არ გავაქვს ჩვენ მოცდის დრო და არ აქვს მოცდის უფლება დასავლეთს
მიხეილ ალხანიშვილი
11 სექტემბრის ტრაგედიამ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში, პროცესი, რომელიც შეუქცევადი იყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი რესპუბლიკელთა რჩეული ჯორჯ ბუში გახდა, მოვლენები ელვისებურად განვითარდა, დასავლეთმა თავისი ფლაგმანის აშშ-ის თაოსნობით ფართომასშტაბიანი, ანტიტერორისტული კამპანია წამოიწყო და ქართულმა დიპლომატიამაც შესანიშნავად ისარგებლა შემთხვევით – საქართველო ანტიტერორისტული კამპანიის თანამონაწილე გახდა.
ალე ამერიკისა და ნატოს დახმარებით მაღალი დონის სამხედრო ძალები გვეყოლება, რომელიც მომავალში ქვეყნის მთლიანობის გარანტი და სახელმწიფოებრივი ძლიერების ერთ-ერთი ქვაკუთხედი უნდა გახდეს, მაგრამ დღეს განვითარებულ სამყაროში, არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, წარმატებულია ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკაში საბაზრო პრინციპებს აღიარებს, კერძო საკუთრება ცივილიზებული სამყაროსათვის ხელშეუხებელი უფლებაა, რომელიც საფუძველია და აუცილებელია განათლებისთვის და საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის – ამ რეალობას თვალის გასწორება სჭირდება და ნებისმიერი მემარცხენე – პოპულისტური დემაგოგია, ჩვენს ქვეყანას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.
მართალია, ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს რომელიმე ერის, ეთნოსის გაქრობას, რადგან ღმერთმა კაცობრიობა მრავალფეროვან კულტურათა ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის შექმნა, მაგრამ ჩვენი სურვილი სულაც არ არის ეგზოტიკური არსებობა. ჩვენი სახელმწიფო – საქართველო წარმოგვიდგენია, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის მსოფლიო თანამეგობრობის ერთიან ოჯახში.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო თანამეგობრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ საჭიროა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) სერიოზული რეფორმირება და განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისადმი დახმარების ხასიათის შეცვლა იმ თვალსაზრისით, რომ არ გაგრძელდეს საგარეო ვალების დაგროვება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, ჯეიმზ ვულფენსონის აზრით, 2015 წლისათვის სიღარიბის შემცირებისათვის გაეროს მიზნის მისაღწევად დამატებით საჭიროა 460 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის თანხა, რაც არსებულის გაორმაგებას ნიშნავს, მოუწოდა დონორ ქვეყნებსაც გაზარდონ დახმარებების მოცულობა. გარდა ამისა, მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ სავაჭრო ბარიერები, გაუხსნან თავიანთი ბაზრები მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს და შეამცირონ საკუთარი სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, რაც 6-ჯერ აღემატება დახმარებისათვის გამოყოფილ თანხებს. ამას მოჰყვა გაეროს საერთაშორისო კონფერენცია “განვითარების დაფინანსების თაობაზე”, რომელიც 18-22 მარტს მექსიკის ქ. მონტერეიში გაიმართა. კონფერენციის დასკვნით დოკუმენტში “მონტერეის კონსენსუსი” სრულად არის ასახული ზემოთ აღნიშნული მოსაზრებები. ერთი რამ აშკარაა – განვითარებული მსოფლიო მიხვდა, რომ მათი კარგად ყოფნა შეუძლებელია თუ პლანეტაზე სიღარიბე არ დაიძლია, რაც თავისთავად ყველანაირი უბედურების სათავედ გვევლინება (ომები, ტერორიზმი, ეპიდემიები და ა.შ.)
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მსოფლიო ბანკი ეს არის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა გაეროს ინიციატივით სპეციალურად ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნების დასახმარებლად. მისი მთავარი ფუნქციაა, შეღავათიანი კრედიტების გაცემა ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნების ეტაპობრივი განვითარების მიზნით. გარდა ამისა, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ასევე გამოიყვანოს ქვეყნები ეკონომიკური კრიზისებიდან და დაამკვიდროს მათში საბაზრო ურთიერთობათა ფენომენი, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს იმ ფუნდამენტის შექმნას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შემდგომ ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება.
სავალუტო ფონდი ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აქცენტს აკეთებს განვითარებადი ქვეყნების მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, რაც რეალურ შესაძლებლობას იძლევა წვრილი და საშუალო ბიზნესის, ასევე დიდი ბიზნესისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები) განვითარებისათვის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე დიდად არის დამოკიდებული დემოკრატიული პროცესების ნორმალური მიმდინარეობა და, თუ გნებავთ,უსაფრთხოებაც, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონალური და ხანდახან მსოფლიო მასშტაბითაც კი (გააჩნია ქვეყანას). მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ უკანასკნელი პერიოდის მოვლენები არგენტინაში, როდესაც თავიდან მაკროეკონომიკური სტაბილურობის სულ უმნიშვნელო შერყევამ გამოიწვია უზარმაზარი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ეკონომიკური დესტაბილიზაცია მთელ რეგიონში.
რას წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და ძირითადი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მისია საქართველოში დღეისათვის. თვითონ მსოფლიო ბანკი არის 5 სხვადასხვა ქვედანაყოფისაგან შემდგარი სტრუქტურა: საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC); მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიების სააგენტო (MIGA); დაბოლოს, საინვესტიციო დისპუტების განხილვის საერთაშორისო ცენტრი (ICSID); ამ ხუთ ქვედანაყოფს აქვს თავისი მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქცია და დანიშნულება.
დღესდღეობით საქართველოს თანამშრომლობა უხდება, ძირითადად, საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან (IDA). ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს შეღავათიანი კრედიტების მოცემაზე საქართველოსთვის, რომელიც ძირითადად გამიზნულია მსოფლიო ბანკის პროექტების პირველი ეტაპისთვის და იგი, ფაქტობრივად, პირველადი დახმარების ხასიათისაა, ანუ ამით ფინანსდება ბიუჯეტის ზოგიერთი სოციალური ხარჯი, აუცილებელი სტრუქტურული გარდაქმნები, ინფრასტრუქტურის განვითარების ნიადაგის მომზადებისათვის საჭირო პროექტები და ა.შ. იმის დადგენა, თუ როდის დამთავრდა პირველი ეტაპი და როდის შეიძლება გადასვლა მსოფლიო ბანკის სხვა, უფრო სერიოზულ ქვედანაყოფებთან ურთიერთობაზე, დამოკიდებულია ისეთი ეკონომიკური კრიტერიუმების საბაზისო მაჩვენებლებზე, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ეკონომიკური კრიტერიუმების საბაზისო მაჩვენებლებზე,ეკონომიკური სტაბილურობის მდგომარეობა, კორუფციის მასშტაბები და სხვა. ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში ვისთანაც კი მსოფლიო ბანკს დაწყებული აქვს თანამშრომლობა IDA-ის პროგრამით, მხოლოდ ამ მაჩვენებლების სასურველ პარამეტრებამდე მიღწევის და ინსტიტუციონალური საფუძვლების მომზადების შემდეგ საუბრობს უფრო სერიოზულ – განვითარების ფართომასშტაბიან პროგრამებზე გადასასვლელად.
ზემოხსენებულთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებენ IBRD IFC-ის და miga-ის მონაწილეობით. ასევე EBRDE-E”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” ამერიკის “ექსიმბანკი” დაOPIC, იაპონიის “საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკი” (JBIC) და სხვა მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც ჯერჯერობით სათანადოდ აქტიურები არ არიან საქართველოში. ამ ორგანიზაციების მეშვეობით და მათი ხელშეწყობით ხორციელდება ისეთი პროექტები, რაც დაკავშირებულია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან, რაც, თავისთავად, მოსახლეობის მასობრივი დასაქმების ღონისძიებების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ნიშნავს. მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის გზით კერძო ბიზნესისათვის.
რაც შეეხება მოსახლეობის მასობრივი დასაქმების ხელშემწყობ ღონისძიებებს, ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული სტრუქტურები, როგორც წესი, ახდენენ მსოფლიოში ცნობილი გიგანტების პოლიტიკურ და ბიზნესრისკთა დაზღვევას (MIGA, OPIC-აშშ, HERMES-გერმანია, COFAS-საფრანგეთი, FINEST-იტალია და ა.შ.) და ამ გზით ახალისებენ მათ შესვლას სასურველ ქვეყნებში. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება საქართველოში, მასობრივი შემოსვლა რომ დაიწყონ მსოფლიოს გიგანტებმა, ჩვენთვის ისეთ ტრადიციულ სფეროებში, როგორიცაა: აგრობიზნესი, მსუბუქი მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, თუნდაც ელექტრონიკა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამისათვის მართლაც ნოყიერი ნიადაგია ბევრ ქართულ საწარმოში. ამის კარგი ნიმუშია სს “თბილავიამშენი”, რომელიც სრულიად შესაძლებელია გახდეს “ბოინგის” პარტნიორი. ქუთაისის ავტოქარხანა, “საქტრაქტორი”, ფოთის გემთმშენებელი და სხვა მრავალი საწარმოები, რომელთაც ყველა პირობა გააჩნიათ მათი შესაბამისი პროფილის მსოფლიო ლიდერებთან თანამშრომლობისათვის. აღარაფერს ვამბობ მსუბუქი მრეწველობის ბევრ საწარმოზე, სადაც დღესვე შეიძლება “ნაიკის” და “ადიდასის” პროდუქციის წარმოება. კორპორაცია “ნაიკმა” განვითარებად ქვეყნებში შესვლით ასეულ ათასობით ადამიანი დაასაქმა მაგ. კორეაში მას 3 000 თანამშრომელი ჰყავს, ტაივანში – 10 000, ხოლო ინდონეზიაში – 54 000.
მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლის მაგალითები გვაქვს საქართველოში – “AES თელასი, BP ნავთობსადენი და სხვა, მაგრამ აქ საქმე უფრო ერთეულ სტრატეგიულ პროექტებთან გვაქვს და მსოფლიო ბანკის ინიციატივა ამ შემთხვევაში, შედარებით მცირეა. არადა, დღეს იგივე შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში უამრავი ასეთი პოპულარული თუ ნაკლებად ცნობილი წარმოებებია, რომელნიც ხმამაღლა ითხოვენ ხელშეწყობას ჩვენს სივრცეში შემოსვლისათვის. მათ მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მყარი გარანტიები ესაჭიროებათ.
მხედველობაშია მისაღები ის მომენტი, რომელიც, გარკვეულწილად, ხელს უშლის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების აქტიურობას. ეს არის ვთქვათ, იგივე არასტაბილური კრიმინოგენური სიტუაცია, კორუფცია, რთული საინვესტიციო კლიმატი, კონტრაბანდა, ბიუჯეტის შევსების პრობლემები, ეს უკვე ქართული მოჯადოებული წრის ფენომენია, რომლის გარღვევასაც სწორედ რომ ამასწინანდელი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეთა მოულოდნელი შემოსვლის მსგავსი აქცია თუ შესძლებს ოღონდ საფინანსო სამყაროში. დღეს ჩვენში ადამიანების დიდი ნაწილი ოჯახს სწორედ ამ ანტისაზოგადოებრივ და ანტისაბაზრო, კორუფციულ პროცესებში მონაწილეობის გზით კვებავს, რადგან, მათ არ აქვთ სხვა, ან აქვთ უკიდურესად დაბალანაზღაურებადი სამუშაო. სწორედ უმუშევრობა არის ყოველგვარი დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში.
კარგი იქნებოდა, სწორედ აქედან გამომდინარე, გაეკეთებინათ დასკვნები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და მისულიყვნენ იმ მოსაზრებამდე, რომ საქართველოს შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა მუშაობის ტრადიციული მეთოდების კორექტირება და მთელი ძალით შეტევის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სასწრაფო განვითარებისათვის, რომელიც საფუძველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. საგარეო ვაჭრობის განვითარება და ამ გზით მსოფლიო პროცესებში კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია – ეს უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი, ამიტომ მთავარი აქცენტი საექსპორტო პროდუქციის წარმოების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.
აბსოლუტურად ცალკე გამოსაყოფი საკითხია, განათლება. აქ ჩვენ უპირველესად საქმე გვაქვს ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არცოდნასთან, ბიზნესის სახელმწიფოსთან ცივილიზებული ურთიერთობის ცოდნის დეფიციტთან. დასავლეთის დახმარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლებაც, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დახმარებაც კატასტროფულად მწირია. დასავლეთისთვის ისეთი პრიორიტეტული ქვეყანა, როგორიც საქართველოა, არ უნდა იყოს ასე შეზღუდული ამ სფეროში. ძირითადად აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ პროგრამებზე, რომელთა მეშვეობითაც საშუალება ეძლევათ ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება მსოფლიოს მოწინავე საგანმანათლებლო ცენტრებში (უკან დაბრუნების პირობით). აუცილებელია, ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მინიმუმ გაათკეცება.
არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიცაა: კომპლექსური, ეროვნული პროგრამის შემუშავება, რომელიც მოიცავს მრავალ მიმართულებას უმუშევრობის აღმოფხვრის და სიღარიბის რეალური დაძლევის მიზნით. ასეთი პროგრამა აუცილებელია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის და სწორედ ამ პროგრამის მიხედვით უნდა განხორციელდეს უცხოური დახმარებები. ამრიგად, თუ განვითარებულ მსოფლიოს უნდა (და ალბათ უნდა), რაიმეთი დაეხმაროს საქართველოს, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ქვეყანაში ეკონომიკის რეალურ აღმავლობაზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა, ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო ბიზნესის განვითარების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაზარალდეს თვით დასავლეთის ინტერესები არამარტო საქართველოსა და კავკასიაში, არამედ უფრო აღმოსავლეთითაც და ჩრდილოეთითაც. არ გვაქვს ჩვენ მოცდის დრო და არ აქვს მოცდის უფლება დასავლეთს. საქართველო არის სოლი, რომელიც შეჭრილია უმძიმეს რეგიონში და იგი მართლაც დასავლეთის გეოეკონომიკური პოლიტიკის ფორპოსტია.
კავკასიელებმა უნდა ვიკისროთ ის სულიერი მისია, რასაც ჰქვია კაცობრიობის უმთავრესი პრობლემის (ჰანტიგტონის მიხედვით) განსხვავებულ ცივილიზაციათა კულტურათა, რელიგიათა ჰარმონიული, უკონფლიქტო თანაცხოვრებისათვის მსოფლიოსათვის მაგალითის ჩვენება. კავკასიაში ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა, შეიმუშავეს მშვიდობიანი ფორმა განსხვავებულ რელიგიათა და მსოფლმხედველობათა, კულტურათა თანაარსებობისა, საქართველო კი ყოველთვის დომინანტის როლს ასრულებდა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თვალსაზრისით. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანას უნიკალური მდგომარეობა უკავია. ის, პირდაპირ აკავშირებს ერთმანეთთან დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებს, ტექნოლოგიურად განვითარებულ დასავლეთსა და ნედლეულით მდიდარ აღმოსავლეთს. ასე, რომ, დახურული, ჩაკეტილი სამყაროდან, სადაც იძულებით 70 წელი გვაცხოვრეს, ჩვენ აქტიურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფერხულში გვიწევს ჩაბმა და ფორმულა – სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, ბიზნესის განვითარება, განათლება და ამის საფუძველზე ღირსეული ადგილის დაკავება მსოფლიოში ჩვენი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკის სტრატეგიის მთავარი ღერძი უნდა გახდეს.