მაღალმთიან რაიონებში ზაფხულის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობა შემცრიდა
ყაზბეგში მდებარე სასტუმრო ”თერგში” ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით დამსვენებელთა ნაკადი 10-15%-ით შემცირდა. სასტუმროში ვიზიტორთა სიმცირის მიზეზებს ვერ ხსნიან, თუმცა აცხადებენ, რომ წელს უცხოელთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა. ”თერგი” ვიზიტორებს 8 ნომერს სთავაზობს, სადაც ღამის გათევა, ორჯერადი კვებით 60 ლარი ღირს.
თუშეთში მდებარე სასტუმრო ”შინას” ცივი ზაფხულის გამო ვიზიტორთა ნაკადი შეუმცირდა. როგორც სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, კვირის განმავლობაში სასტუმრომ მხოლოდ 5-დან 15-მდე დამსვენებელი მიიღო. ყველაზე აქტიური ზაფხულის სეზონზე ადგილობრივებთან ერთად ებრაელი და გერმანელი ტურისტები იყვნენ, თუმცა წელს გააქტიურება შეინიშნებოდა რუსი ვიზიტორების მხრიდანაც. ცივი ზაფხულის გამო დაბალ დატვირთვაზე საუბრობენ ფშავ-ხევსურეთში მდებარე საოჯახო სასტუმროებიც.