სსფ-ს პროგნოზით, წელს უმუშევრობა 1,7%-ით გაიზრდება და 16,7%-ს მიაღწევს
დამსაქმებელთა ასოციაცია საქართველოში უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს სარწმუნოდ მიიჩნევს. ფონდის პროგნოზით, წელს უმუშევრობა 1,7%-ით გაიზრდება და 16,7%-ს მიაღწევს. მომავალი წლისთვის ფონდი უმუშევრობის 17,3%-მდე მომატებას ვარაუდობს, რაც სომხეთის შემდეგ დსთ-ის სივრცეში ყველაზე ცუდი შედეგია.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, კონკრეტული ციფრები უმუშევრობის შესახებ არ აქვს. თუმცა, მიხეილ კორძახიას თქმით, სავალუტო ფონდი გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც სავარაუდოდ ციფრებზე დაყრდნობით გააკეთებდა დასკვნებს.
კორძახიას თქმითვე, უმუშევრობის ზრდის მიზეზი ზოგადად ეკონომიკაში არსებული ვითარება შეიძლება გახდეს, რასაც მთავრობის არაქმედითი ნაბიჯები და არააქტიური პოლიტიკა ემატება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი, რომელიც შრომის ბაზრის შესწავლას და ელექტრონული დასაქმების ბირჟის შექმნას კურირებს, აცხადებს, რომ გაუგებარია რაზე დაყრდნობით აკეთებს სავალუტო ფონდი ასეთ დასკვნებს. კახა საკანდელიძის თქმით, პირიქით ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია, რადგან მთავრობამ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, მათ შორის არის აგრო-სესხების პროგრამა. საკანდელიძე ამბობს, რომ ნოემბრიდან ბაზრის შესწავლა დაიწყება და პარალელურ რეჟიმში მოხდება ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდება.