თვეში 150 ლარის შემოსავლის მქონე პირებს 30 ლარი უკან დაუბრუნდებათ
მომავალი წლის მეორე კვარტლიდან მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის შემოსავალი წელიწადში 6 ათას ლარზე ნაკლებია (ანუ, ყოველთვიურად 150 ლარი), ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადი უკან დაუბრუნდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეღავათებს სოციალურად დაუცველი ფენა დაუბეგრავი მინიმუმის პროექტის ფარგლებში მიიღებს. მაქსიმალური თანხის მოცულობა, რომელიც გადამხდელს უკან დაუბრუნდება, წელიწადში 320 ლარია, ანუ, თვეში 30 ლარი.
”ვფიქრობ, დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის, რომელთა რაოდენობა, საქართველოში, სამწუხაროდ, კვლავ ბევრია, მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, აღნიშნული ინიციატივა საინტერესო იქნება”, – განაცხადა ხადურმა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების 10%-ს არა 2014 წლის ბიუჯეტში, არამედ დაგროვებით ფონდში მიმართავს, საიდანაც ბენეფიციარებს დაბრუნებული თანხა საკუთარ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო კომერციულ ბანკებთან უკვე აქტიურად თანამშრომლობს.