაგრამ პროექტის ზოგიერთი კრიტიკოსების, მათ შორის, ფედერალური რეზერვის მეთაურის, ალან გრინსპენის აზრით, ეკონომიკის ასეთი სტიმულირება არ იყო საჭირო, რადგანაც ქვეყანაში შეიმჩნევა ეკონომიკის გამოჯანმრთელების ნიშნები.
კონგრესში აზრი, მიღებული ზომების შესახებ, ჯერ კიდევ შორს არის საერთო აზრისგან. რესპუბლიკელები მოითხოვდნენ გადასახადების უფრო მნიშვნელოვან შემცირებას, დემოკრატები კი იმედოვნებდნენ, რომ მთავრობა უმუშევართათვის სამედიცინო მომსახურებაზე დახმარებას შემოიღებდა. ეკონომიკის სტიმულირების კანონპროექტი 10 წელიწადზეა გათვლილი. ამ კანონის თანახმად, 26 კვირიანიუმუშევართა დახმარება კიდევ 13 კვირით გაგრძელდება. ზოგიერთ ფედერალურ შტატებში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, დახმარების გაცემა ავტომატურად კიდევ 13 კვირით გაგრძელდება, რაც საშუალებას მისცემს ამერიკელებს, შეინახონ თავიანთი ოჯახები სამსახურის მოძებნამდე. უმუშევრობის დახმარების პროგრამა ამ წელს მთავრობას 8,5 მილიარდი დოლარი დაუჯდება, გადასახადების შემცირების პროგრამა კი – 43 მილიარდი დოლარი. ეს კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს 5 მილიარდი დოლარის დახმარებას ნიუ-იორკის აღსადგენად.
პრეზიდენტმა ბუშმა აგრეთვე შეიმუშავა სიღარიბის დაძლევის პროგრამა, რომელიც სამ წელზეა გათვლილი. ეს პროგრამა ითვალისწინებს ღარიბი ქვეყნების სასარგებლოდ ამერიკის საგარეო დახმარების 5 მილიარდი დოლარით გაზრდას. დახმარება განკუთვნილი იქნება იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, მკაცრად ემორჩილებიან კანონებს და აქვთ ღია ბაზრები.
პრეზიდენტ ბუშის დაპირება, საგარეო ვალზე, მოწონებულ უნდა იქნეს კონგრესის მიერ იმ პირობით, რომ ამ დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ რეფორმებს ჩაატარებენ. “ჩვენ დავაჯილდოვებთ იმ ქვეყნებს, რომლებთაც აქვთ ღია ბაზრები და სამართლიანი საბიუჯეტო პოლიტიკა – ის ქვეყნები, სადაც ხალხი შესძლებს მცირე ბიზნესის წარმოებას კორუფციასთან და მექრთამეობასთან შეჯახების გარეშე”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა “ინტერ-ამერიკენ-დიველოპმენტ” ბანკში თავის გამოსვლის დროს.
ბუში აპირებს, დაესწროს კონფერენციას ღარიბი ქვეყნების დახმარების საკითხზე, რომელიც მონტერეიში, მეხიკოში ჩატარდება. კონფერენციაზე მექსიკის პრეზიდენტმა, ვისენტ ფოქსმა განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა, ბოლო მოეღო სტაგნაციისათვის და კონკრეტული შედეგებისთვის მიეღწია ამერიკასთან იმიგრაციის და ეკონომიკური დახმარების საკითხებზე მოლაპარაკების დროს. ეს მოლაპარაკება გადაიდო 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის გამო. ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის დროს ამერიკა არ გაითვალისწინებდა ფოქსის მოთხოვნას, დახმარების შესახებ. მექსიკაში ქვეყნის უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტომ რიჯის ჩამოსვლის შემდეგ, ამ ორმა ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას საზღვრების დაცვის საკითხზე, ვაჭრობის დარღვევის საშიშროების გარეშე. ეს გეგმა ითვალისწინებს საზღვრის უდაბურ მონაკვეთში საჰაერო პატრულირების დროის გაზრდას. ზუსტად ამ მონაკვეთში ამა წლის მაისში აღმოჩენელი იყო სიცხისაგან დაღუპული 14 ადამიანის გვამი. ვაშინგტონმა და მექსიკამ აგრეთვე გადაწყვიტეს, გააძლიერონ ბრძოლა კონტრაბანდისტებთან, რომლებიც არალეგალების მიერ საზღვრის გადალახვაში ქრთამს – 1000 დოლარს იღებენ.
ტერორისტული თავდასხმიდან ექვსი თვის შემდეგ, ფოქსის ინიციატივამ მხარდაჭერა ჰპოვა აშშ-ში. კონგრესის ლიდერმა, მათ შორის, რიჩარდ გერჰარდტმა და ტომ დაშლემ ბუშს დაჟინებული თხოვნით მიმართეს, რათა მან მალე განიხილოს იმიგრანტების ლეგალიზაციის საკითხი. წარმომადგენლების პალატამ გამოსცა ზომების პაკეტი პროგრამის გაფართოების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს არალეგალურ იმიგრანტებს, დარჩნენ აშშ-ში ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლების მოპოვებამდე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის თქმით, ეს გეგმა საშუალებას მისცემს ამერიკას, დააკმაყოფილოს ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნები. ზოგიერთის შეფასების მიხედვით, აშშ-ში არალეგალურად სამი მილიონი მექსიკელი ცხოვრობს, ბევრი მათგანი საკუთარ თავზე გამოცდის ახალი პროგრამის უპირატესობებს.