რუსული ემბარგოს გამეორება საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერ გავლენას ვერ მოახდენს
საქართველოს იმედი აქვს, რომ რუსეთი განმეორებით ემბარგოს არ შემოიღებს ქართული პროდუქციის მიმართ, თუმცა თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, ეს ქვეყნის ეკონომიკაზე ძლიერ გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვილნიუსში, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ: 2006 წელს გამოცხადებული ემბარგოს შეწყვეტისა და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის შესახებ ქართული და რუსული მხარეები 2013 წლის მაისში შეთანხმდნენ. რუსეთში უკვე დაიწყო მინერალური წყლისა და ღვინის მიწოდება. მოგვიანებით რუსულ ბაზარზე ხილ-ბოსტნეული და თხილიც შედის.
”ჩვენ გვსურს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. არის არა ერთი მაგალითი იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური ზეწოლის შანსი,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მტკივნეული იქნება, თუკი რუსეთი ამას გაიმეორებს.
”იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, მაგრამ თუკი ეს პროცესი შეუქცევადია, ჩვენი ბაზარი მაქსიმალურადაა დივერსიფიციორებული და ვფიქრობ, რომ ემბარგო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ძლიერად არ აისახება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.