ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაზაზე ბიზნეს ინკუბატორი შეიქმნა
პირველად საქართველოში, ინოვაციური იდეების ოპტიმიზაციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაზაზე შეიქმნა ბიზნეს ინკუბატორი _ სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ განახორციელონ ინოვაციური სტარტაპ პროექტები. პროექტის პარტნიორი საქპატენტია, მხარდამჭერები მიჩიგანის როსს ბიზნეს სკოლა და ლიმერიკის უნივერსიტეტი.
ბიზნეს ინკუბატორის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი, შექმნან საკუთარი ბიზნესი 72 დღეში და ისარგებლონ ბიზნეს სკოლაში არსებული 3D ცენტრის სივრცით, რომელიც უზრუნველყოფს პროექტებში მონაწილე მხარეების სამუშაო გარემოს.
მონაწილეთათვის დაგეგმილია ტრენინგები ”ინოვაციური იდეების გენერირება”; ”კვლევის მეთოდები და დიზაინი”; ”პროექტის მართვა და გუნდური მუშაობის პრინციპები”; ”საგრანტო წინადადებების მომზადება”; ”ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების შესაძლებლობები”; ”იდეების დაპატენდების პროცედურები”.
ინტენსიური პრაქტიკული მომზადების შემდეგ პროექტის მონაწილეები დაიწყებენ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას. პროექტებში ჩართვის მიზნით, პროექტის დაწყების პირველივე ეტაპზე მოხდება პოტენციური დონორების, საერთაშორისო
ორგანიზაციების მოწვევა.